საქართველოს სახელმწიფო ვალი და მისი სტრუქტურა

 

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული “ეკონომიკური თავისუფლების აქტის” თანახმად, ნებისმიერი გადასახადის შემოღება ან გადასახადის განაკვეთის გაზრდა შესაძლებელი უნდა იყოს “გამონაკლისის სახით”, რეფერენდუმის ჩატარების მეშვეობით.
ამასთან, აქტით გათვალისწინებულია, რომ:

საბიუჯეტო ხარჯების შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) არ იქნება 30 პროცენტზე მეტი;
ბიუჯეტის დეფიციტის შეფარდება მშპ-სთან კონსტიტუციურად დაფიქსირდება და იქნება არა უმეტეს 3 პროცენტისა;
მთლიანი სახელმწიფო ვალის შეფარდება მშპ-სთან იქნება არა უმეტეს 60 პროცენტისა.
ამ ბოლო პუნქტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს ფინანსური სტაბილურობისა და ეკონომიკური ზრდისათვის, რადგანაც ბოლო წლებში (2008 წლიდან), ადგილი აქვს სახელმწიფო ვალის მნიშვნელოვან ზრდას – როგორც აბსოლუტურ განზომილებაში, ისე შეფარდებით მთლიან შიდა პროდუქტთან.
ნომინალურ განზომილებაში სახელმწიფოს ვალი 2011 წლისთვის გაიზრდება 2007 წელთან შედარებით 2.5–ჯერ, მაშინ როდესაც იმავე პერიოდში მთლიანი შიდა პროდუქტი იზრდება მხოლოდ 1.3–ჯერ.
განსაკუთრებით იზრდება სახელმწიფოს საგარეო ვალის სიდიდე – 3.1–ჯერ.

გრაფიკი 7

gr7

საგარეო ვალის ეკონომიკურ ზრდასთან შედარებით წინმსწრები ზრდის გამო, სახელმწიფო ვალის თანაფარდობა ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან, 2011 წლისთვის მიაღწევს. თითქმის 47 პროცენტს, მაშინ როდესაც 2007 წელს იგი მხოლოდ 25 პროცენტს შეადგენდა .
მოსახლეობის ერთ სულზე სახელმწიფო საგარეო ვალის სიდიდემ 2010 წლის ბოლოს 880 აშშ დოლარი შადგინა, რაც მსოფლიოს ანალოგიური მაჩვენებლის 10.5 პროცენტია.
გრაფიკი N8

gr8

როგორც მოტანილი გრაფიკიდან ჩანს, 2007 წლის შემდეგ მკვეთრად იზრდება სახელმწიფო ვალის თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან და ეს განპირობებულია მთლიანად საგარეო ვალის ფორსირებული ზრდით.
სახელმწიფო საშინაო ვალის თანაფარდობა მშპ–თან ამ ხნის მანძილზე (2008–2011 წლებში), ფაქტობრივად უცვლელად რჩება, თუმცა აბსოლუტურ გამოსახულებაში განაგრძობს ზრდას.
თანაფარდობა სახელმწიფოს საშინაო და საგარეო ვალებს შორის ამ ხნის განმავლობაში შემდეგნაირად იცვლება:
გრაფიკი N9

gr9

აღსანიშნავია, რომ 2010 წლისათვის საგარეო ვალის მოცულობამ უკვე გადააჭარბა ექსპორტის მოცულობას და 107.5 პროცენტი შეადგინა. აღნიშნული მეტობა შენარჩუნებული იქნება 2011 წლის განმავლობაში, შემდგომში კი (2012–2014 წწ.) იგი თანდათანობით შემცირდება 93%–დან 66.9%–მდე.
ამასთან, კვლავ მაღალი დარჩება საგარეო ვალის პროცენტული თანაფარდობა ქვეყნის ბიუჯეტის შემოსავლებთან. მისმა სიდიდემ 100–პროცენტიანი ზღვარი პირველად 2009 წელს გადალახა და უახლოესი წლების მანძილზე კვლავ მასზე მეტი იქნება.

გრაფიკი N10

gr10

უახლოეს წლებში, ექსპორტის მოცულობა უფრო სწრაფად გაიზრდება, ვიდრე ბიუჯეტის შემოსავლები, რაც ეკონომიკის ლიბერალიზაციისა და მსოფლიო მეურნეობრიობაში ინტერგრირების ზრდის პროცესზე მიუთითებს.
იმავდროულად, საგარეო ვალის დაგროვება იწვევს მის მომსახურებაზე ხარჯების მატებას.
განსაკუთრებით მაღალი იქნება მომსახურების ხარჯები 2013 წელს, როდესაც საგარეო ვალის მომსახურებაზე მოვა საბიუჯეტო შემოსავლების თითქმის მეხუთედი (19.3%).
ამ მხრივ 2013 წელი ერთგვარად „ამოვარდნილიც“ კია ბოლო წლების საერთო დინამიკიდან.

გრაფიკი N11

gr11

მიუხედავად ამგვარი ზრდისა, საგარეო სახელმწიფო ვალის სიდიდით, საქართველო მსოფლიოში მხოლოდ 118–ე ადგილზეა, ხოლო მოსახლეობის ერთ სულზე ვალის სიდიდით, განსხვავება საშუალო მსოფლიო დონესათან, დაახლოებით 3–ჯერ უფრო უკეთესია, ვიდრე მთლიანი შიდა პროდუქტის სიდიდით (შესაბამისად, 10.5% და 32.5%).
თუმცა, ამ ერთგვარმა პოზიტივმა არ უნდა დაგვამშვიდოს.
მსოფლიოში უამრავი ქვეყანაა, რომელთა საგარეო ვალი მათი მშპ – ს რიგისაა, ხოლო ზოგ შემთხვევებში, მშპ–ზე გაცილებით მაღალიცაა.
მაგალითად, უკრაინის საგარეო ვალი მშპ–ს 90 %–ია, დანიის – 196 %, ავსტრიის –212%, ჰონკონგის – 311 %, ინგლისის – 416%, ირლანდიის – 1004%, ლუქსემბურგის –3854% და ა.შ. და ეს მონაცემები დიდ ვნებათაღელვას არ იწვევენ, რადგან ძირითადი ყურადღება ექცევა ქვეყნის განვითარების დონეს, მის ეკონომიკურ პოტენციალსა და მისდამი ნდობის ხარისხს.
მთავარია,რომ ვალის გამცემმა იცოდეს, რომ ვალის მიმღები ქვეყანა ამ სახსრებს იმ დარგებში დააბანდებს, რომელთა მიმდინარე თუ პერსპექტიული, პირდაპირი თუ ირიბი რენტაბელობა გარანტირებულია და არავითარ შემთხვევაში არ მიმართავს ვალით აღებულ სახსრებს, პოლიტიკური პრობლემების, ხელისუფლების წარმომადგენლების პირადი ინტერესების ან კორუფციული სახის საქმიანობის სარეალიზაციოდ
საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება ვალების საკითხსადმი სრულიად გაუგებარი და უპასუხისმგებლოა.
2011წ. აპრილში ფინანსთა სამინისტრომ ევრობონდების ახალი ტრანზაქცია განახორციელა.
სახელმწიფო ბიუჯეტს 10-წლიანი ევრობონდებში მარტო პროცენტის სახით საკმაოდ დიდი თანხის გაღება მოუწევს – დაახლოებით 350 მილიონი დოლარის.
სხვა ვალებისგან განსხვავებით, როგორც ყოველთვის, ევრობონდებზე საპროცენტო განაკვეთი ყოველთვის მაღალია.
კიდევ ერთი დეტალი: მთავრობის გადაწყვეტილებით, რომელსაც მხარი პარლამენტმაც დაუჭირა, სახელმწიფო ბიუჯეტში ევრობონდების საპროცენტო განაკვეთი აღარ განისაზღვრება.
აქედან გამომდინარე, ევრობონდების მომსახურების საკითხი სრულიად გაუმჭვირვალე იქნება.
ხაზგასასმელია ისიც, რომ საკითხს განხილვისას, არავის გასჩენია კითხვა, როგორ უნდა მოხდეს ევრობონდების მომსახურება, თუ საპროცენტო მაჩვენებელი ბიუჯეტში არ ჩაიდება.
მთავრობა აცხადებს, რომ ქართულ ევრობონდებზე დიდი მოთხოვნაა, ფასიანი ქაღალდები ბირჟებზე გამოშვებისთანავე “დაიტაცეს”.
თუმცა, სრულიად ბუნდოვანია, რომელმა კომპანიებმა შეიძინეს ობლიგაციები, როდის გაიმართა ვაჭრობა და სხვა.
ცნობილია, მარტო ის, რომ ფინანსთა სამინისტრომ 10 წლის ვადით 500 მილიონი დოლარის ევრობონდი გამოუშვა, მათი ტრანზაქცია უკვე განხორციელდა, წლიური საპროცენტო განაკვეთი 6,9%-ს შეადგენს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, პარლამენტმა “სახელმწიფო ვალის შესახებ” კანონში ცვლილებები დაამტკიცა.
ცვლილებების შედეგად, 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ევრობონდების საპროცენტო განაკვეთი და ვადიანობა აღარ განისაზღვრება, რადგან ეს ვაჭრობის დროს დგინდება და მისი წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია (თუმცა, პრემიერის განცხადებით, ევრობონდებზე წლიური საპროცენტო განაკვეთი უკვე განსაზღვრულია – 6,9).
ევრობონდები საჯარო ფინანსების შემადგენელი ნაწილია, შესაბამისად, იგი ბიუჯეტში უნდა გატარდეს.
ვალების მომსახურების შესახებ საჯარო ინფორმაციის მიღება სახელმწიფო ბიუჯეტიდან არის შესაძლებელი, შესაბამისად, თუ იგი ბიუჯეტში აღარ იქნება გამოდის, რომ პროცესი აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა.
ეს გადაწყვეტილება, ალბათ, იმიტომ იქნა მიღებული, რომ საპროცენტო განაკვეთის ცვლილების შედეგად, საბიუჯეტო ცვლილებები საჭირო აღარ გახდეს.
თუ ეს თანხა ბიუჯეტში არ იქნება გაწერილი, მისი მომსახურება გადაწყვეტას მოითხოვს.
ალბათ, ახალ ვალის აღები საშუალებით.
საერთოდ, ევრობონდების ემისიის გადაწყვეტილებამ და აღნიშნულმა ცვლილებებმა ბევრი კითხვა გააჩინა, რაზედაც ხელისუფლებას პასუხები არ გაუცია.
თუ ამ ემისიის მიზანი ძველი ევრობონდების რეფინანსირებაა, რატომ გადაწყვიტა მისი გამოშვება მთავრობამ 2 წლით ადრე?
2008 წელს ფინანსთა სამინისტრომ ევროობლიგაციები 5 წლის ვადით ერთხელ უკვე გამოუშვა, რომლის დაბრუნებაც 2013 წლისათვის არის განსაზღვრული.
შესაბამისად, თუ ფასიანი ქაღალდების მორიგი ემისიის მიზანი ძველი ობლიგაციების რეფინანსირებაა, მაშინ ემისიას სამინისტრო 2013 წელს მოახდენდა.
მთავრობა, როგორც ავღნიშნეთ, ალბათ, ახალი ვალის აღებას აპირებს.
ეს რეფინანსირება არ არის.
რეფინანსირება მაშინ იქნებოდა, თუ ფასიან ქაღალდებს 2013 წელს გამოუშვებდნენ.
ძველი ევროობლიგაციების რეფინანსირებისთვის ახალი ევრობონდების ორი წლით ადრე გამოშვებაზე საინტერესო განმარტება გააკეთა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა. მან, მაგალითად, პორტუგალია მოიყვანა, რომელსაც ევრობონდების მომსახურებასთან დაკავშირებით ახალი ობლიგაციების გამოშვება დააგვიანდა, რის გამოც ქვეყანას პრობლემა შეექმნა.
“2008 წელს გამოშვებული ევრობონდების რეფინანსირებისთვის სახელმწიფო 10-წლიან ევრობონდებს უშვებს. ფაქტობრივად, ორი წლით ადრე ვიწყებთ საგარეო ვალის მომსახურების გადახდას. გამოშვებული ევრობონდებით ძველის რეფინანსირება მოხდება და მისი გადახდა 2020 წლისთვის გადაიწევს”.
მისი აზრით, როდესაც ქვეყანა საერთაშორისო ვალდებულების შესრულებაზე ასე ნაადრევად ფიქრობს, ეს ინვესტორებისთვის დადებითი მესიჯია.
პრემიერ-მინისტრის, განცხადებით, ევროობლიგაციების გამოშვებით საქართველოს საგარეო ვალის პრობლემა 2021 წლამდე აღარ ექნება.
გილაურის განმარტებით, 2021 წლისთვის, ქვეყანა თავისუფლად შეძლებს ამ დავალიანების ახალი რესტრუქტურიზაციის გაკეთებას ან მთლიანად გადახდას. პრემიერის განცხადებით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველომ ევრობონდები საკმაოდ დაბალ პროცენტში გამოუშვა.
“ჩვენ ყოველწლიურად ვიხდიდით 7,5%-ს 5000 მილიონ დოლარზე და ეს 500 მილიონი დოლარი 2013 წელს გვქონდა გადასახდელი. ახლა 500 მილიონი გადასახდელი გვაქვს 2021 წელს და ყოველწლიურად საპროცენტო განაკვეთის სახით მხოლოდ და მხოლოდ 6,9%-ს გადავიხდით”, – განაცხადა გილაურმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ევრობონდების გამოშვება საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე ქვეყნის ნდობის თვალსაზრისით.

მართალია 500 მილიონი დოლარის სრულად გადახდა 5 წლით გადაიწევს, მაგრამ, ფაქტობრივად, პროცენტების სახით 10 წლის განმავლობაში 2-ჯერ მეტი თანხის გადახდა მოუწევს.

საქართველოს პრემიერი აშკარად ცრუობს.
ევრობონდების რეფინანსირება არც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს საგარეო ვალის გადახდის პრობლემა 2021 წლამდე ეხსნება.
ევრობონდების გარდა, სახელმწიფოს 2013 წელს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა სახელმწიფოს ვალი აქვს გადასახდელი.
ამ დროისთვის, ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს საგარეო ვალი 9,664 მილიარდ ლარს შეადგენს, მათ შორის სახელმწიფო გარანტიით აღებული კრედიტების მოცულობა 7 მილიარდი ლარია.
ყოველ წელს სახელმწიფო ვალი რეკორდული რაოდენობით იზრდება. 2009 წელს საქართველოს ვალი 8,661 მილიარდი ლარი იყო, 2008 წელს – 7,797 მილიარდი ლარი, 2007 წელს – 7,782 მილიარდი ლარი.
საერთოდ, წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვალების მომსახურებისთვის 488,2 მილიონი ლარი დაიხარჯება.
აქედან, 332,8 მილიონი ლარი საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისთვის გაიწერა.
კერძოდ, 193,9 მილიონი ლარი პროცენტის გადახდას მოხმარდება, ხოლო ვალდებულებების კლებაზე – 138,9 მილიონი ლარი დაიხარჯება.
ანუ ახალი ევრობონდების ემისიით მიღწეულია მხოლოდ ის, რომ სახელმწიფოს მაღალპროცენტიანი ვალის მომსახურების ვადა გაეზარდა, შესაბამისად, ამ მომსახურებისთვის გაცილებით დიდი თანხა დაიხარჯება.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *