ვიმოქმედოთ ქართული დროის მოთხოვნით!

gerbi18საქართველოს მომავალი განახლებულ ეროვნულ მოძრაობასა და რეალურ დემოკრატიაში, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ინტელექტუალურ რადიკალიზაციაშია

საქართველოს პოლიტიკური სივრცე ზომაზე მეტად დამძიმდა. ცუდი ის კი არ არის, რომ ოპოზიციურ პარტიათა ერთი ნაწილი ოპოზიციურად წოდებულ ხელისუფლების სატელიტ პარტიებთან ერთად ხელისუფლებასთან დიალოგში შევიდა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხთან დაკავშირებით, ხოლო მეორე ნაწილი ხელისუფლებას უნდობლობას უცხადებს და ეროვნულ კრებას ამზადებს, არამედ ის, რომ ხელისუფლება ახერხებს ამ ორი პოლიტიკური ჯგუფის, ამ ორი პოლიტიკური პროცესის დაპირისპირებას.

არ არის შემთხვევითი, რომ ხელისუფლებამ დიალოგის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო ეროვნული კრების დაწყების წინა პერიოდში, ზუსტად იმ დღეს, როცა ეროვნული კრების საინიციატივო ჯგუფის დიდი შეხვედრა იყო დაგეგმილი სამეგრელოში, არც ის, რომ შემდგომი შეხვედრაც დიალოგის ფორმატში დაგეგმილია მომდევნო ოთხშაბათს – ანუ იმ დღეს, როცა ეროვნული კრების საინიციატივო ჯგუფი ხვდება კახეთის მოსახლეობას... არც ის, რომ პრეზიდენტი ყოველდღე გეგმავს ქვეყნისთვის არაფრისმთქმელ, მაგრამ სატელევიზიო სივრცის პოლიტიკური სიბინძურით ამავსებელ შეხვედრებს.

დავაკვირდეთ ოთხშაბათისა და ხუთშაბათის მედიას, არც ერთი სიტყვა ეროვნული კრების ზუგდიდის უაღრესად წარმატებულ შეხვედრაზე და დამღუპველი (არაქართული) აღტაცებით საუბარი პარლამენტის თავმჯდომარესთან დაწყებულ დიალოგზე.

ცუდი, ქვეყნისთვის საშიშია ის, რომ მაშინ, როცა საქართველოს მომავალს არნახულად სჭირდება ოპოზიციურ პარტიათა და ხელისუფლების მიმართ უნდობლობით განწყობილი მოსახლეობის ერთობა – ცალკეულ ლიდერთა დესტრუქციულ ქმედებათა გამო ეს არ ხერხდება. ასეთი ლიდერები გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ხელისუფლების საქმეს აკეთებენ

სამწუხაროდ, ნამდვილ ოპოზიციურ ბანაკშიც დიდი შეხლა-შემოხლაა. ერთის მხრივ, მიდის შეჯიბრი იმაში, ვინ უკეთ მოიწესრიგებს საქმეს ქვეყნის გარეთ; მეორე მხრივ, მიდის შეჯიბრი, ვინ მეტად დააკნინებს კოლეგებს, ოპოზიციას საერთოდ, ვინ მეტად ილაპარაკებს სააკაშვილისა და მისი რეჟიმის უძლეველობაზე კოლეგებზე, ოპოზიციაზე ნიშნის მოგებით.

ჯერ ერთი, დღეს არც ერთი და არც მეორე არ არის ქართული პოზიცია. ასეთი განწყობა ოპოზიციურ ბანაკში, ასეთი დაპირისპირება ოპოზიციაში აწყობს ხელისუფლებას და არა საქართველოს მომავალს. მეორეც, კოლეგებზე ნიშნის მოგების მიზნით სააკაშვილისა და მისი რეჟიმის უძლეველობაზე საუბარი დიდი აბსურდია და ამ განწყობის მატარებელთა სისუსტის მაჩვენებელია. სააკაშვილი და მისი რეჟიმი კი არ არის ძლიერი, სუსტია ქვეყანა, რომელსაც გარედან მართვადი ხელისუფლება ჰყავს, ქვეყანა, რომლის პოლიტიკური ძალები გამარჯვების მთავარ საყრდენს ქვეყნის გარეთ ეძებენ.

ძლიერი ქართული სახელმწიფო მხოლოდ იმ ხელისუფლებასთან არის დაკავშირებული, რომელიც არ არის დანიშნული გარედან და არჩეულია ქვეყნის მოსახლეობის მიერ, რომელიც არ იმართება გარედან, რომელიც დიალოგშია საკუთარ ხალხთან და მის წინაშე ანგარიშვალდებულად თვლის თავს.

ფაქტი ერთია, საქართველოს არ აქვს მომავალი განახლებული ეროვნული მოძრაობისა და ქართული ერთობის გარეშე. განახლებული ეროვნული მოძრაობისა და ქართული ერთობის გარეშე შეუძლებელია ყალბი ეროვნული პათოსს „ნაციონალური“ რეჟიმისაგან საქართველოს განთავისუფლება.

დღეს საკითხი დგას კონკრეტულად: პოლიტიკოსები დავდგეთ საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებზე მაღლა და კი არ დავპირისპირდეთ, არამედ შევაერთოთ დიალოგისა და უნდობლობის პოლიტიკური პროცესები.

საქართველოს აქვს ეროვნული მოძრაობის დიდი გამოცდილება. 90-იან წლებში ეროვნული მოძრაობის ლიდერები დიალოგშიც იყვნენ იმჟამინდელ ხელისუფლებასთან და ეს დიალოგი მიდიოდა ხალხის ხმის, ხალხის მოთხოვნის, ხალხის ერთიანობის და მხარდაჭერის ფონზე. სწორედ ეს იყო ეროვნული მოძრაობის სიმაღლეც, ხალხის ეროვნული განწყობის დადასტურებაც და გამარჯვების განმსაზღვრელი ფაქტორიც.

სწორედ ამიტომ, ქვეყნისათვის ამ საბედისწერო ჟამს, „თეთრებისათვის“ მიუღებელია არათუ დაპირისპირება, არამედ ამის მცდელობაც კი, რომელიც ასეა ატაცებული მედიის, განსაკუთრებით სამთავრობო ტელეარხების, ხელისუფლების მსახური ჟურნალისტების მიერ.

„თეთრებს“ მიაჩნიათ, რომ დადგა ეტაპი, როცა ყველამ, ვინც საკუთარ თავს მივიჩნევთ ხელისუფლების ოპოზიციად, გვერდზე გადავდოთ წყენაც, ერთმანეთისთვის რომ მიგვიყენებია, გულისტკივილიც, დავდგეთ საკუთარ ამბიციებზე მაღლა, მოვიკლათ (დროებით მაინც) ფიქრი სკამსა და თანამდებობაზე და ვიფიქროთ ქვეყანაზე, რომელიც ამ ხელისუფლების უმსგავსო ქმედებათა გამო ხელიდან გვეცლება; ვიფიქროთ იმაზე, რომ ქვეყანაში, ადამიანთა უმრავლესობაში დასაძლევია შიშიც, გულგატეხილობაც და დეპრესიაც. ვიფიქროთ იმაზე, რომ დასახსნელია ქვეყანაც, ეროვნული განწყობაც, ქართული სულიც, თითოეული ადამიანიც. დღეს ხომ რეალურად საქართველოს მოსახლეობის გენოციდი მიდის და ამ საკითხის შეტანას ჩვენ ვაპირებთ ეროვნულ კრებაზე მარტში.

სწორედ ამიტომ, ჩვენ, „თეთრები“ – ვადასტურებთ რა პატივისცემას დიალოგში შესული ნამდვილი ოპოზიციური პარტიებისადმი და ვთვლით რა, რომ ეროვნული კრება – სახალხო წარმომადგენლობითი კრება 2006 წლის ივლისის დიდი შეხვედრიდან მომდინარე – იმედად შემოვიდა ქართულ საზოგადოებაში, ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში (კრებისადმი მხარდაჭერა დადასტურებელი აქვს საქართველოს ყველა პოლიტიკურ პარტიას, გარდა სახელისუფლოსი) – დიდ ქართულ საქმედ მივიჩნევთ ხელისუფლებასთან თემატური დიალოგისა და ხელისუფლებისადმი უნდობლობის პოლიტიკური პროცესების გაერთიანებას და ამ ერთიანი პროცესის განახლებულ ეროვნულ მოძრაობად გადაქცევას.

დარწმუნებული ვართ, ჩვენი ეს პოზიცია, თანხვედრილია მოსახლეობის უმრავლესობის პოზიციასთან… სრულად გამოხატავს პოლიტიკურ პარტიათა უმრავლესობის განწყობას, იმ განწყობას, რომელიც ჩამოყალიბდა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის მიერ მოწყობილ შეხვედრაზე ჭადრაკის სასახლეში, „ქართული აკადემიის“ მიერ ორგანიზებულ დიდ პოლიტიკურ მოთათბირებაზე „შერატონ მეტეხი პალასში“ 6 ნოემბერს, „თავისუფალი აზრის სახლის“ მიერ მოწყობილ საპროტესტო აქციაზე 7 ნოემბერს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად ვთვლით – მომდევნო კვირის ბოლომდე შედგეს პოლიტიკურ ლიდერთა დიდი საკონსულტაციო შეხვედრა.

ჩვენი სურვილია, რომ ამ დიდი პოლიტიკური მოთათბირების ინიციატორები ვიყოთ ყველანი, როგორც „ქართული აკადემია“, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია, „თავისუფალი აზრის სახლი“, ასევე ნამდვილ ოპოზიციურ პარტიათა ლიდერები და იგი შედგეს ქართული კულტურისა და მეცნიერების მოღვაწეთა მონაწილეობით.

ჩვენ აუცილებლად უნდა შევიკრიბოთ, ჩვენ აუცილებლად უნდა შევქმნათ „ნდობის დარბაზი“, როგორც ილია ჭავჭავაძე იტყოდა, „სახელმწიფო კაცების“ შემადგენლობით… ჩვენ უნდა შევძლოთ ყველა სიძნელის დაძლევა და გავაერთიანოთ ხელისუფლებასთან თემატური დიალოგისა და ხელისუფლებისადმი უნდობლობის პროცესები… ჩვენ აუცილებლად უნდა დავანახოთ ხალხს დიდი ერთობაც, სამოქმედო პროგრამაც.

ჩვენ დღეს შეგვიძლია იმედი მივცეთ ხალხს და მომავალი ქვეყანას.

ამ შანსის ხელიდან გაშვებას მომავალი არ გვაპატიებს.

ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს დიალოგს ამერიკასთან, ევროპასთან, შეხვედრებს ყველგან, მათ შორის რუსეთში, მაგრამ ამ ეტაპზე უპირველესია მოვუსმინოთ ქართველ ხალხს, საქართველოს მოსახლეობას.

საქართველოს მომავალი განახლებულ ეროვნულ მოძრაობასა და რეალურ დემოკრატიაში, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ინტელექტუალურ რადიკალიზაციაშია

ავმაღლდეთ საქართველოს მოსახლეობის განწყობამდე და ვიმოქმედოთ ქართული დროის მოთხოვნით!

თემურ შაშიაშვილი
2010 წლის 12 ნოემბერი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *