ირაკლი ალასანიასა და თემურ შაშიაშვილის “თეთრი დუელი””

1108მაშ ასე, ხელთათმანი ნასროლია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ პოლიტიკაში ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება. მოკლედ, საქმე ისაა, რომ არცთუ დიდი ხნის წინ პოლიტიკური მოძრაობის – “თეთრები” ლიდერმა, თემურ შაშიაშვილმა გაერო-ში საქართველოს ყოფილი ელჩი და არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი სოლიდური ლიდერი, ირაკლი ალასანია პოლიტიკურ დუელში გამოიწვია.

ძნელი სათქმელია, როგორ მიიღებდა ამ გამოწვევას სხვა პოლიტ-ბელადი, მაგრამ ფაქტია: ალასანიამ შაშიაშვილის გამოწვევა მიიღო და პოლიტიკურ დუელზე დასთანხმდა.

მართალია, დუელის დეტალები არ შეთანხმებულა და ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ ფორმატის მონახაზი უკვე არსებობს.

მონახაზის მიხედვით, დუელი რამდენიმენაწილიანი იქნება. ამასთან, დაცული იქნება დუელის პრინციპი და სეკუნტანტობას, მხარეების თანხმობით, საინფორმაციო სააგენტო “ფაქტნიუსი” შეასრულებს. სხვათა შორის, წლების წინ, ვიდრე ბატონ შაშიაშვილს ოპონენტებთან პოლიტიკური დუელის გამართვის სურვილი გაუჩნდებოდა, ერთ-ერთ ცნობილ გაზეთში, როგორც “გაზეთჩიკები” იტყვიან, ვაკეთებდი რუბრიკას, რომელსაც სწორედ “პოლიტიკური დუელი” ერქვა.

პროექტის სამუშაო ვერსიის მიხედვით, დუელის პირველი რაუდნი, სავარაუდოდ, ალასანიას ოფისში შედგება, სადაც თემურ შაშიაშვილი რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად მივდა და, დაახლოებით, 20-წუთიანი სიტყვით გამოვა. ზუსტად ამდენივე დრო ექნება ირაკლი ალასნაიას საკუთარი პოზიციის გამოსახატავად.

ასევე, არაა გამორიცხული, მხარეები სხვა ფორმატზე შეთანხმდნენ, ანუ აუდიტორიას 20-20-წუთიანი ვიდეო-გამოსვლა შესთავაზონ, რის შემდეგაც “დუელი”, ასე ვთქვათ, დახურულ კარს მიღმა გაგრძელდება და მხარეები ზემოხსენებული 20-წუთიანი გამოსვლების მიხედვით, ერთობლივ მემორანდუმს შეიმუშავებენ.

მემორანდუმზე ხელმოწერა, სავარაუდოდ, ვერის ბაღში, არაოფიცალურ გარემოში შედგება და მასზე ხელისმოწერა ნებისმიერ მსურველს, მხოლოდ პოლიტიკოსებს კი არა, რიგით მოქალაქეებსაც შეეძლებათ.

მნიშვნელოვანია, რომ “პოლიტიკური დუელის” შემდეგი დუელიანტები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ხალხის თანდასწრებით გაიმართება.

რა არის “პოლიტიკური დუელის” მიზანი?

როგორც “თეთრების” ლიდერი, თემურ შაშიაშვილი ამბობს, საქართველოში პოლიტიკური პროცესი მკვდარია, რადგან “პოლიტიკოსები საუბრობენ ერთმანეთზე, საკუთარ თავზე და არა – ერთმანეთთან. პოლიტიკური დიალოგი პოლიტიკურმა მონოლოგმა შეცვალა, კონკურენცია – დაპირისპირებამ, ენერგიულობა – აგრესიულობამ, მძლავრობს სიძულვილი.

ტრადიციულად, ძლიერი პოლიტიკოსები ერთმანეთთან საუბრობენ, სუსტები – ერთმანეთზე და საკუთარ თავზე. სუსტებს გასროლილ ტყვიაზე მეტად აშინებთ ძლიერებთან პირისპირ დგომა, მათთან პოლემიკა და ყოველივე ამაზე ათასგვარი გაუგებარი მოტივით ამბობენ უარს.

ძლიერი პოლიტიკოსები თავისუფალი ადამიანები არიან და ქმნიან დემოკრატიულ ქვეყანას, სუსტები ეგუებიან დიქტატურას და ამით საკუთარ არარაობას აწერენ ხელს და, როგორც წესი, დიქტატურისვე მსხვერპლნი ხდებიან.

საქართველოში სწორედ ეს უკანასკნელი ხდება. კამათის უუნარობა, ერთმანეთთან საუბრის შიში, საჯარო გამოსვლები მხოლოდ ერთმანეთზე ქილიკით, მხოლოდ ლანძღვა-გინებითა და მხოლოდ საკუთარი თავის წარმოჩინებით, – ასეთია დღევანდელი საქართველოს პოლიტიკოსთა პოლიტიკური პორტრეტი.”

ისე, თემურ შაშიაშვილი და ირაკლი ალასანია, ერთი შეხედვით, განსხვავებული ყაიდის პოლიტიკოსები არიან. მიუხედავად ამისა, მათ შორის პოლიტიკური დუელის გამართვა მაინც დადებითი პრეცედენტია, რადგან პოლიტიკოსები ერთმანეთთან შეგინება-დაგინების პრინციპებზე კი არა, ცივილურად იწყებენ დიალოგს.

საერთოდ, შაშიაშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ დუელში მონაწილეობის მიღება მაინცდამაინც “პოლიტიკურ სიკვდილს” არ ნიშნავს, რადგან ამ დუელში შესაძლოა, ორივე მხარემ, საბოლოო ჯამში კი, ქვეყანამ გაიმარჯვოს.

და მაინც, რატომ გამოიწვია თემურ შაშიაშვილმა პოლიტიკურ დუელში მაინცდამაინც ირაკლი ალასანია, ადამიანი, რომლის მიმართაც მთელი ე.წ. აპრილის პროტესტის მანძილზე სიმპათიას არ მალავადა?

ამ კითხვაზე შაშიაშვილის პასუხი ორნაწილიანია.

ჯერ ერთი, შაშიაშვილი მიიჩნევს, რომ დროა, პოლიტიკოსები ქუჩაში კი არა, ასე ვთქვათ, მაგიდასთან გაერთიანდნენ, რადგან “ქუჩის ერთობა” ქვეყანას ანგრევს.

რაც შეეხება პასუხის მეორე ნაწილს. ერთობ ამბიციურია.

რატომ?

“ქართული პოლიტიკა სოციალური დემაგოგებით გაივსო. სამაგიეროდ, რაინდების დეფიციტია. რაინდებს კი სწორედ დუელი ავლენს,” – მიიჩნევს შაშიაშვილი.

ამასთან, “თეთრი იდეოლოგიის” ქართველი ფუძემდებელი კატეგორიულად აცხადებს, რომ ქართულ პოლიტიკაში ჰამურაპის კანონი უნდა დასამარდეს.

ცნობისთვის: ჰამურაპის კანონი, ობივატელის ენაზე რომ ვთქვათ, იმას ნიშნავს, როცა ადამიანი საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ყველაზე ხმამაღლა ყვირილით ცდილობს.

მოკლედ, შაშიაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი და ალასანიას პოლიტიკური დუელი ჰამურაპის კანონის დასასრულის დასაწყისი გახდება.

სხვათა შორის, ალასანია შაშიაშვილს, როგორც ეს უკანასკნელი ამბობს, მას შემდეგ თავად დაუკავშირდა, რაც მედიაში “თეთრების” ლიდერის განცხადება წაიკითხა პოლიტიკურ დეუელში გამოწვევის შესახებ.

“ალასანიაში სწორედ ეს პოლიტიკური კულტურა მომწონს, – ამბობს შაშიაშვილი და პათეტიკური ღიმილით ამატებს, – დუელში ორი სხვა პიროვნებაც გამოვიწიე, მაგრამ მათ ეგონათ, რომ ერთმანეთი მართლა უნდა დაგვეხოცა.”

აი, ასე: როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხელთათმანი ნასროლია. ახლა, ისღა დაგვრჩენია, შაშიაშვილ-ალასანიას თეთრ დუელს დაველოდოთ!..

P.S. აუცილებელი განმარტება: პოლიტიკური დუელი, ანუ როგორც თემურ შაშიაშვილი ამბობს, ხალხის წინ ცოცხლად მდგარი პოლიტიკოსების პაექრობა ყველასთვის ღიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პაექრობა-დუელში მონაწილეობის მიღება ნებისმიერი პოლიტიკური ძალის ნებისმიერ წარმომადგენელს შეუძლია.

ამასთან, შაშიაშვილი იმის მომხრეცაა, რომ “თეთრი დუელების” ციკლი პირდაპირი ეთერით გადაიცეს.

სხვათა შორის, შაშიაშვილს პოლიტიკურ დუელის იდეა ჯერ კიდევ მაშინ გაუჩნდა, როცა იემრეთის გუბერნატორი იყო. მეტიც, ინგა გრიგოლიას გადაცემაში მაშინ ხელთათმანი იუსტიციის მინისტრყოფილ, თბილისის საკრებულოს იმჟამინდელ თავმჯდომარეს, მიხეილ სააკაშვილს ესროლა და შესთავზა, სახალხო დებატები ფილარმონიაში გავმართოთო, მაგრამ მომავალმა პრეზიდენტისთვის მარადიული ოპონენტის ხმა დარჩა “უდაბნოსა შინა”. ეს კი არადა, მაშინ შაშიაშვილისთვის ჯერ კიდევ “სახლშიწაუსვლელ” ედუადრ შევარდნაძეს დაურეკავს და უთქვამს, ეს რაღ მოიგონეო.

“პოლიტიკური დუელის იდეა არც ედუარდ შევარდნაძეს მოეწონა. ისე, ხუთი წელია, ვითხოვ, რომ ეს გადაცემა განმეორებით გაუშვან, მაგრამ უშედეგოდ,” – ამბობს შაშიაშვილი და ირწმუნება, პოლიტიკურ დუელში მონაწილეობა “ვარდების რევოლუციამდე” რამდენჯერმე მივიღეო.

“ერთხელ, როცა განათლების რეფორმას ვანხორციელებდით, რეფორმით უკმაყოფილო ხალხი ქუთაისის თეატრში შევკრიბე და ყველაფერი ეს პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

მეორედ, ქუთაისის “მოქკავშირულ” საკრებულოს სხდომაზე მივედი და ესეც პირდაპირ ეთერში გავიდა.

1997 წლის პირველ აპრილს, “მოქკავშირის” და პირადად სააკაშვილის მიერ ორგანიზებულ-კოორდინირებულ ბაზრობების თანამშრომლებს შევხვდი და ესეც ტელევზიამ ღია ეთერში გადასცა,” – ამბობს “თეთრების” ლიდერი და ირწმუნება, რომ “პოლიტიკური დუელის” კლასიკური ნიმუშია მის მიერ იმერეთის გუბერნატორობის დროს ორგანზიებული ორსაბათის პრეს-კონფერენციები, რომელზე დასწრებაც აკრედიტაციის გარეშე ხებოდა და ბოლო შეკითხვამდე პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა.

“კარგი იქნება, თუ ამას დღევანდელი პრეზიდენტი, გუბერნატორებ და მინისტრებიც გააკეთებენ,” – ამბობს შაშიაშვილი და საუბრის ბოლოს იმასაც იხსენებს, რომ 2004 წელს, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა, დუელი მიხეილ სააკაშვილს კიდევ შესთავაზა, მაგრამ ამჯერადაც ამაოდ – სააკაშვილმა გამოწვევა არ მიიღო.

საერთოდ, თემურ შაშიაშვილის დუელში დამარცხება ერთობ რთული იქნება. ყოველ შემთხვევაში, რამდენჯერაც ჩავთავლე, რომ საუბარი დავამთავრეთ, იმდენჯერ ახალი აზრის განვითარება დაიწყო. მაგალითად, ასეთის:

“თეთრების” პოლიტიკური სიძლიერე იმითაც აიხსნება, რომ ჩვენ ლიდერი არ გყვავს, ანუ პარტიაში ერთგვარი პრაიმერიზი, ანუ პოლიტიკური დუელი გაიმართება და ვინც გაიმარჯვებს, პარტიის ლიდერიც ის გახდება,” – ამბობს შაშიაშვილი.

ვანო პავლიაშვილი

2009 წლის 3 სექტემბერი

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *