დიდი ავანტიურიზმით სუნთქავს საარჩევნო პროცესი

gerbi1(მიუხედავად იმისა, რომ პარტია “თეთრებმა” უარი ვთქვით საპარალმენტო არჩევნებში მონაწილეობაზე და ვრჩებით საარჩევნო პროცესის აქტიურ მონაწილედ)

ძნელია წარმოიდგინო მომავალზე ორიენტირებული ერთი სახელმწიფოც კი, სადაც პოლიტიკაში ისეთი ავანტიურიზმი იყოს, როგორიც ქართულ სინამდვილეში დაამკვიდრეს „მოქალაქეთა კავშირმა“, „აღორძინებამ“ და მათმა მემკვიდრე დღევანდელმა ხელისუფლებამ.

მართალია, მიხეილ სააკაშვილი თავის ყოველ გამოსვლაში „მოქკავშირსა“ და ედუარდ შევარდნაძეს, ხოლო გიორგი თარგამაძე „აღორძინებასა“ და ასლან აბაშიძეს ემიჯნებიან, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, – პირველი იყო „მოქკავშირის“ მთვარი იდეოლოგი ,მეორე – აღორძინების. გადავხედოთ დღევანდელ ხელისუფლებას და დავრწმუნდებით, რომ როგორც პარლამენტის, ასევე აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების მინიმუმ 90% არის ყოფილი „მოქკავშირელი“ და „ამღორძინებელი“

ეს ტენდენცია 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო საარჩევნო სიებშიც გრძელდება.

„მოქკავშირ-აღორძინების“ მთვარი ავანტიურა მოკლედ ასე შეიძლება გამოვხატოთ: ხალხის წინაშე მწვავე დაპირისპირება, ხალხის ზურგს უკან – შეთანხმება და მოლაპარაკება. ეს განწყობა მთელი სისრულით ყოველი არჩევნების წინ მოდიოდა მოქმედებაში. ასეა დღესაც. არჩევნების წინ პოლიტიკური ანკესი გადაგდებულია. ხელისუფლებამ და მისმა სატელიტმა პარტიებმა ფუნქციები გაინაწილეს: ხელისუფლება მთავარ ოპოზიციურ ძალას -„ქართულ ოცნებას“ ებრძვის მისივე პროგრამებით (გააორმაგეს, გაასამმაგეს და გააოთხმაგეს ოცნების სოციალური პროგრამები) ხოლო სატელიტი პარტიები საუბრობენ ფასებისა და ტარიფების შემცირებაზე და ცდილობენ გადაფარონ მთავარი ოპოზიციური ძალის „ქართული ოცნების“ ამ მიმართულების რეალური პროგრამა.

დავაკვირდეთ და დავრწმუნდებით, რომ ხელისუფლებამ საკუთარი ლანძღვის ცენზურა მოხსნა სატელიტი პარტიებისთვის. ფორმულა მარტივია: მლამძღე, მაგინე რამდენიც გინდა, ოღონდ ხმები წაართვი რეალურ ოპოზიციურ ძალებს და მე გეხმარები პარლამენტში შესვლით.

რის საფასურად?

პირველი – თუ მთავარი ოპოზიციური ძალა ეჭვსქვეშ დააყენებს არჩევნების შედეგს, მის დემოკრატიულ ხარისხს და შესაბამისად უარს იტყვის პარლამენტარის მანდატზე, სატელიტი პარტიები გადაიქცევიან ტრიბუნად და ყველა დონეზე გააკეთებენ განცხადებას, რომ ქვეყანაში სწორედ რომ დემოკრატიული არჩევნები შედგა, ან იტყვიან, არსებობდა ზოგადი ცდომილებები, მაგრამ პარლამენტში არშესვლა სამშობლოს ღალატის ტოლფასია (ამ შეფასებას ხელისუფლებისათვის იმ ეტაპზე ოქროს ფასი ექნება).

მეორე – ხელისუფლება სატელიტი პარტიებისგან აიღებს გარანტიებს, რომ ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ანუ პარლამენტში შესვლის შემდეგ სატელიტები პრემიერ-მინისტრის პოსტზე მხარს დაუჭერენ ვანო მერაბიშვილს და არა ბიძინა ივანიშვილს. დღემდე მხოლოდ ერთმა პარტიამ, „თავისუფალმა საქართველომ“ გამოხატა თავისი პოზიცია, რომ ასეთ სიტუაციაში მხარს დაუჭერს ბიზინა ივანიშვილს და ამით დაადასტურა, რომ ის არის რეალური ოპოზიცია.

პირდაპირ ვამბობთ: საარჩევნო პოლიტიკური პროცესი სუნთქავს დიდი ავანტიურით. სამწუხაროდ, დღემდე საქართველო არის ავანტიურის მსხვერპლი და 20 წელია ქვეყანას მართავენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ყოველი არჩევნების წინ ხალხს კეთილდღეობას პირდებიან და რეალობაში გენოციდს უწყობენ.
მარტივი ანალიზით ვამტკიცებ ამ დებულებას. გავიხსენოთ „მოქკავშირის“ და შემდგომ „ნაცმოძრაობის“ მთავარი საარჩევნო ლოზუნგები:
1992-93 წლები – სტაბილური საქართველო
1995 წელი – მილიონი სამუშაო ადგილი
1997-99 წლები – სტაბილურობიდან კეთილდღეობისკენ

ეს მიხეილ სააკაშვილის „მოქკავშირის“ გენერალური მდივნობის დროინდელი ლოზუნგებია. „მოქკავშირის“ ყველაზე დიდი ავანტიურა იყო 2003 წლის „ვარდების რევოლუცია“, რომელმაც შესაძლებელი გახადა „მოქკავშირის“ ხელისუფლებაში დარჩენა ახალი ვადით . „ნაცმოძრაობის“ სახელით „მოქკავშირის“ახალი ვადა დაიწყო 2004 წლიდან. გავიხსნოთ, როგორი ავანტიურისტული პოლიტიკური ანკესი გადაუგდო მშიერ და დაუძლურებულ ხალხს „მოქკავშირის“ ბატონობის 10 წლისთავზე მისმა გენერალურმა მდივანმა, მიხეილ სააკაშვილმა: „საქართველო სიღარიბის გარეშე“.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ აღმოჩნდა, რომ ქვეყანაში არ არის სტაბილურობა – მუდმივ საომარ მდგომარეობაშია, მილიონი სამუშო ადგილის ნაცვლად დამატებით ერთი მილიონი უმუშევარი შეემატა ქვეყანას, ხოლო მილიონნახევარი მოქალაქე სიცოცხლის გადასარჩენად ქვეყნის გარეთ გავიდა…
სიღარიბის დაძლევის ნაცვლად მივიღეთ უმუშევართა ქვეყანა, რომლის მოსახლეობის უმრავლესობას არ აქვს საშუალება მიიღოს სიცოცხლისათვის აუცილებელი კალორიების ნახევარიც კი.

ამ საარჩევნო კამპანიის პოლიტიკური ავანტიურა განსაკუთრებულია. თუ აქამდე ორი ავანტიურისტი – „მოქკავშირი“ და „აღორძინება“ იდგა ერთმანეთის პირისპირ, დღეს გაერთიანებულნი და არაერთი სატელიტით გაძლიერებულნი დაუპირისპირდნენ რეალურ ოპოზიციას, მის მთავარ მდგენელს – „ქართულ ოცნებას“ – ბიძინა ივანიშვილს. ეს უკანასკნელი თავისუფალია ავანტიურიზმისაგან, აქვს ქვეყნისათვის საჭირო სასიცოცხლო პროგრამა და დღევანდელი პოლიტიკური პროცესის მთელი ტრაგიზმიც იმაშია, რომ ავანტიურისტთა ბანდა უპირისპირდება რეალურ ქართულ პროგრამას. მათი მიზანია თავი გადაირჩინონ, საქართველო მათ არ აინტერესებთ. სამწუხაროა, რომ მიმდინარე საპარლამენტო არჩევნების პოლიტიკურ პროცესში დაიკარგა საქართველო, ეს არის ბრძოლა სკამებისათვის. დღეს ამომრჩევლის წინაშე საკითხი დგას მარტივად: ვის და რას უჭერთ მხარს -თავისუფლებას თუ თავისუფლების ქურდებს?

თემურ შაშიაშვილი
2012 წლის 5 სექტემბერი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *