წარმომადგენლობითი სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს დებულება

 

მუხლი I

ზოგადი დებულებები:

1.1 აღმასრულებელი საბჭო (შემდგომში „საბჭო“) არის წარმომადგენლობითი სახალხო კრების მიერ არჩეული უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია სახალხო წარმომადგენლობითი კრების გადაწყვეტილებათა შესრულებაზე.

1.2 საბჭო ვალდებულია, მუდმივი კონსულტაციები ჰქონდეს წარმომადგენლობითი სახალხო კრების მიერ არჩეულ სათათბირო ორგანოსთან – კრების დარბაზთან.

1.3 საბჭოს წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს და მის შემადგენლობას ირჩევს წარმომადგენლობითი სახალხო კრება ღია კენჭისყრით.

მუხლი II

საბჭოს უფლება – მოვალეობები:

2.1 საბჭო უფლებამოსილია წარმომადგენლობითი სახალხო კრების წესდების ფარგლებში და მისი მოვალეობაა ადამიანური, ორგანიზაციული და საფინანსო რესურსების მობილიზება კრების მიერ დასმული ამოცანების შესასრულებლად.

2.2 საბჭო, როგორც კრების უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო, უფლებამოსილია შექმნას შემდეგი ქვემოთ ჩამოთვლილი სტრუქტურები, რომელიც დაექვემდებარებიან საბჭოს:

• საკოორდინაციო შტაბი
• წარმომადგენლობითი სახალხო კრების საქალაქო და რაიონული კომიტეტები
• წარმომადგენლობითი სახალხო კრების ფონდი
• საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
• საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახური
• ახალგაზრდული კომიტეტი

2.3 საბჭო აძლევს დაკვეთას დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფს მდგომარეობის სიღრმისეული ანალიზისა და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის დეტალური პროგრამის შედგენის თაობაზე. განიხილავს მას და კრების დარბაზში დამტკიცების შემდგომ განახორციელებს კონკრეტული ღონისძიებებს მისი შესრულებისათვის.

2.4 საბჭო კრების დარბაზთან კონსულტაციებით იღებს გადაწყვეტილებას წარმომადგენლობითი სახალხო კრების მოწვევის თაობაზე და ორგანიზაციას უკეთებს მის მოწვევას.

2.5 საბჭო წარუდგენს წინადადებებს კრების დარბაზს კოოპტაციის წესით წარმომადგენლობითი სახალხო კრების დარბაზში პიროვნებების არჩევის თაობაზე.

2.6 საბჭო წარმომადგენლობითი სახალხო კრების დარბაზს წარუდგენს წინადადებებს „ქომაგის“, „სახალხო რაზმის“ ხელმძღვანელის, წარმომადგენლობითი სახალხო კრების კრების ფონდის თავმჯდომარის კანდიდატურების თაობაზე.

მუხლი III

საბჭოს შემადგენლობა:

3.1 წარმომადგენლობითი სახალხო კრების მიერ ღია კენჭისყრით არჩეულია საბჭო 14 კაცის შემადგენლობით.

• ირაკლი ბათიაშვილი
• ეკა ბესელია
• ნინო ბურჯანაძე
• გია ბურჯანაძე
• ნონა გაფრინდაშვილი
• რეზო ესაძე
• ლუკა კურტანიძე
• გუბაზ სანიკიძე
• გოგი ქავთარაძე
• კახაბერ შარტავა
• თეიმურაზ შაშიაშვილი
• ზვიად ძიძიგური
• ელიზბარ ჯაველიძე
• სოსო ჯაჭვლიანი

მუხლი IV
საბჭოს თავმჯდომარე

საბჭოს თავჯდომარეა წარმომადგენლობითი სახალხო კრების თავჯდომარე, ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი

 

მუხლი V

საბჭოს მდივანი

5.1 საბჭო, მისი საქმიანობის კოორდინაციისათვის (წევრთა ინფორმირება, სხდომის დღის წესრიგის მომზადება, სხდომაზე განსახილველი საკითხების, პროექტების დაბეჭდვა-დარიგება, სხდომის ოქმის შედგენა, მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლი, საბჭოს არქივის წარმოება) ნიშნავს საბჭოს მდივანს, რომელიც, როგორც წესი, ესწრება საბჭოს სხდომებს.

5.2 საბჭოს დახურულ სხდომებზე საბჭოს მდივნის ფუნქციას ასრულებენ საბჭოს წევრები.

5.3 საბჭოს მდივანი ვალდებულია:

• საბჭოს სხდომების გადაწყვეტილებებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს იმ წევრს, რომელიც სხდომას არ ესწრებოდა.

• აწარმოოს საბჭოს ოქმები

• ვალდებულია უზრუნველყოს საბჭოს წევრების ხელმოწერა საბჭოს სხდომის ოქმებზე.

• ყოველი სხდომის შედეგებიდან გამომდინარე შეადგინოს პრესრელიზი და სხდომის თავმჯდომარესთან შეთანხმებით მიაწოდოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს.

მუხლი VI

საბჭოს სხდომები

6.1 საბჭოს სხდომები ტარდება კვირაში ერთხელ მაინც.

6.2 საბჭოს ნებისმიერ წევრს აქვს უფლება, მინიმუმ ორი დღით ადრე მოითხოვოს აღმასრულებელი საბჭოს სხდომის მოწვევა.

6.3 საბჭო მის ყოველ სხდომაზე აზუსტებს მომდევნო სხდომის დღის წესრიგს.

6.4 საბჭოს ნებისმიერ წევრს აქვს უფლება, მოითხოვოს დღის წესრიგში საკითხის შეტანა.

6.5 საბჭოს სხდომებს ხელმძღვანელობს წარმომადგენლობითი სახალხო კრების თავმჯდომარე, ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი.

6.6 ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილის არყოფნის შემთხვევაში, სხდომას უძღვება ან ის მიერ კონკრეტული სხდომის თავმჯდომარედ დანიშნული პიროვნება, ან, ამის შეუძლებლობის შემთხვევაში, სხდომის მონაწილე წევრები ხმათა უმრავლესობით წყვეტენ სხდომის თავმჯდომარის საკითხს.

6.7 საბჭოს სხდომა ითვლება კანონიერად, თუ სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარი მაინც.

6.8 გადაწყვეტილებას საბჭოს დახურული სხდომის მოწვევის თაობაზე იღებენ საბჭოს წევრები ხმათა უმრავლესობით.

 

მუხლი VII

საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების მიღება

7.1 საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს შემდეგი წესით:

• სხდომის მონაწილეთა უბრალო უმრავლესობით
• საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტით ( 8 კაცი)
• საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობის 2/3 -ით (10 კაცი).

7.2 საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტით მიიღება გადაწყვეტილებები საკადრო საკითხებზე და სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფების შექმნაზე.

7.3 საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობის 2/3-ით მიიღება გადაწყვეტილებები კრების ყრილობის მოწვევის და მთავარი თარიღის დანიშვნაზე.

7.4 ყველა სხვა გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს შემადგენლობის უმრავლესობით.

7.5 გადაწყვეტილებათა მიღებისას, თანაბარი ხმების შემთხვევაში, მიღებულად ითვლება ის გადაწყვეტილება, რომელსაც მხარი დაუჭირა წარმომადგენლობითი სახალხო კრების თავმჯდომარემ, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, სხდომის თავჯდომარემ.

7.8 საბჭოს გადაწყვეტილება სავალდებულოა საბჭოს ყოველი წევრისათვის, მიუხედავად იმისა, ეთანხმება თუ არა იგი მიღებულ გადაწყვეტილებას.

უხლი VIII

საბჭოს საქმიანობის კონფიდენციალურობა, საბჭოს წევრთა პასუხისმგებლობა

8.1 გადაწყვეტილებას საბჭოს სახელით ნებისმიერი წერილის, მიმართვის (სხვა დოკუმენტის) გაგზავნის თაობაზე იღებს საბჭო დადგენილი წესით.

8.2 საბჭოს სახელით გაგზავნილ ნებისმიერ დოკუმენტს ხელს აწერს წარმომადგენლობითი სახალხო კრების თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, საბჭოს ერთი, ან რამდენიმე წევრი, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს კრების საბჭო.

8.3 ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით და ასევე იმის გამო, რომ წარმომადგენლობითმა სახალხო კრებამ მიიღო უდიდესი გადაწყვეტილება – შეცვალოს ხელისუფლება დემოკრატიული მექანიზმებით და ამ გადაწყვეტილების შესრულების ორგანიზაცია დაავალა აღმასრულებელ საბჭოს:
8.3.1 საბჭოს ოქმები გასაიდუმლოებულია;

8.3.2 საბჭოს ყველა გადაწყვეტილება კონფიდენციალურია, გარდა იმ გადაწყვეტილებებისა, რომელთა საჯაროობაზე თავად საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას.

8.3.3 საბჭოს სხდომის ოქმებში აღინიშნება საბჭოს ყოველი წევრის პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

8.3.4 თუ საბჭოს წევრი არ ეთანხმება საბჭოს გადაწყვეტილებას, საბჭოს ოქმში აღინიშნება, შესაბამისი მიზეზი და ისიც, რასაც თვითონ სთავაზობს საბჭოს.

8.3.5 თუ საბჭოს წევრის პოზიცია არ არის გაზიარებული, სასურველია, მან მისი პოზიცია საჯარო განხილვის საგნად არ აქციოს წარმომადგენლობითი სახალხო კრების ყრილობამდე.

8.3.6 საბჭოს წევრი, რომლის პოზიცია საკითხის გადაწყვეტის დროს არ იქნა გაზიარებული, სასურველია დაემორჩილოს საბჭოს გადაწყვეტილებას.

8.3.7 იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს წევრის პოზიცია არ იქნა გაზიარებული და თვითონ შეუძლებლად თვლის მონაწილეობას მის განხორციელებაში, მას უფლება არ აქვს ამ საკითხზე გააკეთოს საჯარო განცხადება, მაგრამ შეუძლია შეაჩეროს მისი, როგორც საბჭოს წევრის უფლებამოსილება:

ა) ამ საკითხთან მიმართებაში
ბ) საბჭოსთან მიმართებაში
გ) მოითხოვოს კომისიის შექმნა დარბაზის შემადგენლობიდან, რომლის წევრთა შემადგენლობა წყდება საბჭოს წევრთა 2/3-ით.

8.3.8 იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს წევრის პოზიცია არ იქნა გაზიარებლი და თვითონ შეუძლებლად თვლის მონაწილეობას მის განხორციელებაში და არ იყენებს 8.3.7 პუნქტში ჩამოყალიბებულ უფლებას, საბჭოს წევრთა 2/3-ით შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ამ კონკრეტული საკითხის შემდგომი ეტაპები (განხილვა, რეალიზაცია) გააგრძელოს საბჭოს აღნიშნული წევრის მონაწილეობის გარეშე.

8.3.9 საბჭოს ნებისმიერ წევრს უფლება აქვს მისი პოზიცია, რომელიც არ იქნა გაზიარებული საბჭოზე – გააცნოს წარმომადგენლობით სახალხო კრებას.

8.3.10 საბჭოს ოქმები საჯარო ხდება სახალხო წარმომადგენლობითი კრების მიერ არჩეული საბჭოს ახალი შემადგენლობის, ან კრების გაადწყვეტილებით.

დამატებითი ორი ვარიანტი:

პირველი ვარიანტი

• თუ საბჭოს წევრის პოზიცია არ არის გაზიარებული და მის პოზიციას საბჭოს სხდომის მონაწილე არც ერთი წევრი არ ეთანხმება, მას უფლება აქვს, მოითხოვოს საკითხის განმეორებითი განხილვა 24 საათის განმავლობაში – რეალურად შესაძლო ყველა წევრის მონაწილეობით.

• თუ საბჭოს წევრის პოზიცია არ არის გაზიარებული და ამ პოზიციას ეთანხმება საბჭოს ერთი, ან მეტი წევრი, მათ უფლება აქვთ, მოითხოვონ ამ საკითხის გატანა კრების დარბაზის სხდომაზე და დარბაზთან კონსულტაციების გათვალისწინებით საბჭომ მიიღოს გადაწყვეტილება.

• თუ საბჭოს წევრის პოზიცია არ არის გაზიარებული, იგი თავისუფალია მის შემდგომ მოქმედებაში – იქცევა ისე, როგორც საკუთარი მორალური და ზნეობრივი პრინციპები, ფასეულობები კარნახობენ:

– არ აქცევს საჯარო განხილვის საგნად მის პოზიციას, ან უარს ამბობს ამაზე წარმომადგენლობითი სახალხო კრების ახალ სხდომამდე
– უარს ამბობს მიღებული გადაწყვეტილების შესრულებაში მონაწილეობაზე, ან დგება ყოველგვარ წყენაზე მაღლა და რეალურად მონაწილეობს მის განხორციელებაში;
– აჩერებს საბჭოს წევრობას, ან აჩერებს საბჭოს წევრობას მხოლოდ განსახილველ საკითხთან მიმართებაში.

მეორე ვარიანტი

• თუ საბჭოს წევრის პოზიცია არ არის გაზიარებული და მის პოზიციას საბჭოს სხდომის მონაწილე არც ერთი წევრი არ ეთანხმება, მას უფლება აქვს, მოითხოვოს საკითხის განმეორებითი განხილვა 24 საათის განმავლობაში – რეალურად შესაძლო ყველა წევრის მონაწილეობით.

• თუ საბჭოს წევრის პოზიცია არ არის გაზიარებული და ამ პოზიციას ეთანხმება საბჭოს ერთი, ან მეტი წევრი, მათ უფლება აქვთ, მოითხოვონ ამ საკითხის გატანა კრების დარბაზის სხდომაზე და დარბაზთან კონსულტაციების გათვალისწინებით საბჭომ მიიღოს გადაწყვეტილება.

• თუ საბჭოს წევრის პოზიცია კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით არ არის გაზიარებული, იგი რჩება არჩევანის წინაშე და იღებს ერთ რომელიმე გადაწყვეტილებას:

– არ აქცევს საჯარო განხილვის საგნად მის პოზიციას წარმომადგენლობითი სახალხო კრების ახალ სხდომამდე;

– არ აქცევს საჯარო განხილვის საგნად მის პოზიციას და რეალურად მონაწილეობს მის განხორციელებაში;

– არ აქცევს საჯარო განხილვის საგნად მის პოზიციას და უარს ამბობს გადაწყვეტილების შესრულებაში მონაწილეობაზე;

-აჩერებს მის წევრობას აღმასრულებელ საბჭოში და უარს ამბობს მისი პოზიციის საჯაროობაზე;

– აჩერებს მის წევრობას აღმასრულებელ საბჭოში და მის პოზიციას ხდის საჯაროს. იღებს სხვა ნებისმიერ გადაწყვეტილებას მისი მორალური და ზნეობრივი პრინციპებიდან გამომდინარე.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *