დეკლარაცია საქართველოს ეროვნული კრების მოწვევის შესახებ

 

ჩვენ, დეკლარაციის ავტორები, შევიკრიბეთ და დავასკვენით, ქვეყნის დამოუკიდებელი არსებობის 15 წელმა არ მოგვცა ის შედეგი, რომელიც ჩვენთვის ყველასათვის სასურველი იყო, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო კატასტროფულად აგვიანებს გახდეს სტაბილური სახელმწიფო. გარე მიმართებებში ჩვენ გამუდმებით ან საომარ მდგომარეობაში, ან წინასაომარ მდგომარეობაში ვართ, შიდა მიმართებაში – გამუდმებით ხელისუფლების განდევნისათვის ბრძოლაში, რისი პრეცედენტიც დამოუკიდებლობის აღდგენის პირველსავე ეტაპზე შევქმენით.

ჩვენ მივაქციეთ ყურადღება კიდევ ერთ მძიმე შედეგს: ერთ მხრივ, ერი, რომელსაც ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში ერთადერთი სუზერენია, ვერაფრით ვერ გახდა ქვეყნის პატრონი, მეორე მხრივ, საზოგადოებამ ვერაფრით ვერ შეიძინა სამოქალაქო ღირსებისა და სამოქალაქო პროტესტის გრძნობა.

ჩვენ დავრწმუნდით, რომ არ შეიძლება, ქვეყნის ბედს ერთპიროვნულად განსაზღვრავდნენ პარტიული ლიდერები, რომლებმაც ვერ შეძლეს ამაღლებულიყვნენ ვიწროპარტიულ და ვიწროჯგუფურ ინტერესებზე.

ჩვენ ვაღიარეთ ისიც, რომ ყველაფერ ამაში ჩვენი ბრალიცაა, პირველ რიგში – ინტელექტუალური ადამიანებისა, რომლებიც დიდი ხანია, განერიდნენ პოლიტიკას და ამით ყველა სხვას მისცეს საშუალება, გაქცეულიყო პოლიტიკაში

ჩვენ არ მოგვწონს გზა, რომლითაც ქვეყანა მიდის 15 წლის განმავლობაში. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ საჭიროა სისტემური გარდაქმნები, რადგანაც უკვე დაგროვდა მომაკვდინებელ საფრთხეთა მთელი კომპლექსი, რომელშიც არა მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვა შედის.

ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველას მივესალმებით, ვინც კანონიერების საფუძველზე აპირებს ხელისუფლებაში მოსვლას, ვადიანი თუ ვადამდელი არჩევნების გზით. ჩვენ ერთსულოვანნი ვართ იმაშიც, რომ არჩევნებს არ შეიძლება წარმართავდეს ის ანტიდემოკრატიული კანონი, რომელიც დღეს მოქმედებს ქვეყანაში და ფაქტიურად უაზროს ხდის არჩევნებში მონაწილეობას. საარჩევნო სისტემის რეფორმა აუცილებელია იმისათვის, რომ წარმატებით დაგვირგვინდეს ახალი საქართველოს – ნამდვილად დემოკრატიული, ეროვნული, ქრისტიანული სახელმწიფოს – მშენებლობის პროცესი.

ჩვენ ვხედავთ იმასაც, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი ურთულესი ამოცანების განხორციელებას მხოლოდ ხელისუფლება, ან მხოლოდ პოლიტიკოსები ვერ შეძლებენ. დღეს ავანსცენაზე ის ადამიანები უნდა გამოვიდნენ, რომელთა მეთოდია მეცნიერული, სისტემური მიდგომები ყველაფრის, მათ შორის რეფორმებისა და გარდაქმნების მიმართ.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ადამიანები უნდა გაერთიანდნენ. ასეთ გაერთიანებად ჩვენ გვესახება ეროვნული კრება – ეროვნული და სამოქალაქო ღირსების მქონე ადამიანების ზეპარტიული, საყოველთაო გაერთიანება. ჩვენ ვიწყებთ იმით, რომ შევქმნით ეროვნული კრების მოწვევის ინიციატორთა დარბაზს. ყველა, ვინც ამ დეკლარაციას გაიზიარებს, კრების წევრია.

ჩვენ გვჯერა, რომ ეროვნული კრება ქვეყნის წინსვლისათვის მზრუნველი თავყრილობა იქნება, სადაც სტრატეგიული საკითხების განხილვასთან ერთად დასაბამი მიეცემა მეცნიერულ და ეროვნულ- სახელმწიფოებრივი პოლიტიკური აზროვნების შერწყმას. საქართველოს არ ექნება მომავალი, თუ მასზე ზრუნვას ჩვენ ყველანი არ გავინაწილებთ.

ჩვენ გვინდა, რომ ყველას ვუთხრათ: დამთავრდა ანონიმური და ერთპიროვნული გადაწყვეტილებებისა და მოქმედებების დრო და დაიწყო სოლიდარული მოძრაობა ქვეყნის გადარჩენისათვის. ეს მითუმეტეს საჭიროა დღეს, როდესაც ხელისუფლების მიერ ჯიუტად განხორციელებულმა პოლიტიკამ ქვეყანაში ისევ მღელვარების ატმოსფერო შექმნა.

ჩვენ დავნერგავთ პრინციპს: ქვეყანას მართავს ხელისუფლება – ხელისუფლებას მართავს საზოგადოება – საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა.
ჩვენი კრება აღარ იქნება საჭირო მაშინ, როდესაც თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში ეს პრინციპი საბოლოოდ დაინერგება.

მიღებულია 2006 წლის 13 ივნისს დიდ ფორუმზე „მეტეხი პალასის“ საკონფერენციო დარბაზში.

დეკლარაციას პირველ დღეს ხელი მოაწერა 1500 კაცმა. პირველი ხელმოწერა გააკეთა ცნობილმა მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ, ჭაბუა ამირეჯიბმა.
20 ივნისამდე დეკლარაციას 10 000-მდე ადამიანმა მოაწერა ხელი.
ეს იყო უნიკალური შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა ყველა პოლიტიკური პარტია, გარდა სახელისუფლებოსი… ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, გარდა სახელისუფლებოსი… ყველა პოლიტიკური ლიდერი, გარდა სახელისუფლებო პარტიისა… 500-ზე მეტი აკადემიკოსი, პროფესორი… ყველა ცნობილი მწერალი, მხატვარი, თეატრალი, კინორეჟიროსი, მუსიკოსი, არქიტექორი, გარდა ხელისუფლებასთან დაკავშირებულებისა.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *