ხარაგაულის რკინის ჯვრის საიდუმლო

 

4იქ, სადღაც ჭეშმარიტებაა, მაგრამ სად არის ეს “იქ, სადღაც”?.. მართალია, ამბობენ, ჭეშმარიტება ერთიაო, მაგრამ მგონია, რომ ჭეშმარიტება სუბიქეტურია. ყოველ შემთხვევაში, მე თუ მკითხავთ, ჭეშმარიტება “იქ, სადღაც” კი არა, ბორჯომ-ხარაგაულის, უფრო სწორად, ხარაგაულ-ბორჯომის (ადგილობრივები წინ ხარაგაულს აყენებენ) პარკში, ზღვის დონიდან 2 439 მეტრზე, ზუსტად იქაა, სადაც საუკუნეების წინ სვიმონ კანანელმა საქართველოში პირველი ჯვარი აღმართა…

ამბობენ, რომ სვიმონ კანანელის (წმინდა სვიმონ კანანელმა, წმინდა ანდრია მოციქულთან ერთად, სამხრეთ და დასავლეთ საქართველოში, მათ შორის – აფხაზეთშიც პირველმა იქადაგა ქრისტიანობა. წმინდა მამათა გადმოცემით, ახ.წ.აღ-ით 55 წელს მოციქული წმ. სვიმონ კანანელი წარმართებმა, ქრისტეს დარად, ჯვარზე, გააკრეს და ნიკოფსიაში, ისტორიული საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარზე დაასაფლავეს) მიერ აღმართული ჯვარი რკინის იყო, თუმცა ამის შესახებ ოფიციალურ წყაროებში არაფერია ნათქვამი. შესაბამისად, ისიც უცნობია, თუ რა ბედი ეწია მოციქულის ჯვარს…

ხარაგაულში ასეთ ისტორიასაც ჰყვებიან: რუსეთ-თურქეთის ომის დამთავრების შემდეგ, მთავარმართებელმა პასკევიჩმა მოციქულ ანდრიას ნაკვალევზე ჯვარი აღმართაო, თუმცა ბოლშევიკებს მართლმადიდებლური სიწმინდისთვის ზღვის დონიდან 2 439 მეტრზეც მიუგნიათ და გაუნადგურებიათ…

გამოხდა ხანი… საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გაძლიერების პარალელურად, ხალხის მოქცევა დაიწყო. “რელიგიისკენ მიბრუნებამ” პიკს განსაკუთრებით მეოცე საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ მიაღწია… 1989 წელს ხარაგაულელ ზაირა სამხარაძეს, რომელიც ახლაც ბულგარეთში მოღვაწეობს, ლამის ორმეტრიანი რკინის ჯვარი დაუმზადებია და იქ აღუმართავს, სადაც საუკუნეების წინ წმინდა სვმინონ კანანელმა იქადაგა…

…ერთხელ, ხარაგაულის რაიონის გამგებელმა, დავით სახვაძემ იმერეთის გუბერნატორს, თემურ შაშიაშვილს სიტყვა რკინის ჯვარზე ჩამოუგდო. გუბერნატორი ისტორიული სიწმინდით დაინტერესდა და… რამდენიმე დღის შემდეგ მცირერიცხოვანი ექსპედიაცია რკინის ჯვარზე ავიდა. ეს ამბავი ათი წლის წინ მოხდა…

– პირველად ვეტმფრენით ამოვედით, – იხსენებს იმერეთის გუბერნატორყოფილი, პოლიტიკური მოძრაობა “თეთრების” ლიდერი, თემურ შაშიაშვილი და თან გვაჩქარებს, დროზე გავიდეთ, თორემ ისეთი პირი უჩანს, შეიძლება, ნისლი ჩამოწვესო…

– მერე, აქ ისეთი ნისლი იცის, რომ შეიძლება, ცხვირთან თითიც ვერ მიიტანო, – ღიმილით ამბობს ხარაგაულელი გოჩა მანჯავიძე…

ისე, მთიდან რომ ვეშვებოდით, ნაწვიმარზე საბჭოთა წარმოების “ვილისი”, უფრო სწორად, “კოლხოზნიკი” მოცურდა. ბარის ხალხი შევშინდით – ხუმრობა ხომ არ არის, ზღვის დონიდან ლამის 2 300 მეტრიდან მანქანი ლამის ქარაფზე გადაეკიდა. კიდევ კარგი, გოჩამ და მძღოლმა გოგიმ იმარჯვეს…

ეს უკანა გზაზე იყო, მანამდე კი…

18 აგვისტო. მობილური ტელეფონი რეკავს. ნაცნობი ნომერია… შაშიაშვილს, ალბათ, ინტერვიუ არ მოეწონა და უნდა მისაყვედუროს, – გამიელვა და ყურმილში უხალისოდ ჩავძახე, – გისმენთ…

– ბატონო ვანო, ხარაგაულში მივდივარ, ფერისცვალებას რკინის ჯვარზე უნდა შეხვდე, – ომახიანად მეუბნება “თეთრების” ლიდერი.

– მერე, არ წამიყვანთ? – ყასიდად ვეუბნები.

– თუ წამოხვალთ, ეს ჩემთვის დიდი პატივი იქნება, – ჩვეული “ჩხუბის ტონით” მპასუხობს ექსჩინოსანი…
…ხარაგაულში რომ ჩავედით, დაისის დაწყებამდე ორ საათზე მეტი იყო დარჩენილი. დავით სახვაძე გაშლილ სუფრას გვახვედრებს. იმერული ციცკა-ცოლიკაური პირს შუშხავს. არ გვეთმობა იმერული პურ-მარილი, მაგრამ თემურ შაშიაშვილი გვაჩქარებს. მას მხარს მასპინძელიც უბავს. ჯერ კიდევ არ მაქვს გაცნობიერებული, სად მივდივართ…

“კოლხოზნიკში”, მძღოლის გვერდით თემურ შაშიაშვილი ვაჟთან, 12 წლის გიორგისთან ერთად ჯდება (კანონით, ეს დანაშაულია, მაგრამ მთაში წესები არ არსებობს. ისე, ხარაგაულში პატრულისთვის თვალი ყასიდადაც არ მომიკრავს). საბჭოთა “ვილისის” უკანა სავარძელში მე, დიმიტრი ყიფიანის საზოგადოების თავმჯდომარე, არჩილ გელაშვილი და “ფაქტნიუსის” გენერალური დირექტორი, თემურ მიქაძე ვნაწილდებით. დავით სახვაძე ე.წ. საბარგულში ჯდება… თემურ შაშიაშვილი პირჯვარს იწერს და… მდინარე ჩხერიმელას ხეობას ზევით მივუყვებით…

გზა, რასაკვირველია, ცუდია, ტიპური სოფლის შარაა, ოღრო-ჩოღრო… მდინარეში ახალგაზრდები ბანაობენ…

– რამდენ ხანს უნდა ვიაროთ? – სასხვათაშორისოდ ვკითხულობ.

– რკინის ჯვრამდე ორი საათი მაინც გვჭირდება, – მპასუხობს მძღოლი, ბატონი ნუგზარი…

“კოლხოზნიკი” გვარყევს… გავიარეთ სოფლები – სახულარი, სახანძილე, მარელისი, ლეღვანი, დიდვაკე, ჩხერი… არ ვჩრდებით, ზევით მივდივართ და… ვხვდები, ცივილიზაციას ნელ-ნელა ვშორდებით. ეს საოცარი განცდაა!..

ბორჯომ-ხარაგაულის პარკის შესასვლელთან რეინჯერი გვხვდება. რამდენიმე წუთს ვჩერდებით. მძღოლი, ბატონი ნუგზარი გვაჩქარებს, წვიმამ არ მოგვისწროსო…

გზა ციცაბო და ისეთი ვიწროა, გეგონება სამოთხისა და ჯოჯოხეთის გზაჯვარედინს გადიხარო… ისე, წლების წინ, ანუ მაშინ, როცა თემურ შაშიაშვილი იმერეთის გუბერნატორი ყოფილა, რკინის ჯვრისკენ მიმავალი ციცაბო, თურმე, ყოველ წელს ტრაქტორით იწმინდებოდა. მაშინ მომლოცველებიც უხვად ყოფილან, ერთ წელიწადს პილიგრიმები მთის წვერზე ორი ათეული “კოლხოზნიკით” ასულან, მეუფეც აუყვანიათ, შაშიაშვილს ერთი ქართველიც მოუნათლავს… წელს კი, ფერიცვალობაზე, რკინის ჯვრაზე მხოლოდ ჩვენ, რამდენიმე გოგო-ბიჭი და “მთის მოყვარულთა კავშირის” სულისჩამდგმელები, მეტალურგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, ჯუბერ ხანთაძე და ამავე ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სწავლული მდივანი, დომენტი გაბუნია ავედით.
ისე, რკინის ჯვრის სანახავად, თურმე, უცხოელი ტურისტებიც დადიან, განსაკუთრებით, გერმანელები. ტურისტებს მეგზურიც ახლავთ, სხვანაირად არც შეიძლება, რადგან მთას თავისი კანონები აქვს, აქ თუ გზა აგებნა, მტრისას – ან დათვი შეგჭამს ან მგელი…

“კოლხოზნიკის” მძღოლებიც ერთგვარად გამცილებლის ფუქნციას ასრულებენ. საერთოდ, ხარაგაულში, როგორც შევამჩნიე, საბჭოთა “ვილისი” ერთობ პოპულარული ავტოა, თუმცა მთაში ასვლას ყველა ვერ ბედავს და ისინი, ვინც ბედავენ, ამ “გამბედაობის” გასამრჯელოდ 150-200 ლარს იღებენ…

…საათზე მეტია, “მივჯაყჯაყებთ”. წამდაუწუმ ვკითხულობთ, კიდევ ბევრი დაგვრჩა? თემურ შაშიაშვილი, რომელსაც ხელთ ბასკების ნაჩუქარი ჯოხი – მაკილა უპყრია, ღიმილით გვპასუხობს, ათ წუთში მივალთ, მაგრამ არ იქნა და არა, ეს ათი წუთი აღარ გავიდა.

– ეს მაისუროვის ბაღია, – გვეუბნება დავით სახვაძე.

მაისუროვი ერთი ჭლექით დაავადებული კაცი ყოფილა, ამიტომაც თვისტომს აუთვალწუნებია და გაურიყავს. ჭირიანი კაცი მთაში წამოსულა, განკურნებულა, მშვენიერი ბაღიც გაუშენებია. ეს კი არადა, ფუტკრის სკაც, თურმე, მაისუროვმა “გამოიგონა”…

გაწვიმდა… ვატყობ, მძღოლი, ბატონი ნუგზარი ნერვიულობს.
– ერთი-ორ ადგილას გზა ცუდია, – ამბობს დავით სახვაძე…

შემომგლისფერდა…

– ჩვენები უკვე ბინაში იქნებიან, – თავისთვის, ვიდრე ჩვენს გასაგონად ამბობს დავით სახვაძე.

ვარკვევ: პილიგრიმთა ნაწილი ორი “ვილისით” ჩვენზე ადრე დაძრულა რკინის ჯვრისკენ.

რაც შეეხება ბინას. ეს გერმანელების მიერ “აშენებული” ხის კოტეჯია, რომელიც ტურისტებისთვისაა განკუთვნილი. ჩვენც ღამე იქ უნდა გავთენოთ…

– კაი პურ-მარილი გველოდება, – გვამცნობს ბატონი დავითი…

მთა ღამის წყვდიადში ეხვევა… წვიმს… “კოლხოზნიკმა” მომაკვდავივით ამოიქშინა და გაჩერდა.

– გავიჭედეთ, – ყველამ თითქმის ერთხმად დავილუღლუღეთ.
– აბა, ბიჭებო, ჩავიდეთ და მივაწვეთ! – თემურ შაშიაშვილი მანქანიდან პირველი გადადის. ჩვენც გადმოვდივართ… ვაწვებით, მაგრამ საბჭოთა რკინას ძვრას ვერ ვუშვრებით. ისევ მძღოლმა იმარჯვა – ტალახის ჭაობს როგორღაც თავი დააღწია და “კოლხოზნიკი” წინ შურდულიდან ნასროლი ქვასავით გავარდა. ფეხით ავედევნეთ… წინ ისევ ტალახის ჭაობია… ავტო მარცხნივ გადაწვა და ორივე ბორბალი მიწით დაიფარა.

– მორჩა, – ვერდიქტი გამოიტანა ბატონმა ნუგზარმა, – თუ დამხმარე ძალა არ მოვიდა, ვეღარ დავძრავ…

– ახლა, ჩვენც მაშველები არ გამოვიძახოთ, – გავიფიქრე…

დავით სახვაძე ცდილობს, ისეთი ადგილი მოძებნოს, სადაც მობილური “დაიჭერს”, მაგრამ ამაოდ.

– ბინამდე ფეხით წავიდეთ, – ამბობს შაშიაშვილი.

– ბატონო თემურ, იქამდე ათი კილომეტრი მაინც იქნება, – ვატყობ, დავით სახვაძე ნერვიულობს…

გადაუღებლად წვიმს. გალუმპულები ვართ…

– აქვე მწყემსების ბინაა, ღამე იქ გავათენოთ, – ამბობს დავით სახვაძე და წინ მიდის. მე და “ფაქტნიუსის” გენერალური დირექტორი მორჩილად მივყვებით. თემურ შაშიაშვილი, მისი ვაჟი და დიმიტრი ყიფიანის საზოგადოების თავმჯდომარე, არჩილ გელაშვილი ჩვენს უკან არიან…
წინ კუს ნაბიჯით მივდივართ… წინ, სადღაც, სანთელი ბჟუტავს – ეს მწყემსების ბინაა. სამი იმერელი გხვდება. ერთი დაშავებულია – ფეხში ცული ჩაურტყავს. ვაგონი “ორ-ოთახიანია”, შესასვლელში შეშის ღუმელი დგას, ბოლავს… მწყემსები გვიბოდიშებენ, კვირაზე მეტია, ბარში არ ვყოფილვართ და სანთელიც აღარ გვაქვსო… სანთებელის შუქზე ოთახს ვათვალიერებ, კედელზე ბულვარული ჟურნალების ფერადი გვერდებიდან ამოჭრილი შიშველი ქალების ფოტოებია გაკრული… ჩემდაუნებურად მეღიმება…

თემურ შაშიაშვილი, მისი ვაჟი და არჩილ გელაშვილი დასაძინებლად მეორე ბინაში მიდიან, ჩვენც გვეპატიჟებიან, მაგრამ მიპატიჟებაზე უარს თავაზიანად ვამბობ, გულში კი ვფიქრობ – ახლა, მილიონიც რომ მომცენ, ამ წვიმაში გარეთ თითსაც არ გავყოფ-მეთქი…

მწეყმესებთან საუბარს შევყევით…
– ამასწინათ, ხარი მიმყავდა და უცებ დათვი დავინახე, ორ ფეხზე მიბაჯბაჯებდა, შემომხედა, შიშისგან ხმა ჩამივარდა, – ღიმილით იხსენებს დათვთან შეხვედრას ფეხდაშავებული…

არ მახსოვს, როდის ჩამეძინა… დილით თემურ შაშიაშვილის ხმამ გამომაღვიძა, ისე ტკბილად მეძინა, თვალი ძლივს გავახილე… ამასობაში “დამხმარე ძალა”, ანუ მეორე “კოლხოზნიკი” მოვიდა… ჩვენი მანქანა ტალახის ჭაობიდან ხარებმა ამოიყვანეს, თუმცა გზა რკინის ჯვრისკენ ბატონი ბადრის ავტოთი განვაგრძეთ…

უარესი გზა – მარჯვნივ და მარცხნივ ხრამი.

– თავი ინდიანა ჯონსის სერიალში მგონია, – ხუმრობს არჩილ გელაშვილი.

როგორც იქნა, “აღთქმულ ბინას” მივაღწიეთ. გოგო-ბიჭები ჟრიამულით შეგხვდნენ, დაკარგულები მოვიდნენო. წუხელ რომ არ გამოვჩენილვართ, გოჩა მანჯავიძე საძებნელად წამოსულა, იქნებ, სადმე ტელეფონმა მაინც “დაიჭიროს” და დავრეკოო. გოჩას ორი გოგონა გამოჰყოლია. დილის სამ საათამდე უვლიათ. გოგოები გახუმრებინა, გოჩა ბიძია, დათვი რომ შეგხვდეს, რას იზავო. არაფერსო, მშვიდად უპასუხია გოჩას.

– აქ რომ ამვიდივარ, სიცოცხლის ერთი წელი მემატებაო, – ამბობს გოჩა და მთის სიდიადეზე რაღაცას ჰყვება, თუმცა აღარ ვუსმენ, რამეთუ ჩემი ყურადღება ერთმა გარემოებამ მიიპყრო – თემურ შაშიაშვილი ლექსს კითხულიბს, თუ არ ვცდები, გალაქტიონს.

– ბატონო თემურ, მგონი, ილიამ თქვა, არა, აჭარაში ჩავედი და ნამდვილი საქართველო ვნახეო. ჰოდა, მეც აქ, ზღვის დონიდან 2 500 მეტრზე სხვა თემურ შაშიაშვილი ვნახე! – გულწრფელად ვეუბნები “თეთრების” ლიდერს. საერთოდ, მთაში თუ გულწრფელი არ ხარ, მთა არ მიგიღებს.

ჰო, აქ პოლიტიკაც ზედმეტია! მთა ის ადგილია, სადაც ყველა – ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანასოწორია!..

…ვიდრე პილიგრიმები რკინის ჯვარს ეახლებოდნენ, საშინელი ნისლი ჩამოწვა. ჯვართან მისვლისთანავე ნისლი გადაიყარა. მერე, მომლოცველები უკან რომ გამობრუნდნენ, მთა ისევ მოიქუფრა!.. ეს მართლაც, უფლის სასწაულია!..

– იქნებ, რკინის ჯვრის საზოგადოება შექვმანთ, ამის შესახებ საქმის კურსში პატრიაქრიც ჩავაყენოთ და კარგი იქნება, თუ პატარა ეკლესიასაც ავაშენებთ, – შესთავაზა თემურ შაშიაშვილმა პროფესორებს და მასპინძლებს. ყველა დაეთანხმა…
ბარისკენ ვეშვებით… უცნაური განცდა მეუფლება: ერთის მხრივ, მიხარია, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა და მალე სამშვიდობოს ვიქნებით, მაგრამ მეორეს მხრივ, ცივილიზაციასთან 24-საათიანი განშორების შემდეგ ცივილიზაციის შიში მაქვს – დაიწყება ტელეფონზე რეკვა, ჩაირთვება ტელევიზორი, ვიღაც სკანდალურ განცხადებას გააკეთებს ოპონენტზე, ვიღაცას დაიჭერენ და ამ ორომტრილაში, ნებით თუ უნებლიედ, მეც უნდა ჩავერთო!.. ჰმ…

…მეთორმეტე მდინარე გადმოვლახეთ, რაც იმას ნიშნმავს, რომ თავისუფლება იქ, სადღაც დავტოვეთ და მღვრიე რეალობას შევუერთდით… გამახსენდა, თემურ შაშიაშვილს ვკითხე, რკინის ჯვრის მოლოცვა მაინცდამაინც ფერიცვალებას რატომ აქციეთ-მეთქი ტრადიციად.

– ფერიცვალება იმას ნიშნავს, რომ ამ დღეს ყველაფერმა და ყველამ ფერი უნდა იცვალოს, რკინის ჯვარი კი ის ადგილია, სადაც სვიმონ კანანელმა საქართველოში პირველი ჯვარი აღმართა და ჩვენი ფერიცვალებაც აქედან უნდა დაიწყოს!

წყალგაუვალი ლოგიკაა…
…2009 წელი, 19 აგვისტო, თბილისი, რუსთაველის გამზირი… 21 საათი და 30 წუთი… ეს სხვა, ასფალტის სამყაროა… ის?.. ის ჭეშმარიტი თავისუფლების ოაზისია. მერე, რა, რომ იქ ტალახია? ეს ტალახიც სუფთაა! სხვათა შორის, “სუფთა ტალახის” ცნება ევგენი ხარაძეს ეკუთვნის, რომელიც ხარაგაულიდან იყო.

საქართველოს ფერიცვალება-გადარჩენის საიდუმლო, ეგებ, სწორედ ამ “სუფთა ტალახშია”?!
ვინ იცის…

ვანო პავლიაშვილი

11:05 – 21.08.2009

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *