ქვეყნის მომავალს სჭირდება სრულიად განსხვავებული ფილოსოფიისა და მენტალიტეტის პოლიტიკური ძალა

პოზიცია

რამდენიმე მოსაზრება საქართველოს პარლამენტში 2011 წლის

11 თებერვალს პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ  წარმოდგენილ

წლიურ ანგარიშთან  დაკავშირებით

 

ქვეყნის პრეზიდენტის საანგარიშო მოხსენება პარლამენტისა და საზოგადოების წინაშე არის ერთ-ერთი მთავარი  (თუ უმთავრესი არა) დოკუმენტი, რომელიც ასახავს ხელისუფლების მიერ გასული წლის განმავლობაში ჩატარებული მუშაობის შედეგებს, წარმოადგენს ამ შედეგების ანალიზს, ამახვილებს ყურადღებას ნაკლოვანებებზე და აყალიბებს სამომავლო საქმიანობის უმთავრეს მიმართულებებს.

როგორც წესი, ასეთი მოხსენების სრული და ოფიციალური ტექსტი მეორე დღესვე ქვეყნდება ელექტრონულ და ბეჭდვით მედიაში, მასში მოცემული შეფასებების, შეხედულებების და პოზიციების ყოველმხრივი და ღრმა შესწავლის მიზნით.

სამწუხაროდ, ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა ზეპირად, რის გამოც საზოგადოებას ვერ მიეცა საშუალება დეტალურად გაცნობოდა მის მოხსენებას (როგორც ჩანს, არც აწყობთ მისი გამოსვლის სრული ტექსტის დაბეჭდვა).

სამართლიანობა მოითხოვს იმის აღნიშვნას, რომ მსმენელთა იმ ნაწილისათვის, რომელიც არ არის ჩახედული საქართველოს რეალიებში, პრეზიდენტის გამოსვლა იყო საკმაოდ ეფექტური, ემოციური და, ერთი შეხედვით, მოიცავდა ქვეყნის ცხოვრების თითქმის ყველა ძირითადი მიმართულების (თავდაცვითი და ძალოვანი სტრუქტურების საქმიანობის გარდა) მიმოხილვას.

ამავე დროს,  შესანიშნავად იყო გამოყენებული ნაცადი პროპაგანდისტული ხრიკი – „თვითონ თქვი იმის შესახებ, რასაც ოპოენტებისაგანმაინც ვერ ასცდები.“ სწორედ  ასე იყო აგებული გამოსვლის ძირითადი ნაწილი. ოპონენტების შესაძლო არგუმენტები წინასწარ იყო ცნობილი და პასუხებიც წინასწარ მომზადებული.

გამოსვლის სტილი იყო ზომიერად  შემტევი, არაკონსტრუქციული და უკვე ხელისუფლებასთან ერთად დამარცხებული ოპოზიციის მიმართ ერთგვარად მიმტევებლურიც კი.

 რაც შეეხება მოხსენების შინაარსს:

1. იყო მცდელობა, მსმენელთათვის ისეთი შთაბეჭდილების შექმნისა, თითქოს მომხსენებელს გულწრფელად და ღრმად აღელვებს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის გაუსაძლისი მდგომარეობა.

2. დასახელებული იყო მხოლოდ მცირე ნაწილი იმ პრობლემებისა, რომელთა არსებობა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს  მოსახლეობის ფიზიკურ არსებობას, არამედ ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოების საფუძვლებს.

3. მთლიანად იგნორირებული იყო იმ მიზეზების არა მხოლოდ ანალიზი, არამედ ჩამონათვალიც კი, რომლებმაც გამოიწვიეს ქვეყანაში სადღეისოდ შექმნილი ვითარება.

4. პრეზიდენტმა პასუხი არ (ვერ) გასცა ხალხის და პოლიტიკური პარტიების მოთხოვნებს დამოუკიდებელი სასამართლოს, დეპოლიტიზებული პოლიციის, თავისუფალი მედიის, ბიზნესის თავისუფლების, ფინანსებისა და ეკონომიკის დეცენტრალიზაციის, ელიტარული კორუფციის არსებობის თაობაზე, ვერ გააკეთა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესის ანალიზი.

5. მოხსენების მთელი ტექსტის შინაარსიდან გამომდინარე, მსმენელისათვის, რომელიც არ იცნობს საქართველოში არსებულ მდგომარეობას, შეიქმნებოდა მტკიცე შთაბეჭდილება, რომ დღევანდელი ხელისუფლება ქვეყნის მართვას შეუდგა არა 2003 წელს, არამედ რამდენიმე თვის წინ, რადგან, როგორც ეს მოხსენების მრავალი დებულებიდან გამომდინარეობს, მხოლოდ 2011 წლის თებერვლიდან აპირებს დაიწყოს მუშაობა ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად.

6. მეტად საგულისხმოა (და ხელისუფლების მხრიდან ეს პირველად გახმიანდა), რომ მომხსენებელმა არაერთგზის დააფიქსირა თარიღი, როდესაც მის მიერ გახმოვანებულ ღონისძიებებს შედეგები მოჰყვება.

ეს აღმოჩნდა 2015 წელი.

ჭეშმარიტი მიზეზები ამ თარიღის შერჩევასა და დასახელებასთან დაკავშირებით, ნათელი და გასაგებია. ხელისუფლებამ აშკარად და სრულიად ცალსახად გამოაცხადა, რომ მოვლენების(მათ შორის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების) ნებისმიერი სახით განვითარების მიუხედავად, ის არ აპირებს ძალაუფლების დათმობას, სულ ცოტა 2015 წლამდე.

7. პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის საერთო სურათს ბუნებრივად და ლოგიკურად ავსებდა საპარლამენტო უმრავლესობის ცინიზმითა და თვითკმაყოფილებით აღსავსე გამოსვლები, რომელთა შინაარსზე  ყურადღების გამახვილება ზედმეტად მიგვაჩნია და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა „მწვავე“  და „აგრესიული“ გამოსვლები, რომელთა მიმართ რეაგირება მომხსენებლის მხრიდან „საოცრად“ ზუსტი და გონებამახვილურიც კი იყო, იქამდე, რომ ერთ-ერთი მათგანმა (ბატონი გ. ჩახვაძე), როგორც სიცრუეზე დაჭერილმა მოსწავლემ, ტრიბუნაზევე შეცვალა (ფაქტობრივად კი – უკან წაიღო) მის მიერ რამდენიმე წუთის წინ გაკეთებული „თამამი“ განცხადება ქვეყანაში „ელიტარული კორუფციის“ არსებობის შესახებ.

პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში შეიცავდა მრავალ ფაქტობრივ ხარვეზს, უზუსტობასა და არასწორ შეფასებას, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია:

1. მოხსენების დასაწყისშივე მან აღნიშნა, რომ სასჯელაღსულებისადაპრობაციისმინისტრმა, ხ. კალმახელიძემ, „საოცრად კარგად ააწყო საქმე“ (ციტ);

რეალური სურათი:

საქართველოში დღეს სხვადასხვა  მონაცემით, 23-28 ათასამდე პატიმარია, ანუ 100 ათას მოსახლეზე (თუკი ვივარაუდებთ, რომ ქვეყანაში 4 მილიონ 200 ათასი მოსახლეა)  548-567 ადამიანია პატიმარი, რაც World Prison Population List-ის თანახმად, სადაც 217 ქვეყნის შესაბამისი მაჩვენებელია შესული, საქართველოს ლიდერთა ხუთეულში ამკვიდრებს.

(აქვე უნდა ითქვას, რომ Institute for Economics and Peace-ის მიერ 2010 წლის „მშვიდობისმოყვარეობის  რეიტინგის“  მიხედვით. საქართველო 149 ქვეყანას შორის 142 ადგილზეა, რაც თუნდაც ბოლო დროს განსაკუთრებული ენთუზიაზმით რეკლამირებული ტურიზმის „განვითარებისთვის“ მეტად საგულისხმო მაჩვენებელია)

2. პრეზიდენტმა დეპუტატებს სტუდენტის მდგომარეობისგაზიარებაც სთხოვა, „რომელიციძულებულია, მისი კვების რაციონში ხორცი შეამციროს“ (ციტ.);

 

 რეალური სურათი:

მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ხორცის კი არა, (ერთი თვის პენსიის ოდენობა 5კგ. ხორცს „იწონის“) თავის რაციონში შაქრის, პურის, ზეთის, რძის პროდუქტებისა და სხვასაიცოცხლოდაუცილებელი პროდუქტების შემცირებაზე, ან საერთოდ მთლიანად ამოღებაზეა გადასული.

 

3. პრეზიდენტის თქმით, მარტში მოსახლეობა 30-ლარიან სასურსათო ვაუჩერს მიიღებს;

რეალური სურათი

30 ლარი – ეს არის 30 ცალი 400-გრამიანი პური, 7 კგ საშუალო ხარისხის ვაშლი, ან 12 კგ შაქარი.

თუ გავამრავლებთ ამ 30 ლარს საქართველოში არსებული ოჯახების რაოდენობაზე (1 მლნ 300 ათასი) მივიღებთ 42 მლნ ლარს. თუ ამას დავუმატებთ თებერვალში გაცემული 20-ლარიან ენერგეტიკული ვაჩერების ღირებულებას – 36 მლნ ლარს, მივიღებთ 78 მლნ ლარს, რომელიც, შეიძლება ითქვას, უკიდურესი უყაირათობით იქნება გამოყენებული,  რადგან 50 ლარი – ერთჯერადად გაცემული – ვერც ერთი ოჯახის მატერიალურ მდგომარეობას  პრაქტიკულად, სასიკეთოდ ვერ შეცვლის, მაშინ, როდესაც 78 მლნ ლარად შეიძლება 20-მდე რენტაბელური წარმოების შექმნა, რომლებიც უკვე მომდევნო წლიდან მოგებაზე გავიდოდნენ, ხოლო ამ საწარმოთა შექმნის დღიდან 2 ათასამდე ადამიანი დასაქმდებოდა.

4პრეზიდენტმა გამოსვლის დასკვნით ნაწილში უპასუხა რა ოპონენტების  პოზიციას გაზის ფასის ხელოვნურად გაზრდასთან დაკავშირებით, აღნიშნა: მისი დამსახურებაა, რომ საქართველო ევროპის ქვეყნებთან შედარებით ყველაზე იაფად ყიდულობს გაზს.

ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და სამომავლოდ  საკვლევი საკითხია  თუნდაც იმიტომ, რომ თუ ყველაზე იაფად ვყიდულობთ, რატომ ვყიდით  საკუთარ მოსახლეობაზე ასე ძვირად...მეორე, პრეზიდენტი ტყუის (ზუსტად რომ ტყუის), როცა ამ საკითხში მის დამსახურებაზე საუბრობს და, რაც მთავარია, რატომ არის ასე  გასაიდუმლოებული აზერბაიჯანულ კომპანია „სოკართან“ გაფორმებული ხელშეკრულება და გაზის ასეთი მაღალი ფასი ხომ არ არის დიდი სახელმწიფო კორუფციის მიმანიშნებელი?

რეალური სურათი:

ჩვენი სახელმწიფო ვერ იყენებს იმ შესაძლებლობებს, რომელიც  მიიღო ადრინდელი სახელმწიფოებრივი ხელშეკრულებებით. საზოგადოებამ მშვენივრად იცის, რომ სწორედ აზერბაიჯანული გაზის შემოსვლამ და  ტრანზიტმა საქართველოს ტერიტორიაზე, შახ-დენიზის  პროექტის პირველი ეტაპის განხორციელებამ და საქართველოს გაზის უწყვეტად მომარაგებამ (ეს დღევანდელი მთავრობის  დამსახურება ნამდვილად არ არის) უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ქვეყანაში ენერგეტიკული პრობლემების მოგვარებაში. როგორც აღვნიშნეთ, საქართველომ მიიღო ისეთი შესაძლებლობები, რომელთა გონივრულ გამოყენებას უნდა უზრუნველეყო ბუნებრივი გაზის  რეალურად შეღავათიანი ფასი, როგორც მოსახლეობისათვის,  ასევე წარმოებისათვის, რაც მძლავრი ბიძგი უნდა გამხდარიყო ეკონომიკის განვითარებისათვის. კერძოდ:

1. საქართველოს მიეცა უფლება გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ შეიძინოს 500 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი სპეციალური ტარიფით – 55 აშშ დოლარად და ეს 2002 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული და არა დღევანდელი მთავრობის მონაწილეობით.

2. საქართველო ტრანზიტის გასამრჯელოდ უფასოდ იღებს  10%-ს იმ გაზის მოცულობისას, რომელიც ჩრდილოეთის მარშრუტით რუსეთიდან საქართველოს გავლით მიეწოდება სომხეთს. ეს დაახლოებით საშუალოდ 200 მილიონი კუბური მეტრია. ესეც ე.წ „ვარდების რევოლუციამდე“ ხელმოწერილი ხელშეკრულების საფუძველზე ხდება.

3. საქართველო ტრანზიტის გასამრჯელოდ უფასოდ იღებს 5%-ს იმ გაზის მოცულობისას, რომელიც ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენით მიეწოდება თურქეთს – ეს დაახლოებით 330 მლნ კუბური მეტრია (იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთი პირველ ეტაპზე ამ მილსადენით იღებს 6,6 მლრდ კუბურ მეტრ გაზს აზერბაიჯანიდან ყოველწლიურად) ესეც ასევე შევარდნაძის მთავრობის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების საფუძველზე.

მარტივი არითმეტიკით, საქართველოს აქვს დაახლოებით  500 + 330 + 200 = 1030 მლნ კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი შეღავათიან ფასად, ესე იგი, საქართველოს დაახლოებით 1 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი უჯდება დაახლოებით 27,5 მლნ აშშ დოლარი, ე.ი. 1 კუბური მეტრის ფასია 2,7 ცენტი, რაც დაახლოებით 5 თეთრია.

ცხადია,  გაზის ეს მოცულობა საკმარისი არ არის საქართველოსთვის. მაგალითად, 2008 წელს (სხვათა შორის, ეს ინფორმაციაც გასაიდუმლოებულია ჩვენს „ღია საზოგადოებაში“ ) ქვეყანამ მოიხმარა 1, 471 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი, ე.ი. საბაზრო ფასად დამატებით უნდა შეეძინა დაახლოებით  471 მლნ. კუბური მეტრი.

2009 წელს დაახლოებით 1,188 მლრდ კუბური მეტრი, ე.ი. საბაზრო ფასად შეიძინა დაახლოებით 188 მლნ. კუბური მეტრი.

სამწუხაროდ, 2010 წლის მონაცემებით, ასევე გასაიდუმლოებულია და ალბათ, დამატებით შესაძენი მოცულობა,  საფიქრალია, ალბათ 200- 470 მლნ. კუბური მეტრის დიაპაზონში იქნება.

აქ იმალება სწორედ ძაღლის თავი, რა ფასად ყიდულობს, ან უფრო სწორად რა „უჯდება“ ქვეყანას  გაზის ეს დამატებითი მოცულობა. ამდენიშესაძლებლობის გათვალისწინებით? როდესაც მომხმარებელს ეუბნებიან ძალიან მაღალი ტრიბუნიდან, რომ გაზის შეწონილი ფასი 167 – 169 აშშ დოლარიაო, მაშინ გამოდის, რომ ქვეყანა დამატებით გაზში დაახლოებით 500 მლნ კუბურ მეტრში არნახულად მაღალ ფასს იხდის. დაახლოებით 400 დოლარზე მეტრს კუბურ მეტრზე და მისი ღირებულება საგრძნობლად აღემატება რეგიონში  გაზის არმქონე ქვეყნების ფასებს: სომხეთის (რომელსაც მისი მოძმე რუსეთი გაზს 180 დოლარად აძლევს) და თურქეთის, რომელიც აზერბაიჯანიდან გაზს საქართველოს გავლით ჯერჯერობით მხოლოდ 120 დოლარს იღებს და მომავალში პირდება 2008 წლის აპრილიდან გადაანგარიშებას ახალი ფასით. (ადრეულ პერიოდში, 2008 წლის აპრილამდე, ფასი 120 დოლარითაა დაფიქსირებული, ახლა დაახლოებით 300 დოლარს ითხოვს აზერბაიჯანიდან. მოლაპარაკებები დღესაც რთულად გრძელდება). დამატებითი 500 მლნ კუბური მეტრი გაზი რომ 250 დოლარი ღირდეს, 1 000 კუბური მეტრი გაზის მთლიანი მოცულობის 1 500 მლნ კუბურ მეტრი შეწონილი გაზის ფასი დაახლოებით 102 დოლარი – 1 000 კუბური მეტრი იქნება, ხოლო მომხმარებლისთვის 1 კუბური მეტრის ფასი გახდებოდა 18,8 თეთრი. გამანაწილებელი კომპანიის და დღგ – გათვალისწინებით თითოეულ კუბურ მეტრზე ექნებოდა გადასახდელი 36,58  თეთრი, ნაცვლად დღეს არსებული 51 თეთრისა.  ეს არის ეკონომიის შესაძლებლობა გაჭირვებული მოსახლეობისთვის?

საქართველოს მოსახლეობა 1 000 კუბურ მეტრ გაზში იხდის 510 ლარს, 292 აშშ დოლარს, რაც ძალიან გაბერილი თანხაა!!!

მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ: საქართველოს გაღატაკებული მოსახლეობა არნახულად გაზრდილ ტარიფს იხდის ბუნებრივ გაზში და ესაა დამსახურება დღევანდელი ხელისუფლების, მათ მიერ ჩატარებული საიდუმლო და საეჭვო გარიგებების.

 ქვეყანამ ვერ მიიღო, ვერ გამოიყენა და ვერ იყენებს იმ დიდ შესაძლებლობებს, რომელიც უნდა მიეღო ისეთი მეგაპროექტის განხორციელების შემდეგ, როგორიც ბაქოთბილისი – ერზრუმის გაზსადენია.

აქედან გამომდინარე, დაუყოვნებლივ მოვითხოვთ საჯარო გახდეს ყველა ხელშეკრულება, გაფორმებული აზერბაიჯანულ მხარესთან, რომელიც დღევანდელმა ხელისუფლებამ გაზის შესყიდვასთან დაკავშირებით გააფორმა.

„ავი ხმები“ ამბობენ, რომ ქვეყანამ ბუნებრივ გაზში მის ხელთ არსებული ყველა ზემოთ ჩამოთვლილიოპციონები აზერბაიჯანულ  „სოკარს გადასცა“ და გაზის და ნავთობის კორპორაცია ე.ი. ქართული მხარე გაზის შესყიდვაში აღარ მონაწილეობსო. თუ ეს მართალია, აუცილებლად უნდა გაირკვეს, რატომ მოხდა ამ უფლების გადაცემა, ვისი ინიციატივით მოხდა ეს, ვინ ლობირებდა ამ აშკარად ქვეყნისთვის არასარგებლიან გარიგებას?

 

 4. ხელისუფლების  ტყუილიხალხის მიამიტობა

პრეზიდენტი, ხელისუფლება ამკვიდრებენ აზრს,  რომ ქვეყანაში კორუფცია დაამარცხეს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, საქართველო  პირველ ადგილზეა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით.

 რეალური სურათი

ქვეყანაში ყვავის ელიტური კორუფცია. „მოქკავშირ – აღორძინების“ მემკვიდრე დღევანდელმა ხელისუფლებამ  დააკანონა რამდენჯერმე გაზრდილი მოქკავშირის დროინდელი კორუფცია, ანუ  კონკრეტული ადამიანი დღეს ოფიციალურად იხდის იმაზე გაცილებით მეტს, რასაც ადრე ქრთამის სახით აძლევდა მოძრაობის წესების დარღვევის, პასპორტის მიღების, ცნობის აღების და ა.შ დროს.

ძნელი წარმოსადგენია რომელიმე მექრთამე მინისტრს, გუბერნატორს, მერს, გამგებელს, საერთოდ სახელმწიფო მოხელეს წლის განმავლობაში   იმაზე მეტი ქრთამი აეღო, რასაც იგი დღეს იღებს ხელფასის, პრემიებისა და სხვა შეღავათების სახით. წლის განმავლობაში მარტო პრემიების სახით 700 ათასამდე ლარი აქვთ მიღებული თბილისის მერს, ვიცე-მერებს, სამსახურების ხელმძღვანელებს. რკინიგზის დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ ოფიციალურად მიღებული ფულადი შემოსავლები  800 ათასს აღწევს.

დავაკვირდეთ: ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ პენსია გაიზარდა 5-ჯერ, მაშინ, როცა გამგებლის და გუბერნატორის, მინისტრის ხელფასი 70-100-ჯერ. ელიტური კორუფციის დასტურია ხელისუფალთა სასახლეები, მათი ცხოვრების წესი.

ვისაც საქართველოში, ან ქვეყნის გარეთ სჯერა, რომ ქვეყანაში კორუფცია დამარცხდა – ან თავს იტყუებს, ან მიამიტია, ან თვითონ არის ამ კორუფციის მონაწილე და ცდილობს მის გამართლებას.

ჩვენ ვეკითხებით დემოკრატიული ქვეყნების ელჩებს: დაგვისახელონ ერთი დემოკრატიული ქვეყანა მაინც, სადაც:

  • კორუფცია დამარცხდა ადმინისტრირებით;
  • კორუფცია არა რის იქ, სადაც არ არის კონკურენცია.

ტყუის ყველა, ვინც ფიქრობს, რომ კორუფციას შეიძლება ებრძოლო მუშტით… კორუფცია არ არის მხოლოდ იმ ქვეყანაში, სადაც არის კონკურენტული გარემო, კონკურენცია ყველგან და ყველაფერში, სადაც ხელისუფლება ასრულებს მის უპირველეს ფუნქციას – ქმნის კონკურენტულ გარემოს.

საქართველოში ნიშანიც კი არ არის კონკურენტული გარემოსი… ქვეყანაში შექმნილია კორუფციული სისტემა: თუ ხარ პრეზიდენტის, მისი ოჯახის, მისი უახლოესი გარემოცვის ახლობელი და მოძებნილი გაქვს მათთან საერთო ენა – ხარ ხელისუფლებაშიც… ხარ ხელისუფლებაში – ხარ ბიზნესში… ხარ ხელისუფლებაში და ხარ ბიზნესში – გაქვს ფულის შოვნის ყველა პირობა და ყველა უფლება.

ქვეყანაში, სადაც:

  • პოლიტიკაში ყოფნა ნიშნავს საკუთარი ბიზნესის დაცვას,
  • პოლიტიკაში ყოფნა ნიშნავს ხალხისაგან უკონტროლოდ ყოფნას,
  • პარლამანტს დაკარგული აქვს პოლიტიკური ფუნქცია და რეალურად წარმოადგენს ბიზნეს-კლუბს,
  • ფული კონტროლდება მმართველი პარტიის მიერ,
  • ქვეყნის ბიუჯეტი ითვლება არა ხალხის, არამედ პრეზიდენტის ჯიბის ფულად,
  • პრეზიდენტმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა არ იციან საკუთარი ხელფასის რაოდენობა,

საუბარი დემოკრატიაზე, კონკურენციაზე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე დანაშაულია.

5.  ქვეყნაში არსებული უმწვავესი პრობლემებიდან:

  • სურსათზე ფასების 30-40%-ით ზრდამ (რუსეთში – 6%, სლოვაკეთში – 4,6%, უნგრეთში – 4,4%, საშუალოდ EC – ში 1,5% );
  • კომუნალური გადასახადების გადახდის უუნარობა მოსახლეობის სულ მცირე, 50% -ის მიერ;
  • საწვავზე ფასების განუხრელი ზრდა;
  • სამედიცინო მომსახურებაზე (მისი ხარისხის მკაფიოდ გამოხატული დაცემის ფონზე) ფასების ზრდა;
  • მედიკამენტებზე (მონოპოლისტური ფარმაცევტული კომპანიების ე.წ. ფასების შემცირების ფონზე) ფასების ზრდის ტემპის დაჩქარება;
  • სრული სტაგნაცია სოფლის მეურნეობაში (სადაც შესაძლებელია მილიონ ნახევარი ადამიანის ეფექტურად დასაქმება);
  • რეალური უმუშევრობის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (სხვადასხვა ექსპერტთა შეხედულებით – 60-65%) და მრავალი სხვა მნიშვნელოვანი პრობლემიდან გამომდინარე.

სრულიად გაუგებარია:

– საქართველოში 2015 წლისთვის ცუდი გზების არარსებობაზე ყურადღების გამახვილება. (ცნობისთვის: საქართველოს საავტომობილო გზების საერთო სიგრძე 28 ათასი კილომეტრია, საიდანაც რეაბილიტაციას მოითხოვს სულ მცირე 15 ათასი კილომეტრი. ეს კი იმ ხარჯთაღრიცხვებით, რომლითაც დღეს საქართველოში მიმდინარე საგზაო მშენებლობა ხასიათდება (1 კილომეტრი 2-4 მლნ. ლარი), მოითხოვს დამატებით სულ ცოტა 20-25 მილრდ. აშშ დოლარის მოცულობის დანახარჯებს).

– მიუხედავად  საზოგადოების მხრიდან არაერთი მოთხოვნისა, ფინანსთა სამინისტრო და მთავრობა არ აქვეყნებენ ინფორმაციას 2008 წლიდან საქართველოს მიერ მიღებული გრანტების, დახმარებების, კრედიტების ოდენობის პირობების, მიზნობრიობის შესახებ, რაც საფუძველი გახდა ამ სახსრების ოპტიმალურ და კანონიერ გამოყენებასთან დაკავშირებით მრავალი შეკითხვის გაჩენისა.

– მხოლოდ ტურიზმისა და ენერგეტიკის განვითარების ძირითად პრიორიტეტებად გამოცხადება ქვეყანაში, რომელსაც შეუძლია 8-10 მილიონის ადამიანის გამოკვება სოფლის მეურნეობის სწორი ორგანიზაციის შემთხვევაში.

უცნაურია, რომ ხელისუფლებისთვის ამ დარგის ინვესტირება და მისი სახელმწიფო დონეზე მხარდაჭერა მხოლოდ დღეს, 2011 წლის დასაწყისში ხდება აქტუალური.

– მომხსენებლის თეზისი იმის შესახებ, რომ „სოფლის მეურნეობა დანგრეულია“ ეხება სწორედ 2003 – 2010 წლებს, ანუ ამ ხელისუფლების მართვის პერიოდს, რასაც ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს (მაგალითად, სახნავი ფართობები 2003 წელთან შედარებით შემცირდა 65% – ით).

– ეჭვს იწვევს ბევრი სხვა დაპირების საფუძვლიანობა (მაგალითად, საქართველოს სიმინდის ექსპორტიორად წელსვე გადაქცევის შესახებ), რაც უხვად იყო წარმოდგენილი მოხსენებაში.

საშიში ნიშანი:

 პარლამენტის სხდომამ პრეზიდენტის წლიური ანგარიშით კვლავ დაადასტურა ქართული პოლიტიკის ოცწლიანიგამოცდილების საშიში ტენდენცია: პოლიტიკურ ძალთა  მოჩვენებითი და ხელოვნური დაპირისპირება პოლიტიკური ერთიანობისა და რეალური პოლიტიკური ძალების უგულებელყოფის,  მათი დამარცხებისათვის.

დრომ დაადასტურა, რომ „მოქკავშირის“ და აღორძინების“ დაპირისპირება იყო ხელოვნური, ორიენტირებული ამავე ძალების პოლიტიკური ხელისუფლების შენარჩუნებაზე.  დღეს ქვეყანას მართავს სწორედ „მოქკავშირ“ – „აღორძინების„ ტანდემი, იმ ძალების ტანდემი, რომლებიც ხალხის წინ უმწვავესად უპირისპირდებიან ერთმანეთს და ხალხის ზურგს უკან ძალაუფლებას ინაწილებენ.

დღეს ეს ტენდენცია ქმნის ორპარტიულობის ილუზიას და ებრძვის ნამდვილ მრავალპარტიულობას, რომლის გარეშეც ქვეყანას არ აქვს მომავალი, რადგან რეალური მრავალპარტიულობის გარეშე არც კონკურენტული გარემო ჩამოყალიბდება, არც რეალური დემოკრატია დამკვიდრდება.

 დიდი შეცდომა

  პრეზიდენტი, ხელისუფლება, მათი გარემოცვა ცდილობენ მოსახლეობაში დაამკვიდრონ აზრი, რომ ისინი ძლიერები არიან და პოლიტიკური ოპოზიცია კი (განსაკუთრებით არასაპარლამენტო) სუსტი და ამით გარკვეულწილად ამართლებენ თავიანთ ერთპარტიულ მმართველობას. პარლამენტის სხდომა პრეზიდენტის ანგარიშით ამ განწყობას ემსახურებოდა.

ჯერ ერთი, მსოფლიო გამოცდილება ადასტურებს, რომ ძლიერ და პატიოსან ხელისუფლებას აწყობს ძლიერი ოპოზიცია; რომ  დემოკრატიულ ქვეყანაში არ შეიძლება ერთი იყოს სუსტი და მეორე ძლიერი; რომ ხელისუფლება, რომელიც ებრძვის ოპოზიციას, ებრძვის საკუთარ ქვეყანას და მის მომავალს.

მეორე, ქვეყნის უბედურებაა, როგორც ერთპარტიული ხელისუფლება, ასევე სუსტი პოზიცია და ოპოზიცია ერთდროულად. ძლიერია ქვეყანა, სადაც ორთავე ერთდროულად ძლიერია. საქართველოში ორთავე სუსტია… ისინი ასუსტებენ ერთმანთს და ქვეყანასაც, თუნდაც იმით, რომ კონკურენცია შეცვლილია დაპირისპირებით.

 სასაცილოა

 პრეზიდენტის პოზიცია ქუთაისში პარლამენტის შენობის გადატანის განმარტებასთან დაკავშირებით, რომ „ეს არის ქვეყანაში მენტალური ცვლილებების ნიშანი.“ 

ჯერ ერთი, მთელს მსოფლიოში პარლამენტი ყველა ქვეყანას დედაქალაქში აქვს, რამდენიმე გამონაკლისს გარდა (ისრაელი…), რომლის მიზეზიც ქვეყანაში შექმნილი განსაკუთრებული მდგომარეობაა.

მეორე, თბილისს გარდა პოლიტიკური ცენტრის შექმნის მცდელობის გზა – ეს არის ასლან აბაშიძის გზა, მისი ყველა შედეგით. ბათუმი აქცია პოლიტიკურ ცენტრად, რასაც დიდი დაპირისპირება მოჰყვა ქვეყანაში და ეს ყველას ძვირად დაგვიჯდა.

მესამე. ქუთაისის ფუნქცია განსაზღვრა დავით აღმაშენებელმა – დიდი საგანმანათლებლო ცენტრი. დღეს ელემენტარულად მოაზროვნე პოლიტიკოსისა და საერთოდ საქართველოს მოქალაქისათვის ცხადზე უცხადესია, რომ ქვეყნის მომავლისათვის,  პოლიტიკური სტაბილურობისათვის, სწორად განვითარებისათვის ქვეყანას უნდა ჰქონდეს ერთი პოლიტიკური ცენტრი,  უამრავი ეკონომიკური ცენტრებით, საგანმანათლებლო, კულტურული ცენტრებით.

ქუთაისის მომავალი არის საუნივერსიტეტო ქალაქი ტრადიციული კულტურით, ძლიერი ეკონომიკით, ტოტალურად მოდებული მცირე ბიზნესით. იმ თანხით, რომელიც  პარლამენტის აშენებისა და მისი გადატანისათვის იხარჯება, სრულიად საკმარისია ამის გასაკეთებად.

 

 ხელისუფლებას არ ესმის ხალხის

 სისტემური კრიზისი და საშიში ხელისუფლება

 „მოქკავშირ-აღორძინებისა“ და მათი მემკვიდრის, დღევანდელი ხელისუფლების, „ნაცმოძრაობის“ 20-წლიანი მმართველობის შედეგად ქვეყანა კრიზისის ბოლო, ყველაზე რეაქციულ ფაზაში – სისტემურ კრიზისში შევიდა:

  • ხელისუფლებას არ ესმის ხალხის, ხელისუფლება ქვეყანას ძალისმიერი მეთოდებით მართავს, ხელისუფლებაში ძლიერდება ყალბი ეროვნული პათოსი. საქართველო არა დემოკრატიისა და თავისუფლების, არამედ ანგარებისა და ფულის-უფლების გაძლიერების გზით მიდის.
  • მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას სასიცოცხლო მინიმუმი არ გააჩნია და სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ცხოვრობს… კატასტროფულ მასშტაბებს აღწევს უმუშევრობა, თანმდევი გამანადგურებელი პროცესით – დეპრესიით.
  • კორუფცია, მიუხედავად მისი შენიღბულობისა – ტოტალურ ხასიათს იღებს, ხდება პროფესიული, ელიტარული და ცენტრალიზებული.
  • დაუცველია ადამიანი, მისთვის უფლისგან, ბუნებისგან  და კანონით ბოძებული უფლებები: სიცოცხლის, თავისუფლების, საკუთრების.
  • ხელისუფლება ხდება ერთაზროვანი, მისი ყველა შტო – საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო – ტირანული. ხელისუფლება ფიქრობს არა ხალხსა და ქვეყანაზე, არამედ ერთ პიროვნებაზე და ამით საკუთარი თავის გადარჩენაზე.
  • ხელისუფლება საკუთარი თავის გადასარჩენად ყიდის ყველაფერს: მიწასაც, მიწაში და მიწის ზემოთ არსებულსაც… ყიდის სინდისსაც.
  • რეფორმას ხელისუფლების მხრიდან ცვლის რეაქცია და ტეროტი, კონკურენციას – კლანურობა, ცინიზმი და დაპირისპირება.

სისტემური კრიზისი – ეს არის მდგომარეობა, როცა პრეზიდენტს და ხელისუფლებას სჯერათ საკუთარი ტყუილების, უგულებელყოფს მეცნიერებას და მეცნიერულ აზრს, ხდება სოციალური დემაგოგი და ცდილობს იაფფასიანი ხერხებით (ვაუჩერების, მინერალური სასუქის და საწვავის დარიგება) ადამიანთა გულების მოგებას, რაც ყველაზე უარესია, ქვეყანაში მმართველობაც, ფინანსებიც, ეკონომიკაც სუპერცენტრალიზებულია, – ადგილობრივი ხელისუფლება უუფლებოა, ბიუჯეტისგან და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების მიერ გადმოცემული თანხების დიდი ნაწილი სახელისუფლებო სასახლეების მშენებლობას, მმართველ პარტიას ემსახურება, იხარჯება არა ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემებზე (თბილისის, უპირველესად, ისტორიული ნაწილის გადარჩენაზე, რომელიც მიწისქვეშა ნიაღვრების გამო ინგრევა… ან სტიქიით დაზარალებულებზე… ან ხიზნებზე… ან სამუშაო ადგილების შექმნაზე… ან სოფლის მეურნეობის აღორძინებაზე…), არამედ ფიარზე, ხელისუფლების განდიდებაზე, არჩევნების მოგებაზე, საარჩევნო – საპროპაგანდო ობიექტებზე  – ავტობანების მშენებლობა, სახურავები, ლიფტები, სათამაშო მოედნების მოწყობა…

ქვეყნისათვის საშიშია ხელისუფლება, რომელიც არის ძალაუფლების მოყვარული და ხალხში ნდობადაკარგული. ასეთია ამჟამინდელი ხელისუფლების 20-30 წლების ბოლშევიკური ერთაზროვნებისა და დიქტატურისაკენ მიმავალი გზა. მას ძალაუფლების შენარჩუნება მხოლოდ არჩევნების გაყალბებით შეუძლია. დღევანდელი საარჩევნო კანონმდებლობა, საარჩევნო კომისიები – ეს არის არჩევნების გაყალბების სინდიკატი. ეს გზა ისევ რევოლუციისაკენ მიმავალი გზაა.

დღეს საღად მოაზროვნე ადამიანისათვის, რეალური პოლიტიკური ძალებისათვის ცხადზე უცხადესია, რომ ქვეყნის სათავეში მოსული ნებისმიერი შესაძლო პოლიტიკური ძალა მინიმუმ ორჯერ უკეთეს მდგომარეობას შექმნიდა ქვეყანაში, მინიმუმ ორჯერ დიდ ბიუჯეტს და არსებული ბიუჯეტითაც კი ორჯერ – სამჯერ მეტს გააკეთებდა, გაცილებით უკეთეს ურთიერთობებს დაამყარებდა უცხოეთის ქვეყნებთან და შესაბამისად ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის, ვიდრე ეს დღევანდელმა ხელისუფლებამ, „ნაცმოძრაობამ“ შეძლო. რაც მთავარია, საქართველო იქნებოდა არა მსოფლიოს დიდი ქვეყნების ინტერესთა დაჯახების, არამედ ამ ქვეყნების ინტერესთა თანხვედრის ქვეყანა, საქართველოს ინტერესთან  – ისევ საქართველოს ძლიერებისათვის

 

საშიში პარლამენტი 

არა მარტო ქართული, მსოფლიო საინფორმაციო საშუალებები მოიარა სულ ახლახან ბურჯანაძე-ბიწაძის მიერ გახმაურებულმა ამბავმა – სააკაშვილის მიერ გაჩეჩილაძისთვის ქრთამის მიცემის განზრახვის თაობაზე. საზოგადოება აქაც და მსოფლიოშიც ელოდა, რომ პრეზიდენტი პარლამენტში გამოსვლისას ნათელს მოჰფენდა ამ ბრალდებას, მაგრამ ერთი სიტყვაც არ უთქვამს – სააკაშვილს სიმართლის ეშინია.  თუმცა, არც პარლამენტი აღმოჩნდა სიმართლისთვის მოწოდებული – აქ მთავარი ის კი არ არის, ეს ფაქტი მართლა მოხდა თუ არა, მთავარია, რომ მორჩილ პარლამენტში არ აღმოჩნდა ამ კითხვის დამსმელი.

ეს სამარცხვინო პარლამენტია, მშიშარა კანონმდებლები კი საფრთხეს უქმნიან საზოგადოებას, რომელსაც მათ მიერ მონური მორჩილებით მიღებული კანონებით უწევს ცხოვრება.

სააკაშვილისა და „ნაციონალური“ საპარლამენტო უმრავლესობისაგან ამ თემის უგულებელყოფა ბადებს  ეჭვს – ხომ არ არის ეს უხერხული კითხვა ქვეყნის მმართველი გუნდისთვის?

დასკვნის სახით 

  • ეტყობა, საქართველოში სადღეისოდ არსებული ვითარების დასახასიათებლად და ქვეყნის სავალალო მდგომარეობიდან გამოსვლის სწორი გზების განსაზღვრისათვის, სრულიად არასაკმარისია პრეზიდენტის 2011 წლის თებერვლის მოხსენების მხოლოდ კრიტიკული შეფასება.
  • აუცილებელია კრიტიკული კონცეფციების შექმნა მტკიცე არგუმენტებით, მოხსენებაში მოყვანილი ყოველი მიმართულების მიხედვით.
  • არ იქნება ზედმეტი მოხსენების პუნქტობრივი დეზავუირება, ფუნდამენტურ მიმართულებათა ანალიზი, პრობლემათა სოციალიზაცია.

და ბოლოს, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი:

სასურველია, მომავლის რეალისტური ხედვის ჩამოყალიბება დაკონკრეტებული მიმართულებების მიხედვით, მკაფიო პერსპექტივის ჩვენება მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდობისა და მთლიანად ქვეყნისთვის. კრიტიკულადაც რომ არ შევხედოთ პრეზიდენტის გამოსვლას და დავიჯეროთ, რომ  პრეზიდენტი, “ნაცმოძრაობა“, ხელისუფლება საერთოდ,  მუშაობენ მათი შესაძლებლობის მაქსიმუმზე, ეს ქვეყნისთვის არაფერს ნიშნავს, რადგან ქვეყანას სჭირდება პოლიტიკური ძალა, ხელისუფლება, რომელიც იმუშავებს არა თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმზე, არამედ ქვეყნის შესაძლებლის მაქსიმუმით.

 

დიდი ანალიზის გარეშე შეიძლება იმის თქმა, რომ ქვეყნის შესაძლებლობები რამდენჯერმე აღემატება დღევანდელი პრეზიდენტისა და დღევანდელი ხელისუფლების შესაძლებლობებს. სწორედ ამიტომ დღეს ქვეყანას სჭირდება სრულიად განსხვავებული ფილოსოფიის პოლიტიკური ძალა (პოლიტიკურ ძალთა ერთობა), რომელიც შეძლებს ქვეყნის უდიდესი პოტენციალის მოქმედებაში მოყვანას. აშკარაა, რომ „მოქკავშირ“  – „აღორძინების“ იდეოლოგიური მემკვიდრე, დღევანდელი ხელისუფლება ეს უკვე ქვეყნის წარსულია და ამუხრუჭებს ქვეყნის განვითარებას.

დღეს უკვე მეტი დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ პარლამენტის ამ სხდომამ, პრეზიდენტის მოხსენებამ დაადასტურა, რომ ქვეყანას ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც შორს არის თანამედროვე მსოფლიოს ეკონომიკური, სოციალური, სამართლებრივი, პოლიტიკური და დემოკრატიული პროცესებისაგან… პრეზიდენტი, რომელიც კომპიუტერზე საუბრით ცდილობს საკუთარი პერსონის თანამედროვედ წარმოდგენას,  და ამაში ეფექტურად ეხმარებიან დასავლეთში დაქირავებული ფიარის სპეციალისტები. მაგრამ წარსულს ეკუთვნის აზროვნებით, მენტალიტეტით, მმართველობის სტილით… პრეზიდენტი, რომელიც ვერ იტანს მოაზროვნეს, განსხვავებული პოზიციის ადამიანს, ირგვლივ იკრებს მონური ფსიქოლოგიის ადამიანებს და ამ გარემოში უადვილდება პირველობა.

„თეთრი მოძრაობა“ („თეთრები“)

17 თებერვალი, 2011 წელი

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *