(gmtv.ge)“ორი ბუმბერაზი კაცის ტკივილიანი საუბრის მონაწილე გავხდი…”

ბოლო რამდენიმე დღეა საზოგადოების ერთი ნაწილი აქტიურად განიხილავს თემურ შაშიაშვილის წერილს, რომელიც მან „ლიტერატურული საქართველოს“ რედაქტორს, თამაზ წივწივაძეს გაუგზავნა.

წერილი „ლიტერატურულ საქართველოში“ დაიბეჭდა. GmTV თემურ შაშიაშვილს დაუკავშირდა.

-ბატონო თემურ, თქვენმა წერილმა საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია და გვინდა ჩვენმა მკითხველმაც ნახოს. იქნებ შევთავაზოთ ჩვენს მკითხველსაც, იქამდე კი გვითხარით-რა არის თქვენი მთავარი სათქმელი.

-მე ყოველთვის ვამბობ ჩემს სათქმელს და ყოველთვის ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სახელმწიფოში გადამწყვეტი ხალხია!  ამბობენ, ხელისუფლება ისეთია, როგორსაც ხალხი იმსახურებს.მე მწამს და მჯერა, რომ საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს ისეთ ხელისუფლებას, რომელსაც ესმის ხალხის, ცხოვრობს ხალხის ცხოვრებით და ემსახურება მას -ხალხს. ჩვენი პოზიცია – მოქმედებაა ასეთი ხელისუფლებისათვის. ან უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ გახდეს ასეთი, ან უნდა მოვიყვანოთ ხელისუფლება, რომელიც იქნება ასეთი!

-უკვე უამრავი კითხვა გაჩნდა, თუმცა ამაზე შემდეგ, იმედია უარს არ გვეტყვით საუბარზე, ახლა კი მკითხველს თქვენი წერილი შევთავაზოთ.

ღია წერილი გაზეთლიტერატურული საქართველოსრედაქტორს, ბატონ თამაზ წივწივაძეს.

ბატონო თამაზ!

თქვენი განათლებისა და გამოცდილების კაცი  რით უნდა გავაკვირვო – თქვენი დიდი ოჯახის თავზე წისქვილის ქვაც კი დაატრიალა წინა რეჟიმმა. მე მგონი ვერც მერე მიიღეთ შვება. ვერ გაგაკვირვებთ მაგრამ დაგაფიქრებთ მაინც თქვენ  და თქვენი გაზეთის ინტელექტუალურ მკითხველს.

ორი ბუმბერაზი კაცის  ტკივილიანი  საუბრის მონაწილე გავხდი. მერაბ ბერძენიშვილის  სახლ-მუზეუმში რეზო ჩხეიძე სტუმრობდა. იმ დღეებში დიდი მოქანდაკის მამულიშვილური წერილი გამოქვეყნდა  პრესაში. ბატონ რეზოს ეგონა, ასეთი  გულიანი წერილის  შემდგომ, ბატონ მერაბს ლამის მთავრობის  ყველა წევრი შეეხმიანა , ან ესტუმრა.  თუმცა ბატონი რეზო და ჩვენ, ყველანი, ვინც ვესწრებოდით ამ საუბარს,  სახტად დავრჩით, როცა შევიტყვეთ, რომ ბატონ მერაბ ბერძენიშვილს  არათუ შეეხმიანა რომელიმე თანამდებობის პირი, არამედ არც არავინ იყო ნამყოფი ხელისუფლებიდან სულიერებით სავსე მის  ეზო-გარემოში, რომელიც უნიკალურია არა მარტო საქართველოს, არამედ როგორც მონუმენტური ხელოვნების  საერთაშორისო სიმპიზიუმის მონაწილეებმა აღნიშნეს, მსოფლიო მასშტაბითაც კი.

კიდევ  უფრო დაგვამძიმა ბატონი რეზო ჩხეიძის ნათქვამმა, რომ სამი წლის განმავლობაში  ვერ შეძლო შეხვედრა და საუბარი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის ვერც ერთ პირთან.

იმ პერიოში, როცა ორმა ბუმბერაზმა პიროვნებამ საქვეყნო საქმეებზე ვერ მოახერხა შეხვედრა ხელისუფლებასთან, გაზეთები, ტელევიზიები, საერთოდ საინოფრმაციო სივრცე სავსე იყო უმაღლესი თანამდებობის პირების პოლემიკით  ქვეყნის გარედან ფინანსირებად არასამთავრობო სექტორისა და ტელევიზია-გაზეთების წარმომადგენლებთან.

ბატონმა მერაბ ბერძეიშვილმა გულისტკივილით თქვა უაღრესად დამაფიქრებელი რამ:“არაფერი ეშველება იმ ქვეყანას, სადაც ხელისუფლებას არ ესმის საკუთარი ხალხის მაჯისცემა, სადაც ხელისუფლება არ უსმენს საქვეყნოდ მომართულ ადამიანებს,  ასეთები კი  მრავლად  არიან საქართველოშიც   და მის ფარგლებს  გარეთაც, სამაგიეროდ, უსმენს და ეთათბირება მეხუთე კოლონის წარმომადგენლებს – მათ, ვისაც ქვეყნის მომავალი კი არ აინტერესებთ, არამედ მისი დამონება აქვთ გამიზნული, თავგამოდებით ებრძვიან ქართულს“.

რამდენიმე დღის შემდგომ, ზესტაფონში „ჭიათურმანგანუმისა“ და ზესტაფონის „ფეროშენადნობის“ პრობლემებთან დაკავშირებული საუბარი შედგა . ეს იმ ადამიანების საუბარი იყო, რომლებმაც იციან რომ ჭიათურა,ზესტაფონი, ტყიბული ქვეყნის ეკონომიკური ღერძია, მაგრამ სამწუხაროდ, არა ქვეყნის, რამედ იმათ სამსახურში, ვინც ხელისუფლებაშია და გარდამავალ დროშასავით გადადის ერთი სახელისუფლებო ეშელონიდან მეორეზე და ასე გრძელდება. როცა ერთმა მეწარმემ თქვა, იქნებ ჭიათურა-ზესტაფონი-ტყიბულის პრობლემები უმაღლეს ხელისუფალთ მივაწვდინოთო, მეორე მეწარმისგან პასუხი მიიღო:ეს მათი შექმნილია და რა აზრი აქვს მათთან ამ საკითხებზე საუბარსო…

ეს მეწარმე იყო მონაწილე გუდაურში პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან მეწარმეების შეხვედრისა.  აი როგორ დაასაბუთა მან თავისი აზრი: „შეხვედრა წყნარად მიდიოდა, ვიდრე სიტყვას აიღებდა ბატონი რომან რურუა. მან ისეთი სიმართლით დახატა სამეწარმეო სფეროში არსებული მდგომარეობა,  ვიფიქრეთ, რომ ახლა  გვეშველა, მით უფრო, როცადაინახესმ რომ  პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა მინისტრს დაავალა სასწრაფოდ შეხვედროდა ბატონ რომანს და შემდგომ თავადაც მოუსმენდა მას. ყველამ დავინახეთ,  ფინანსთა მინისტრი მივიდა ბატონ რომანთან საკუთარი ტელეფონის ნომერი ჩააწერინა და ხმამაღლა დააყოლა, უახლოეს დღეებში შევხვდებითო. ერთი წელი იყო გასული გუდაურის შეხვედრიდან, როცა ჩვენ ზესტაფონში ვსაუბრობდით, არც ბატონი რომანი მიუწვევიათ და მდგომარეობა არათუ შეიცვალა უკეთესობისკენ, არამედ უმძიმესი გახდა  მეწარმეებისთვის და ქვეყანაში უზნეო ბანკირები გააბატონა.

ბატონმა რომან რურუამ მასთან ჩემი შეხვედრის დროს შეხვედრის დროს ყველაფერი დაადასტურა,  ისიც მითხრა, რომ მინისტრის ტელეფონი მეორე დღიდანვე  აღარ პასუხობდა. რომ იგი სხვა გზით შეეცადა ხმა მიეწვდინა როგრც მინისტრის, ასევე პრემიერისთვის, შეხვედრა მაინც არ  შედგა.

უფრო  მეტიც,  გვყავს მსოფლიო მასშტაბით ცნობილი სპორტსმენი, დიდი ავტორიტეტი  არა მარტო  სპორტში – ის იყო იმ წარმოების ხელმძღვანელი, რომელსაც სპორტული საქონელი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, ერთადერთს გაჰქონდა სკანდინავიის ქვეყნებში. უფრო მეტიც,  ასეთმა კაცმა მცხეთაში კლდე-ყორეზე, იმ ტერიტორიაზე რომელიც  ნაგავსაყრელი იყო, რამდენიმე წელში შექმნა წალკოტი. და შექმნა ის, რაც ვერ გააკეთა სახელმწიფომ – თვითკმარი მეურნეობა. არც ამ უნიკალურ  ეზოგარემოშია ნამყოფი რომელიმე ხელისუფალი და არც  ასეთი ლეგენდარული კაცის გამოცდილება აინტერესებთ ხელისუფლებაში. დაუჯერებლად მოგეჩვენებათ, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლები ბატონ რომანს სასამართლო დავების თურქი მეწარმეების სასარგებლოდ დათმობასაც კი თხოვენ. აღარაფერს ვამბობთ  იმაზე, რომ სახელმწიფოს მიერ  აღიარებული ვალის უკან დაბრუნებაზეც უარის თქმას თხოვენ. საუბარია მილიონებზე, რომლის გამოყენებაბატონ რომანს ჭიდაობისა და საერთოდ , სპორტსმენების სასარგებლოდ აქვს გადაწყვეტილი.

მართლაც დაუჯერებელია, ხელისუფლება ან არ უსმენს ავტორიტეტებს, ან თუ უსმენს, არაფერს ითვალისწინებს.

აშკარაა, რომ საქმე გვაქვს გორდიასის კვანძთან და რადგან ის არ იხსნება, უნდა გაიჩეხოს, მაგრამ მთავარია ეს მოხდეს მშვიდობიანად.

პირადად მე, ისევე როგორც ბევრს, მიმაჩნდა რომ “უნდა დაწყებულიყო აკადემიური, მშვიდი და წყნარი საჯარო დიალოგი ხალხთან და ეს სასურველია გადაიცეს პირდაპირი სატელევიზიო ეთერით.  სწორედ რომ მთავრობა უნდა ჩადგომოდა სათავეში ამ რთულ,მაგრამ ქვეყნის მომავლისთვის ჰაერივით საჭირო პროცესს და ეს გაეკეთებინა მეცნიერების,საერთოდ ინტელიგენციის მეშვეობით…

სწორედ ეს  იყო „თეთრების“  პოზიცია, რომელიც მე და ბატონმა ზურაბ ხასიამ ჩამოვაყალიბეთ წერილის სახით და ღიად მივმართეთ ხელისუფლებას.სრული იგნორირება და ეს არ მიკვირს იმის ფონზე, რაც ზემოთ მოგახსენეთ: გიგანტებს არ უსმენენ, პატრიარქის ქადაგებები რჩება უყურადღებოდ, თქვენი და უამრავი მოაზროვნე ადამიანის მიერ გამოქვეყნებული საქმიანი წერილებია იგნორირებული და ასეთ დროს ჩემი, როგორც პოლიტიკოსის აზრი ვის აინტერესებს აშკარაა, რომ ათწლეულებია,უმაღლეს ხელისუფალთ დესტრუქციულთან ბრძოლა ურჩევნიათ კონსტრუქციულთან თანამშრომლობას. ეს დამღუპველი და დამანგრეველი გზაა. შედეგიც სახეზეა – ბოლო პერიოდის  უზნეობით სავსე საპარლამენტო ბატალიები და გაგრძელება,რომელიც მან მიიღო ხალხში, დაპირისპირება პარტიებიდან საზოგადოებას გადაედო და არნახულ მასშტაბებს იღებს. დამნაშავე პოლიტიკური ძალა არათუ უბრალოდ თავნებობს, არამედ ცდილობს თავზე დააჯდეს ქვეყანას და მოკლას მისი მომავალი. ეს მისი სიძლიერე კი არა ხელისუფლების სისუსტის მაჩვენებელია.

ბატონო თამაზ,

უცვლელად გიგზავნით იმ წერილს, რომლითაც 2016 წლის ბოლოს მივმართეთ ხელისუფლებას. უცვლელად, ცვლილებების შეტანის შემთხვევაში იგი კიდევ უფრო დამძიმდებოდა. რადგან გასული ვიცი, რომ თქვენს გაზეთს ინტელექტუალური მკითხველი  ჰყავს, მას მთავრობაშიც კითხულობენ. ჩვენი სურვილია, ჩვენი პოზიცია თქვენის მეშვეობით იცოდეს ხალხმა, განსაჯოს ხალხმა და ისიც შეაფასოს, რას გაითვალისწინებს ხელისუფლება.ამბობენ, ხელისუფლება ისეთია, როგორსაც ხალხი იმსახურებს.მე მწამს და მჯერა, რომ საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს ისეთ ხელისუფლებას, რომელსაც ესმის ხალხის, ცხოვრობს ხალხის ცხოვრებით და ემსახურება მას -ხალხს. ჩვენი პოზიცია – მოქმედებაა ასეთი ხელისუფლებისათვის. ან უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ გახდეს ასეთი, ან უნდა მოვიყვანოთ ხელისუფლება, როემლიც იქნება ასეთი!

ამ წერილში ანალიზთან ერთად, კონკრეტული წინადადებებიც არის მოქმედების თაობაზე.

ბატონო თამაზ, სამწუხაროდ, ბევრმა ვერ გაბედა ამ წერილის გამოქვეყნება. თქვენ ასეთი პრობლემა არასდროს გაწუხებდათ.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *