არჩევანის დღე

mitingiდიახ, არჩევანის.

ეს არ არის არჩევნები, როცა ამომრჩეველი ირჩევს თავისათვის სასურველ პოლიტიკოსს, პოლიტიკურ ძალას, პოლიტიკურ მსოფლმხედველობას.

ეს არის არჩევანი:

– არჩევანი სამშობლოს ღალატსა და ერთგულებას შორის;

– არჩევანი ქვეყნის ნგრევასა და აღმშენებლობას შორის;

– არჩევანი ამერიკა-რუსეთის ვასალობასა და თანასწორ პარტნიორობას შორის;

– არჩევანი წამებასა და თავისუფლებას შორის;

– არჩევანი ჩაშვება-დაბეზღებასა და პატიოსნებას შორის;

– არჩევანი ქვეყნის გარედან მართვად ხელისუფლებასა და ეროვნულ ხელისუფლებას შორის

დადგა დრო ორასწლიანი უცხო ქვეყნის თვითმპყრობელობის, 70 წლიანი ერთპარტიული მმართველობის, 20 წლიანი მოქკავშირ-აღორძინება-ნაცმოძრაობის ერთიანი პოლიტიკური ძალის დიქტატის შემდეგ საქართველომ შეცვალოს თავისი ისტორია თავსიუფალი არჩევნებით შეუერთდეს დემოკრატიულ სამყაროს, სამართლიანი არჩევნებით დაამკვიდროს პოლიტიკურ ძალთა მშვიდობიანი მონაცვლეობის პრაქტიკა.

მსოფლიოში ხელისუფლების არაძალადობრივი მონაცვლეობა გახლავთ უპირველესი ნიშანი ქვეყნის დემოკრატიულობისა, ხელისუფლების პოლიტიკური პატიოსნებისა, მოსახლეობის მაღალი პოლიტიკური კულტურისა.

თუ ხელისუფალს კრიმინალური ქმედება არ აქვს ჩადენილი, თუ ხელისუფალს პასუხისმგებლობის არ ეშინია, თუ ხელისუფალს უკანონოდ მითვისებულის დაკარგვა არ აფრთხობს – რატომ უნდა ეცადოს ძალადობით შეინარჩუნოს სავარძელი?

თუ ხელისუფალი ფიქრობს, რომ მასზე უკეთ ვერავინ წარმართავს ქვეყნის ბედს, აჩვენოს ეს ხალხს, მისცეს საშუალება კონსტიტუციით განსაზრვრული წესითა და რიგით სხვისი მმართველობაც ნახოს და დარწმუნდეს, რომელი რომელს სჯობს და რატომ.

ხელისუფლებასაც, ორგორც პირადად სააკაშვილს აქვს უფლება არჩევანისა: ან არჩევნებით მიდის, არ არჩევნების გაყალბებით დროებით რჩება.

– არჩევნებით წასვლა – ეს იქნება ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება სახელმწიფოში.

– არჩევნების გაყალბებით მცირე ხნით დარჩენა – ეს იქნება ქვეყნის იძულება რევოლუციის გზით ერის გათავისუფლებისა

– ჩვენ, „თეთრები“, ვიყავით და ვრჩებით არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის მომხრე. მეამაყება, რომ 26 მაისი იყო ბრძოლა დემოკრატიული არჩევნებისათვის.

იმედია, გამარჯვებული ახალი პოლიტიკური ძალა საღად შეაფასებს მიმდინარე არჩევნების ავ-კარგს, დემოკრატიულობის ხარისხს და მოქალაქეთა მიერ არჩევანის გაკეთების შეზღუდულობას პრაქტიკულად ორ დაჯგუფებას შორის.

იმედია, გამარჯვებული ახალი პოლიტიკური ძალის ლიდერი ქართველი ხალხისათვის ესოდენ სანუკვარი გამარჯვების შემდეგ შეინარჩუნებს დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულებას და საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ჩაატარებს რიგგარეშე  საპარალმენტო არჩევნებს.

იმედია, გამარჯვებული პოლიტიკური ძალა ამ ნაბიჯით საფუძველს ჩაუყრის ქვეყანაში ხელისუფლების დემოკრატიული მონაცვლეობის, ჭეშმარიტი მრავალპარტიული პარლამენტის ჩამოყალიბების, კოალიციური მთავრობის ფორმირების, პოლიტიკური აზროვნების პლურალიზმის დაცვის, საშინაო და საგარეო ურთიერთობათა განვითარების უზრუნველყოფის ნამდვილ ქართულ სახელმწიფოებრივ ტრადიციას.

 

თემურ შაშიაშვილი

2012 წლის 29 სექტემბერი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *