დემოკრატიულ ძალთა ასამბლეა

 

მოვახდინოთ პროცესების ინტელექტუალური რადიკალიზაცია

222110_146438502091541_3385693_nქვეყანაში არსებული მდგომარეობა კატასტროფულია. საქართველოში ღრმა სისტემური კრიზისია. ხელისუფლებაში პასუხისმგებლობა მკვდარია. პოლიტიკური პარტიების ერთი ნაწილი მიდის პოლიტიკური რადიკალიზაციის გზით, რასაც ხელისუფლება ძალისმიერი მეთოდებით უპირისპირდება. ასეთ სიტუაციაში წინ მხოლოდ სამოქალაქო დაპირისპირებაა და რაც დრო გავა, იგი გაცილებით მეტად იქნება გამოწვეული სოციალური მდგომარეობით, ვიდრე პოლიტიკურით.

დადგა სამოქალაქო, ეროვნული და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის განსაკუთრებული პერიოდი, უპირველესად – ხელისუფლებისათვის, პოლიტიკური ძალებისა და პოლიტიკოსებისათვის.

ხალხის უდიდეს ნაწილში გაცნობიერებულია პრეზიდენტის გადადგომის აუცილებლობაც და გარდუვალობაც, მაგრამ არ არის იმის იმედი, რომ ამით მგომარეობა განიმუხტება. ამ უიმედობას ვერ აქარწყლებს პოლიტიკოსთა და, საერთოდ, მიმდინარე პოლიტიკურ დაპირისპირებაში ჩართულ საზოგადო მოღვაწეთა ზეპირი და ზოგადი განცხადებები იმის თაობაზე, რომ მთავარია სააკაშვილი გადადგეს და ყველაფერი კარგად იქნება.

ხალხის ამ უიმედო განწყობას აძლიერებს ის, რომ დღეს ქართული პოლიტიკური სივრცე გაყოფილია ოთხ ურთიერთდაპირისპირებულ ძალად.

პირველ ორს შეადგენენ ,,მოქკავშირ-აღორძინების” იდეოლოგიური მემკვიდრე, ე.წ. ,,ვარდების რევოლუციის” პოლიტიკური ძალები და პოლიტიკოსები, ანუ ისინი, ვინც იყვნენ ხელისუფლებში, რომელთაც შექმნეს, მოიყვანეს სააკაშვილი და გააძლიერეს მისი საპრეზიდენტო მმართველობა. დღეს ისინი გაიყვნენ ერთმანეთის სიძულვილით გაჟღენთილ სახელისუფლებო და ქუჩაში გამოსულ პოლიტიკურ მხარეებად. მათ აერთიანებთ ის, რომ ორივენი გარეშე ძალების ტყვეობაშია არიან. გარედან ფინანსდებიან და გარედანვე იმართებიან. პირველ ორსვე ეკუთვნიან ბოლო პერიოდში არნახულად მომრავლებული ხელისყფლების სატელიტი პოლიტიკური ძალები, რომლებიც მხოლოდ გარეგნული ფორმით ოპოზიციონერობენ.

მესამე – ეროვნულ მოძრაობასთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალებია, რომელთაც არასდროს არავითარი პოლიტიკური ერთიანობა არ ჰქონიათ არც ,,მოქ-კავშირთან, არც ნაცმოძრაობა-დემოკრატებთან”, არც შევარდნაძესთან, არც გარედან ფინანსდებოდნენ, არც გარედან იმართებოდნენ და ყოველთვის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდათ სააკაშვილის პოლიტიკური საქმიანობის მიმართ. მათი ძირითადი ნაწილი სკეპტიკურად უყურებს დღეს გააქტიურებულ პოლიტიკურ ძალებს და ხელისუფლებაში მათი მოსვლის შემთხვევაში კვლავ ოპოზიციაში აპირებს დარჩენას.

მეოთხე პოლიტიკური ძალა პირობითად ის ძალაა, რომელიც მუდმივად ოპოზიციაშია და ამის გამო გარეშე ძალების მუდმივ ინტერესებში შედის.

როგორც უცხოელი, ასევე ქართველი ექსპერტები თვლიან და რეალობაც ადასტურებს, რომ დღეს არცერთ პოლიტიკურ ძალას არა აქვს შესაძლებლობა, ასეთ დაძაბულ მომენტში დამოუკიდებლად მართოს ქვეყანა და გამოიყვანოს იგი სისტემური კრიზისიდან.

რეალობა იმასაც ადასტურებს, რომ დღეს საქართველოში ჭეშმარიტი ოპოზიცია არა რომელიმე პოლიტიკური ერთობა ან ალიანსი, არამედ-ხალხია, ის ხალხი, ვისაც აღარ უნდა და აღარც შეუძლია ასე ცხოვრება. სამწუხაროდ,ეს ხალხი გაწბილებული დარჩება:

თუ ოპოზიციურ პოლიტიკურ სივრცის მონოპოლიზებას რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი (მით უფრო, გარედან მართვადი) მოახდენს;

თუ მოხდება ხელისუფლების მხოლოდ ჩანაცვლება (ანუ შეიცვლება კონკრეტული პიროვნება, მაგრამ სისტემა უცვლელი დარჩება);

• თუ ქვეყანაში არ დამთავრდება მოღალატე სულის მქონე ქუჩის პოლიტიკოსთა მმართველობა.

დღეს მოსახლეობის იმედები და საქართველოს მომავალი დაკავშირებულია იმ პოლიტიკურ ძალებთან, გაწონასწორებულ და სახელმწიფოებრივი აზროვნების მქონე იმ პოლტიკოსებთან, რომელთაც საქართველოს უცხოეთთან ურთიერთობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, მაგრამ ქვეყნის გარედან არც ფინანსდებიან და არც იმართებიან.

როგორ ვხედავთ, ასეთ სიტუაციაში, ჩვენ, ახალი პოლიტიკური ძალის – ,,თეთრი მოძრაობა” (თეთრები) დამფუძნებლები მოვლენათა იმგვარად განვითარების გზას, რომ, ერთის მხრივ, ყველაფერი კონსტიტუციის ფარგლებში მოხდეს, მეორეს მხრივ, ქვეყანაში მომავალზე ორიენტირებული სამშვიდობო პროცესი დაიწყოს და, რაც მთავარია, ქვეყანა ახლო მომავალში მაინც აღარ დადგეს ასეთი პოლიტიკური და სისტემური კრიზისის წინ:

პირველი _ აუცილებელია გადადგეს პრეზიდენტი. დღეს იგი არის უმთავრესი მიზეზი სამოქალაქო დაპირისპირებისა და დესტაბილიზაციისა, ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევისა და სახელმწიფოებრივი კვდომის პროცესის დაწყებისა.

მეორე _ პრეზიდენტის გადადგომა აუცილებელია, მაგრამ ქვეყნის სტაბილიზაციისთვის საკმარისი არ არის. პრეზიდენტთან ერთად უნდა გადადგნენ პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა, თავდაცვის და იუსტიციის მინისტრები.

მესამე _ უზრუნველყოფილი უნდა იქნას პარლამენტის, მთავრობის, ყველა დონის სახელისუფლებო სტრუქტურის სრული და უწყვეტი ფუნქციონირება, გამოირიცხოს მათი საქმიანობის ხელის შეშლა, რათა ქვეყანა არ მოიცვას სახელისუფლებო კრიზისმა, სოციალურმა არეულობამ.

მეოთხე _ უნდა შეიქმნას თავისუფალი და დემოკრატიული საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ყველა წინაპირობა, რომელიც გამორიცხავს რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის მიერ არჩევნების ჩატარების მონოპოლიზებას.

მეხუთე _ უნდა შეიქმნას ხელისუფლების საქმიანობაზე სამოქალაქო კონტროლის რეალურად მოქმედი სისტემა, რომელიც ახალ პრეზიდენტის არჩევამდე და ახალი აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ჩამოყალიბებამდე გამორიცხავს ყოველგვარ უკანონო ანგარიშსწორებას დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ამ მოთხოვნების ძირითად ნაწილში ქართული პოლიტიკური სივრცის ოთხივე მიმართულების პოლიტიკური ძალა ვთანხმდებით. როგორც ჩანს, დაპირისპირებას თუ არა, მწვავე დისკუსიებს მაინც გამოიწვევს ქუჩაში გამოსული პოლიტიკური ძალების მიერ არაერთგზის გაცხადებული პოზიცია – საარჩევნო კოდექსის მათი ვარიანტით და არჩევნების მათი პრინციპებით ჩატარების თაობაზე. გარკვეული პოლიტიკური ძალების მიერ საარჩევნო კოდექში ცვლილებების და არჩევნების ჩატარების მონოპოლიზება მწარე გამოცდილებად მოჰყვება ქართულ პოლიტიკას 1992 წლიდან და, როგორც წესი, იგნორირებულ პოლიტიკურ ძალთა მიერ ქუჩის აქციების დაწყების საფუძველი ხდება.

ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით როგორ წარმოგვიდგენია მოქმედების ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც გამორიცხავს განხეთქილება- დაპირისპირებას და ქვეყანას ცხოვრების ნორმალურ რიტმში გადაიყვანს? რა ახალი დროებითი ინსტიტუტები უნდა შეიქმნას პრეზიდენტის გადადგომის შემდგომ და როგორ უნდა მოხდეს დღეს არსებული სახელისუფლებო რგოლებისა და ახლადშექმნილი სტრუქტურების მოქმედების შესაბამისობაში მოყვანა?

ჩვენი აზრით, აუცილებელია შეიქმნას ორი საზოგადოებრივი ინსტიტუტი:

ნდობის დარბაზი – ,,სახელმწიფო კაცები” (ი.ჭ.) დარბაზი
• პოლიტიკურ პარტიათა ასამბლეა

ერთიც და მეორეც უნდა შეიქმნას პარლამენტის გადაწყვეტილებით. პარლამენტმავე უნდა განსაზღვროს მათი ფუნქციები.

სასურველია, ჯერ ,,პოლიტიკურ პარტიათა ასამბლეის”, შემდგომ კი ,,ნდობის დარბაზის” შექმნა. დღესვეა მიზანშეწონილი ,,პოლიტიკურ პარტიათა ასამბლეის” შექმნა, რათა მოხდეს მოქმედებათა კოორდინცია პრეზიდენტის გადადგომამდე.

,,პოლიტიკურ პარტიათა ასამბლეა” უნდა შეიქმნას:

პირველი ვარიანტი: იუსტიციის სამინისტროში რეგისტრირებული ყოველი პარტიის თითო წარმომადგენლის შემადგენლობით.

მეორე ვარიანტი: დამოუკიდებელ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე პარტიათა თითო წარმომადგენლის შემადგენლობით.

,,პოლიტიკურ პარტიათა ასამბლეას” უნდა ჰქონდეს ერთადერთი ფუნქცია – საპრეზიდენტო, შემდგომ კი საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების თავისუფლად და დემოკრატიულად ჩატარებისთვის კანონმდებლობის მომზადება; ,,ოპოზიციის შესახებ” კანონ-პროექტის შექმნა.

,,ნდობის დარბაზი” სასურველია შეიქმნას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით და მის შემადგენლობაში შევიდნენ საქვეყნოდ აღიარებული საზოგადო მოღვაწეები, რომელთაც ავტორიტეტი აქვთ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და, რომელთაც სრულ ნდობას გამოუცხადებენ ,,პოლიტიკურ პარტიათა ასამბლეა”, არასამთავრობო ორგანიზაციათა ალიანსი, ელექტრონული და ბეჭვდითი მედიის ხელმძღვანელები.

პრეზიდენტის არჩევამდე ,,ნდობის დარბაზი” უნდა იყოს ქვეყანაში მშვიდობისა და თანხმობის გარანტი, ხალხის განწყობის გამომხატველი ორგანო. მისი გადაწყვეტილება საბოლოო უნდა იყოს იმ შესაძლო უთანხმოებებში, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას პარტიებს შორის; ,,პოლიტიკურ პარტიათა ასამბლეასა” და სამთავრობო სრუქტურებს შორის. ,,ნდობის დარბაზმა” უნდა შექმნას სისტემა, რომელიც დაიცავს ამომრჩეველთა ხმებს. ,,ნდობის დარბაზმა” უნდა შექმნას ყველა პირობა ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისათვის და უნდა გამორიცხოს, როგორც ინფორმაციის რომელიმე წყაროს მიკერძოებული დამოკიდებულება რომელიმე პოლიტიკური პარტიისადმი თუ საარჩევნო სუბიექტისადმი, ასევე რომელიმე პოლიტიკური პარტიის ზეწოლა მედიის კონკრეტულ საშუალებაზე. ,,ნდობის დარბაზის” ერთ-ერთი უპირველესი ფუნქცია უნდა იყოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო სისტემის მაქსიმალურად თავისუფალ და დამოუკიდებელ რეჟიმში ფუნციონირება, მათი დაცვა გარედან ზეწოლებისასგან. ,,ნდობის დარბაზს” უნდა ჰქონდეს უფლება სახელისუფლებო ორგანოების მიერ ყოველგვარი საბოტაჟის, ხალხის ხელოვნური გაღიზიანების ყოველგვარი გამოვლინების თავიდან აცილების მიზნით შექმნას ექსპერტთა ჯგუფი რომელიც მონიტორინგს (საჭიროების შემთხვევაში რევიზიასაც) გაუწევს სამთავრობო სტრუქტურების, სამინისტროებისა და სახელისუფლებო რეგიონალური რგოლების საქმიანობას.

პრეზიდენტის არჩევამდე გარკვეულად უნდა შეიზღუდოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების ფუნქციები. ამ უკანასკნელთა საქმიანობის მთავარი მიმართულება უნდა იყოს ქვეყნის სასიცოცხლო ობიექტების შეუფერხებადი ფუნქიონირება. სასურველია, პარლამენტმა იმუშაოს მხოლოდ აუცილებელი კანონპროექტების განხილვასა და მიღებაზე. ქვეყანაში ეროვნული თანხმობისა და მშვიდობის მისაღწევად სასურველია არჩევნებთან დაკავშირებული ყველა ახალი საკანონმდებლო აქტის მიღება და ძველში შესწორება მოხდეს ,,პოლიტიკურ პარტიათა ასამბლეის” წარდგინებით და ,,ნდობის დარბაზის” თანხმობით.

ჩვენ ამ შემთხვევაში ვიქნებით ნეიტრალური, ვინაიდან არც ,,პოლიტიკურ პარტიათა ასამბლეაში” და არც ,,ნდობის დარბაზიში” წარმომადგენელი არ გვეყოლება, რადგან დღეის მდგომარეობით ჩვენ არ ვართ რეგისტრირებული პარტია. ჩვენი მიზანი და ინტერესი ქვეყანის სტაბილურობის საფუძვლების შექმნასა და თავისუფალ, დემოკრატიულ არჩევნებშია. საქართველოს 1990 და 1992 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ არ ახსოსვს ოდნავ მაინც თავისუფალი არჩევნები. დღეს ქვეყნისათვის საშიშია არა მხოლოდ სააკაშვილი და მისი ,,ნაც-მოძრაობა”, არამედ არჩევნების ჩატარების მონოპოლიზება. ეს რომ არ მოხდეს, ამიტომ არის საჭირო ამ პროცესში ყველა პოლიტიკური ძალის ჩართვა და ამ პროცესის კონტროლი ,,ნდობის დარბაზის”, ანუ ,,სახელმწიფო კაცების” დარბაზის მიერ.

კიდევ ერთი, ჩვენი აზრით უმთავრესი.

ქვეყნის საინფორმაციო სივრცე გაიყო ორ ნაწილად: სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიათა ერთი ჯგუფის საინფორმაციო სივრცეებად. უბედურებაა, როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციური საინფორმაციო საშუალება, მით უფრო პოლიტიკურად მიკერძოებული. ეს ერთი. მეორეც, იმის გამო რომ საქართველოს მოსახლეობის 90%-ზე მეტი მხოლოდ სახელისუფლებო საინფორმაციო სივრცეა და ხელისუფლება მოსახლეობის ამ ნაწილს თავის სასარგებლო პოლიტიკური ლოზუნგებით ესაუბრება – საქართველოს მოსახლეობის ინფორმაციის დონე სხვადასხვაა – ეს კი პოლიტიკური დაძაბულობის დროს სამოქალაქო ომის გზაა.

ჩვენი პოზიცია მარტივი და კონკრეტულია: დამღუპველია პოლიტიკური რადიკალიზაცია, დამღუპველია ძალის მიერი რადიკალიზაცია, გადარჩენა მხოლოდ ინტელექტუალურ რადიკალიზაციაშია. ამ უკანასკნელისათვის აუცილებელია საინფორმაციო სივრცის განთავისუფლება, როგორც ხელისუფლების კლანჭებიდან, ასევე ოპოზიციის ზეწოლისაგან. ხელისუფლება თუ ოპოზიცია, რომელიც არ დათმობს საინფორმაციო სივრცეს, ყველაფერს არ გააკეთებს იმისათვის რომ ხალხმა მიიღოს ობიექტური და მართალი ინფორმაცია – ხელს უწყობს სამოქალაქო ომის გაჩაღებას.

შექმნილ სიტუაციაში, ერთადერთს, ვისაც შეუძლია, როგორც ხელისუფლებაზე ასევე ოპოზიციაზე ზემოქმედება, ჩვენის აზრით, ეს არის ,,ნდობის დარბაზი” – ,,სახელმწიფო კაცების დარბაზი”. მათ ამის გაკეთება შეუძლიათ საკუთარი ავტორიტეტით და ამ საქმეში საერთაშორის ორგანიზაციების ჩართვით.

ასეთია ახალი პოლიტიკური ძალის – ,,თეთრი მოძრაობა” (თეთრები) პოზიცია ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლასთან დაკავშირებით.

,,თეთრი მოძრაობის” (თეთრები) დამფუძნებლები ვთვლით, ასეთი სისტემის პირობებში ქვეყანაში სახელისუფლებო ცვლილება მოხდება მშვიდ გარემოში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქუჩაში გამოსული პარტიები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, ხელისუფლების არჩევა მოხდება არა ემოციით (როგორც აქამდე ხდებოდა), არამედ გონებით, ქვეყანა მიიღებს დემოკრატიულ ხელისუფლებას და განვითარების თავისუფალ გარემოს.

პოლიტიკური ძალა ,,თეთრი მოძრაობა” (თეთრები) დამფუძნებელთა სახელით:

შიო არსენაშვილი – ფილოსოფოსი, ,,თავისუფალ მოაზროვნეთა ასოციაციის” დამფუძნებელი, ,,თავისუფლებისა და მშვიდობის” ფონდის თავმჯდომარე

ზურაბ ბარათაშვილი – ექიმი, ეროვნული აკადემიის წევრი, თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ხელმძგვანელი 2007 წლამდე.

დავით გოცირიძე – ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ბათუმის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამების ხელმძგღვანელი.

ირაკლი ვადაჭკორია – რეჟისორი, ბიზნეს აკადემიის კურსდამთავრებული (მაკრო-ეკონომიკა), საბანკო საქმის სპეციალისტი, ბიზნესმენი.

თეიმურაზ შაშიაშვილი – პოლიტოლოგი, ინჟინერი, საზოგადოებრივი მოძრაობის ,,წინ საქართველოს” ლიდერი, გელათის მეცნიერეათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემიიის წევრი, ქალაქ ქუთაისის მერი (1993-1996 წ.), იმერეთის გუბერნატორი (1995-2003 წ.), დამოუკიდებელი საქართველოს პირველი უზენაესის საბჭოს წევრი (1989-1991 წ.), საქართველოს პარლამენტის წევრი ქუთაისიდან (1992-1995 წ.).

მზია ჯგუშია – იურისტი, ადვოკატი, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ,,მრგვალი მაგიდის” ზუგდიდის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი (1988-92წ.)

მერაბ ჯიბლაძე – ფიზიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, 1993 წლიდან ამერიკის ფიზიკური საზოგადოების წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობა ,,წინ საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ,,ქართული აკადემიის” წევრი
2009.05.09 22:36

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *