დემოკრატიული თვითრეგულირების კონცეფცია

 

   “ხელისუფლება, რომელიც გრძნობს და აღიარებს ხალხის წინაშე მუდმივ  ანგარიშვალდებულებას, – არასდროს უღალატებს დემოკრატიის პრინციპებს, მაგრამ როდესაც, სახელმწიფოში იგნორირებულია წარმომადგენლობითი დემოკრატიის ღირებულებები, აუცილებელია ამოქმედდეს უშუალო დემოკრატია – საზოგადოებრივი თვითრეგულირების გამოცდილი მექანიზმი.” 

 

 

  წინასიტყვაობა 

 

თუ სახელმწიფოში არ ბატონობს სამართლიანობა, უგულვებელყოფილია დემოკრატიის პრინციპები და ხელყოფილია ადამიანთა უფლება_თავისუფლებები, ადამიანები დამონებულნი და ღირსებააყრილნი არიან.

გათითოკაცებულ, გაუცხოებულ ხალხს არ ძალუძს იბრძოლოს ეროვნული იდეალების, კულტურული ფასეულობებისა და თვითმყოფადობის დასაცავად. დეგრადირებას განიცდის ერის ინტელექტი, დავიწყებას ეძლევა ძირძველი ტრადიციები, იკარგება ისტორიული ტერიტორიები. ასეთი სახალმწიფო უუნარო და სუსტია და მიუხედავად იმისა თუ რამდენად საამაყოა მისი ისტორიული წარსული და ფასეული _ კულტურული მემკვიდრეობა, საკუთარ ადგილს ვერ იმკვიდრებს მსოფლიო თანამეგობრობაში და სხვათა ინტერესეთა `საჯილდაო ქვა~ ხდება. რა ხდება ჩვენს თავს?! ან კი რა გამოსავალი არსებობს? სწორედ გამოსავლის ძიებამ გადაგვაწყვეტინა საზოგადოებრიობისთვის, თქვენთვის წარმოგვედგინა `დემოკრატიული თვითრეგულირების კონცეფცია~, სადაც შეკრულია შექმნილი მდგომარეობის მიზეზ-შედეგობრივი წრე  და გამოტანილია შესაბამისი დასკვნები. კონცეფციის თეორიულ ნაწილში გამოყვანილია საზოგადოებრიობის `დემოკრატიული თვითრეგულირების” პრინციპი, ხოლო პრაქტიკულ ნაწილში შემუშავებულია `დემოკრატიული თვითრეგულირების” სქემა. `დემოკრატიული თვითრეგულირების კონცეფცია”, ჩვენივე ჯგუფის მიერ, (`თავისუფალ მოაზროვნეთა არაფორმალური ასოციაცია~), ჯერ კიდევ 2003 წელს შემუშავდა.

მოგეხსენებათ, ეს ის დროა, როდესაც შევარდნაძის ხელისუფლებამ და `მოქალაქეთა კავშირმა” ქვეყანა სრულ კრიზისამდე მიიყვანა, მაგრამ  ეს იდეა მაშინ ე.წ. `ვარდების რევოლუციის~ გამო პრაქტიკულად ვეღარ განხორციელდა, საზოგადოებრიობა იმედით აღივსო და ჩვენც მხოლოდ ბროშურის გამოცემას დავჯერდით, რომელიც შეკვეცილი ვარიანტის სახით, 2004 წელს, `რეალური დემოკრატიის კონცეფციის” სახელწოდებით გამოიცა და პოლიტიკურ ორგანიზაციებს დაურიგდა, სამწუხაროა, მაგრამ ახალი ხელისუფლების მოიმედე ხალხის მოლოდინი ფუჭი აღმოჩნდა…

დღეს, `დემოკრატიული თვითრეგულირების კონცეფცია~ ისევ, და ისე როგორც არასდროს, აქტუალურია, ამიტომ გთავაზობთ მის სრულ, შეჯერებულ და რედაქტირებულ ვარიანტს. თეორიული ნაწილი.

 

 I თავი.

მძიმე სისტემურმა კრიზისმა სახელმწიფო ფაქტიური განადგურების საფრთხის წინაშე დააყენა, _ ხელისუფლების და ხალხის გაუცხოება და დაპირისპირება, ტერიტორიების დე_იურე დაკარგვის საშიშროება, სრული ეკონომიკური სტაგნაცია, ქვეყანაში სამართლის არ არსებობა თუ განათლების სისტემის დამანგრეველი რეფორმები, მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ უბედურებათაგან, რომელთაგანაც ხალხი თავის დაღწევას მრავალი წელია ცდილობს, მაგრამ ვერ ახერხებს, რადგან არსებული მდგომარეობის გამომწვევი წარსულებრივი და აწმყო მიზეზების გაანალიზებისა და შესაბამისი დასკვნების გამოტანის გარეშე არაფერი შეიცვლება… სისტემური კრიზისის მთავარი მიზეზები. სისტემური კრიზისის მთავარ მიზეზებად მოიაზრება ისეთი ობიექტური გარემოებები, რომელიც უარყოფით ზეგავლენას ახდენს სახელმწიფოს ყოფიერებრივ ასეთობაზე. ასეთი მიზეზები ორგვარია – `შიდა” და `გარე”.

1. `შიდა მიზეზად მოიაზრება ის წარსულებრივი ზემოქმედებები, რომელმაც განაპირობა სახელმწიფოს მმართველობის, საზოგადოებრივ–ეკონომიკური ფორმის  თუ ტერიტორიული მოწყობის ასეთობა.

2. `გარე” მიზეზად მოიაზრება ის აწმყოებრივი ზეგავლენები, რომელსაც  სახელწიფო განიცდის, როგორც მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა პროცესთა მონაწილე. `შიდა” მიზეზი. როდესაც სახელმწიფოს საზოგადოებრივ-ეკონომიკური მოწყობის სოციალისტური და მმართველობის ავტორიტარული ფორმებიდან ხდება დაუგეგმავი, ნაჩქარევი გადაწყობა რადიკალურად განსხვავებული კაპიტალისტურ-დემოკრატიული მიმართულებით,  ვიღებთ მოწყობისა და მმართველობის `ნაჯვარ~ გაუკუღმართებულ ფორმებს.

  `გარე” მიზეზი.

1. სახელმწიფოში, სისტემური კრიზისის `გარე” მიზეზს, მსოფლიოში გლობალისტურ და მუნდიალისტურ პროცესთა არსებულობა წარმოადგენს, რომლებიც კოსმოპოლიტიზმის იდეოლოგიის ჩარჩოებში, თითქოსდა იმ გლობალურ  პრობლემათა გადაჭრაზე მუშაობენ, რომელთა გადაწყვეტა ცალკეულ სახელმწიფოებს არ ძალუძთ.

2. ხშირ შემთხვევაში, ეს მხოლოდ ნიღაბია და ეკონომიკურად განვითარებულ იმ სახელმწიფოთა ჭეშმარიტ მიზნებს ფარავს, რომლებიც მსოფლიო ბატონობისკენ ისწრაფვიან.

3. ეს პოზიცია  `დაბალგანვითარებულ” ქვეყნებში, ისტორიულ და კულტურულ ფასეულობათა ამოძირკვას და მათი ფსევდო ფასეულობებით ჩანაცვლებას მოიაზრებს, ამ ქვეყნების ინდივიდუალიზმის განადგურებას გულისხმობს და მართვადს და გამოყენებადს ხდის მათ.

4. ასეთი `პოლიტიკური კლონირების”  ერთ-ერთ საშუალებად `დაბალგანვითარებულ” ქვეყნებში `მომხრეთა და თანამდგომთა~ მოძიება და მათგან მარიონეტული ხელისუფლებების ტირაჟირება გვევლინება.

5. ასეთი ხელისუფლებები უცხო ქვეყნებიდან ფინანსდებიან, მათ მიზნებს და ინტერესებს ემსახურებიან და შესაბამისად, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ნების წინააღმდეგ   მოქმედებენ. ამ მიზეზთაგან `შიდას”, ბუნებრივია რომ სახელმწიფოს ასეთობის განმაპირობებელი ფაქტორი ვუწოდოთ, რადგან იგი წარსულებრივად, სტაბილურად ასახულია როგორც მის საზოგადოებრივ – ეკონომიკურ, ასევე მმართველობის ფორმებში. რაც შეეხება `გარე~ მიზეზს, ანუ იმ საერთაშორისო ზეგავლენებს, რომელსაც სახელმწიფო აწმყოებრივად განიცდის, დროთა განმავლობაში, ისინიც აისახება მის ასეთობაში, ანუ გავლენას მოახდენს სახელმწიფოს საზოგადოებრივ _ ეკონომიკურ და მმართველობის ფორმებზე. რა თქმა უნდა, ეს მიზეზები,  მით უფრო ერთობლივად, სახელმწიფოს დაშლის, ეკონომიკური დაცემის თუ კულტურული დეგრადაციის წინაპირობას ქმნის, მაგრამ რამდენადაც, სახელმწიფოს აწმყო ასეთობაზე, ანუ მოწყობისა და მმართველობის ფორმებზე, დიდად არის დამოკიდებული მსოფლიო პროცესების მიმართ პოზიცირებისა და მასში მონაწილეობის ფორმატი,  ჩვენთვის საინტერესოდ, `შიდა” მიზეზში გარკვევას მივიჩნევთ.

 

 II თავი

  `შიდა” მიზეზის არსი.

  ჩვენს შემთხვევაში, განხორციელდა სახელმწიფოს მოწყობის სოციალისტური და მმართველობის ავტორიტარული ფორმიდან, კაპიტალისტურ და დემოკრატიულ ფორმაზე სწრაფი, იმპულსური და დაუგეგმავი გადასვლა. ამ პროცესში უკეთ გასარკვევად, განვახორციელოთ მოკლე რეტროსპექციული ანალიზი: პირველადი გაგებები.

1. სოციალისტური,  საზოგადოებრივ_ეკონომიკური მოწყობის პირობებში, როდესაც სახელმწიფო ხდება ერთადერთი მწარმოებელი და მისი სიძლიერის საფუძვლად აბსოლუტური პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრალიზაცია მიიჩნევა, _ ადამიანები ხელისუფლებისთვის მუშაობენ და სახელმწიფო მმართველობის ფორმაც ცენტრალიზებული, ხისტი და ავტორიტარულია.

2. კაპიტალისტური, საზოგადოებრივ_ეკონომიკური მოწყობის პირობებში, როდესაც სახელმწიფოში შექმნილია ბუნებრივი კონკურენტული პირობები, ეკონომიკა დეცენტრალიზებულია და ხდება ცალკეული ადამიანის ინტერესების გათვალისწინება, მმართველობის ფორმა ლიბერალური და დემოკრატიულია. ამდენად, სოციალიზმის პირობებში, ხელისუფლება ხალხის მართვას ხალხისგან დამოუკიდებლად, საკუთარი იდეალებისა და პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ახორციელებს, ხოლო კაპიტალიზმის შემთხვევაში, ხელისუფლება ხალხის სამსახურში დგას და ხალხი ხელისუფლების მეშვეობით თავის თავს თვითონ მართავს. სახელმწიფოს მოწყობის სოციალისტური და მმართველობის ავტორიტარული ფორმიდან კაპიტალისტურ და დემოკრატიულ ფორმაზე სწრაფი, იმპულსური და დაუგეგმავი გადასვლის პროცესში, არსებობას იწყებს სახელმწიფო მოწყობისა და მმართველობის გარდამავალი, გაუკუღმართებული ფორმა, რომელიც სოციალიზმის და ავტორიტარიზმის, კაპიტალიზმთან და დემოკრატიასთან ნაჯვარს წარმოადგენს, ანუ ხელისუფლება არსით ავტორიტარული რჩება, სახელმწიფო მოწყობის ფორმა კი კაპიტალიზმის ელფერს იძენს.  პროცესის რეტროსპექცია.

საბჭოთა კავშირის ფორმირების პერიოდში, კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მიერ ხელისუფლების შემომტკიცების და მმართველობის ავტორიტარული ფორმის ჩამოყალიბების პირობებში, ხდებოდა სხვადასხვა ინდივიდუალობის მქონე ქვეყანათა ძალადობრივი გაერთიანება და შესაბამისად, საერთო ტერიტორიის და ერთიანი, ცენტრალიზებული საზოგადოებრივ _ ეკონომიკური სისტემის ჩამოყალიბება, ანუ:

• ცალკეულ სახელმწიფოთა საარსებო ტერიტორიების `გადაბმა~ და ამ მიზნით საზღვრების განზრახული ჩასწორება;

• ეთნიკურ ჯგუფთა თუ ხალხთა საკუთარი ტერიტორიებიდან აყრა და ძალადობრივი `გაბნევა”;

• ერთი ხალხის, ენის და კულტურის, სხვა ხალხებში მიზანსწრაფული ჩანერგვა;

• საწარმოო რესურსების, საშუალებების და საერთოდ ეკონომიკის ცენტრალიზაცია;

1. უტოპიური იდეით და ასეთი ძალადობრივი რეფორმებით `დაღლილი~, `დასუსტებული~ სოციალისტური სისტემა, თავისი არსებობის ბოლო პერიოდში თვითგადარჩენას დემოკრატიზაციის პროცესების წამოწყებითა და ეკონომიკის ნაწილობრივი განთავისუფლებით ანუ ე.წ. `პერესტროიკით~ ცდილობს, რომელიც  როგორც საზოგადოებრივ-ეკონომიკური, ასევე მმართველობრივი  დეცენტრალიზაციის ჭრილში, დაუგეგმავად და დაჩქარებულად ხორციელდება;

2. ხელისუფლებრივი თუ ეკონომიკური ცენტრალიზმის შესუსტება, სოციალისტურ რესპუბლიკებში ათავისუფლებს და აქტივიზირებისკენ უბიძგებს აქამდე შებოჭილ, მიძინებულ, საზოგადოებრივ პოტენციალს, რაც სისტემის ქაოტური რღვევის პროცესს განაპირობებს და ეროვნული დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის ბრძოლის სახე აქვს;

3. ამ ეტაპზე, პოსტსაბჭოთა სივრცის ცალკეულ რესპუბლიკათა ხელისუფლებაში  მოსული, მმართველობის პრინციპებსა და პოლიტიკაში გაუწაფავი ეროვნული ძალები, ვერ უზრუნველყოფენ გარდაქმნათა ქაოტური პროცესების სტაბილიზირებას, მოქმედებენ უპროგრამოდ და იმპულსურად;

4. საზოგადოებრიობა იხლიჩება, იწყება ხელისუფლების გადანაწილებისათვის ბრძოლის პროცესი, რომელიც პროვოცირებულია ერთის მხრივ, `ეროვნული ხელისუფლებების~ სრული პოლიტიკური არაკომპეტენტურობით, მეორეს მხრივ კი,  ძალაუფლებადაკარგული, მაგრამ დიდი სახელისუფლებო გამოცდილების მქონე, დემოკრატიის ნიღაბს ამოფარებული ყოფილი პროკომუნისტური ძალების მიერ;

5. ეროვნული ხელისუფლებები იდევნებიან და ნაცვლდებიან დემოკრატიით შენიღბული ავტორიტარული ხელისუფლებებით. იწყება საზოგადოებრივ_ეკონომიკური დეცენტრალიზაციის პროცესები, მათ შორის ე.წ. `პრივატიზაციაც”, რომელიც სახალხო ქონების კლანური, პარტიული და პირადი გამორჩენის ნიშნით გადანაწილება_გათავისებაში ვლინდება. ხელისუფლების კორუმპირებული წევრები, სახელმწიფო ქონებას ხალხის დაუკითხავად პირად საკუთრებაში იღებენ;

6. ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა `მათხოვრულია” და მიმართულია უცხო ქვეყნებიდან ფინანსურ დახმარებათა თუ სესხების მოძიებისკენ. ხდება მოზიდული თანხების არამიზნობრივი ხარჯვა და კორუმპირებულ სახელმწიფო მოხელეთა მიერ მისი პირადი ინტერესებისათვის გამოყენება;

7. სახელმწიფოთა საშინაო პოლიტიკა მიმართულია ხალხის, ცალკეული ადამიანის პიროვნული ინიციატივისა და მიზანსწრაფულობის დათრგუნვისკენ, რისთვისაც აქტიურად გამოიყენება ეკონომიკური, სოციალური თუ ზემოქმედების სხვა ძალადობრივი ბერკეტები;

8. ხელისუფლებები მიზანმიმართულად აჩლუნგებენ ადამიანის თავისუფლებისმოყვარეობას; მიმდინარეობს ტრადიციათა განდევნა და დემოკრატიული აზროვნების ჩახშობა, რაც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს შეინარჩუნოს  სრული საზოგადოებრივი უკონტროლობის პირობები და ამდენად, ვითომ ხალხისთვის და სახელმწიფოსთვის ზრუნვას შეფარულებმა,  დაუსჯელად იღვაწონ პირადი მიზნებისა და ინტერესებისათვის.

9. გარეშე ძალთა მიზნებს დაქვემდებარებული მარიონეტული ჯგუფები, `პატრონების~  მიერ გათვლილი პროგრამების საფუძველზე, ხელისუფლების გადასანაწილებლად უშეღავათო ბრძოლაში ერთვებიან, რასაც ბუნებრივია, სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესები ეწირება.

10. მარიონეტული ხელისუფლებების პოლიტიკური კურსი სრულად ერგება `დამკვეთთა~ ინტერესებს, შესაბამისად დეგრადირებს ეკონომიკა, სასამართლო თუ საკანონმდებლო ინსტიტუციები, განათლება და მეცნიერება. გლობალური ინტერესები `დამოუკიდებელი სახელმწიფოებისგან~ დაქვემდებარებულ, კულტურულად `წაშლილ~, ადვილად სამართავ მარიონეტულ ქვეყნებს ქმნიან. პროცესის შედეგი.

ამ პროცესების ზეგავლენით პოსტსაბჭოთა სივრცე `დამოუკიდებელ სახელმწიფოებად~ დაიშალა, მათ შორის არის საქართველოც:

• არაბუნებრივად კორექტირებული საზღვრებით;

• ისტორიული საარსებო ტერიტორიიდან `ამოყრილი~ და შესაბამისად სოციალურად არაინტეგრირებული ეთნიკური ჯგუფებით და ხალხებით;

• ქვეყნებს შიგნით, ეთნიკურ თუ ტერიტორიულ ერთეულებს შორის ენობრივი და კულტურული შეუთავსებლობით და იდეოლოგიური დაპირისპირებებით;

• განადგურებული ეკონომიკით, დაქსაქსული, გამოუყენებელი, არარენტაბელური წარმოებით;

•  რაც მთავარია,  მმართველობის გარდამავალი, გაუკუღმართებული ფორმით, რომელიც უხვად არის გაჯერებული ავტორიტარიზმის ელემენტებით;

ხელისუფლებრივი პოზიცია მმართველობის გარდამავალი ფორმის პირობებში:

ა. ხელისუფლებას ხელს აძლევს და ამდენად ყველანაირად ცდილობს ხალხმა ვერ აღიქვას ის ფაქტი, რომ ხელისუფლების წყაროს ადამიანი წარმოადგენს;

ბ. ხელისუფლება ყველანაირად ხელს უწყობს მის მიმართ ხალხის `მონური~ დამოკიდებულების შენარჩუნებას;

გ. ხელისუფლება ყველანაირად ჩქმალავს იმ ფაქტს, რომ ადამიანს, ხალხს შეუძლია და უფლება აქვს, აკონტროლოს მის მიერვე არჩეული ხელისუფლება;

დ. მიმნდობი და არამაკონტროლებელი დამოკიდებულება რყვნის ხელისუფლებას და იმის აღქმას უკარგავს, რომ მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრიობის თვითმმართველობის აპარატს წარმოადგენს;

ე. ხელისუფლება, ხალხისმიერი უკონტროლობის პირობებში, თავის თავს უპირობო ძალაუფლების მფლობელად მიიჩნევს;

ვ. ხელისუფლება, რომელიც წყდება საზოგადოებრიობას, `თავისუფლდება~ ხალხის მიმართ აღებული ვალდებულებებისგან და ხალხს საკუთარი მიზნების მიღწევისათვის საჭირო საშუალებად მიიჩნევს.

ზ. ხდება სახელმწიფო ინტერესების საყოველთაო ჩანაცვლება ხელისუფალთა პირადი ინტერესებით;

თ. არჩევნების პერიოდში, ხელისუფლებისათვის ბრძოლის პროცესში, ბუნებრივი ხდება ამომრჩეველთა მოტყუება, მოსყიდვა, დაშინება და შედეგების გაყალბება;

ი. სახელმწიფო თვითკონტროლისა თუ საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმები იქმნება და ფინანსდება ხელისუფლების მიერ ან მასთან შეთანხმებით, ამდენად, ხელისუფლების ინტერესების დაცვისთვის მუშაობენ და არა ხალხისთვის; სახელმწიფო მოწყობისა და მმართველობის გარდამავალი, გაუკუღმართებული ფორმა, აპირობებს სახელისუფლებო კლანისადმი აღმასრულებელი, კანონმდებელი და სასამართლო შტოების სრულ დაქვემდებარებას და აქედან გამომდინარე, ქვეყანაში სამართლიანობის დეფიციტს, თავისუფალი აზრის და სიტყვის შეზღუდვას, ეკონომიკის არასტაბილურობას და არასწორ ეთნიკურ და ტერიტორიულ პოლიტიკას.

ეს თავის მხრივ, მოსახლეობის მუდმივი უკმაყოფილების და შესაბამისად სამოქალაქო ომების, რევოლუციების, ხელისუფლების ძალადობრივი ცვლადობის და სხვა უარყოფითი ფლუქტუაციების წინაპირობა ხდება. ასეთი ხელისუფლებრივი პოზიცია, მძიმე ზეგავლენას ახდენს ხალხზე, ბადებს ანტაგონიზმს ხელისუფლებასა და ხალხს შორის  და მათი ურთიერთდამოკიდებულების არასრულფასოვან წრეს კრავს _ ხალხია ხელისუფლების წყარო და თავის სამსახურში აყენებს ხელისუფლებას, მაგრამ იმის გამო, რომ ვერ ერკვევა დემოკრატიის ძირეულ პრინციპებში და ვერ იყენებს მის მაკონტროლებელ უფლებას, თავად ხდება საკუთარი მსახურის მონა.

 

III თავი. მმართველობის ფორმის რეორგანიზაცია. 

უპირველეს ყოვლისა, ჩვენთვის საინტერესოა სახელმწიფო მმართველობის ფორმის რეორგანიზაციის საკითხი,  რადგან მმართველობის ფორმაზეა დამოკიდებული როგორც ქვეყნის საზოგადოებრივი მდგომარეობა, ასევე ეკონომიკური სიძლიერე თუ ტერიტორიული მოწყობის საკითხისადმი მიმართება. აუცილებელია მმართველობის ფორმის რეორგანიზაციის ისეთი პროგრამის შემუშავება, რომელიც რეალობის გათვალისწინებით, გააადვილებდა დემოკრატიული,  კაპიტალისტური  სახელმწიფოს მშენებლობას. მმართველობის რეორგანიზაციის პროგრამა, მმართველობის ავტორიტარულიდან, დემოკრატიულ ფორმაზე გადასვლას გულისხმობს  და ხალხის, საზოგადოებრიობის დემოკრატიულად განათლების გზით მიიღწევა. ამდენად, საყოველთაო დემოკრატიზაციის პროგრამა, საზოგადოებრიობის თითოეულ წევრამდე დემოკრატიის ძირეულ პრინციპთა  დაყვანას, საზოგადოებრიობის დემოკრატიული თვითრეგულირების პროცესში ხალხის აქტიურ ჩართვას და ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრებას მოიაზრებს, რაც  სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას აჩქარებს. საყოველთაო დემოკრატიზაციის ეს გზა შემდეგნაირად გვესახება:

ა. საზოგადოებრიობის ცალკეული წევრისათვის, გათავისების მიზნით, დემოკრატიის ძირეული ნიშანთვისებების განმარტება;

 

ბ. საზოგადოებრიობის ცალკეული წევრისთვის უფლებათა, ძირითად თავისუფლებათა და ვალდებულებათა განსაზღვრა, კერძოდ:

• მოქალაქეს გააჩნია ფართო პოლიტიკური და სოციალური უფლებები;

• სახელისუფლებო ორგანოები არჩევითია და შესაბამისად პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია ხალხის წინაშე;

• ხელისუფლების მიზნები და მოქმედებები `გამჭვირვალე~ უნდა იყოს, მოქალაქეს კი გააჩნია ინფორმაციის კრიტიკის უფლება;

• ხალხს გააჩნია შეკრების, ორგანიზაციის, აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება;

• საზოგადოებრიობის ნებისმიერი წევრი სარგებლობს მატერიალური, სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული, აგრეთვე საპროცესო უფლებებით;

• საზოგადოებრიობის ნებისმიერი წევრი ვალდებულია დაიცვას საკუთარი უფლებები და ძირითადი თავისუფლებები, ასევე პატივი ცეს სხვათა უფლებებს და თავისუფლებებს;

• საზოგადოებრიობის ნებისმიერი წევრი ვალდებულია, შესაძლებლობათა ფარგლებში, იბრძოლოს სამართლიანობისთვის და საერთო კეთილდღეობისთვის;

გ. ხალხის, როგორც ხელისუფლების წყაროს თვითშეგნების ამაღლება, პიროვნული ღირსების რეანიმაცია და  ორგანიზება ეროვნული ღირსების დაცვის მიზნით;

დ. ხალხთან საგანმანათლებლო მუშაობა, დისკუსიების, პოლემიკების, მსჯელობების გამართვა და ამით საზოგადოებრიობაში დემოკრატიულად აზროვნების დანერგვა;

ე. ადამიანის, ხალხის ავტორიტარულ `ჩვევათა~ ტყვეობიდან გამოხსნა და ამით საზოგადოებრიობაში აქტიური მაკონტროლებელი პოზიციის წარმოშობა;

ვ. დემოკრატიის პირობებში, ხალხი, ადამიანის უფლებათა ორგანიზებული გამოყენების გზით იძენს ხელისუფლების მოქმედებათა მაკონტროლებელ უფლებას;

ზ. ორგანიზებულ საზოგადოებრიობაში, იმ გაგების მომწიფება,  რომ ხელისუფლების  დემოკრატიული კონტროლი ის რეალური ბერკეტია, რომლის მეშვეობითაც ხალხი თავად მონაწილეობს სახელმწიფოს მართვაში და იბრძვის თავისივე კეთილდღეობისათვის;

თ. ხელისუფლება განიცდის რა ხალხისმიერი კონტროლის ირიბ გავლენას, თანდათანობით დემოკრატიული ხდება და შესაბამისად,  პასუხისმგებლობით ეკიდება მასზე დაკისრებულ მოვალეობას;

ი. დემოკრატიულობის ხარისხის ზრდასთან ერთად, ხელისუფლებასა და ხალხს შორის მყარდება ურთიერთგაგებრივი, თანასწორი, ურთიერთპატივისცემასა და საერთო მიზნებისაკენ სწრაფვაზე ორიენტირებული თანამშრომლობა, რაც საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის განვითარებულ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების საფუძველს ქმნის; უნდა აღინიშნოს, რომ მმართველობის ფორმის რეორგანიზაციის ასეთი გზა, მისაღებია არა მარტო ჩვენი ქვეყნისათვის, არამედ მსოფლიოს იმ ქვეყნებისთვისაც, რომლებიც დღეს მსგავს მდგომარეობაში იმყოფებიან.

 

 IV თავი. დემოკრატიული თვითრეგულირების პრინციპი. 

1. ხალხი, ხელისუფლების წყარო, იყენებს რა დემოკრატიულ საარჩევნო უფლებას და აღიარებს უმრავლესობის ნებას, _ თვითმმართველობის სადავეებს გადასცემს ხელისუფლებას;

2. საზოგადოებრივი უმრავლესობის ნდობით აღჭურვილი ხელისუფლება, იბარებს და იყენებს სახელმწიფოს მართვის ყველა მექანიზმს და კონსტიტუციაზე დაყრდნობით, დემოკრატიულად წარმართავს ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას;

3. თავის მხრივ, საზოგადოებრივი უმრავლესობა იტოვებს ხელისუფლების მაკონტროლებელ უფლებას, რისთვისაც იყენებს:

ა) ინფორმაციის,

ბ) ხელისუფლების გადაწყვეტილებებში მონაწილეობის,

გ) ორგანიზაციის _ დემოკრატიულ უფლებებს;

4. საზოგადოებრივი უმრავლესობა, იტოვებს რა ხელისუფლების მაკონტროლებელ უფლებას, ადამიანის პოლიტიკურ და საპროცესო უფლებათა ერთობლივი გამოყენების გზით, თვითორგანიზდება ხელისუფლების მაკონტროლებელ  `პოლუსად”;

5. ხალხი, ხელისუფლებას ავალებს: ა) დაიცვას დემოკრატიის პრინციპები და ადამიანის უფლებები; ბ) იბრძოლოს საყოველთაო სამართლიანობისთვის; გ) საგარეო თუ საშინაო პოლიტიკა `ააგოს~ ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით; დ) განაპირობოს სახელმწიფოს სოციალური, ეკონომიკური და კულტურული აღმავლობა; ე) მიზნად დაისახოს სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობა; ვ) იღვაწოს, რათა სახელმწიფომ ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიო თანამეგობრობაში; თვითონ კი მაკონტროლებელი `პოლუსის~ სახით და ხელისუფლებაში `არაპირდაპირი~ მონაწილეობის გზით, მხარს უმაგრებს და ეხმარება ხელისუფლებას ამ დავალებათა აღსრულებაში;

6. საზოგადოებრივი მაკონტროლებელი `პოლუსი~, ხელისუფლების დემოკრატიული თუ პოლიტიკური `ქცევის~ შესაბამისად, ირჩევს მუშაობის _ `პასიურ” ან `აქტიურ” რეჟიმს, რაშიც დინამიურად იყენებს უშუალო დემოკრატიის მექანიზმებს; ა. `პასიური~ რეჟიმი -ხელისუფლებით, მისი დემოკრატიულობით და პოლიტიკური კურსით კმაყოფილი ხალხის მიერ, ხელისუფლების მიმართ კონტროლის მაქსიმალური შესუსტებაა, ანუ  _ სრული ნდობა. ბ. `აქტიური” რეჟიმი _ ხელისუფლებით, მისი `ქცევით~ უკმაყოფილო ხალხის მიერ, ხელისუფლების მიმართ კონტროლის მაქსიმალურად გამკაცრება და `უნდობლობის ვოტუმის” შესაძლო გამოცხადებაა.

7. ამრიგად, ერთის მხრივ, საზოგადოებრივი უმრავლესობა ირჩევს ხელისუფლებას და სახელმწიფოს მართვის სადავეებს გადასცემს მას, მეორეს მხრივ კი, შესაბამის უფლებათა `შეჯამების~ საფუძველზე, თვითორგანიზდება და ქმნის ხელისუფლების მაკონტროლებელ `პოლუსს~, რომელიც `პასიურ~ ან `აქტიურ~ რეჟიმში მუშაობით და უშუალო დემოკრატიის მექანიზმების გამოყენებით, აკონტროლებს ხელისუფლების მოქმედებებს და ამით, `არაპირდაპირი~ გზით მონაწილეობს სახელმწიფოს მმართველობაში. მიიღება საზოგადოებრივი თვითმმართველობის სრულყოფილი მექანიზმი, სადაც ხელისუფლება ახორციელებს  სახელმწიფოს `პირდაპირ~  მმართველობას, ხალხი კი, მმართველობაში `არაპირდაპირი~ მონაწილეობის გზით, ავსებს, აბალანსებს და სრულყოფილს ხდის ამ მექანიზმის მუშაობას. ეს პრინციპი, ემსახურება  ქვეყნის ინტერესებს, აპირობებს სახელმწიფოს რეალურ დემოკრატიულობასა და მის საზოგადოებრივ _ეკონომიკურ აღმავლობას.

  

პრაქტიკული ნაწილი. საზოგადოებრიობის დემოკრატიული თვითრეგულირების სქემა. სახელმწიფოს და ხალხისშესახებ.

 

1. ხალხი ფლობს ტერიტორიას და ბუნებრივ სიმდიდრეს;

2. ხალხი შრომობს და ქმნის;

3. ხალხი იბრძვის და იცავს;

4. ხალხი თვითორგანიზდება და მართავს თავის თავს;

5. ადამიანს გააჩნია უფლებები და ძირითადი თავისუფლებები;

6. ხალხია ხელისუფლების წყარო და ირჩევს ხელისუფლებას;

7. ხალხს აქვს უფლება აკონტროლოს არჩეული ხელისუფლება;

8. ხალხს აქვს უფლება უკან გამოითხოვოს მინიჭებული ხელისუფლება;

9. ხელისუფლება ხალხს მსახურებს და სახელმწიფო ხალხს ეკუთვნის;

 

სახელმწიფოში უმთავრესი _ ხალხია! რადგან ხალხია ხელისუფლების წყარო, ხელისუფლება მუდამ ანგარიშვალდებულია მის წინაშე. ხელისუფლება, რომელიც გრძნობს და აღიარებს ხალხის წინაშე მუდმივ  ანგარიშვალდებულებას, _ არასდროს უღალატებს დემოკრატიის პრინციპებს, მაგრამ როდესაც, სახელმწიფოში იგნორირებულია წარმომადგენლობითი დემოკრატიის ღირებულებები, აუცილებელია ამოქმედდეს უშუალო დემოკრატია _ საზოგადოებრივი თვითრეგულირების გამოცდილი მექანიზმი.

 

 უშუალო დემოკრატიის მექანიზმები.

  ა. ხალხის, საზოგადოებრიობის ხელისუფლებისადმი მთავარ დაკვეთას, ჭეშმარიტად სამართლიანი და დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობა წარმოადგენს, რაც შესაძლებელია მხოლოდ ხელისუფლების აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო განშტოებათა ფუნქციური ურთიერთგამიჯვნის და რეალური დამოუკიდებლობის პირობებში.

ბ. საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს, რომ მის მიერ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება ხალხის ინტერესებს ემსახურებოდეს და აღასრულებდეს მის ნებას, ანუ:

• პატივს ცემდეს დემოკრატიის პრინციპებს და სახელმწიფოში სამართლიანობას ამკვიდრებდეს;

• ძალისხმევას არ იშურებდეს კულტურულად და ეკონომიკურად დამოუკიდებელი, ძლიერი სახელმწიფოს ჩამოსაყალიბებლად;

• წინ მიუძღოდეს ქვეყანას მსოფლიო თანამეგობრობაში ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად.

გ. მაგრამ, როდესაც მიზეზთა გამო, ხალხსა და ხელისუფლებას შორის უნდობლობა, გაუცხოება თუ დაპირისპირება ისადგურებს, სოციალური რყევები უარყოფითად აისახება ქვეყნის დემოკრატიულობის მაჩვენებელზე, განვითარების გეზზე და შესაძლოა ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხშიც შეიყვანონ.

დ. სისტემურ კრიზისთან ბრძოლაში ხალხის დროული და უშუალო ჩართვა, მისი პოტენციალის ორგანიზება, მობილიზება და სწორად წარმართვა, ერთადერთი გამოსავალია შექმნილი ვითარებიდან და საბოლოოდ, ქვეყანაში სტაბილურობის, მშვიდობის, კეთილდღეობის და სამართლიანობის დამკვიდრებას ემსახურება.

ე. სახალხო პოტენციალის ორგანიზება, მობილიზება და სწორად წარმართვა უშუალო დემოკრატიის გამოვლინებაა და სათანადო მექანიზმების ამუშავებას მოითხოვს;

ვ. უშუალო დემოკრატიის მექანიზმების ამუშავება შეუძლებელია წარსული გამოცდილების გაანალიზების, ქვეყანაში არსებული სისტემური კრიზისის მიზეზების კვლევის, მოქმედებათა სწორი დაგეგმვის და  სერიოზული მუშაობის გარეშე;

ზ. აღნიშნული მიზნების განსახორციელებლად, საჭიროა შეიქმნას ხელმძღვანელი _ ანალიტიკური და ქმედითი ორგანო `საზოგადოებრივი საბჭო~, რომელიც გეგმავს და წარმართავს საზოგადოებრიობის დემოკრატიული თვითრეგულირების ყველა პროცესს;

თ. `საზოგადოებრივი საბჭო~ საზოგადოებრიობის, არასამთავრობო და პოლიტიკურ ორგანიზაციათა უფლებამოსილ წარმომადგენელთაგან შედგება,   ხალხთან   დგას და მისი დაკვეთის შესმენას, მისი ნების აღსრულებას ისახავს მიზნად.

ი.  არასამთავრობო და პოლიტიკურ ორგანიზაციათა მონაწილეობა `საზოგადოებრივ საბჭოს~ ფორმირების პროცესში, აუცილებელია, რადგან ისინი საზოგადოებრივი მხარდაჭერით სარგებლობენ და გააჩნიათ სახალხო ნდობის მანდატი.

კ. `საზოგადოებრივი საბჭო~ ფილოსოფოსების, ფსიქოლოგების, სოციოლოგების, პოლიტოლოგების და იურისტების მონაწილეობით, ქმნის საკონსულტაციო, ანალიტიკურ და საპროგრამო ორგანოს, რომელსაც ევალება: • ქვეყანაში პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, ეთნიკური და კულტურული რეალობის ანალიზი; • მსოფლიოში მიმდინარე პროცესთა გათვალისწინებით, ქვეყნის განვითარების სწორი გეზის დაგეგმვა;

ლ. `საზოგადოებრივ საბჭოსთან~ განსაკუთრებული ორგანოს სტატუსით იქმნება `სახალხო სასამართლო~, პროფესიული, მუდმივმოქმედი ინსტიტუცია, რომელსაც ხალხის ინტერესების დაცვა და საზოგადოებრიობისათვის სამართლიანობის შეგრძნების დაბრუნება ევალება;

მ. `საზოგადოებრივი საბჭოს~ მიზანს შეადგენს ხალხის, საზოგადოებრიობის დემოკრატიზაციულ პროცესებში აქტიური მონაწილეობისთვის წინასწარი შემზადება, გეგმის ჩამოყალიბება, ფინანსების მოძიება  და უშუალო დემოკრატიის საშუალებათა გამოყენება;

ნ. `საზოგადოებრივი საბჭოს”   ძირითადი  პროგრამული ეტაპებია:

• `სახალხო ფონდის~  შექმნა და უშუალო დემოკრატიის განხორციელებისათვის ფინანსური საშუალებების მოზიდვა;

• `სახალხო სასამართლოს~ მეშვეობით არადემოკრატიული ხელისუფლების გასამართლება;

• `სახალხო სასამართლოს~ მიერ ხელისუფლებისათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, `უნდობლობის ვოტუმის~  შემუშავება.

• სახალხო პოტენციალის წარმმართველი ორგანოს _ `სახალხო საბჭოს~ ჩამოყალიბება, საზოგადოებრიობის ღირსეულ და თვალსაჩინო წარმომადგენელთაგან;

• `სახალხო კრების~ მოწვევა და `უნდობლობის ვოტუმის~ წარდგენა რატიფიცირების მიზნით;

• ქვეყნის მასშტაბით `სახალხო მოძრაობის~ წამოწყება და `უნდობლობის ვოტუმის~ რატიფიცირების პროცესის განხორციელება;

• `სახალხო მოძრაობის~ მთავარ მიზანს, ხალხის დემოკრატიული თვითორგანიზება, ანუ მაკონტროლებელი `პოლუსის~ წარმოქმნა წარმოადგენს; ო. უშუალო დემოკრატიის მექანიზმი _ `სახალხო სასამართლო~ სახალხო პოტენციალის მაინიციირებელი საშუალებაა. 1.  `სახალხო სასამართლოს~ სტრუქტურა:

• `სახალხო სასამართლო~ პროფესიული მუდმივმოქმედი ინსტიტუციაა, რომელიც ხალხს ხელისუფლების ქმედებათა კონტროლის საშუალებას აძლევს და  ემსახურება მიზანს _ არ  დაუშვას მისი გადაცდენა დემოკრატიულად განვითარების გზიდან;

• `სახალხო სასამართლოს~ საქმიანობაში განსაკუთრებული უფლებამოსილებით სარგებლობს `სახალხო მოსამართლე~, რომელიც ფაქტიურად წარმართავს სასამართლოს მუშაობას;

• `სახალხო მოსამართლის~ დამხმარე ორგანოა `მოსამართლის საბჭო~, რომელიც პროფესიონალური კომპეტენტურობის და კვალიფიციურობის ნიშნით დაკომპლექტდება და დაეხმარება მას სამართლებრივად უზადო გახადოს სასამართლოს მუშაობა;

• `სახალხო ბრალმდებელი~ სასამართლო პროცესზე ბრალდებას განახორციელებს პირადად ან კონკრეტულ საქმეთა შესაბამისად, მაღალი კომპეტენციის მქონე ბრალმდებლის მეშვეობით;

• აღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო ბრალმდებელთან შეიქმნება გამოცდილების და კვალიფიციურობის ნიშნით დაკომპლექტებული `ბრალმდებელთა კოლეგია~;

• საქმეთა გამოსაძიებლად, მტკიცებულებათა და სხვა ფაქტობრივ მასალათა  მოსაპოვებლად შეიქმნება `სახალხო  სასამართლოს~ საგამოძიებო ნაწილი;

• პროცესში `ხალხი ხელისუფლების წინააღმდეგ~, დაცვის მხარის პრიორიტეტი მიენიჭება ხელისუფლებას, შეთავაზების იგნორირების შემთხვევაში, `სახალხო სასამართლო~ დაცვის განსახორციელებლად, კონკურსის წესით შეარჩევს კვალიფიციურ და კომპეტენტურ `სახალხო ადვოკატს~;

• `სახალხო სასამართლოს~ სახალხოობის ხარისხის ასამაღლებლად და იმისათვის, რომ ეჭვქვეშ არ დადგეს განაჩენის ობიექტურობა, საზოგადოებისთვის სანდო, პატივცემული და ღირსეული ადამიანების შემადგენლობით ჩამოყალიბდება `სახალხო მსაჯულთა კოლეგია~;

 

 2.  `სახალხო სასამართლოს” ფუნქცია: 

• `სახალხო სასამართლო~, მუშაობს წესდების საფუძველზე და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით;

• `სახალხო სასამართლო~, არსებული სახელმწიფო სასამართლო სისტემისაგან განსხვავებით, დამოუკიდებელი იქნება და პირუთვნელად დაიცავს საზოგადოებრივ ინტერესებს;

• განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც ხელისუფლება ღალატობს დემოკრატიის პრინციპებს, ხელყოფს ეროვნულ ფასეულობებს და ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფოში სამართლიანობის დამკვიდრებას, `სახალხო სასამართლო~ საზოგადოებრიობის ინტერესების დაცვის მიზნით გადადის მუშაობის `განსაკუთრებულ~ ფორმატზე და ახორციელებს პროცესის _ `ხალხი ხელისუფლების წინააღმდეგ~ წამოწყებას

; • `სახალხო სასამართლო~,  `ხალხი ხელისუფლების წინააღმდეგ~ პროცესის ფორმატში, იმუშავებს ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე ჩადენილ დანაშაულებებზე

; • `სახალხო სასამართლო~ მოახდენს ხელისუფლების სამართალდარღვევათა გამოვლენას, სისტემატიზაციას და დადგენილ უსამართლობათა და დანაშაულთა საზოგადოებრივ სამსჯავროზე გამოტანას.

• საქმეთა შერჩევა მოხდება `ხასიათის~ და `სიმძიმის~ მიხედვით, განხორციელდება მოკვლევა და ჩატარდება გამოძიება შერჩეულ საქმეთა ფარგლებში;

• დროითი რესურსის დაზოგვის მიზნით, მოხდება საქმეთა გაერთიანება `ხასიათის~ მიხედვით;

• სასამართლო პროცესის ობიექტურობის ხარისხის შეფასებისათვის, მოწვეულ იქნებიან საერთაშორისო დამკვირვებლები და უზრუნველყოფილი იქნება პროცესის საჯაროობა;

• პროცესის _ `ხალხი ხელისუფლების წინააღმდეგ”  დასრულების შემდგომ, `სახალხო სასამართლო~, საქმიანობის `ბუნებრივ” კალაპოტს უბრუნდება და მოსახლეობის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სამართლებრივ დაცვას აგრძელებს;

პ. იქმნება `სახალხო საბჭო”, რომელიც მოქმედებს `საზოგადოებრივი საბჭოს~ ხელმძღვანელობით და სახალხო პოტენციალის მმართველი ორგანოა;

ჟ. `სახალხო საბჭო”, თავის შემადგენლობაში აფუძნებს საკონსულტაციო ორგანოს _ `ეროვნულ დარბაზს”, რომელშიც ერთიანდებიან ღვაწლმოსილი და პატივცემული `ერის კაცები” _ კულტურის და მეცნიერების ამაგდარი წარმომადგენლები;

 

 1. `სახალხო საბჭოს” სტრუქტურა: 

• `სახალხო საბჭო~ წარმომადგენლობითი ორგანოა და შედგება საზოგადოებრიობის ცნობილი, ღირსეული და პატივცემული წარმომადგენლებისგან;

• იქმნება `სახალხო საბჭოს~ ცენტრალური წარმომადგენლობა;

• ფორმირდება `სახალხო საბჭოს~ რეგიონული და რაიონული წარმომადგენლობები;

• `სახალხო საბჭოს~ ცენტრალური წარმომადგენლობა ხელმძღვანელობს და წარმართავს რეგიონულ წარმომადგელობათა, ხოლო რეგიონული წარმომადგენლობა _ რაიონულ წარმომადგენლობათა მუშაობას;

• რაიონული წარმომადგენლობები, თავისი შემადგენლობიდან ირჩევენ და რეგიონულ წარმომადგენლობაში წარადგენენ ღირსეულ და პატივცემულ წევრებს, ასეთივე წესით, რეგიონული წარმომადგენლობები, `მონაწილეობენ~ ცენტრალურ წარმომადგენლობაში; • რაიონული და რეგიონული წარმომადგენლობები დაგეგმილი პერიოდულობით ახდენენ წარდგენილ წევრთა როტაციას;

 

 2. `სახალხო საბჭოს” ფუნქცია:

• `სახალხო საბჭოს~ ცენტრალური წარმომადგენლობა, რეგიონული და რაიონული წარმომადგენლობების მეშვეობით, უზრუნველყოფს საერთო `სახალხო კრების”  მოწვევას;

• `სახალხო საბჭოს~ ცენტრალური წარმომადგენლობა, რეგიონული და რაიონული წარმომადგენლობების მეშვეობით, ახორციელებს რეგიონული და რაიონული `სახალხო კრებების~  მოწვევას;

• `სახალხო საბჭოს~ ცენტრალური წარმომადგენლობა, რეგიონული და რაიონული წარმომადგენლობების მეშვეობით, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური თუ კულტურული პროცესების შესახებ ნებისმიერ საჭირო და საინტერესო ინფორმაციას დროულად და ობიექტურად აწვდის მოსახლეობას;

• რაიონებსა და სოფლებში არსებული საჭირბოროტო პრობლემების შესახებ ინფორმაცია იკრიბება რაიონული და რეგიონული წარმომადგენლობების მიერ;

• რაიონული და რეგინული წარმომადგენლობები ადგილზე, პირველადი რეაგირების პარალელურად, რჩევისა და დახმარებისათვის მიმართავენ `სახალხო საბჭოს~ ცენტრალურ წარმომადგენლობას;

• ინფორმაცია, რომელიც მოიცავს ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან, მოსახლეობის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დარღვევის – მორალური თუ ფიზიკური შეურაცხყოფის, ძალადობის, საკუთრების ხელყოფისა და სხვა მნიშვნელოვან დანაშაულთა შესახებ ფაქტებს, შეისწავლება `სახალხო საბჭოს~ ცენტრალური წარმომადგენლობის მიერ;

• `სახალხო საბჭოს~ ცენტრალური წარმომადგენლობა `საზოგადოებრივი საბჭოს~ დახმარებით, ცდილობს სახელისუფლებო ორგანოები აიძულოს სასწრაფოდ გადაჭრან აღნიშნული პრობლემები; რ. უშუალო დემოკრატიის მექანიზმი _ `სახალხო კრება~ სახალხო პოტენციალის მობილიზების საშუალებაა: ს. `სახალხო კრება~ არასტრუქტურირებულია და მისი მოწვევა იგეგმება და ხორციელდება `საზოგადოებრივი საბჭოს~ მიერ, `სახალხო საბჭოს~ ცენტრალური, რეგიონული და რაიონული წარმომადგენლობების მეშვეობით;

• `საერთო სახალხო კრების~ მოწვევას რეგიონული და რაიონული წარმომადგენლობების მეშვეობით, ახორციელებს `სახალხო საბჭოს~ ცენტრალური წარმომადგენლობა;

• `სახალხო საბჭოს~ ღირსეული და პატივცემული წარმომადგენლები, ამავდროულად ხელმძღვანელობენ რეგიონებსა და რაიონებში მხარდამჭერთა მოძიებას და მათი დახმარებით ადგილებზე სახალხო პოტენციალის მობილიზებას;

• უდიდესი ყურადღება ექცევა `საერთო სახალხო კრების~ მოწვევის `მიზეზის~ სწორად ფორმულირებას და ხალხისადმი მიმართვაში მის ჯეროვნად წარმოჩენას;

• `საერთო სახალხო კრების~ მოწვევის `მიზეზს~ ხელისუფლების არადემოკრატიულობის, მოღალატეობის, დამნაშავეობის, `გაყიდულობის~ დასაბუთებული და სამართლებრივად დამტკიცებული დოკუმენტი წარმოადგენს; • `საერთო სახალხო კრების~ მაპროვოცირებელ `მიზეზს~ ასევე წარმოადგენს დასაბუთება, რომ ხელისუფლების არასწორმა მოქმედებებმა საფრთხის წინაშე დააყენა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა, პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა, თუ ერის კულტურული და სულიერი  მონაპოვარი;

• `სახალხო საბჭოსთვის~, `სახალხო სასამართლოს~ მიერ გამოტანილ სამართლებრივად უზადო განაჩენს, სახალხო კრების მოწვევის `მთავარი მიზეზის~ სტატუსი ენიჭება;

• სტაბილური პერიოდულობით, `საზოგადოებრივი საბჭოს~ მიერ `სახალხო საბჭოს~ მეშვეობით მოიწვევა `საერთო სახალხო კრება~, რომელიც შეაჯამებს მიღებულ შედეგებს და დასახავს სამომავლო გეგმებს;

ტ. უშუალო დემოკრატიის  მექანიზმი _ `სახალხო მოძრაობა~, სახალხო პოტენციალის  დინამიზირების საშუალებაა და ემსახურება საზოგადოებრიობის დემოკრატიულად და სამართლებრივად განათლებას.

უ. `სახალხო მოძრაობა~ არასტრუქტურირებულია და მისი როგორც პროცესის წამოწყებასა და წარმართვას ახორციელებს `საზოგადოებრივი საბჭო~ `სახალხო საბჭოს~ ცენტრალურ, რეგიონულ და რაიონულ წარმომადგენლობათა მეშვეობით;

ფ. `სახალხო მოძრაობის~, როგორც პროცესის წამოწყება და განვითარება შემდეგნაირად გვესახება:

• `სახალხო სასამართლოს~ განაჩენი წარედგინება `სახალხო კრებას~ და ხორციელდება მისი რატიფიცირება;

• გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, `სახალხო საბჭოს~, კრებაზე შემოაქვს წინადადება განხორციელდეს მინიჭებული ხელისუფლების გამოთხოვის პროცესი;

• `სახალხო კრება~ ღიად უყრის კენჭს შემოტანილ წინადადებას და უმრავლესობის მხარდაჭერის შემთხვევაში, კრებას წარედგინება `უნდობლობის ვოტუმის~ ტექსტი;

• კრებას შესწორებები შეაქვს `უნდობლობის ვოტუმის~ ტექსტში და ღიად კენჭს უყრის მის განხორციელებას;

• `სახალხო საბჭო~ განუმარტავს კრებას, რომ `უნდობლობის ვოტუმი~ მოქმედებას იწყებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს მას;

• შესაბამისად, აუცილებელი ხდება `სახალხო მოძრაობის~ წამოწყება და `უნდობლობის ვოტუმის~ ამოქმედებისათვის საკმარისი ხელმოწერების შეგროვება;

• იწყება ხელმოწერათა შეგროვების სახალხო პროცესი;

• `სახალხო საბჭოს”  წარმომადგენლები, უშუალოდ ხელმძღვანელობენ `სახალხო მოძრაობას”, ხვდებიან რეგიონებისა და რაიონების მოსახლეობას და ორგანიზებას უწევენ ადგილობრივ `სახალხო კრებებს~;

• ადგილობრივ `სახალხო კრებებზე”, `სახალხო საბჭოს” წარმომადგენლები მოსახლეობას აცნობენ `სახალხო სასამართლოს~ განაჩენს, განუმარტავენ დემოკრატიის ძირეულ პრინციპებს და მოუწოდებენ შეუერთდნენ `უნდობლობის ვოტუმის~ მხარდამჭერებს;

• `სახალხო საბჭოს” წარმომადგენლები მოუწოდებენ ხალხს აქტიურად ჩაერთონ დემოკრატიული თვითრეგულირების პროცესებში და ხელი შეუწყონ სახელწიფოში სამართლიანობის დამყარებას;

• `უნდობლობის ვოტუმზე~ აუცილებელი რაოდენობის ხელმოწერათა შეგროვების შემდეგ, `სახალხო საბჭო~ იწვევს `საერთო სახალხო კრებას~ და აბარებს მას ანგარიშს `უნდობლობის ვოტუმთან~ დაკავშირებით.

 . იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება 

ა) არ რეაგირებს დემოკრატიული თვითრეგულირების პროცესზე,

ბ) არ აწარმოებს დიალოგს, ან

გ) წინააღმდეგობას უწევს ხალხის ნებას, `საერთო სახალხო კრება~ იწყებს `უნდობლობის ვოტუმის~  გამოყენებას.

• რატიფიცირებული `უნდობლობის ვოტუმი~, სათანადო წერილთან ერთად ეგზავნება მსოფლიოს დემოკრატიულად განვითარებული ქვეყნების ხელისუფლებებს, წინასწარ წარმოებს საერთაშორისო Pღ კამპანია;

• წერილი უნდა წარმოადგენდეს ქართველი ხალხის მოწოდებას, რომ  აღნიშნულმა ქვეყნებმა პოლიტიკური ზეგავლენა მოახდინონ საქართველოს ნდობადაკარგულ და უფლებააყრილ ხელისუფლებაზე, რათა ძალადობის გარეშე მოხდეს ხალხის ნების აღსრულება.

• პარალელურად, `სახალხო კრება~ მუშაობს ხალხის ნების აღსრულების სხვა თავსებად გზებზეც, მაგალითად, საერთო სახალხო დაუმორჩილებლობაზე. ღ. მაკონტროლებელი `სახალხო პოლუსის~ ფორმირება `საერთო სახალხო მოძრაობის~ პროცესში ხორციელდება და მიიღწევა საზოგადოებრიობის მუდმივი დემოკრატიული განათლებით, რაც გულისხმობს, რომ მისი თვითოეულ წევრს გათავისებული აქვს დემოკრატიის შემდეგი ძირეული პრინციპები:

• სახელმწიფო ხალხისთვის არსებობს

; • ნებისმიერ ადამიანს გააჩნია დემოკრატიული, საყოველთაოდ აღიარებული უფლებები და თავისუფლებები;

• ხალხია ხელისუფლების წყარო და ხელისუფლება მუდმივად ანგარიშვალდებულია ხალხის წინაშე;

• ხალხს გააჩნია როგორც ხელისუფლების მინიჭების, ასევე უკან გამოთხოვის უფლება;

• იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება ხალხის ნდობას ბოროტად იყენებს, ხალხი ვალდებულია უკან გამოითხოვოს სახელისუფლებო რწმუნება;

ყ. `სახალხო მოძრაობის” მონაწილე, დემოკრატიულად მოაზროვნე, განათლებული ხალხი, მომზადებულია  მიზანსწრაფულად და ცივილურად გამოიყენოს უშუალო დემოკრატიის საშუალებები, დაიცვას  კუთვნილი უფლება_თავისუფლებები, აკონტროლოს სახელმწიფოში სამართლიანობის ხარისხი და განახორციელოს მუდმივი ზედამხედველობა ხელისუფლების ქმედებებზე; შ. დემოკრატიული განათლება ხალხს საშუალებას აძლევს თვითორგანიზდეს ე.წ. `სახალხო პოლუსად~, რომლის მიზანია, _ ხელისუფლებაში არაპირდაპირი მონაწილეობის გზით იბრძოლოს ქვეყნის:

1) რეალურად დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისათვის;

2)  სოციალური, ეკონომიკური და კულტურული აღმავლობისათვის; 3) ხელისუფლებრივი საშინაო და საგარეო პოლიტიკის ეროვნულობისათვის;

ჩ.  `სახალხო პოლუსი” მუშაობს დაგეგმილად და ცივილურად მშვიდობიანი პოლიტიკური საშუალებების გამოყენების გზით, რაც სახელმწიფოში სამოქალაქო საზოგადოების სწრაფ ჩამოყალიბებას უწყობს ხელს; ც. დემოკრატიულად მოაზროვნე საზოგადოებრიობა, რომელიც ხელისუფლების მაკონტროლებელ `სახალხო პოლუსად~ თვითორგანიზდა,  იყენებს უშუალო დემოკრატიის მექანიზმებს _ `სახალხო სასამართლოს~, `სახალხო კრებას”, და სახალხო მოძრაობას~, რომელთა საშუალებითაც არეგულირებს ხელისუფლების ქმედებებს;

1. `სახალხო პოლუსის~ სტრუქტურა:

• `სახალხო პოლუსის~ ხელმძღვანელი ორგანოა `საზოგადოებრივი საბჭო~, რომელიც ახორციელებს ხელისუფლების მოქმედებებზე დაკვირვებას, საზოგადოებრიობაში მიმდინარე პროცესების ანალიზს, პოლიტიკურ გეგმარებას და მუდმივმოქმედ რეჟიმში ხელმძღვანელობს საზოგადოებრიობის დემოკრატიული თვითრეგულირების ყველა პროცესს;

• `სახალხო პოლუსის~ მმართველი ორგანოა `სახალხო საბჭო~, რომელიც `საზოგადოებრივი საბჭოს~ ხელმძღვანელობით მუდმივმოქმედ რეჟიმში არეგულირებს საზოგადოებრიობის ცივილურ მაკონტროლებელ ქმედებებს;

• `სახალხო საბჭო~ ცენტრალური, რეგიონული და რაიონული წარმომადგელობების მეშვეობით წარმართავს სახალხო პროცესებს და მუდმივმოქმედ რეჟიმში მუშაობს მოსახლეობასთან;

 

2.  `სახალხო პოლუსის~ ფუნქცია:

• ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ თუ კულტურული პროცესების შესახებ ნებისმიერ აუცილებელ და საინტერესო ინფორმაციას, `სახალხო საბჭოს~ ცენტრალურ წარმომადგენლობა, რეგიონული და რაიონული წარმომადგელობების მეშვეობით, დროულად და ობიექტურად აწვდის მოსახლეობას;

• რაიონებსა და სოფლებში არსებული მდგომარეობისა და პრობლემების შესახებ, ინფორმაცია იკრიბება რაიონულ და რეგიონულ წარმომადგელობებში და დროულად მიეწოდება `სახალხო საბჭოს~ ცენტრალურ წარმომადგენლობას;

• `სახალხო საბჭოს~ ცენტრალურ წარმომადგენლობაში შესული ფაქტობრივი ინფორმაცია, ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან მოსახლეობის პიროვნულ უფლება_თავისუფლებათა დარღვევის, მორალური თუ ფიზიკური შეურაცხყოფის და ზეწოლის, საკუთრების ხელყოფისა თუ სხვა მნიშვნელოვან დანაშაულთა შესახებ, შეისწავლება, ანალიზდება და მუშავდება `საზოგადოებრივი საბჭოს~ მიერ, დროული და გამართლებული რეაგირების გზების დასახვის მიზნით;

• `საზოგადოებრივი საბჭოს” ხელმძღვანელობით, `სახალხო საბჭოს” ცენტრალური წარმომადგენლობა ცდილობს:

ა) ხელისუფლებასთან დიალოგის მეშვეობით გამონახოს გამოსავალი და გეგმაზომიერად მოაგვაროს უთანხმოება;

ბ) დემოკრატიულ საშუალებათა გამოყენებით, მოახდინოს ზემოქმედება და აიძულოს ხელისუფლება სასწრაფოდ გადაჭრას პრობლემები;

• თუ ხელისუფლება გაურბის პასუხისმგებლობას ან უარს ამბობს  დაემორჩილოს ხალხის ნებას, `სახალხო საბჭოს” ცენტრალური, რეგიონული და რაიონული წარმომადგენლობები საპასუხო რეაგირების მოსახდენად, იწვევენ რაიონულ, რეგიონულ თუ საერთო `სახალხო კრებებს”;

• თუ  რომელიმე კონკრეტულ რაიონში არსებულ სერიოზულ პრობლემას  ხელისუფლება ჯეროვან ყურადღებას არ უთმობს, აუცილებელია, რომ ამ რეგიონის ყველა რაიონში `სახალხო კრებები” ერთდროულად იქნეს მოწვეული, უკიდურეს შემთხვევაში მოიწვევა რეგიონული `სახალხო კრება”;

• თუ საკითხის გადაჭრა ვერ ხერხდება კონკრეტული რეგიონის ძალებით, აქტივობაში ყველა რეგიონი ერთად ერთვება, ანუ ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად მოიწვევა რეგიონული `სახალხო კრებები”;

• ერთდროული და ერთობლივი რაიონული ან რეგიონული `სახალხო კრებების~ მოწვევა, ქმედითი საშუალებაა ხელისუფლებაზე საჭირო ზემოქმედების მოსახდენად;

• `საერთო სახალხო კრება” მოიწვევა სახელწიფო დონის ისეთი საკითხების შესაჯერებლად, როგორიცაა:

ა) კონკრეტული საზოგადოებრივ_ეკონომიკური თუ პოლიტიკური პროცესების  მისაღებობა; ბ) ტერიტორიულ, სამართლებრივ და სამშვიდობო  პრობლემათა მიმართ  პოზიცირება; გ) ხელისუფლების მიმართ საზოგადოებრივი კონტროლის `გამკაცრებისა~ თუ `შერბილების~ აუცილებლობა; და ა.შ

• სახელმწიფოში,  ხელისუფლების მიმართ ხალხის სრული ნდობის პირობებში, `სახალხო პოლუსი~ არბილებს მაკონტროლებელ ფუნქციას და მოქმედების `პასიურ~ რეჟიმს ირჩევს;

• მოქმედების `პასიური~ რეჟიმი ხასიათდება რაიონული, რეგიონული თუ საერთო `სახალხო კრებების~ მოწვევათა სიხშირის კლებით, ანუ `სახალხო საბჭო~ მინიმალური ინტენსივობით აგრძელებს მათ გეგმაზომიერ, რეგულარულ მოწვევას;

• რეგიონებსა და რაიონებში ჩატარებული მუშაობის შესახებ `სახალხო საბჭო” ხალხს ანგარიშს აბარებს რეგიონულ და რაიონულ `სახალხო კრებებზე”, რომელთა მოწვევა ადგილებზე, სტაბილური პერიოდულობით გრძელდება;

• `სახალხო საბჭო” ასევე სტაბილური პერიოდულობით იწვევს `საერთო სახალხო კრებას~, რომელზეც რეგულარულად აჯამებს ეტაპობრივ შედეგებს და სახავს სამომავლო გეგმებს;

ძ. იქმნება საზოგადოებრივი თვითმმართველობის სრულყოფილი მექანიზმი, რომელიც ემსახურება რა ქვეყნის ინტერესებს, აპირობებს სახელმწიფოს მმართველობის რეალურ დემოკრატიულობას და მის საზოგადოებრივ _ ეკონომიკურ აღმავლობას.

 

 დასკვნა. `

სახალხო პოლუსის” ფორმირებით იკვრება საზოგადოების დემოკრატიული თვითრეგულირების `სქემა”, ანუ: ერთის მხრივ, საზოგადოებრივი უმრავლესობა ირჩევს ხელისუფლებას და პირდაპირი მართვის სადავეებს გადასცემს მას, მეორეს მხრივ კი, თვითორგანიზდება და ქმნის მის მაკონტროლებელ `სახალხო პოლუსს”, რომელიც უშუალო დემოკრატიის მექანიზმების `სახალხო სასამართლოს”, `სახალხო კრების~ და `სახალხო მოძრაობის~ გამოყენებით, `აქტიურ~ ან `პასიურ~ რეჟიმში მოქმედებს და მმართველობაში არაპირდაპირი მონაწილეობის გზით არეგულირებს ხელისუფლების ქმედებებს. ამდენად, ხალხი მუდმივად არის ჩართული სახელმწიფოს თვითმმართველობის პროცესში, ხელისუფლებასთან ერთად პასუხისმგებლობით ეკიდება დაკისრებულ საზოგადოებრივ უფლება_მოვალეობებს და თვითონვე აშენებს საკუთარ მომავალს.

 

შიო არსენაშვილი, ლიკა ოთარაშვილი

თავისუფლების და მშვიდობის ფონდი თბილისი

თბილისი 2010

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *