საქართველოს პრეზიდენტის წლიური ანგარიშის შესახებ

(საქართველოს პარლამენტი, 2011 წლის 11 თებერვალი)

            ქვეყნის პრეზიდენტის საანგარიშო მოხსენება პარლამენტისა და საზოგადოების წინაშე არის ერთ–ერთი უმთავრესი (თუ არა, მთავარი) დოკუმენტი, რომელიც ასახავს ხელისუფლების მიერ გასული წლის განმავლობაში ჩატარებული მუშაობის შედეგებს, შეიცავს ამ შედეგების ანალიზს, ამახვილებს ყურადღებას ნაკლოვანენებზე და აყალიბებს სამომავლო საქმიანობის უმთავრეს მიმართულებებს.

როგორც წესი, ასეთი მოხსენების სრული და ოფიცალური ტექსტი მეორე  დღესვე ქვეყნდება ელექტრონულ და ბეჭდვით მედიაში, მასში მოცემული შეფასებების,           შეხედულებების და პოზიციების ყოველმხრივი და ღრმა შესწავლის მიზნით.

სამწუხაროდ, ბატონმა მ.სააკაშვილმა ისაუბრა ზეპირად, რის გამოც საზოგადოებას ვერ მიეცა საშუალება დეტალურად გასცნობოდა მის მოხსენებას.

სამართლიანობა მოითხოვს იმის აღნიშვნას, რომ მსმენელთა იმ ნაწილისთვის, რომელიც არ არის ჩახედული საქართველოს რეალიებში, პრეზიდენტის გამოსვლა იყო საკმაოდ ეფექტური, ემოციური და, ერთი შეხედვით, მოიცავდა ქვეყნის ცხოვრების თითქმის ყველა ძირითადი მიმართულების (თავდაცვითი და ძალოვანი სტრუქტურების საქმიანობის გარდა) მიმოხილვას.

ამავე დროს, შესანიშნავად იყო გამოყენებული ნაცადი პროპაგანდისტული ხრიკი–„თვითონ თქვი იმის შესახებ, რასაც ოპონენტებისაგან მაინც ვერ ასცდები“.

        სწორედ ასე იყო აგებული გამოსვლის ძირითადი ნაწილი. ოპონენტების შესაძლო არგუმენტები წინასწარ იყო ცნობილი და პასუხებიც წინასწარ მომზადებული.

გამოსვლის სტილი იყო ზომიერად შემტევი არაკონსტრუქციული და უკვე დამარცხებული ოპოზიციის მიმართ და, ერთგვარად,  მიმტევებლურიც კი.

რაც შეეხება მოხსენების შინაარსს:

1.  გაკეთებული იყო მცდელობა, მსმენელთათვის ისეთი შთაბეჭდილების შექმნისა, თითქოს, მომხსენებელს გულწრფელად და ღრმად აღელვებს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის გაუსაძლისი მდგომარეობა.

2.    დასახელებული იყო მხოლოდ მცირე ნაწილი იმ პრობლემებისა, რომელთა არსებობა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის თვით ფიზიკურ არსებობას, არამედ ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოების საფუძვლებს.

3.  მთლიანად იგნორირებული იყო იმ მიზეზების არა მხოლოდ ანალიზი, არამედ ჩამონათვალიც კი, რომლებმაც გამოიწვიეს ქვეყანაში სადღეისოდ შექმნილი ვითარება.

4.  მოხსენების მთელი ტექსტის შინაარსიდან გამომდინარე, მსმენელისათვის, რომელიც არ იცნობს საქართველოში არსებულ რეალურ მდგომარეობას, შეიქმნებოდა მტკიცე შთაბეჭდილება, რომ დღევანდელი ხელისუფლება ქვეყნის მართვას შეუდგა არა 2003 წელს, არამედ რამდენიმე თვის წინ, რადგან, იგი, როგორც ეს მოხსენების მრავალი დებულებიდან გამომდინარეობს,  მხოლოდ 2011 წლის თებერვლიდან  აპირებს  დაიწყოს მუშობას ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად.

5.     მეტად საგულისხმოა (და ხელისუფლების მხრიდან ეს გაჟღერდა პირველად), რომ მომხსენებელმა არაერთგზის დააფიქსირა თარიღი, როდესაც მის მიერ გაჟღერებულ ღონისძიებებს შედეგი მოჰყვება.

             ეს აღმოჩნდა 2015 წელი.

ჭეშმარიტი მიზეზები ამ თარიღის შერჩევასა და დასახელებასთან დაკავშირებით, ნათელია და გასაგები: ხელისუფლებამ აშკარად და სრულიად ცალსახად გამოაცხადა,რომ მოვლენების (მათ შორის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების) ნებისმიერი სახით განვითარების მიუხედავად,  ის არ აპირებს ძალაუფლების დათმობას სულ ცოტა 2015 წლამდე.

  1.    საერთო სურათს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლისა, ბუნებრივად და ლოგიკურად ავსებდა საპარლამენტო უმრავსლებობის ცინიზმით და თვითკმაყოფილებით აღსავსე გამოსვლები, რომელთა შინაარსზე ყურადღების გამახვილება  ზედმეტად მიგვაჩნია და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა „მწვავე“ და „აგრესიული“ გამოსვლები, რომელთა მიმართ რეაგირება მომხსენებლის მხრიდან  „საოცრად“  ზუსტი და გონებამახვილურიც კი იყო, იქამდე, რომ ერთ–ერთი მათგანი (ბატონი გ.ჩახვაძე), როგორც სიცრუეზე დაჭერილმა მოსწავლემ, ტრიბუნაზევე  შეცვალა  (ფაქტიურად კი– უკან წაიღო) მის მიერ რამდენიმე წუთის წინ გაკეთებული „თამამი“ განცხადება ქვეყანაში „ელიტარული კორუფციის“ არსებობის შესახებ.

      პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში შეიცავდა მრავალ ფაქტობრივ ხარვეზს, უზუსტობასა და არასწორ შეფასებას, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია:

  1. მოხსენების დასაწყისშივე მან აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა ხ.კალმახელიძემ „საოცრად კარგად ააწყო საქმე“ (ციტ).

რეალური სურათი:

საქართველოში დღეს, სხვადასხვა მონაცემებით, 23–28 ათასამდე პატიმარია. ანუ, 100 ათას მოსახლეზე (თუ კი ვივარაუდებთ, რომ ქვეყანაში 4 მილიონ 200 ათასი მოსახლეა) პატიმარია 548–667 ადამიანი, რაც World Prison Population List-ის თანახმად, სადაც 217 ქვეყნის შესაბამისი მაჩვენებელია შესული, საქართველოს ლიდერთა ხუთეულში ამკვიდრებს.

(აქვე უნდა ითქვას, რომ Institute for Economics and Peace–ის მიერ 2010 წლის „მშვიდობისმოყვარეობის რეიტინგის“ მიხედვით საქართველო 149 ქვეყანას შორის 142–ეა , რაც, თუნდაც, ბოლო დროს განსაკეთრებული ენთუზიაზმით რეკ–

ლამირებული  ტურიზმის´ „განვითარებისთვის“ მეტად საგულისხმო მაჩვენებელია).

პრეზიდენტმა დეპუტატებს სტუდენტის მდგომარეობის გაზიარებაც სთხოვა „რომელიც იძულებულია მისი კვების რაციონში ხორცი შეამციროს“ (ციტ).

რეალური სურათი:

მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ხორცის კი არა (ერთი თვის პენსიის ოდენობა 5 კილოგრამ ხორცს „იწონის“), თავის რაციონში შაქრის, პურის, ზეთის , რძის პროდუქტებისა და სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტების  შემცირებაზე ან საერთოდ ვთლიანად ამოღებაზეა გადასული.

 3.      პრეზიდენტის თქმით , მარტში მოსახლეობა 30–ლარიან სასურსათო ვაუჩერს მიიღებს.

რეალური სურათი:

       30 ლარი –  ეს არის 30 ცალი 400–გრამიანი პური, 7 კგ საშუალო ხარისხის   

      ვაშლი ან 12 კგ შაქარია.

თუ გავამრავლებთ ამ 30 ლარს საქართველოში არსებული ოჯახების რაოდენობაზე (1,300.000), მივიღებთ 42 მილიონ ლარს. თუ ამას დავუმატებთ თებერვალში გაცემული 20–ლარიან ენერგეტიკული ვაუჩერების ღირებულებას – 36 მილიონ ლარს, მივიღებთ 78 მილიონ ლარს, რომელიც, შეიძლება ითქვას, უკიდურესი უყაირათობით იქნება გამოყენებული, რადგან  50 ლარი – ერთჯერადად გაცემული – ვერცერთი ოჯახის  მატერიალურ მდგომარეობას , სასიკეთოდ,პრაქტიკულად, ვერ შეცვლის, მაშინ, როდესაც 78 მილიონ ლარად შეიძლება ოცამდე რენტაბელური წარმოების შექმნა, რომლებიც უკვე მომდევნო წლიდან მოგებაზე გავიდოდნენ, ხოლო  ამ საწარმოთა შექმნის დღიდან   – 2 ათასზე მეტი ადამიანი დასაქმდებოდა. 

4.     ქვეყანაში  არსებული უმწვავესი პრობლემებიდან:

–         სურსათზე ფასების 30–40 პროცენტით ზრდა (რუსეთში –6 %,  სლოვაკეთში
4.6, უნგრეთში – 4.4, საშუალოდ EC–ში – 1.5 %),

–             კომუნალური გადასახადების გადახდის უუნარობა მოსახლეობის სულ

–             მცირე, 50 %–ის მიერ,

–             საწვავზე ფასების განუხრელი ზრდა,

–             სამედიცინო მომსახურებაზე (მისი ხარისხის მკაფიოდ გამოხატული   

–            დაცემის ფონზე) ფასების ზრდა,

–             მედიკამენტებზე (მონოპოლისტი ფარმაცევტული კომპანიების ე.წ. ფასების  

–            შემცირების ფონზე) ფასების ზრდის ტემპის დაჩქარება,

–             სრული სტაგნაცია სოფლის მეურნეობაში (სადაც შესაძლებელია

–            მილიონნახევარი ადამიანის ეფექტურად დასაქმება),

–            რეალური უმუშევრობის მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე მაღალი 

                  მაჩვენებელი(სხვადასხვა ექსპერტთა შეხედულებით  60–65%)

 და მრავალი სხვა მნიშვნელოვანი პრობლემიდან გამომდინარე,

სრულიად გაუგებარია:

–        საქართველოში, 2015 წლისთვის, ძირითადი ყურადღების გამახვილება, ცუდი გზების არ არსებობაზე. (ცნობისათვის: საქართველოს საავტომობილო გზების საერთო სიგრძე 28 000 კილომეტრია, საიდანაც რეაბილიტაციას მოითხოვს, სულ მცირე, 15 000 კილომეტრი. ეს კი იმ ხარჯთაღრიცხვებით, რომლითაც დღეს საქართველოში მიმდინარე საგზაო მშენებლობა ხასიათდება – 1 კილომეტრი 2–4 მილიონი ლარი, მოითხოვს, დამატებით,  სულ ცოტა 20–25 მილიარდ აშშ დოლარის მოცულობის დანახარჯებს).

– მიუხედავად საზოგადოების მხრიდან არაერთი მოთხოვნისა, ფინანსთა
სამინისტრო
და მთავრობა არ აქვეყნებენ ინფორმაციას, თუნდაც 2008 წლიდან
საქართველოს მიერ მიღებული გრანტების, დახმარებების, კრედიტების

ოდენობის პირობების, მიზნობრიობის შესახებ, რაც საფუძველი გახდა ამ

             სახსრების   ოპტიმალურ და კანონიერ გამოყენებასთან დაკავშირებით, მრავალი

          შეკითხვის გაჩენისა.

–      მხოლოდ ტურიზმისა და ენერგეტიკის განვითარების ძირითად პრიორიტეტებად    გამოცხადდება  ქვეყანაში, რომელსაც შეუძლია 8–10 მილიონი    ადამიანის გამოკვება სოფლის მეურნეობის სწორი ორგანიზაციის შემთხვევაში.

უცნაურია,რომ  ხელისუფლებისთვის ამ  დარგში ინევსტირება და მისი სახელმწიფო დონეზე მხარდაჭერა მხოლოდ დღეს, 2011ცლის დასაწყისში ხდება აქტუალური.

–    მომხსენებლის თეზისი, იმის შესახებ   რომ  „სოფლის  მეურნეობა დანგრეულია“, ეხება სწორედ 2003–2010 წლების, ანუ ამ ხელისუფლების მართვის პერიოდს, რასაც ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს  (მაგალითად, სახნავი ფართობები 2003 წ.–თან შედარებით შემცირდა 65 პროცენტით).

–    ეჭვს იწვევს  ბევრი სხვა  დაპირების საფუძვლიანობა (მაგალითად, საქართველოს სიმინდის ექსპორტიორად  წელსვე გადაქცევის შესახებ), რაც უხვად იყო წარმოდგენილი მოხსენებაში. 

      საქართველოში სადღეისოდ არსებული ვითარების დასახასიათებლად და ქვეყნის სავალალო მდგომარეობიდან გამოსვლის სწორი გზების განსახღვრისათვის, სრულიად არასაკმარისია პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის მოხსენების მხოლოდ კრიტიკული შეფასება.

       აუცილებელია მოხსენების პუნქტობრივი დეზავუირება, ფუნდამენტურ მიმართულებათა ანალიზი, პრობლემათა სოციალიზაცია,მომავლის რეალისტური ხედვის ჩამოყალიბება და კონკრეტებული მიმართულებების მიხედვით, მოსახლეობისათვის მკაფიო პერსპექტივების დემონსტრირება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *