საქართველოს კონსტიტუციის შესახებ

 

konsგადავხედოთ მოქმედი (1995წლის 24 აგვისტო) კონსტიტუციის ბოლო, 2011 წლის1 თებერვლის გამოცემას.

პირველივე გვერდზე მითითებულია მასში შეტანილ ცვლილებათა ნუსხა.
ერთი შეხედვით, 23 ცვლილებაა, რაც თავისთავადაც არ არის მცირე. მითუმეტეს, თუ კი გავითვალისწინებთ რომ 23–დან 19 – დღევანდელი ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ არის განხორციელებული.

მაგრამ საქმე ის არის, რომ ერთი ცალკე აღებული ცვლილება ერთ საკითხს კი არა, რამდენიმე საკითხს და მუხლს შეიცავს.

მაგალითად 2010 წლის 15 დეკემბერს N 370 ცვლილებაში შედის 59 (!) ცვლილება, რაც მსოფლიო კონსტიტუციონალიზმის პრაქტიკაში ალბათ, უპრეცედენტო ფაქტია.
თუმცა, გაცილებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციის არსებითი მხარე.
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებამ, საკუთარი პარლამენტის საშუალებით, ხალხის, საზოგადოების აზრისა და შეხედულებების სრული იგნორირებით, მოახდინა ქვეყნის კონსტიტუციის მონოპოლიზაცია.
2010 წლის ბოლოს საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელდა მორიგი, მაგრამ აქამდე უპრეცედენტო ცვლილებები, ორი თვისობრივად განსხვავებული პოლიტიკური სისტემის წარუმატებელი ჰიბრიდი, რითაც გადაიდგა კიდევ ერთი ნაბიჯი ქვეყანაში წარმომადგენლობითი ხელისუფლების შეზღუდვის და ავტორიტარული მმართველობითი სისტემის განმტკიცების გზაზე.

დამკვიდრდა ქართველი ხალხისათვის კიდევ უფრო უცხო სახელმწიფო მმართველობის სისტემა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო თანამედროვე დემოკრატიებთან და კვლავაც ქვეყნის განვითარების შეფერხების, სამხედრო–პოლიტიკური წარუმატებლობის, უსაფრთხოების შესუსტებისა და პოლიტიკური დესტაბილიზაციის უმთავრესი წყაროა.

მსოფლიოში ყველაზე მოწყვლადი, დაუცველი კონსტიტუცია არსებითად იქცა „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა მოხმარების პარტიულ დოკუმენტად, პარტიის ერთგვარ სათადარიგო წესდებად.

კონსტიტუციის საფუძვლიანი გადასინჯვით ხელისუფლებაში გაბატონებულმა ძალებმა და მათმა მოკავშირეებმა ღია პოლიტიკური განაცხადი გააკეთეს იმის შესახებ, რა ტექნოლოგიით და ტანდემით აპირებენ ქვეყნის შემდგომი მართვის გაგრძელებას.

„საკონსტიტუციიო რეფორმის“ შედეგად კონსტიტუციაში შენარჩუნებულ და განმტკიცებულ იქნა რამდენიმე ნორმა, რომელიც კლასიკური მაგალითია ხელისუფლების გადამეტებისა და მითვისების, ხალხის ნების უგულვებელყოფისა და უშუალოდ რეფერენდუმის გადაწყვეტილების იგნორირების, საზოგადოების ცინიკური გამოწვევისა და პოლიტიკური განგსტერიზმისა.

აღნიშნული თვალსაზრისი გამომდინარეობს მოქმედი კონსტიტუციის ერთმანეთთან პრინციპულად შეუსაბამო რამდენიმე ნორმის (მე-5 მუხლის 1-3 პუნქტების, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, 50-ე მუხლის მე- 21 პუნქტის, 70-ე მუხლის მე-9 პუნქტისა და 1041-ე მუხლის მე-3 პუნქტის) თანაარსებობიდან.

2006 წლის 27 დეკემბერს პრეზიდენტის მიერ ინიცირირებული კონსტიტუციური კანონპროექტის საფუძველზე, პარლამენტმა კონსტიტუციის 1041-ე მუხლის მე-3 პუნქტში შეიტანა ცვლილება, რითაც 2004 წელს არჩეული საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის მორიგი არჩევნების ჩატარების დრო განისაზღვრა 2008 წლის 1 ოქტომბრიდან 2008 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდით.

ამ გადაწყვეტილებით, 2004 წლის 28 მარტს არჩეული და აპრილში უფლებამოსილებაცნობილი პარლამენტი თავის კონსტიტუციური უფლებამოსილების ვადას თვითნებურად იხანგრძლივებდა 7-9 თვით, 2004 წლის იანვარში არჩეულ და უფლებამოსილებაცნობილ პრეზიდენტს კი პირიქით: კონსტიტუციური უფლებამოსილების ვადა უმცირდებოდა 1-3 თვით.
კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებები წინააღმდეგობაში მოდიოდა ამავე კონსტიტუციის მე-5 მუხლთან, რომელიც ადგენს, რომ სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში, რომ არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება;
49-ე და 70-ე მუხლების პირველ პუნქტებთან, რომლებიც ადგენენ, რომ პარლამენტი აირჩევა 4 წლის უფლებამოსილების ვადით, ხოლო პრეზიდენტი – 5 წლის უფლებამოსილების ვადით.

გადაწყვეტილების ცხოვრებაში გატარება წინასწარ, იმთავითვე ჩაითვალა მომხდარ ფაქტად და საჭიროდ მიჩნეულ იქნა მასთან დაკავშირებით, იმავდროულად კონსტიტუციაში დამატებითი ნორმების შეტანა.

პარლამენტისა და პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ვადების ამგვარ ცვლილებას რომ მომავალში ზღვარი დადებოდა და საკანონმდებლო პროცესი დაბრუნებოდა კონსტიტუციურ ჩარჩოებს, იმავე კონსტიტუციური კანონით კონსტიტუციის 50-ე მუხლის მე-21 პუნქტსა და 70-ე მუხლის მე-9 პუნქტში შეტანილი ცვლილებების თანახმად, 2008 წლის შემდგომ პარლამენტისა და პრეზიდენტის მორიგი არჩევნების ჩატარების დროდ განისაზღვრა პარლამენტისა და პრეზიდენტის უფლებამმოსილებათა ვადების ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერი.

ეს ნიშნავდა, რომ პარლამენტის მორიგი არჩევნები უნდა ჩატარებულიყო 2012 წლის ოქტომბერში, ხოლო პრეზიდენტისა – 2013 წლის ოქტომბერში.

ინიციატორების აზრით, კონსტიტუციაში ცვლილებათა შეტანის მიზანი იყო „საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევნების მარეგულირებელი კონსტიტუციური ნორმების სრულყოფა“ და განპირობებული იყო „ქვეყნის პოლიტიკური პროცესების ტრადიციულ კონსტიტუციურ-პოლიტიკურ რეჟიმში დაბრუნების აუცილებლობით, არჩევნების ჩატარებისათვის აუცილებელი როგორც საბიუჯეტო, ისე საარჩევნო სუბიექტთა სახსრების ეკონომიის, თითოეული სააჩევნო სუბიექტის მიერ საარჩევნო კამპანიის წარმართვის ხანგრძლივობის და პერიოდულობის ეფექტიანობით.“

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური ცვლილება იყო აშკარად დაუსაბუთებელი და არ ყოფილა განპირობებული სახელმწიფოს პოლიტიკურ-სამართლებრივი, ფისკალური თუ საარჩევნო კამპანიის ეფექტიანი და ეკონომიური მენეჯმენტის მოთხოვნებით, საზოგადოებამ არსებითად უპროტესტოდ მიიღო და მხოლოდ მოგვიანებით გახდა მძაფრი პოლიტიკური დაპირისპირების საგანი და პოლიტიკური კრიზისის ერთ-ერთი მიზეზი.

2007 წლის შემოდგომაზე, თბილისში მრავალრიცხოვანი ანტისამთავრობო მანიფესტაციებისა და მასობრივი მღელვარების დროს, ხალხმა სამართლიანად მოითხოვა პარლამენტის არჩევნების კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადებში ჩატარება და დაუმატა ახალი მოთხოვნა, – პრეზიდენტის გადადგომა.

მაშინ, პოლიტიკურ კრიზისს მოჰყვა 2008 წლის 5 იანვრისათვის პრეზიდენტის ვადამდელი (უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე) არჩევნების დანიშვნა;
ამავე დღისთვის დაინიშნა, ასევე, რეფერენდუმი, რომელზეც ხალხს უნდა გადაეწყვიტა, თუ როდის ჩატარებულიყო პარლამენტის არჩევნები, – 2008 წლის შემოდგომაზე თუ გაზაფხულზე.

2008 წლის იანვარში ახალი, 5 წლის უფლებამოსილების ვადით აირჩა პრეზიდენტი, ცნობილი იქნა მისი უფლებამოსილებაც.

იმავდროულად შედგა საერთო-ეროვნული რეფერენდუმიც, რომელზეც მოსახლეობამ მხარი დაუჭირა პარლამენტის არჩევნების კონსტიტუციურ ვადაში, – გაზაფხულზე ჩატარებას.

რეფერენდუმმა თითქოს დაასრულა ამ საკითხზე პოლიტიკურ ძალებს შორის მიმდინარე დავა.

მაგრამ პარლამენტმა, თავისი უფლებამოსილების ვადის დასასრულს, საკმარისი დროის მიუხედავად, სრულად არ შეასრულა ხალხის მიერ რეფერენდუმით მიღებული გადაწყვეტილება, არ მოიყვანა იგი სრულ შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან:

2008 წლის 11 მარტს გააუქმა მხოლოდ ზემოაღნიშნული, 2006 წლის 26 დეკემბერიდან კონსტიტუციის 1041-ე მუხლის მე-3 პუნქტით მოქმედი ნორმა და საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების ვადად დაადგინა 2008 წლის მაისი, მაგრამ ძალაში დატოვა გაუქმებულ ნორმასთან დაკავშირებით და მისგან გამომდინარე კონსტიტუციის 50-ე მუხლის მე-21 პუნქტით და 70-ე მუხლის მე-9 პუნქტით თავის დროზე დადგენილი ნორმები – არ მოახდინა მათი ცვლილება ახალი პოლიტიკურ-სამართლებრივი ვითარების შესაბამისად.

ვინაიდან იმ დროს მაისის თვისათვის დანიშნული პარლამენტის არჩევნები ჯერ ჩატარებული არ იყო,

პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნები კი ჩატარებული იყო და იგი თავის უფლებამოსილებას 2008 წლის იანვრიდან ახალი ვადით ახორციელებდა, პარლამენტს კონსტიტუციის 70-ე მუხლის 9-ე პუნქტში მაინც უნდა შეეტანა ცვლილება იმის შესახებ, რომ პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის იანვარში.

არასრულად განხორციელებული კონსტიტუციური ცვლილებები კიდევ უფრო მძაფრ წინააღმდეგობაში მოვიდა კონსტიტუციის მე-5 მუხლით, 49-ე და 70-ე მუხლების პირველ პუნქტებით დადგენილ ნორმებთან.

ამჯერად ეს პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ხალხის, როგორც ხელისუფლების წყაროს მიერ უშუალოდ რეფერენდუმზე გამოხატული ნებას და 2008 წლის მაისში არჩეულ და ივნისში უფლებამოსილებაცნობილ პარლამენტს კონსტიტუციური უფლებამოსილების ვადას ისევ უხანგრძლივებდა 6 თვით, ხოლო 2008 წლის იანვარში ვადამდელი არჩევნებით არჩეულ და უფლებამოსილებაცნობილ პრეზიდენტსაც კონსტიტუციური უფლებამოსილების ვადას, ადრინდელი შემცირების ნაცვლად, უხანგრძლივებდა მთელი 10 თვით და არსებითად უნაზღაურებდა 2008 წლის იანვრის ვადამდელი არჩევნების შედეგად შეკვეცილი უფლებამოსილების ვადას.

ქვეყნის ძირითად კანონში აშკარა ანტიკონსტიტუციური ნორმის შენარჩუნებას საარჩევნო რეჟიმში მყოფი საზოგადოება, პოლიტიკური კლასი კვლავაც გულგრილად შეხვდა – ამისთვის არავის ეცალა.

სავარაუდო იყო, რომ 2008 წლის 21 მაისს არჩეული ახალი მოწვევის პარლამენტი გაასწორებდა ამ უკანონობას, მაგრამ ერთხანს ყველაფერი აგვისტოს სამხედრო-პოლიტიკური კრახმა გადაფარა.

მოგვიანებით, „კონსტიტუციის რეფორმირების“ მიზნით შექმნილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია წელიწადზე მეტი ისე იმუშავა, რომ თავის მომზადებულ კონსტიტუციურ კანონპროექტში აღნიშნულ საკითხი არც კი უხსენებია.

პარლამენტმა, თავის მხრივ, 2010 წლის 15 ოქტომბერს კონსტიტუციაში განხორციელებული საფუძვლიანი ცვლილებებით არათუ არ აღმოფხვრა უკანონობა და კონსტიტუციურ ჩარჩოებში არ მოაქცია პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევნებისა და უფლებამოსილებათა ვადები, არამედ ისინი კიდევ უფრო განამტკიცა, ისევ კონკრეტული თარიღებით დააზუსტა.

პარლამენტმა კონსტიტუციური კანონის დასკვნით მუხლებში ირიბად, სასხვათაშორისო ფორმით მოახდინა კონსტატაცია, რომ „2012 წლის ოქტომბრის მორიგი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პარლამენტის ახალი შემადგენლობის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან მთავრობას ეხსნება უფლებამოსილება და საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენს მთავრობის ახალი შემადგენლობას ნდობის მისაღებად“ (მე-2 მუხლის მე- 3 პუნქტი);

„2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან მთავრობა იხსნის უფლებამოსილებას პარლამენტის წინაშე და მთავრობის შემადგენლობოსათვის ნდობის გამოცხადება ხდება ამ კანონით დადგენილი წესით“ (მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი);
„ამ კანონის პირველი მუხლის მე-11, მე-14, მე-16-21-ე, 24-ე-35-ე, 39-ე და 44-ე პუნქტები ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან“ (მე-3 მუხლის მე- 3 პუნქტი).

იგივე განმეორდა 2010 წლის 15 დეკემბერს პარლამენტის მიერ მიღებულ ახალ კონსტიტუციურ კანონში, რომელმაც ახალი გადასახადების შემოღებისა და არსებული გადასახადების გაზრდის საკითხზე საერთო-სახალხო რეფერენდუმის გამართვის სავალდებულობა დაადგინა.

აქაც კონსტატირებულია, რომ „. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან“ (მე-2 მუხლი).

ამდენად, პარლამენტი და პრეზიდენტი ერთმანეთში შეთანხმდნენ და რეფერენდუმის შედეგების უგულებელყოფით, კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ, თავიანთ უფლებამოსილებათა ვადები ისევ ისე გაიგრძელეს, რომ ამჯერად ხალხისთვის არც კი დაუსაბუთებიათ ამისი აუცილებლობა თუ საჭიროება.

შედეგად „რეფორმირებულმა კონსტიტუციამ“ შექმნა შემდეგი კურიოზული სურათი:

2008 წლის მაისში არჩეულ პარლამენტს, რომლის უფლებამოსილების ვადა კონსტიტუციით 4 სრული კალენდარული წელია, უფლებამოსილება ეწურება 2012 წლის ოქტომბერში (და არა მაისში), ხოლო 2008 წლის იანვარში არჩეულ პრეზიდენტს, რომლის უფლებამოსილების ვადა კონსტიტუციით 5 სრული კალენდარული წელია, უფლებამოსილება გაუდის 2013 წლის ოქტომბერში (და არა იანვარში).

მსოფლიოში ხშირია ხელისუფლების უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შემთხვევები, რომლებიც ხან პარლამენტის დონეზე ხდება და ხანაც რეფერენდუმით.

რუსებმა კარგად დავიწყებული პორფირიატის მმართველობის წესი აღმოაჩინეს და შემოქმედებითად განავითარეს. პირველად მექსიკის პრეზიდენტმა და დიქტატორმა (1876-1911 წწ) პორფირიო დიასმა დაუთმო ქვეყანა სამართავად (1880-1884 წწ) მარიონეტ პრეზიდენტს.

პორფირიატის ქართულ ვარიანტს, რომელსაც გამოცდა ელის წინ, ერთობ მტაცებლური სიხარბე აღმოაჩნდა.

მმართველმა კლასმა კალმის ერთი მოსმით და მხარდამჭერთა ხელების ტყის აღმართვით ხელისუფლება ჯამში 16 თვით გაიხანგრძლივა, მიისაკუთრა, უბრალოდ, მოიპარა იგი.

არც ამ კონსტიტუციურ ცვლილებას აქვს ჯერ-ჯერობით სათანადო გამოძახილი ფართო საზოგადოებაში.

სიმართლეს კი არასოდეს არ სძინავს.

აუცილებელია კონსტიტუცია შესაბამისობაში მოვიდეს 2008 წლის იანვრის რეფერენდუმის გადაწყვეტილებებთან, აღმოიფხვრას მოქმედი ანტიკონსტიტუციური და კოლიზიური ნორმები, კანონიერ, კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოექცეს პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევნებისა და უფლებამოსილებათა ვადები.

ცივილური პოლიტიკური სისტემის მქონე ქვეყანაში ამ თვითნებობას ვერავინ გაბედავდა და თუ გაბედავდნენ, ამას საზოგადოება პოლიტიკური კონტროლისა და რეაგირების მექანიზმებით ადექვათურ პასუხს გასცემდა.

ამ საქმეში საკონსტიტუციო კონტროლი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობას, კონსტიტუციურ კანონიერებას, ფაქტობრივად უმაქნისია და დღევანდელ მმართველობით სისტემაში იგივეა, რაც ურმის მეხუთე ბორბალი.

იმისათვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილოს სარჩელი აღნიშნული კონსტიტუციური კანონების კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე, იგი უნდა შეიტანოს პრეზიდენტმა, მთავრობამ, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთმა მეხუთედმა და შესაძლოა , სახალხო დამცველმა.

ამ უკანასკნელის უფლებამოსილება ამ საქმეში ბუნდოვანია, ხოლო ჩამონათვალის დანარჩენი არცერთი სუბიექტი არ ადგება საქმეს – თავისთავს ხომ არ უჩივლებენ. ოცდაათი და, მითუმეტეს, ქმედითი პარლამენტარი ოპოზიციას ფიზიკურად არ ჰყავს.

ასე, რომ ვერ შედგება ვერც საკონსტიტუციო სარჩელი და ვერც მისი განხილვა.
რჩება ისევ ერთადერთი გზა – საკითხის პარლამენტში შებრუნება.
პარლამენტში ისევ კონსტიტუციური კანონის ინიცირებით, მოქმედი კონსტიტუციის 50-ე მუხლის მე-21 პუნქტში უნდა შევიდეს ცვლილება და განისაზღვროს, რომ პარლამენტის მორიგი (2012 წ.) არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის მაისში (და არა ოქტომბერში);

ხოლო 70-ე მუხლის მე-9 პუნქტში უნდა ჩაიწეროს, რომ პრეზიდენტის მორიგი (2013 წ.) არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის იანვარში (და არა ოქტომბერში).

ამდენად, ამ ორგანოების მორიგი არჩევნების ჩატარების დროის განსაზღვრისას, მათი უფლებამოსილებათა ვადები აითვლება მათივე რეალური არჩევისა და უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან.

ამჟამად, პარლამენტის შემთხვევაში არჩევნების თვე არის მაისი, ხოლო პრეზიდენტისა – იანვარი.

ამასთანავე, კონსტიტუციის ამავე მუხლებში აუცილებლად განსასაზღვრია, რომ პარლამენტისა და პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება მათ უფლებამოსილებათა ვადების ამოწურვამდე, არაუგვიანეს 15 დღისა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ორგანოების მორიგი აჩევნების ჩატარებაც და უფლებამოსილების ცნობაც უნდა მოხდეს მათ მიმდინარე კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ვადების ფარგლებში.

ეს ჩანაწერი, რომელიც არსებობდა 1995 წლის კონსტიტუციაში და ამოღებულ იქნა 2006 წლის 27 დეკემბერს მასში განხორციელებული ცვლილებებით, უზრუნველყოფს ხსენებულ ორგანოთა კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ვადების სტაბილურობას, დროთა ვითარებაში მათი გახანგრძლივების თავიდან აცილებას, მათ მუდმივ და ზუსტ შესაბამისობას კონსტიტუციის 49-ე და 70-ე მუხლების პირველი პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებთან.

ფართო საზოგადოების საყურადღებოდ უნდა ითქვას, რომ მოქმედი კონსტიტუციით, მასში აუცილებელი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით, საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვს პრეზიდენტს, ხალხის წარმომადგენლებს – პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს და უშუალოდ ხალხს – არანაკლებ 200 000 ამომრჩეველს.

ამჟამად, ორი სუბიექტის, მაგრამ ერთი ძალის, – პრეზიდენტისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო უმრავლესობის ხელთ არის კონსტიტუციაში ზემოაღნიშნული ცვლილებების ინიცირებისა და მოკლე დროში განხორციელების შესაძლებლობა.

უნდა აღინიშნოს, რომ მათ საამისოდ კონსტიტუციური კანონპროექტის მომზადებისათვის დრო არ დაეკარგებათ,იგი გამზადებულია.

ყველა სხვა სუბიექტი, როგორც პარლამენტში, ისე მის გარეთ მოკლებულია ამ უფლებასა და შესაძლებლობას, ვინაიდან ეს დაკავშირებულია დეპუტატების აუცილებელ რაოდენობასთან.

პრეზიდენტი და მისი საპარლამენტო უმრავლესობა ვალდებულნი არიან გამოასწორონ მათ მიერ შეგნებულად დაშვებული უკანონობა.
კონსტიტუცია აცხადებს, რომ ხალხი როგორც ხელისუფლების წყარო თავის ძალაუფლებას ახორციელებს აგრეთვე, თავისი წარმომადგენლების, – ამ შემთხვევაში, პარლამენტარების მეშვეობით.

ვინაიდან ხსენებული უკანონობა უშუალოდ პარლამენტმა დაუშვა, ეს უკანანსკნელი, ერთდროულად, როგორც უკანონობის ჩამდენი და ხალხის წარმომადგენელი– ორმაგად ვალდებულია იმოქმედოს ამ მიმართულებით.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხი გამოიყენებს თავის ზემოაღნიშნულ უფლებას, დაადგება გრძელ, დამქანცველ გზას ქვეყნის მასშტაბით ხელმოწერების შესაგროვებლად, პარლამენტში კონსტიტუციური კანონპროექტის ინიცირებისათვის.

პარლამენტი ვერ გაექცევა მის განხილვასა და კანონიერი გადაწყვეტილევის მიღებას.

მძიმე სოციალურ-პოლიტიკური ვითარებით დამძიმებული ხალხი იძულებული იქნება გააკეთოს საქმე, რომელსაც უნდა აკეთებდნენ თავისი წარმომადგენლები, რომლებიც ამისათვის სათანადო ანაზღაურებასა და სხვა სიკეთეებს იღებენ

ზოგადად, მოქალაქისთვის, არავითარი მნიშვნელობა აქა აქვს, მმართველობის რომელი მოდელია დამკვიდრებული ქვეყანაში – საპრეზიდენტო, ნახევრად საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო.
მისთვის მთავარია გარემო, რომელშიც ცხოვრობს და საქმიანობს, იყოს თავისუფალი და სამართლიანი, რათა შესაძლებელი გახდეს მისი ეროვნული, სოციალურ-პოლიტიკური და კულტურულ-რელიგიური ინტერესებისა და უფლებების გარანტირებულად დაცვა.

კონსტიტუციონალიზმის იდეაც და ისტორიაც, როგორც ცნობილია, სწორედ ამ უფლებების მოპოვებასა და დაცვას უკავშირდება.
როდესაც კაცობრიობა დარწმუნდა, რომ საჭიროა ხელისუფლების კონტროლი, რათა ძალაუფლება ხალხის წინააღმდეგ არ გამოიყენოს, გაჩნდა მისი შეზღუდვის აუცილებლობა.

ამან თავის მხრივ, წარმოშვა იდეა ძალაუფლების დანაწილებისა (დეკონცენტრაციისა) აღმასრულებელ, საკანონმდებლო დ სასამართლო განშტოებებს შორის, რაც შემდგომში დემოკრატიული კონსტიტუციის უნივერსალურ საფუძველს შექმნიდა.

ქართული კონსტიტუციონალიზმის განვითარების პროცესი იმგვარად წარიმართა, რომ ვერ მოხდა პოლიტიკური კონიუნქტურის თავიდან აცილება.

თითქოსდა, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, კომპრომისი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ მმართველ პოლიტიკურ ძალას 1995 წელს ქვეყნის ძირითადი კანონი თავის თავზე მოერგო.

შედეგად, არც ხელისუფლების განშტოებათა შორის ძალაუფლების გადანაწილების უნივერსალურმა პრინციპმა `იმუშავა~, რაც ქვეყანაში კრიზისის მიზეზი გახდა, არც არჩევითობამ, რასაც 2003 წელს ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდით შეცვლა მოჰყვა.

ბუნებრივია, ამას პოლიტიკური კონიუქნტურის რადიკალური ცვლილებაც დაემატა.
ეს მყისვე აისახა კონსტიტუციაში;

შეიცვალა ხელისუფლების განშტოებათა შორის ისედაც ფორმალურად არსებული ურთიერთგაწონასწორებისა და ურთიერთკონტროლის განმსაზღვრელი პრინციპები, რამაც სახელმწიფო, კონსტიტუციური თვალსაზრისით, საპრეზიდენტო მმართველობიდან სუპერსაპრეზიდენტო მმართველობაზე გადაიყვანა, რეალურად კი ქვეყანაში მმართველობის ავტორიტარული რეჟიმი ჩამოყალიბდა.
შარშან გატარებული კონსტიტუციური რეფორმაც, როგორც ეს ზემოთაც აღინიშნა, ცხადია, ისევ პოლიტიკურ კონიუნქტურას უკავშირდება.

სუპერსაპრეზიდენტო მმართველობიდან ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობაზე გადასვლა განპირობებულია არა დემოკრატული მექანიზმების შექმნისა და ამოქმდების მიზნით, არამედ ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებისა და ძალაუფლების შენარჩუნების სურვილით.
დღეს ჩვენ პიროვნებაზე, უკეთეს შემთხვევაში – პიროვნებათა ჯგუფზე , ორიენტირებული საზოგადოება ვართ;

ამიტომ გამუდმებით ისმის კითხვა: `თუ არ ეს, მაშ ვინ?!~ – და ვერ გაგვიაზრებია, რომ დემოკრატიის საფუძველია კონსტიტუციაა და არა პიროვნება, რომ ჩვენი საზოგადოების ყველა პრობლემა სათავეს სწორედ კონსტიტუციიდან იღებს, რომ ჩვენ ამ ჭაობის თავს ვერ დავაღწევთ, თუ ვერ შევქმნით ამისთვის აუცილებელ კონსტიტუციურ მექანიზმებს, რომლებიც დემოკრატიული და ეროვნული სახელმწიფოს საფუძველი გახდება.

შესაბამისად, ან საზოგადოება გააცნობიერებს, რომ პირველ ყოვლისა, აუცილებელია, სახელმწიფოს შეექმნას დემოკრატიული კონსტიტუციური საფუძველი ან რეალურად უარს ვიტყვით სახელმწიფოს კონსტიტუციურ მოწყობაზე და დაველოდებით `მხსნელს~, `მესიას~, რომელიც ჩვენთვის როგორც დემოკრატიულობის, ისე სახელმწიფოებრიობის გარანტია იქნება.
რაც რა თქმა უნდა, ისეთივე მითია, როგორც ზოგადად საქართველოს `მეგობარი~ ქვეყნების მიერ შესრულებული `პოზიტიური~ როლი საქართველოში მიმდინარე და მოსალოდნელი პოლიტიკური და სოციალური პროგრამების განხორციელებაში.
საქმე ის არის, რომ ზოგადი მდგომარეობა ამა თუ იმ ქვეყანაში, ძირითადად, განპირობებულია არა ფორმალურად არსებული, იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტებით (კონსტიტუციები, დეკლარაციები, საკანონმდებლო დოკუმენტაცია, საერთაშორისო ხასიათის ხელშეკრულებები და გადაწყვეტილებები), არამედ ქვეყნის მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის არსებული რეალური, ჭეშმარიტი დამოკიდებულებებით, რომელთა ხასიათი და შინაარსი განსაზღვრავს კიდეც ამა თუ იმ ქვეყნის ცივილიზებულ, დემოკრატიულ, პროგრესულ, უკეთეს მომავალზე ორიენტირებულ ქვეყნად აღიარების პერსპექტივას, საყოველთაობასა და ხარისხს.

მრავალრიცხოვანი ფაქტობრივი, სტატისტიკური მასალა, კონკრეტული ნეგატიური და საშიში პროცესები, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარეობს, უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური კრიზისი, ეროვნული და საზოგადოებრივი თვითშეგნების ხარისხის უპრეცედენტო დაქვეითება და მისი არსის ტრანსფორმაცია, მრავალ სხვა ფაქტორთან ერთად, რაც დამახასიათებელია დღევანდელი საქართველოსთვის,
მოითხოვს ობიექტურ შეფასებას და შექმნილი რეალობის ადექვატურ დეტერმინიზაციას.

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების გასაანალიზებლად, სოციალურ სფეროში არსებული პრობლემების გამოსაკვეთად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, დეტალურად განვიხილოთ ის მოვლენები, რომლებსაც ჰქონდა ადგილი საქართველოში ბოლო რვა წლის განმავლობაში, ანუ მას შემდეგ, რაც ქართულ პოლიტიკურ სივრცეში – ზოგადად, და, კერძოდ, ხელისუფლების ყველა შტოში დომინირებული პოზიციები „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაისაკუთრა.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *