„ღირსების ულტიმატუმის“ შესრულების შესახებ

gerbi182009 წლის 25 ნოემბერს,. 15 პარტიამ და არასამთავრობო ორგანიზაციამ, საქართველოს მეცნიერების და კულტურის არაერთმა ღვაწლმოსილმა მოღვაწემ, ქართული საზოგადოების მრავალმა წარჩინებულმა წვერმა ხელი მოაწერა „ღირსების ულტიმატუმს“, რომელიც 1 000-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერით ჩაბარდა პრეზიდენტის აპარატს.

ულტიმატუმის დასკვნით პუნქტში დაფიქსირებული გახლდათ ხელისმომწერთა პოზიცია, რომ, „თუ ხელისუფლება არ შეასრულებს სასიცოცხლო მნიშვნელობის ამ მოთხოვნებს, საზოგადოებას ექნება ყოველგვარი უფლება, ხელისუფლებას წაუყენოს „კონსტიტუციური ულტიმატუმი“, ანუ გამოუცხადოს დაუმორჩილებლობა“.

ხელისუფლებამ არათუ არ იზრუნა ულტიმატუმის შესრულებაზე, პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა ჭარმაგი აკადემიკოსების, პროფესორების, სახალხო არტისტების, ცნობილი ჟურნალისტებისა და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების, ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების ნააზრევი.

კერძოდ:

საკითხი 1. – . 2010 წლის პირველი იანვრიდან –

პენსია ; მინიმალური ხელფასი;ლტოლვილთა შემწეობა; უმუშევართა შემწეობა; სტიპენდია გაუტოლდეს საარსებო მინიმუმს. საარსებო მინიმუმი განისაზღვროს დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ მსოფლიოში მიღებული პრინციპების საფუძველზე ;

რეალური მდგომარეობა

პენსია, მინიმალური ხელფასი, სხვადასხვა სახის შემწეობანი რამდენჯერმე მცირეა თავად ხელისუფლების მიერ აღიარებულ საარსებო მინიმუმზე., რომელიც თავის მხრივ, ძალიან შორსაა მსოფლიოში მიღებული სტანდარტებისაგან და ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. სრულიად მოუთმენელია დამოკიდებულება სტუდენტი ახალგაზრდობის მიმართ. ე.წ პრესტიჟულ ფაკულტეტებზე მთლიანად შეწყდა საბიუჯეტო დაფინანსება. რაც შეეხება სტუდენტების მატერიალურ დახმარებას, მათ ჩაბმას უცხოეთის უნივერსიტეტებში გაცვლით პროგრამებით სწავლებაში და სხვა სიკეთეებს, მთლიანად განიხილება ერთი მოთხოვნის აუცილებელი შესრულების კვალობაზე: რამდენად არის ახალგაზრდა ჩაბმული „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივ საქმიანობაში, ახალგაზრდულ ზონდერ ბრიგადებში, ე.წ. სტუდენტურ თვითმმართველობებში, რომლებიც სხვა არაფერია, თუ არა ნაციონალური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ადგილობრივი შტაბები, რაც არაერთხელ დაადასტურა ტელეკომპანია „მაესტროს“ და არაერთი გაზეთის ჟურნალისტთა მიერ ჩატარებულმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ.

სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურების მიერ მოკრეფილი და გამოქვეყნებული მასალები თავად მოდის ერთმანეთთან წინააღმდეგობაში, ხშირ შემთხვევაში უბრალოდ ტყუილია. ასე მაგალითად, სახელმწიფო მმართველობაში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 2011 წლის პირველ კვარტალში ოფიციალურად შეადგენდა 929 ლარს. ფრიდრიხ ებელის ფონდის მიერ მოპოვებული მასალებით რიგ დაწესებულებებში ის საარსებო მინიმუმის, ანუ 158 ლარისა და 60 თეთრის მხოლოდ 50%-ს შეადგენს. მეტიც, ამ ოფიციალურად აღიარებულ ნიშნულზე გაცილებით დაბალია ოფიციალური საშუალო ხელფასი თევზჭერისა და თევზის გადამამუშავებელი დარგის სახელმწიფო სექტორში – 129 ლარი და 20 თეთრი, და ეს მაშინ, როცა ასევე ოფიციალური მონაცემებით ინფლაცია ივნისში შეადგენდა 13%, ხოლო ივლისში 10%

საკითხი 2. დადგინდეს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან და სახელმწიფო დაწესებულებებში გასაცემი მაქსიმალური ხელფასი არ შეიძლება იყოს მინიმალურზე (მათ შორის პენსიაზე) 20-ჯერ მეტი;

რეალური მდგომარეობა

აქ პასუხი მეტად ლაკონურია. ჯერადობა ორასს, სამასს, ზოგჯერ ოთხასსაც შეადგენს.

საკითხი 3. მოხდეს პოლიტპატიმრების უპირობო განთავისუფლება;

რეალური მდგომარეობა

პოლიტპატიმართა ბანაკში მატებაა, სერიოზული მატება. განსაკუთრებით მიმდინარე წლის 26 მაისის მასიური დაპატიმრებების შემდეგ. ზრდა არის არა მხოლოდ რაოდენობრივი, არამედ ხარისხობრივი თვალსაზრისითაც. ხელისუფლებამ გაცილებით მაღალ ხარისხში აიყვანა პოლიტიკურ პატიმრებზე მორალური და ფიზიკური ზემოქმედება. სამართალდამცავთა მდიდარი ფანტაზიის წყალობით ასობით პოლიტპატიმარი ოფიციალურად სასჯელს იხდის სამშობლოს ღალატის საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის, ნარკოტიკულ ნივთიერებებთან სხვადასხვა სახის ურთიერთობების ბრალდებით.

საკითხი 4. 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის აუცილებელ მოთხოვნებად განისაზღვროს:
– განათლების და ჯანმრთელობის დაცვის პრიორიტეტული დაფინანსება.
– სტუდენტის მიერ სწავლისათვის გადასახდელი თანხა არ უნდა აღემატებოდეს სწავლის ღირებულების 10%-ს.

რეალური მდგომარეობა – გაიყიდა თითქმის ყველა საავადმყოფო და პოლიკლინიკა, შემცირდა, აღარ ფინანსდება არაერთი ნოზოლოგიის პროგრამა, გაუქმდა ათასამდე სკოლა, განახევრდა სტუდენტთა ოდენობა.

სტუდენტის ოჯახი 14-16-ჯერ მეტს ხარჯავს მომავალი სპეციალისტის სწავლებაზე, ვიდრე სახელმწიფო სტუდენტზე.

საბავშვო ბაღები არათუ სრულად ფინანსდება, შემოღებულ იქნა თითქმის ასპროცენტიანი ფასიანი სექტორი, სადაც გადასახადი 80-`100 ლარი- არ ემყარება არანაირ ეკონომიკურ გაანგარიშებას და სცდება გონიერების ფარგლებს. შეუძლებელია სკოლამდელი ბავშვის შენახვა საბავშვო ბაღში დაჯდეს 100 ლარი. აქ ისე, როგორც სხვა სფეროებში, საქმე გვაქვს ხელისუფლების ხარბ სურვილთან – ყველა დარგიდან, ყველა სფეროდან ამოიღოს თანხის მაქსიმუმი. ასეთ დროს საუბარიც ზედმეტია სახელმწიფოს დემოგრაფიულ პოლიტიკაზე.

დაზღვევის სფეროში არსებულ დარღვევებზე არაერთი სკანდალი ატყდა პრესაში, მაგრამ საზოგადოებამ ჯერ ვერ იგრძნო ვერავითარი ცვლილება. ეს სფერო კვლავინდებურად რჩება ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ და სახელმწიფო ჩინოვნიკთა მხრივ ყოველდღიური არაჯანსაღი ინტერესის საგნად.

სოფლის მეურნეობაში და მცირე ბიზნესში არსებულ მდგომარეობაზე მრავალს მეტყველებს შემდეგი ციფრები:

სოფლის მეურნეობაში ერთ დასაქმებულზე თვეში იქმენება დაახლოებით 80 დოლარის ეკვივალენტის პროდუქცია, რაც შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმზე საგრძნობლად ნაკლებია. შედეგად, იმპორტირებული პროდუქციის წილი ქვეყანაში მოხმარებული სასურსათო კალათის მოცულობაში 2/3-ს,ხოლო თბილისში 4/5-ს შეადგენს.

საკითხი 5. აღიარებული იქნას საკუთრების ხელშეუხებლობა. მოხდეს წართმეული ქონების უპირობოდ დაბრუნება.

რეალური მდგომარეობა – საზოგადოებისათვის უცნობია თუნდაც ერთი ფაქტი ქონების სრულად დაბრუნებისა. მეტიც თბილისის ხელისუფლებამ მიიღო დრაკონული გადაწყვეტილება – მათ მიერ შენობის ავარიულად ცნობის შემთხვევაში გამოასახლონ მეპატრონენი შენობის შემდგომი განკარგვის უფლების ჩამორთმევით.

საკითხი 6. საზოგადოებრივი ტელევიზია დაუბრუნდეს საზოგადოებას, ტელეკომპანია ”იმედი” – მის ნამდვილ მეპატრონეს.

რეალური მდგომარეობა – უკლებლივ ყველა ტელევიზია, მიუხედავად მფლობელობის ფორმისა, (ტელეკომპანიების „კავკასია“ და „მაესტრო“, აგრეთვე რეგიონალური „თრიალეთის“ და 25- ე არხის გარდა), სრულად ასრულებს „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიური რუპორის როლს.

სააკაშვილის რეჟიმის დღემდე არსებობაში ყველაზე დიდი ბრალი , გაცილებით მეტი, ვიდრე ძალოვან სტრუქტურებს, მიუძღვით „საზოგადოებრივ მაუწყებელს, ტელეკომპანიებს „რუსთავი-2“ და „იმედი“, რიგ რეგიონალურ ტელევიზიებს, რომლებსაც საქართველოს მოსახლეობა ჰყავთ სრულ საინფორამციო ვაკუუმში. დეზინფორმაცია, რომელსაც ეს ტელევიზიები თავაზობენ მოსახლეობას, თავისი მოცულობითა და თავხედობით შეიძლება შევადაროთ მხოლოდ ჰებელსის პროპაგანდისტულ მანქანას.

საკითხი 7. ახალი კონსტიტუციის მიღებამდე შეჩერდეს ქვეყნის ბუნებრივ სიმდიდრეებზე ლიცენზიების გაცემა და სტრატეგიული ობიექტების პრივატიზაცია .

რეალური მდგომარეობა – ძნელია დაასახელო თუნდაც ერთი სფერო, თუნდაც ერთი ობიექტი, რომელიც დარჩენილი იყოს საზოგადოების მფლობელობაში, ან გამზადებული არ იყოს გასასხვისებლად.

ქართველ ერს დიდი ხანია აღარ ეკუთვნის ქვანახშირის, მანგანუმისა და ოქროს საბადოები, სადაც მიდის სრულიად უკონტროლო პროცესები. იგივე სახელმწიფოს მხრივ სოფლის მეურნეობაზე ზრუნვის კიდევ ერთი მაგალითია სოფლის მეურნეობის წილად მოსული ინვესტიციების მაჩვენებელი – 0,7 პროცენტი. კიდევ ერთი მაჩვენებელი: საბანკო სექტორის მიერ სოფლის მეურნეობაზე გაცემული სესხების ოდენობა მხოლოდ 1,0 პროცენტია.

საკითხი 8. ყოველთვიურად გამოქვეყნდეს ყველა დონის (სახელმწიფო, მხარე, ქალაქი, რაიონი) ბიუჯეტში შესული თანხების მოცულობა, წყაროები და სრული ინფორმაცია მათი ხარჯვის შესახებ.

რეალური მდგომარეობა – არაფერი მსგავსი არ ხდება, რასაც დაგვიდასტურებს სრულიად საქართველო.

საკითხი 9.. ექსპერტთა მონაწილეობით (პარიტეტულ პრინციპებზე) შესწავლილი იქნას : პურზე, შაქარზე, საერთოდ პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტებზე, სამედიცინო მომსახურებაზე, მედიკამენტებზე, ტრანსპორტზე, სატელეფონო მომსახურებაზე, საწვავზე, გაზზე, ელექტროენერგიაზე დაწესებული ფასების საფუძვლიანობა. (ზედაპირული ანალიზითაც ჩანს, რომ ზრდა ხელოვნურია და შეიძლება ფასების განახევრება).

რეალური მდგომარეობა – არათუ შესწავლილ იქნა ფასები და გადასახადები, შემოღებულ იქნა საყოფაცხოვრებო ნარჩენის გატანის ტარიფის გაანგარიშების მსოფლიო პრაქტიკისათვის უცნობი უნიკალური მეთოდიკა, რომლის პირველი შედეგები ყველა ოჯახმა საკუთარ ბიუჯეტზე იწვნია.

საკითხი 10. გაანალიზდეს (ოპოზიციის მონაწილეობით) კომერციულ ბანკებსა და მოსახლეობას შორის წარმოქმნილი პრობლემები და მოხდეს მათი დარეგულირება სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით.

რეალური მდგომარეობა – ასეთი მუშაობის დაწყების თაობაზე შემოთავაზება არ ყოფილა

საკითხი 11. გაანალიზდეს საბანკო სესხების არსებული საკრედიტო განაკვეთები, ზრდის რეალური ფაქტორები. სახელმწიფომ ევროპული გამოცდილებით უზრუნველყოს იაფი კრედიტის პრობლემის გადაწყვეტა.

რეალური მდგომარეობა – ჩვენთვის უცნობია ამ მიმართულებით მიმდინარე მუშაობა

საკითხი 12. გამოქვეყნდეს ყოფილი პრემიერ მინისტრის ზურაბ ჟვანიას სიკვდილის გამოძიების შედეგები.

რეალური მდგომარეობა – სახელმწიფო ჯიუტად იცავს თავდაპირველ ვერსიას, რომლის სამართლიანობის არავის სჯერა

საკითხი 13. შეიქმნას (პარიტეტულ პრინციპებზე) გახმაურებულ “ქუჩის მკვლელობათა” საქმეების შემსწავლელი საზოგადოებრივი კომისია.

რეალური მდგომარეობა – როგორც ჩანს, ასეთი რამ პრინციპულად მიუღებელია ხელისუფლებისათვის.

საკითხი 14. თანამდებობიდან იქნეს გადაყენებული და მიცემული პასუხისგებაში ყველა ის თანამდებობის პირი, რომელიც დაკავშირებულია ქუჩის მკვლელობებთან.

რეალური მდგომარეობა – ყველა მკვლელი ასრულებდა სახელმწიფოს, სახელმწიფოს მაღალჩინოსანთა პირად და მათი ოჯახის წევრთა დაკვეთებს, ამიტომ ისინი დღეისათვის ხელშეუხებელნი არიან. მეტიც, წინ მიიწევენ კარიერის კიბის მაღალი საფეხურებისაკენ.

საკითხი 15. თანამდებობიდან იქნას გადაყენებული ყველა ის პირი, რომლიც მონაწილეობდა ეკლესიების ნგრევასა და მრევლის დარბევაში(მიუხედავად მათი კონფესიური კუთვნილებისა).

რეალური მდგომარეობა – არც ერთი მათგანის მიმართ არ გატარებულა რაიმე სახის დისციპლინარული სასჯელი. მეტიც, ისინი დღეს გაცილებით მაღალ თანამდებობებზე არიან.

საკითხი 16. გაიხსნას და საჯარო გახდეს 2003 წლის შემდგომ დაფუძნებული სახელისუფლებო ფონდები, მათ შორის : პრეზიდენტისა, პრემიერ- მინისტრისა, მინისტრებისა, გუბერნატორებისა, მერებისა და გამგებლებისა.

რეალური მდგომარეობა – ყველა აღნიშნული ფონდის განკარგვას კვლავაც ადევს ცხრა ბოქლომი და სრულიად მიუწვდომელია მათთვის, ვისი ფულითაც არის შექმნილი.

საკითხი 17. ახალი კონსტიტუციის მიღებამდე შეჩერებული იქნას 2004 წლის დასაწყისში მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების მოქმედება.

რეალური მდგომარეობა – ხელისუფლება ამ საკითხშიც სიჯიუტეს იჩენს.

საკითხი 18. გამოქვეყნდეს სუკ – ის აგენტების სიები.

რეალური მდგომარეობა – ხელისუფლება ვერ გამოაქვეყნებს სიას, სადაც არაერთი მათგანი თავისი ნათესავი თუ ახლობელი იქნება. ამდენად ეს პუნქტიც შეუსრულებელი რჩება.

საკითხი 19. საქართველოს ყველა ქალაქისა და რაიონის მიხედვით გამოქვეყნდეს სიები იმ ობიექტებისა, რომელთა კეთილმოწყობისათვის დაიხარჯა 50 000 ლარზე მეტი (უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში).

რეალური მდგომარეობა – ასეთი რამ დღემდე არ მომხდარა

საკითხი 20. გამოქვეყნდეს, როგორც მთელი ქვეყნის, ასევე ქალაქებისა და რაიონების მიხედვით სახელმწიფო მოხელეებზე გაცემული ხელფასების, პრემიებისა და სამივლინებო თანხების მოცულობა (უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში).

რეალური მდგომარეობა – აღმაშფოთებელი ციფრები, რომლებიც პერიოდულად ქვეყნდება პრესაში, გახლავთ მაღალპროფესიული ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რაც შეეხება ოფიციალურ ცნობებს, ასეთი რამ არც ერთხელ არ გამოქვეყნებულა.

საკითხი 21. გამოქვეყნდეს სახელმწიფო დაწესებულებების შეკეთების, კეთილმოწყობის, სატელეფონო, სატრანსპორტო მომსახურების თანხების მოცულობები უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში.

რეალური მდგომარეობა – ამ საკითხზე ფრაგმენტული ინფორმაციები მთლიანად ჟურნალისტთა დამსახურებაა. სახელმწიფო სტრუქტურები მათ არ ხდიან საჯარო განხილვის საგნად.

საკითხი 22. გამოქვეყნდეს 1992 წლიდან მიღებული უცხოური დახმარებების ჩამონათვალი და ინფორმაცია მათი ხარჯვის შესახებ.

რეალური მდგომარეობა – ამ თემაზე სახელმწიფოს მიერ არ არის გამოქვეყნებული არც ერთი ინფორმაცია.

საკითხი 23. გაანალიზდეს მეწარმეთა – იურიდიული და ფიზიკურ პირთა მიერ სასამართლო ორგანოებში შეტანილ სარჩელებზე გამოტანილი განაჩენები და შედეგები გამოქვეყნდეს პრესაში.

რეალური მდგომარეობა – ასეთი ანალიზი არ არსებობს.

საკითხი 24. ხელისუფლების, ოპოზიციის, პოლიტიკური ძალების, არასამთავრობო სექტორის, მედიის, საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობით შეიქმნას კომისია, რომელიც მოაწყობს შეხვედრებს უცხოეთში წასულ საქართველოს მოქალაქეებთან მათი უფლებების დაცვის მდგომარეობის შესწავლის მიზნით და შესაბამისი ქვეყნების ხელისუფლებებთან კავშირში იბრძოლებს მათთვის მინიმუმ იმავე პირობების შექმნისთვის, როგორიც ჩვენს ქვეყანაში აქვთ ამ ქვეყნების მოქალაქეებს.

რეალური მდგომარეობა – ასეთი სამუშაო რგოლი არ შექმნილა და ამ მიმართულებით მუშაობა არ მ მიმდინარეობს.

საკითხი 25. პრეზიდენტმა შეასრულოს მისი წინასაარჩევნო დაპირება პენსიების სტაჟისა და დამსახურების მიხედვით განსაზღვრის თაობაზე და აღადგინოს ყველა ის შეღავათი, რომლებიც გაპრეზიდენტების შემდგომ გააუქმა და ამის თაობაზე არ ჰქონია გამოცხადებული წინასაარჩევნო პერიოდში.

რეალური მდგომარეობა – თითქმის რვა წლის წინ ხალხისათვის მიცემულ სიტყვას პრეზიდენტი დღემდე არ ასრულებს.

 

2010 წლის მარტი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *