ქვეყანას გადაარჩენს 21-ე საუკუნის პოლიტიკური კულტურის სტანდარტების პოლიტიკური ერთობა

და არა განაწყენებულთა, გულმოსულთა და გაბოროტებულთა გაერთიანება

 

ჩვენ მწვავე მოსაზრებების წარმოდგენას ვაპირებთ და სწორედ ამიტომ თავშივე გთავაზობთ კონსტრუქციულს.

ვიფიქროთ არა საკუთარ პარტიებზე და პერსონაზე, არამედ პოლიტიკურ ერთობაზე იმ საკითხების ირგვლივ, რომლებიც გამოხატავენ საქვეყნო განწყობა:

ქვეყანაში არ არსებობს მოაზროვნე ადამიანი, რომელიც არ ფიქრობდეს იმაზე, რომ ეს ხელისუფლება უვარგისია, მაგრამ იგივე ადამიანები უვარგისად თვლიან ოპოზიციასაც და ეს არჩევნების შედეგებმაც აჩვენა.

 

რამ შეიძლება გაგვაერთიანოს?

 1. სახალხო წარმომადგენლობითმა კრებამ

2. სახალხო სასამართლომ

3. კონსტიტუციის მიღების პროცესმა

4. პრეზიდენტის იმპიჩმენტმა

5. მუშაობამ კანონპროექტზე „ოპოზიციის შესახებ“

6. მუშაობამ საარჩევნო გარემოს შეცვლაზე

7. ეროვნული თანხმობის ხელისუფლების შექმნამ.

 

როგორ  შეიძლება ყოველივე ამის ორგანიზაცია?

1. შევქმნათ პოლიტიკურ ძალთა ასამბლეა, რომელიც კონსესუსის წესით შექმნის „ნდობის საბჭოს“.

2. „პოლიტიკურ ძალთა ასამბლეა“ და ნდობის საბჭო უნდა წარმოვადგინოთ, როგორც დღევანდელი პარლამენტის ალტერნატიული ორპალატიანი „ხალხის საბჭო“.

3. სწორედ ეს ორგანო უნდა ამზადებდეს „სახალხო წარმომადგენლობით კრებას“, ეხმარებოდეს „სახალხო სასამართლოს“, ორგანიზაციას უკეთებდეს კონსტიტუციის მიღების ალტერნატიულ პროცესს, აწყობდეს პრეზიდენტის იმპიჩმენტს, იღებდეს კანონპროექტს „ოპოზიციურ პარტიათა შესახებ“, ამზადებდეს დოკუმენტაციას საარჩევნო გარემოს შეცვლაზე, ფიქრობდეს „ეროვნული თანხმობის“ ხელისუფლებაზე

ჩვენ ასეთ ერთობას ვთვლით სიცოცხლისუნარიანად, კონსტრუქციულად და შედეგზე ორიენტირებულად.

 

ერთ-ერთი მთავარი შეფასება:

 ხალხს არ სჯერა არც ოპოზიციის და არც ხელისუფლების… ხალხის აზრით ხელისუფლება იბრძვის სკამების შენარჩუნებისათვის, ოპოზიცია – სკამების მოპოვებისათვის.

ხალხმა რომ ირწმუნოს, ოპოზიციის  ის პოლიტიკოსები, რომლებიც საკუთარ თავს „წამყვანს“ ვუწოდებთ (საით წაიყვანა ხალხიც და ქვეყანაც კარგად ვხედავთ) – ერთი-ორი წლით გავდგეთ გვერდზე, უარი ვთქვათ ხელისუფლებაში მოსვლაზე და ხალხთან ერთად ვიფიქროთ „ეროვნული თანხმობის ხელისუფლებაზე“ – ჩვენს გარეშე.

ამ ნაბიჯის გადადგმა ძნელია, მაგრამ შესაძლებელი და ეს მხოლოდ ძლიერ პოლიტიკოსთ ძალუძთ.

მთავარი შეცდომა: 

მთავარი შეცდომა  იყო არა არჩევნები, არამედ აქციები პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით და შემდგომ დათანხმება ადგილობრივ არჩევნებზე.

 

რა მოხდა არჩევნებზე?

არჩევნები იყო ფარსი:

გაიმარჯვა ტყუილმა

დამარცხდა სიმართლე.

 

რა ხდება არჩევნების შემდგომ:

როგორც ჩანს, არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურ ძალთა დამარცხება გაცილებით გაუხარდა არჩევნებში არმონაწილე ოპოზიციურ ძალებს, ვიდრე ხელისუფლებას.

31 მაისიდან – ზოგიერთ პოლიტიკოსს ხელში უჭირავს „პოლიტიკური ნაჯახი“ და მისი აზრით, ურტყამს სხვას, მაგრამ გაცილებით ვნებს საერთო განწყობას და ეხმარება ხელისუფლებას.

 

რა პოზიტიური დასკვნის გაკეთება შეიძლება 30 მაისის არჩევნებიდან?

 1. ამ არჩევნებმა, საარჩევნო პროცესმა, ვიდრე რომელიმე სხვა არჩევნებმა. ხალხი გაცილებით მეტად დაარწმუნა იმაში, რომ ხელისუფლება გამყალბებელია, ხელისუფლებას საკუთარი სკამის გარდა არაფერი ადარდებს,

2. ამ არჩევნებმა დაადასტურა, რომ ხელისუფლებამ სახელმწიფო ფულით, ანუ ხალხის ფულით მოისყიდა სახლებისა და  ქუჩების წარმომადგენლებიც და ამ უკანასკნელთა საშუალებით ამ სახლებსა და ქუჩებში მცხოვრები გაჭირვებულებიც.

3. ამ არჩევნებმა დაადასტურა, რომ ხელისუფლებას ხმას აძლევს ყველაზე გაჭირვებული, მშიერი, ყოფნა-არყოფნის ზღვარზე მყოფი ოჯახების წევრები, პატიმრები, ჯარისკაცები, ხიზნები.

ამ არჩევნებმა დაადასტურა, რომ საქართველო დაამშიეს და დააუძლურეს იმისათვის, რომ ადვილად მართონ. ნახეთ ინტერნეტ-გამოკითხვები. აშკარაა, რომ თითქმის ყველა, ვინც შეძლო გადაეწყვიტა ელემენტარული ყოფითი პრობლემები, გამოდის ამ ხელისუფლების წინააღმდეგ და მხარს უჭერს ოპოზიციას.

4. ამ არჩევნებმა უკვე დაასრულა ხელისუფლების მზაკვრული პროგრამა: ქვეყანა გაყო ხელისუფლებისათვის „მისიანებად“ და „მტრებად“. ეს აღარ არის ვირტუალური დაყოფა, არამედ ქაღალდზეა გადატანილი. გვარებით და მისამართებით. ამ არჩევნებმა გააძლიერა „ჩაშვების ინსტიტუტი“ და მეზობლებში, მეგობრებში, ნაცნობებში ერთმანეთის მიმართ ეჭვი გააჩინა.

5. ამ არჩევნებმა დაადასტურა, რომ მიუხედავად სახელისუფლებო წნეხისა, მოსყიდვებისა – არსებობენ საქვეყნოდ მომართული ადამიანები, რომლებიც უპირატესობას ვინმეს ფულით, ნაცნობობით, ძმა-ბიჭობით კი არა, პოლიტიკური კულტურის მიხედვით ანიჭებენ.

ამ არჩევნებმა გამოკვეთა 21-ე საუკუნის სტანდარტების პოლიტიკური კულტურის პოლიტიკოსები, უპირველესად ირაკლი ალასანია.

სიდარბაისლე, სიმშვიდე, გონიერება, ანალიზი, პრობლემის გულით გაზიარება, მომავლის ხედვა, ხალხის განწყობით ცხოვრება – ასეთი უნდა იყოს მომავლის პოლიტიკოსი. ბედნიერი იქნება საქართველო, როცა დღევანდელი ველური ძალის ნაცვლად ხელისუფლებაში სწორედ 21-ე საუკუნის პოლიტიკური კულტურის პოლიტიკოსები იქნებიან.

მომავლის პოლიტიკოსი ვერ უნდა დაამარცხოს წარსულით მცხოვრებმა პოლიტიკოსმა (პოლიტიკა აზროვნებაა და არა ასაკი).

ეჭვი არ მეპარება, რომ სექტემბერში შედგება ახალი პოლიტიკური სტანდარტებისა და კულტურის ერთობა. ეს დიდი გარღვევა იქნება ქართულ პოლიტიკაში.

 

დაფიქრებისათვის:

 

1. დღეს სააკაშვილის და მისი რეჟიმის კრიტიკა მოდაშია, მაგრამ გავაანალიზოთ, ვინ აკრიტიკებს და რატომ?

ჩემთვის ერთი ცხადზე უცხადესია: სააკაშვილი არ შეცვლილა. იგი ისეთივეა, როგორიც იყო 1994, 2000, 2003, 2007-08 წლებში. იგი იყო და არის: არასერიოზული, გაუწონასწორებელი, ქვეყნისთვის საშიში.

შეიცვალნენ მის ირგვლივ მყოფნი იმისდა მიხედვით, რა მანძილით განილაგა თუ მოიშორა ისინი სააკაშვილმა. ბევრი, ვინც მას დღეს აკრიტიკებს, ასეთივე პათოსით შეაქებდა, რომ მის გარემოცვაში შედიოდეს.

2. საქართველოში მომრავლდნენ პოლიტიკოსები, რომლებიც ვინმეს წინააღმდეგ ბრძოლას მასთან გაერთიანებით ამთავრებენ და ბრძოლის დროს უშიშრები, გაერთიანების შემდგომ – მონები ხდებიან.

ვინც ებრძოდა სააკაშვილს, მასთან ბრძოლა მასთან გაერთიანებით  დაამთავრა (ასეთია სააკაშვილის გარემოცვის 80 პროცენტი).

ვინც ებრძოდა ბურჯანაძეს, ბრძოლა მასთან გაერთიანებით დაამთავრა…

ვინც ებრძოდა ოქრუაშვილს, დღეს მის გუნდშია…

ვინც ებრძოდა ნოღაიდელს, დღეს მისკენ ილტვის…

ეს არის პოლიტიკური პროსტიტუციის ეპოქა, რომლის დაწყებაც „მოქკავშირ“- „აღორძინების“ ლიდერებთან არის დაკავშირებული და დღესაც წარმატებულად გრძელდება.

3. არიან პოლიტიკოსები, რომლებიც მიდიან  „ძალისმიერი რადიკალიზაციის“ გზით… ეს ხელისუფლების ბრძოლის ველია, აქ იგი არ მარცხდება.

ამ ხელისუფლების დასასრული მხოლოდ „ინტელექტუალურ რადიკალიზაციასთან“ არის დაკავშირებული.

4. ამ არჩევნებში სააკაშვილის რეჟიმი დიფერენცირებულად იბრძოდა პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ: ზოგს ებრძოდა, ზოგთან მეგობრობდა, ზოგთან გარიგებული იყო.

ებრძოდა: „ალიანსს“, „ეროვნულ საბჭოს“, „მრეწველ;ებს“

მეგობრობდა: „ქრისტიან-დემოკრატებთან“,

გარიგებული იყო: თითქმის ყველასთან, ვისაც არ ებრძოდა.

ყოველივე ამის დანახვა ადვილია დღესაც , მაგრამ ამას მომავალი გაცილებით მეტად დაადასტურებს.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *