”Human Rights Watch”-ის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ

human2011 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არაერთგვაროვანი მდგომარეობა იყო. მაისში ხელისუფლებამ გადამეტებული ძალის გამოყენებით დაშალა ანტისამთავრობო გამოსვლები თბილისში და სათანადო სამართლებრივი პროცედურების დაცვის გარეშე ადმინისტრაციული წესით გაასამართლა ათეულობით დემონსტრანტი. ხელისუფლებას არ ჩაუტარებია ეფექტიანი გამოძიება ამ მოვლენებთან დაკავშირებით და არც ძალის გადამეტების ადრინდელი შემთხვევები შეუსწავლია.

შეშფოთების მიზეზს იძლევა ასევე შეკრების თავისუფლებისა და მედიის უფლებების შეზღუდვის შემთხვევები და სახელმწიფოს კუთვნილი შენობებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გამოსახლება ძალის გამოყენებით.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები გააღრმავეს საქართველოსთან, მაგრამ თავიანთი გავლენის ბერკეტები ვერ გამოიყენეს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მნიშვნელოვანი წარმატებების მისაღწევად.

შეკრების თავისუფლება და ძალადობა პოლიციის მხრიდან

საქართველოს ხელისუფლებამ 2011 წლის 26 მაისს, ისევე, როგორც გასულ წლებში, დაარღვია შეკრების უფლება. ოფიციალურად ნებადართული მიტინგის ვადის ამოწურვიდან 15 წუთში წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა ანტისამთავრობო დემონსტრანტების წინააღმდეგ. პოლიციელები დაედევნენ მიტინგის მონაწილეებს, სცემეს ზოგიერთი მათგანი, ისინიც კი, ვისაც მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, და დააკავეს დაახლოებით 160 მოქალაქე. პოლიციელებმა ხელი შეუშალეს, აგრეთვე, ქართველ და უცხოელ ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში; დაახლოებით ათ მათგანს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს და ორი დააპატიმრეს. ამას გარდა, პრესის ზოგიერთ წარმომადგენელს საიდენტიფიკაციო ბარათები წაართვეს და აპარატურაც დაუზიანეს ან ჩამოართვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 26 მაისის მიტინგზე პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მიზეზით 90-ზე მეტ პირს ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა 30 დღემდე ვადით. უმრავლეს შემთხვევაში სასამართლო მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებებს დაეყრდნო და ყურადღებაც არ მიუქცევია ბრალდებულების ჭრილობებისა თუ დაზიანებებისთვის.

შიდა მოკვლევის შედეგად, რომელიც საზოგადოებისთვის დახურული იყო, შინაგან საქამეთა სამინისტრომ ივლისის თვეში 16 პოლიციელს დააკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და ოთხი მათგანი გაათავისუფლა სამსახურიდან მიტინგის მონაწილეების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენების გამო. მაგრამ ხელისუფლებას არ გამოუძიებია პოლიციელთა მხრიდან ცუდად მოპყრობის ფაქტები.

ის ფაქტი, რომ ხელისუფლება არ იძიებს სათანადოდ პოლიციელთა მიერ გადამეტებული ძალის გამოყენებას, მძიმდება იმით, რომ მას არც ადრინდელი შემთხვევები შეუსწავლია, მაგალითად, ძალის გადამეტებით გამოყენებისა და სხვა სახის უკანონობის ფაქტები 2007 წლის 7 ნოემბრის მშვიდობიანი აქციის დარბევისას, როცა სულ ცოტა 500 ადამიანი დაშავდა; ან 2009 წლის 15 ივნისის მოვლენები, როცა პოლიციის სამმართველოსთან შეკრებილ ოპოზიციის 50-მდე მომხრეს პოლიცილებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და როცა 17 ადამიანი დაშავდა.

ადმინისტრაციული პატიმრობა (ადმინისტრაციული სამართალდარღვევა)

2010 წელს ხელისუფლების გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული სახდელის ვადა 30 დღიდან 90-მდე გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სასჯელი ბუნებით სისხლის სამართლის სასჯელის ეკვივალენტურია, დაკავებულს შეზღუდული აქვს მთელი რიგი პროცესუალური ნორმები. მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ითვალისწინებს ადვოკატის უფლებას, დაკავებულები ვერ სარგებლობდნენ ამ უფლებით, ნაწილობრივ იმიტომ, რომ მათ არ ეძლეოდათ ოჯახთან დაკავშირებისა და მათი დაკავების შესახებ ინფორმირების საშუალება. ადვოკატებს, რომლებიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკავებულებს იცავენ, არასათანადო დრო აქვთ (როგორც წესი, 10-15 წუთი) ადექვატური დაცვის მოსამზადებლად. ამას გარდა, ბრალდებულებს ხშირად არა აქვთ სასამართლოში მტკიცებულების წარმოდგენის ან მოწმის გამოძახების საშუალება. 2010 წელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის გამოტანილი განაჩენის გასაჩივრების ვადა 10-დან ორ დღემდე შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო განხილვის ოქმი მხოლოდ 3 დღეში გაიცემა.

ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებული პირები სასჯელს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებით მოთავსების იზოლატორებში იხდიან, სადაც არ არსებობს შესაფერისი პირობები იმისთვის, რომ ადამიანმა 72 სთ-ზე მეტი დაჰყოს, მაგალითად, აქ არ არის სავარჯიშო პირობები, ჰიგიენის დაცვისა თუ მკურნალობის საშუალება და ა.შ.

იძულებით გადაადგილებულ პირთა გამოსახლება ძალის გამოყენებით

2010 წლის ივნისიდან, იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი დასახლების პრობლემის მოგვარების მიზნით, საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო სახელმწიფოს კუთვნილი დროებითი საცხოვრებლებიდან მათი გამოსახლება. მაგრამ ხელისუფლებამ დაარღვია გამოსახლებასთან დაკავშირებით არსებული აღიარებული საერთაშორისო სტანდარტები. კერძოდ, მან არ გამართა რეალური მოლაპარაკებები იძულებით გადაადგილებულ პირებთან, რომელთა დროსაც შესაძლებელი იქნებოდა შესაფერის ალტერნატიულ საცხოვრებელზე შეთანხმება ან კომპენსაციის გაცემა გამოსახლებამდე. საქართველოს დაახლოებით 246 000 იძულებით გაადაგილებული პირი ჰყავს 1990-იანი და 2008 წლების შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად.

2010 წლის ბოლოსთვის, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისთან კონსულტაციების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ შეიმუშავა გამოსახლების სახელმძღვანელო მითითებები, რამაც გარკვეულწილად გააუმჯობესა ეს პროცედურა, მაგრამ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მაინც ვერ გახადა.

2011 წლის თებერვალსა და აგვისტოში ასობით ოჯახი იქნა გამოსახლებული დროებითი საცხოვრებლებიდან, მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ოჯახმა უარი განაცხადა თბილისიდან შორს გადასახლებაზე იმის შიშით, რომ იქ სამუშაოს ვერ იშოვნიდა.

შრომის უფლებათა დარღვევა

2011 წლის აგვისტოში, დასავლეთ საქართველოს ქალაქ ქუთაისში, ქართულ-ინდური კომპანიის საკუთრებაში არსებული მეტალურგიული ქარხანა `ჰერკულესის~ 147-მა მუშამ პროფკავშირი დააარსა და მათ წარმომადგენლებიც აირჩიეს. 13 სექტემბერს პროფკავშირის ინიციატივით გაფიცვა დაიწყო სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ხელფასების მომატების მოთხოვნით. მიუხედავად იმისა, რომ გაფიცვა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით მიმდინარეობდა, 2 დღის შემდეგ პოლიციამ მაინც დააკავა ქარხნის წინ გაფიცული 12-ზე მეტი მუშა. მუშები რამდენიმე საათის შემდეგ გაათავისუფლეს, მაგრამ ზოგიერთი მათგანის განაცხადებით, მათ იძულებით დააწერენეს ხელწერილი იმის შესახებ, რომ მომავალში საპროტესტო გამოსვლებში აღარ მიიღებდნენ მონაწილეობას.

18 სექტემბერს პოლიციამ პროფკავშირის სამი წევრი დააკავა ქუთაისის სხვადასხვა უბანში და დაჟინებით მოითხოვა მათგან ტესტის გავლა ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე. მოქალაქეებმა უარი განაცხადეს, რის გამოც ისინი დააპტიმრეს და პოლიციის ბრძანების დაუმორჩილობისთვის 10 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს. ქარხნის თანამშრომლებმა ეს ბრალდებები ხელისუფლების მხრიდან მათი დაშინების მცდელობად აღიქვეს.

საქართველოს მთავრობამ 2006 წელს შრომის ინსპექცია გააუქმა ბიზნესში ხელისუფლების ჩარევის შეზღუდვის მიზნით, მაგრამ მის სანაცვლოდ არ შეუქმნია ახალი უწყება, რომელიც შრომის კანონმდებლობის დაცვას გააკონტროლებდა.

პასუხისმგებლობის თავიდან აცილება ომის დროს ჩადენილი დანაშაულებებისთვის

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ სამი წელი გავიდა და საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ ჩაუტარებია სრულყოფილი გამოძიება ქვეყნის შეიარაღებული ძალების მიერ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევის ფაქტებზე. ომის დროს საქართველოს სამხედროებმა გამოიყენეს არადამიზნებადი ძალა, როგორიცაა ე.წ. “გრადები” და სხვა არადამიზნებადი იარაღი, რომელიც არ უნდა გამოიყენებოდეს სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, რომლის წევრიც საქართველოც არის, განაგრძობს ამ ნორმების დარღვევის შემთხვევათა შესწავლას.

მედიის თავისუფლება
მედია გარემო კვლავ არაერთგვაროვანია, მრავალფეროვანი ბეჭდური მედიით, მაგრამ შეზღუდული სატელევიზიო მაუწყებლობით ქვეყნის მასშტაბით – არსებობს მხოლოდ პროსახელისუფლებო საზოგადოებრივი მაუწყებელი, `რუსთავი 2~ და `იმედი~. პოზიტიური ნაბიჯი იყო პარლამენტის მიერ აპრილში კანონპროექტის მიღება, რომლითაც სამაუწყებლო კომპანიებს დაეკისრათ ვალდებულება, გამოაქვეყნონ ინფორმაცია მფლობელების შესახებ.

ივლისში პოლიციამ რუსეთისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემასთან დაკავშირებული ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა ოთხი ფოტოჟურნალისტი – ზურაბ ქურციკიძე, ევროპის პრესფოტოსააგენტოს ფოტოგრაფი, გიორგი აბდალაძე, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კონტრაქტის საფუძველზე მომუშავე ფოტოგრაფი, ირაკლი გედენიძე, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი ფოტოგრაფი, და გედენიძის მეუღლე ნათია. საქმე კლასიფიცირებული იყო როგორც `საიდუმლო~ და მტკიცებულებები არ გასაჯაროებულა. სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ჯგუფები ამ ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდნენ, სავარაუდოდ, 26 მაისის მოვლენების გაშუქებისთვის სასჯელად. ორი კვირის შემდეგ სასამართლომ გაათავისუფლა ჟურნალისტები სამ წლამდე პირობითი სასჯელით, რაც პროკურატურასთან საპროცესო გარიგების შედეგი იყო.

ივნისში ფინანსთა სამინისტრომ წამოიწყო საქართველოს უმსხვილესი მედია ჯგუფის – `მედია პალიტრას~ – კუთვნილი რამდენიმე კომპანიის პარალელური არაგეგმიური საგადასახადო შემოწმება. აღნიშნული ჯგუფი ასევე ფლობს რამდენიმე გაზეთს, მათ შორის პოპულარულ ყოველკვირეულ გაზეთ `კვირის პალიტრას~, რადიოსადგურს, თერთმეტ ჟურნალს, ახალი ამბების სააგენტო `ინტერპრესნიუს”-ს და ინტერნეტ `პალიტრა tv”-ს. მედიასაშუალებები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ამ აუდიტის მიზანი იყო `მედია პალიტრასთან~ ანგარიშსწორება ჯგუფის მედიასაშუალებების მიერ 26 მაისის მოვლენების გაშუქბის გამო. აგვისტოში აუდიტი გაურკვეველი დროით შეჩერდა

 

ისხლის სამართლის სისტემა
ციხეებიის გადატვირთულობა კვლავ პრობლემად რჩება, რაც ციხეებში ცუდი პირობების არსებობას იწვევს. სახალხო დამცველის სამსახურის მიერ გამოვლენილი იქნა ციხეებში პატიმართა მიმართ ცუდად მოპყრობის არაერთი ფაქტი. მაგალითად, ქუთაისის #2 საპყრობილეში თავისუფლებააღკვეთილ პირებს 24 საათამდე პერიოდის გატარება უწევთ 2-3 კვადრატული მეტრის ფართობის ცარიელ საკანში, მხოლოდ საცვლების ამარა, საპყრობილეში არსებული წესების დარღვევისთვის სასჯელის სახით. სახალხო დამცველმა პროკურატურას ამ ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდა.

ივნისის ანგარიშში თომას ჰამარბერგი, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მიესალმებოდა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების კუთხით ხელისუფლების მიერ განხორციელებულ მცდელობებს, თუმცა მოუწოდებდა ხელისუფლებას, მიეღო ადამიანის უფლებებზე უფრო მეტად ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკა.

 

ძირითადი საერთაშორისო ფაქტორები

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა გააღრმავეს თავიანთი საქმიანობა და ეკონომიკური კავშირები საქართველოსთან. თუმცა აშშ-ც და ევროკავშირიც გამოთქვამდნენ შეშფოთებას ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, არც ერთს არ გამოუყენებია ეს საკითხი ურთიერთობათა გადახედვისთვის ადამიანის უფლებების სფეროში კონკრეტული გაუმჯობესების მისაღწევად.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ და სხვა მთავრობებმა და ინსტიტუტებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, ჩაეტარებინა 26 მაისის საპროტესტო გამოსვლების დროს პოლიციის ქმედების გამოძიება.

დუნია მიატოვიჩმა, ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების სფეროში, შეშფოთება გამოთქვა მაისის საპროტესტო გამოსვლების განმავლობაში ჟურნალისტების შეურაცხყოფასთან, დაკავებასა და დაკითხვასთან დაკავშირებით.

აპრილში თბილისში შეიკრიბა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის ფარგლებში არსებული სამუშაო ჯგუფი დემოკრატიის საკითხებში, რათა განეხილა პროგრესი და თანამშრომლობა საქართველოში დემოკრატიულ რეფორმებთან დაკავშირებით. აშშ-მ აიღო 90 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის ვალდებულება საქართველოში დემოკრატიის განვითარების ხელშესაწყობად.

თავის აპრილის რეზოლუციაში საქართველოს მიერ ევროსაბჭოში გაწევრიანებისას აღებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიესალმა საქართველოს მიერ ვალდებულებების შესრულების კუთხით მიღწეულ `მნიშვნელოვან პროგრესს~, მაგრამ შეშფოთება გამოხატა მართლმსაჯულების განხორციელებასა და სამართლიანი სასამართლოს ნორმებთან დაკავშირებით.

ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების შესახებ თავის მაისის ანგარიშში ევროკავშირმა კმაყოფილება გამოთქვა, ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, მაგრამ შეშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ ვერ ხერხდება პოლიტიკური და მედიის პლურალიზმის, ასევე შრომის უფლებებისა და შეკრების თავისუფლების დაცვის უზრუნველყოფა.

ივლისში ევროკომისიამ მიიღო წლიური სამოქმედო პროგრამა საქართველოსთვის და აიღო 50 მილიონ ევროზე მეტი თანხის (70 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფის ვალდებულება ქვეყნისთვის სისხლის სამართლის სისტემის, კონფლიქტების მოგვარების მცდელობებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებში დახმარების გასაწევად.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *