ნაციონალური მოძრაობის „დემოკრატია“

 

gerbi1დემოკრატიულ და დემოკრატიისაკენ მიმავალ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის, საერთოდ, ხელისუფლების უპირველესი მოვალეობაა, ხაზს ვუსვამ, არა სურვილი ან ამოცანა, არამედ სწორედ მოვალეობაა, სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება, კონკურენტული გარემოს შექმნა. ეს არის ლიბერალურ ღირებულებათა დამკვიდრების ფუნდამენტური საკითხი. არის კონკურენცია _ არის დემოკრატია, არის სამოქალაქო საზოგადოება. არ არის კონკურენცია _ არ არის ცივილური სახელმწიფო, არის დიქტატურა, ავტორიტარული მმართველობა, კომუნისტური თუ ფაშისტური რეჟიმი. პროგრესი, ადამიანის თავისუფლებაც და ნიჭის ძალაუფლებაც, ხალხის ცხოვრების დონის ზრდაც, სამუშაო ადგილებიც, ბიზნესიც და საკუთრების თავისუფლებაც, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაც არის მხოლოდ იმ ქვეყანაში, სადაც არის კონკურენცია საზოგადოებრივ ყოფაში, პოლიტიკაში, ბიზნესში და ადამიანის შესაძლებლობათა რეალიზაციის თვალსაზრისითაც. სხვა გამოცდილება, სხვა რამ არ იცის დღევანდელმა ცივილურმა მსოფლიომ, კაცობრიობის ისტორიამ…

რა ხდება საქართველოში ამ მიმართულებათა მიხედვით?

საზოგადოებრივ ყოფაში _ შიში, ირგვლივ შიში, შიში ყველგან და ყველაფერში: ხელის ჩამორთმევაშიც, მისალმებაშიც, უბრალო მოკითხვაშიც, ტელეფონზე საუბარშიც, რესტორანშიც, ჭირის დღეზე მისვლაშიც… შიში ყველა სფეროში, რასაც კი ადამიანთა ურთიერთობა ჰქვია. კიდევ მეტიც, შიშმა და გადარჩენის ადმიანურმა ინსტიქტმა გააძლიერა გამყიდველობა, დამსმენობა, ჯაშუშობა, ღირსეულისშეურაცხყოფაუღირსისაგან…

პოლიტიკაში _ მონური ფსიქოლოგია, კლანური ინტერესი, კერპთაყვანისმცემლობა, მიმბაძველობა ყოველგვარ უცხოურზე… კონკურენცია მხოლოდ იმაში, ვინ როგორ გაეგება ფეხქვეშ, დაემონება უცხოურ ინტერესს, უცხოურ პოლიტიკურ ძალებს…

ბიზნესში _ ნათესაურ-კლანურ-პოლიტიკური ინტერესი. ბიზნესი, პრაქტიკულად, კონტროლდება ხელისუფლების, პრეზიდენტისა და მისი ოჯახის მიერ… ბიზნესი შეერწყა პოლიტიკას, გახდა პოლიტიზებული. პირდაპირ ვთქვათ: პოლიტიკა იქცა ბიზნესად. ბიზნესმენები თავად არიან ხელისუფლებაში, ან დგანან ბიზნესის უკან, მფარველობენ მას. დამკვიდრდა ცუდი ტრადიცია _ “წარმატებული” ბიზნესმენები ხდებიან პრეზიდენტების ოჯახის წევრები, მათი მეგობრები და ნათესავები…

ადამიანის შესაძლებლობათა რეალიზაციის თვალსაზრისით _ ეს არის არა ნიჭის ძალაუფლების, არამედ ფულისუფლების ქვეყანა, სადაც დამარცხებულია ნიჭი, წიგნიერება, გამოცდილება, ზნეობა… გამარჯვებულია _ ფულის, უნიჭობისა და უზნეობის ერთობა_სამკუთხედი… ხალხი, ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ფულიანთა, ბანკებისა და ლომბარდების მფლობელთა, მევახშეთა კლანჭებში აღმოჩნდა… მოსახლეობის უარესი წამება წარმოუდგენელია… მაშინ, როცა ხალხი ყოველივე ამით დათრგუნულია, ღირსება შელახულია, მაშინ, როცა მოსახლეობის 80 პროცენტს ელემენტარული საარსებო მინიმუმი არ გააჩნია, ასეთ სიტუაციაში ხდება ორი უმძიმესი რამ:

პირველი: იყიდება ხალხის ქონება და მათ მხოლოდ ფულიანი ქართველები და უცხოელები ყიდულობენ, მოსახლეობა კი პროლეტარიატის როლში გადადის…

მეორე: ფასიანი ხდება ყველაფერი _ დაბადებით და გარდაცვალებით, ნებისმიერი ცნობის აღებით, ტელეფონის ზარითა და ტუალეტით, დაწყებული საბავშვო ბაღებში, სახელოვნებო ჯგუფებში, სპორტულ სექციებში ბავშვის მიყვანით, ადამიანის მკურნალობითა და სწავლებით დამთავრებული. ფულიანთა შვილებს საშუალება აქვთ, ისწავლონ მსოფლიოს ცნობილ უმაღლეს სასწავლებლებში, პრაქტიკა გაიარონ მსოფლიოს ცნობილ სამეცნიერო ცენტრებში. უფულობის გამო, შეიძლება არ მოხდეს გენიალური სპორტსმენისა და საერთოდ, გენიოსის რეალიზება, უბრალო ავადმყოფობის გამო, უფულო ადამიანი სიცოცხლეს ეთხოვება…

საქართველოში კონკურენტული გარემოს ნიშანიც კი არ არის.
პოლიტიკაც, ხელისუფლებაც, ბიზნესიც, თავისუფალი სიტყვის სივრცეც, უმაღლესი განათლებისა და საერთოდ, საზოგადოებრივი ყოფის ყველა სფეროს მართვაც, სულიერი სფეროც, პრაქტიკულად, მონოპოლიზებულია უცხოეთიდან მართვადი ერთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ. ეს არის იმის შედეგი, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესი მოკვდა. ეს არის სამწუხარო რეალობა.

საქართველოში პოლიტიკური პროცესი მოკვდა, ამის უპირველესი ნიშანი არის ის, რომ პარლამენტმა სრულად დაკარგა ქვეყნის პოლიტიკური ხელისუფლების ფუნქცია. იგი მიითვისა, სწორედ რომ მიითვისა, ფარულმა პოლიტიკურმა კომიტეტმა, რომლის წევრი პრეზიდენტიცაა და რომლის თითოეული წევრი, შესაბამისად, მთელი პოლიტიკური პროცესიც, ქვეყნის გარედან იმართება. ფარული კომიტეტისთვის მთავარია არა ის, თუ რას ფიქრობს ქართველი ხალხი, არამედ – რას ფიქრობენ მათი უცხოელი პატრონები.

საქართველოში პოლიტიკური პროცესი რომ მოკვდა, ეს კარგად ჩანს იმაში, რომ ხალხი არაადექვატური გახდა მიმდინარე პროცესებზე, აღარ რეაგირებს ეროვნულად მომაკვდინებელ ფაქტებზეც კი. ნევროლოგიაში ცნობილია ისეთი მდგომარეობა, როცა ზეზღურბლოვანი გაღიზიანების შემდგომ დგება რეფრაქტერული პერიოდი, როცა ადამიანი არ პასუხობს არცერთ გაღიზიანებას. თუ ამ მდგომარეობაში ერთეულები, თუნდაც ასეულები არიან – ეს ვერ ახდენს გავლენას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მაგრამ როცა ასეთ მდგომარეობაშია მოსახლეობის უდიდესი ნაწილი – მაშინ ეს ქვეყნისთვის დამანგრეველი ხდება. დღეს ხალხი ისე დაამშიეს და დააუძლურეს, სიკეთე ისე გაათითოკაცეს, რომ ადამიანისთვის მთავარი გახდა ბრძოლა სიცოცხლისთვის, ლუკმა-პურისთვის და სამწუხაროდ სხვა ყველაფერი ეროვნულიც, ღირსებასთან დაკავშირებულიც კი, მისთვის დიდ მნიშვნელოვანს აღარ წარმოადგენს.

ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი რომ მოკვდა, ამის ერთი დიდი ნიშანია ის, რომ ხალხს უკვე ეშინია ხელისუფლების ცვლის. რამდენიმე ათეული (შეიძლება, ასეულიც) წელია, ყოველი ახალი ხელისუფლება წინაზე უარესია, ანუ უარესს უარესი ცვლის. ეს კი იმის კლასიკური დადასტურებაა, რომ საქართველოს ბედი გარეთ წყდება, რომ ყველა ხელისუფლება გარედან ინიშნება და ვინც მას ნიშნავს, მისთვის მთავარი კრიტერიუმი არის არა ის, რომ ეს ხელისუფლება მისი ხალხის მსახური იყოს, არამედ ის, რომ მისი პატრონის მონა იყოს. ასეთი სისტემის დროს ხელისუფლება იცვლება მაშინ, როცა ამ ქვეყნის უცხოელი პატრონები მომქმედ ხელისუფლებაზე უფრო მონური განწყობის ძალებს მოძებნიან. მსოფლიო გამოცდილება ასეთია: ვიდრე რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში ხელისუფლების საკითხს წყვეტს არა ამ ქვეყნის ხალხი, არამედ უცხო ძალა – ქვეყანა არა თუ წარმატებული, ვერც თავისუფალი, ვერც დამოუკიდებელი ვერ იქნება და კარგავს თვითმყოფადობას.

ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი რომ მოკვდა, ამის ერთი დიდი ნიშანი ის არის, რომ პოლიტიკასა და პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას ღირსების შელახვად თვლის ინტელიგენცია, მეცნიერი, ხელოვანი, შემოქმედი, საერთოდ, ცნობილი ადამიანი. სამწუხაროდ, პოლიტიკა მხოლოდ პოლიტიკოსების საქმე ჰგონიათ. ხელისუფლებამ, ფარულმა კომიტეტმა მათი უცხოელი მფარველების კარნახით შეძლეს ის, რომ მოსახლეობა და პოლიტიკოსები ერთმანეთთან დააპირისპირეს, პოლიტიკურ პროცესს ჩამოაცილეს ხალხიც, ინტელიგენციაც, ახალგაზრდობაც, არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით _ მოაზროვნე ადამიანები _ რაც ქვეყნის განადგურების ტოლფასია! დღეს პოლიტიკური პროცესის გარეთ საკუთარი თავის დატოვება _ ეს არის შენი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა, შენი ქვეყნის ბედის სხვისთვის _ არაკეთილმოსურნეთათვის ჩაბარება.

ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი რომ მოკვდა, ამას ადასტურებს ის, რომ ხალხი, პოლიტიკური ძალები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პრესაც, ტელევიზიაც, პრაქტიკულად … შეეგუა იმას, რომ ხელისუფლება არ იძიებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის – ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმეს … შეეგუა იმას, რომ თანამდებობებზე რჩებიან ის მაღალჩინოსნები, რომელნიც და რომელთა ოჯახებიც დაკავშირებული არიან გვირგვლიანის, რობაქიძისა და სხვა გახმაურებულ მკვლელობებთან … შეეგუა იმას, რომ ქვეყანას ჰყავს სინდისის პატიმრები, პოლიტიკური პატიმრები, პრეზიდენტის პირადი პატიმრები…

ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი რომ მოკვდა, ამას ადასტურებს საზოგადოებაში მეოთხე ხელისუფლებად მიჩნეულ მასმედიაში _ ელექტრონულ და ბეჭდვით მედიაში არსებული მდგომარეობა. დემოკრატიულ ქვეყნებში პრესა, ტელევიზია ზეხელისუფლებად არის მიჩნეული, საქართველოში მეოთხე კი არა, ქვეხელისუფლების როლიც დაკარგა. შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ თავისუფალი სიტყვის სივრცეს სრულად აკონტროლებს ხელისუფლება და აკონტროლებს ისე, რომ ეს ნებისმიერ დიქტატორულ ხელისუფლებას შეშურდებოდა. რომელ დემოკრატიაზეა საუბარი და უცხოეთის ნებისმიერი სახელმწიფოს ხელისუფალი _ ამერიკის პრეზიდენტით დაწყებული _ უხერხულ მდგომარეობაში იყენებს თავს, როცა საქართველოში დემოკრატიულ პროცესებზე ლაპარაკობს, მაშინ როცა სატელევიზიო სივრცე მონოპოლიზებულია პრეზიდენტის ოჯახისა და მისი მეგობრების მიერ. იმაზე დიდი დაცინვა რა უნდა იყოს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებლობად წოდებული პირველი არხი ფინანსდება ხალხის მიერ, იმართება სოროსული ხელისუფლების მიერ, კონტროლდება სოროსისა და სოროსელების მიერ. სამარცხვინოზე სამარცხვინოა და მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია, რომ ქვეყნის სატელევიზიო სივრცის ნახევარზე მეტს ერთი კაცი ფლობდეს. `რუსთავი_2-ის~, ტელეკომპანიების: “მზეს”, “სტერეოს” _ ერთი კაცი _ დავით ბეჟუაშვილი ფლობს. ეს კაცი პრეზიდენტის მეგობარი, მისი ოჯახის “ხელის ბიჭი”, პარლამენტის წევრი, საქართველოში, პრაქტიკულად, ყველაზე მდიდარი კაცია, რომელმაც ყველაზე ბინძური მეთოდებით ჩაიგდო ხელში ხალხის მიერ ათწლეულობით შექმნილი ყველაზე დიდი სიმდიდრე _ ტყიბულნახშირით, ფეროთი, ჭიათურმარგანეცით დაწყებული _ გაზის, ბენზინისა და ცემენტის ბიზნესით გაგრძელებული და რუსთაველზე რამდენიმე დიდი შენობით, მათ შორის, ოფიცერთა სასახლით დამთავრებული. ის არის პარლამენტარი, რომელმაც პარლამენტარობის დროს შეიძინა თვითმფრინავი და მთელი ქართული სიმდიდრე, საბანკო ანგარიშები კი, ოფშორულ ზონაში _ მარშალის კუნძულებზე დაარეგისტრა. მისი მხილება ორმა პიროვნებამ დავიწყეთ _ სულხან მოლაშვილმა და მე. ცხადია, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც სულხან მოლაშვილი ციხეში იჯდა, სწორედ ეს არის. სწორედ მისგან და მისი გარემოცვისგან ყველაფერია მოსალოდნელი. სხვა რა უნდა იფიქრო იმ კაცზე, რომელმაც და რომლის ძმამაც პოლიტიკური და ბიზნეს ინტერესებისთვის ეროვნებაც დამალეს და გვარიც შეიცვალეს?! ხელისუფლებამ, “დემოკრატიის” ინტერესებისთვის გაანადგურა “მე-9 არხი”, ტელეკომპანიები: “იბერია” და “202″, უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა ტელეკომპანია “კავკასია”. ადგილობრივი ტელეკომპანიები ემსახურებიან არა ხალხსა და სიმართლეს, არამედ ხელისუფლებას, პრაქტიკულად, ხელისუფლების “ჯიბის” ტელეკომპანიებად იქცნენ. ფაქტია ისიც, რომ თითქმის ყველა ტელევიზიაში მთავარ ფიგურებად სოროსელები და ხელისუფლების ნაგლეჯები ჩანან… თითქმის ყველა ტელევიზიას ერთნაირად სძულთ ეროვნული წყობის პოლიტიკური პარტიებიც და პოლიტიკოსებიც.

ხელისუფლება თავს იწონებს იმით, რომ პრესაში ყველაფერი იბეჭდება. დამაფიქრებელია, რომ პრესაში ერთნაირად არ იზღუდება საქართველოში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, თურქმენეთში, უზბეკეთში, მაშინ, როცა ხელისუფლების მიერ თითქმის ყველგან აბსოლუტურად კონტროლდება სატელევიზიო სივრცე. ეს, თუნდაც, იმიტომ ხდება, როგორც ამას გამოკვლევები ადასტურებს _ საქართველოში (სხვა მსგავსი “დემოკრატიის” ქვეყნებში), გაჭირვების გამო, გაზეთი ხელმისაწვდომია და მას რეგულარულად კითხულობს მოსახლეობის 5-7 პროცენტი, მაშინ როცა ტელევიზიას რეგულარულად უყურებს მოსახლეობის თითქმის 95 პროცენტი. მოსახლეობისთვის გაცილებით მისაწვდომი იყო ადგილობრივი მართალი გაზეთები, მაგრამ ეს “საშიშროება” კარგად დაარეგულირა ხელისუფლებამ: რომელიც ვერ მოარჯულა, _ გაანადგურა. ბევრ “მორჯულებულ” ჟურნალისტს კარგი ხელფასი და სამსახური შესთავაზა. ამას ჰქვია სახელისუფლებო ჰარმონია სიმართლისა და ხალხის წინააღმდეგ. ეს არის დემოკრატია ქართულად: წერე რაც გინდა _ გაზეთს მაინც ვერ ყიდულობს ხალხი, ქვეყანა ცხოვრობს “სატელევიზიო აღმშენებლობით”, კარგად მიმართა მწერალმა მაყვალა გონაშვილმა ხალხს:

“ეკრანს მიღმა უბედურო, ტელე_ბედნიერო…”

მიუხედავად ასეთი მონოპოლიზებისა, დასაფასებელია, რომ ქვეყანას ჰყავს არაერთი ჟურნალისტი, რომელთათვისაც მთავარი ქვეყნის ინტერესია და არა ტელევიზიის მეპატრონის, ანუ ისეთი ჟურნალისტი, რომელიც არ მიეყიდა ტელევიზიის მეპატრონეს.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *