წინ საქართველო : დღეს ხელისუფლების ოპოზიცია ხალხია.

 

DSC05319პოლიტიკური მოძრაობა “წინ საქართველოს” განსხვავებული პოზიცია.

საქართველო – ქვეყნის გარედან მართვადი ხელისუფლების გარეშე!

პოლიტიკური და სისტემური კრიზისი, რომელიც დღეს რეალურად გვაქვს საქართველოში, ორი ნოემბერი, რომელიც აზანზარებს დღეს ჩვენს ქვეყანას – იმის შედეგია, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა, “ნაციონალ-დემოკრატებმა” – სიცრუეზე გაცვალეს ჭეშმარიტება: ხალხში გაჭირვების ცოდვის ტირილია, ხელისუფლება კი ტყუილებითა და “სატელევიზიო აღმშენებლობით” კვებავს ხალხს და ქვეყანას, სიძნელეების, პრობლემების არსებობას კი გარეშე მტრებით ხსნის. ხელისუფლებამ ტყუილი აქცია ქვეყნის მართვის შემადგენელ ნაწილად.ქუჩითა და მიტინგებით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის დიდი მხარდაჭერით მოსულ ხელისუფლებას სწორედ ქუჩისა და მიტინგების ეშინია. მისთვის რუსეთი მთავარი მტერია, გადარჩენის იმედი ამერიკაა, თუმცა აფიქრებს ის, თუ როგორ მოექცა ამერიკა მისსავე დიდ მეგობარ ედუარდ შევარდნაძეს. შიშით შეპყრობილი პრეზიდენტი და ხელისუფლება უკადრებელს კადრულობს თავის გადასარჩენად. ჩაკეტილია თბილისისაკენ მიმავალი მაგისტრალები. თბილისში, ქალაქებსა და რაიონებში ძალადობა აპოგეას აღწევს. ხელისუფლება თბილისში ქალაქებიდან და რეგიონებიდან კრიბავს ე.წ. “პატრიოტებს”, ქალაქებსა და რაიონებში ე.წ. “რეზერვისტებს”, ეწევა მოსახლეობის ფულითა და ფქვილით მოსყიდვას (საცოდავი საქართველო) და ყველაფერი ამის გადასაფარავად ცინიზმით და უსირცხვილოდ აცხადებს: “ბადრი პატარკაციშვილმა оптом იყიდა ოპოზიცია”. ეს უკანასკნელი რომ ტყულია – სადავო არ არის, თუნდაც იმიტომ, რომ უამრავი პოლიტიკური ძალა, თუნდაც, “წინ საქართველო”, უამრავი პოლიტიკოსი, თუნდაც, თემურ შაშიაშვილი არ შედიან იმ საბჭოში, არ თანამშრომლობენ ბადრი პატარკაციშვილისაგან ფინენსირებად ეკლეკტიკურ “ეროვნულ საბჭოსთან”, იმ საბჭოსთან რომელშიც ძირითადში ის პოლიტიკური ძალები და პოლიტიკოსები არიან, რომელთაც თავის დროზე შექმნეს და განადიდეს მიხეილ სააკაშვილი, გაიყვანეს პრეზიდენტად, გაამარჯვებინეს “ნაციონალებს”…… და, რომელთა უდიდეს ნაწილს სინანულის გრძობაც კი არ გააჩნია საქართველოსათვის მიყენებული ამ უბედურების გამო.
ამაზრზენია ის, რომ სოროსის მილიონებით, თავის დროზე რუსეთის სპეცსამსახურების დაფინანსებით ხელისუფლებაში მისულთ, სოროსის ხელფასებით თანამდებობებზე მყოფთ, ათასნაირი საეჭვო ფონდების შექმნით და ძალისმიერი მეთოდებით ბიზნესმენთათვის ფულის წამგლეჯ ხელისუფლებას, იმ ხელისუფლებას, რომელიც პრაქტიკულად აკონტროლებს ბიზნესს, უმრავლესობაში ჰყავს “ფულის ტომრები”, ბიზნესმენები, რომლებსაც საბანკო ანგარიშები მარშალის კუნძულებზე და მის მსგავს თავისუფალ ზონებში აქვთ… იმ ხელისუფლებას, რომელსაც უმრავლესობაში ჰყავს ბიზნესმენები, რომლებიც მედიის ძირითად სივრცეს აკონტროლებენ – აღიზიანებს ტელეკომპანია “იმედი”, ყველა თავისუფალი გაზეთი, ტელეკომპანია “კავკასია”. უკვირს ბადრი პატარკაციშვილის მიერ “ეროვნული საბჭოს” დაფინანსება. ეს უკვირს იმ ხელისუფლებას, რომელიც მილიონებით დაფინანსდა იგივე ბადრი პატარკაციშვილისაგან 2003-2004 წლების არჩევნებში, და ე. წ. “ვარდების რევოლუციის” პერიოდში. მთავარი ტყუილი და მზაკვრობა კი ის არის, რომ დღეს ხელისუფლება ოპოზიციად ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილს, პოლიტიკურ პარტიებსა და იმ პოლიტიკოსებს თვლის, რომელთაც პრეზიდენტისაგან განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. მზაკვრობა სწორედ იმაშია, რომ ხელისუფლება ხალხში ამკვიდრებს აზრს: რომ პირადად მისი და ქვეყნის მთავარი მტერი ფულიანი ბადრი პატარკაციშვილია, რომ მთავარი ოპოზიციონერი – რუსეთში გამდიდრებული ბადრი პატარკაციშვილია … რომ საქართველოს, ამერიკის, ევროპის და მთელი დასავლეთის მტერი რუსეთია… რომ მას, მიხეილ სააკაშვილს, ლამის დაბადებიდან ებრძვიან რუსეთი და რუსეთიდან მართვადი შავბნელი პოლიტიკური ძალები და, რომ მას (მიხეილ სააკაშვილს) აკისრია რუსეთის და ამ შავბნელი ძალებისაგან ლამის მთელი დასავლური ცივილიზაციის გადარჩენის ზოგადსაკაცობრიო მისია.

პრეზიდენტმა, ხელისუფლებამ იცის, რომ ყველაფერი ეს ტყუილია, მაგრამ ამაზე მიდის შეგნებულად, რადგან იცის, რომ მშიერ და დაუძლურებულ ხალხს სძულს ფულიანი, საბჭოთა პერიოდგამოვლილ ხალხს – რუსეთი… შეგნებულად მიდის, რადგან ხელისუფლებამ იცის, რომ დასავლეთის არაერთი ქვეყანა მხარს უჭერს და ახალისებს რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლთ (ბოლო პერიოდში მუდმივად სხვის ომში ვიბრძვით). საცოდავი საქართველო ასეთი აზროვნების პრეზიდენტისა და ხელისუფლების ხელში. მართლლაც როგორი ბნელი უნდა იყოს პრეზიდენტი და ხელლისუფლება, რომ საკუთარი სკამის და ძალაუფლების გადასარჩენად ასე იქცეოდეს… როგორი შეზღუდული აზროვნება უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ ხელისუფლების ამ სიბნელეში პროტესტის გარეშე ცხოვრობდეს… როგორ უნდა ძულდეს არაერთ უცხოელ სახელმწიფო მოღვაწესა და პოლიტიკოსს საქართველო, რომ ასეთ პრესიდენტს და ხელისუფლებას უჭერდეს მხარს. მდგომარეობა იმაზე უარესია, ვიდრე ეს ხელისუფლებას წარმოუდგენია. საბედნიეროდ, ეს ის მომენტია, როცა მოაზროვნე ადამიანი ადვილად ხვდება ხელისუფლების ტყუილს და ამ ტყუილის გამო უფრო მძიმედ განეწყობა ხელისუფლების მიმართ. რეალურად ვინ არის დღეს საქართველოს ხელისუფლების ოპოზიცია და რეალურად ვინ არის დღეს საქართველოს მტერი? დღეს ხელისუფლების ოპოზიცია არც ბადრი პატარკაციშვილი, არც პოლიტიკური პარტიები, არც პოლიტიკოსები და არც სხვადასხვა პოლიტიკური ალიანსებია.

დღეს ხელისუფლების ოპოზიცია – უმუშევრობა, შიმშილი და თავისივე კორუფციაა…

დღეს ხელისუფლების ოპოზიცია – ჯართად ქცეული სამრეწველო საწროები და საკონცენტრაციო ბანაკებად ქცეული სოფელია…

დღეს ხელისუფლების ოპოზიცია – საკუთრებისადმი ხელისუფლების აღვირახსნილი დამოკიდებულება, ის პრივატიზაციაა, რომელმაც ქართველები მონებად და სხვათა მსახურებად აქცია საკუთარ ქვეყანაშიც და საკუთარი ქვეყნის გარეთაც…

დღეს ხელისუფლების ოპოზიცია – მის მიერვე აბუჩად აგდებული კულტურა, ხელოვნება, მეცნიერება, მედიცინა, სპორტი, განათლებაა…

დღეს ხელისუფლების ოპოზიცია – უმოწყალოდ ჩაცხრილული ბიჭებია, სანდრო გირგვლიანი, ბუტა რობაქიძე, ზურა ვაზაგაშვილი, ზურაბ ჟვანია, ირინა ენუქიძეა…

დღეს ხელისუფლების ოპოზიცია – მისივე ცხოვრების წესია, ხელისუფალთა ზღვარგადასული ფუფუნებრივი ცხოვრებაა, საკუთარი თავისთვის დანიშნული ამერიკული ხელფასი და პენსიონერებისათვის დანიშნული მსოფლიოში ყველაზე დაბალ ნიგერიულ პენსიაზე უარესი პენსიაა ..

დღეს ხელისუფლების ოპოზიცია – მის მიმართ მონურად განწყობილი ხალხის, კერპთაყვანისმცემლების, ხელისუფელების მსახური და მის ფეხქვეშ განთხმული ბიზნესმენებისგან შეწუხებული და შეურაცყოფილი მოაზროვნე ადამიანებია…

დღეს ხელისუფლების ოპოზიცია – მისივე ტყუილებია.
დღეს საქართველოს მტერი არა რომელიმე სხვა სახელმწიფო, არამედ ქვეყნის გარედან მართვადი პრეზიდენტი, ხელისუფლება და პოლიტიკური ძალაა – მნიშვნელობა არ აქვს ასეთი პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაშია თუ მის გარეთ… დღეს საქართველოში გაერთიანებული ოპოზიცია ხალხია, ის ხალხი, ვისაც აღარ უნდა ასე ცხოვრება.
სწორედ ეს ხალხი უყენებს მოთხოვნებს ხელისუფლებას. მოთხოვნები კი რეალურზე-რეალურია, კონსტიტუციურია და სრულად შეესაბამება ქვეყნის ინტერესებს.
რა არის გადაჭარბებული იმ მოთხოვნაში, რომ, როცა კონსტიტუციაში გვიწერია – რომ პარლამენტი აირჩევა ოთხი წლით – ნუ შევცვლით ამ ვადას, ნუ დავუშვებთ პრეცედენტს, რომ დეპუტატები თვითონ იგძელებდნენ პარლამენტში ყოფნის ვადას (ასეთი რამ არ იცის თანამედროვე მსოფლიოს არცერთმა დემოკრატიულმა და დემოკრატიისაკენ მიმავალმა ქვეყანამ).

რა არის გადაჭარბებული იმ მოთხოვნაში, რომ – ნუ გავუგრძელებთ ერთი წლით პარლამენტარობის ვადას – 2003 წლის 2 ნოემბერს არჩეულ მაჟორიტარ დეპუტატებს, იმ დეპუტატებს, რომელთა უმრავლესობა ედუარდ შევარდნაძის სიით არის არჩეული, იმ დეპუტატებს რომელთა აბსოლუტურმა უმრავლესობა საკუთარი ბიზნეს-ინტერესების გადასარჩენისათვის პრეზიდენტის და ნაციონალების მონად იქცა და საერთოდ არ აინტერესებს როგორ ცხოვრობს მისი ამომრჩეველი. მით უფრო, რომ ამ დეპუტატთა უმრავლესობას შევარდნაძის დროს სააკაშვილი “ფულის ტომრებს”, ქვეყნის დამაქცევლებს ეძახდა და ძნელი დასაჯერებელია, რომ დღეს ისინი დემოკრატები და ქვეყნის აღმშენებლები არიან. რა არის გადაჭარბებული იმ მოთხოვნაში, რომ თუ ევროპელები ვართ, მოვიქცეთ არა აფრიკულად, არამედ ევროპულად. ევროპაში კი არსად საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ერთმანეთს არ ემთხვევა, ეს არის მიჩნეული დემოკრატიად და ამ გზით უკვე აფრიკელებიც მიდიან.

რატომ უნდა ხვდებოდეს წინააღმდეგობას ხელისუფლებისაგან ხალხის მოთხოვნა, რომ ჩატარდეს რეფერენდუმი და ხალხს ვკითხოთ როგორი სახელწიფო უნდათ საპარლამენრო თუ საპრეზიდენტო? მით უფრო როცა ვიცით, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში ერთი ადგილიდან მეორეზე ძეგლის გადატანასაც კი ხალხს ეკითხებიან, რეფერენდუმს აწყობენ…

თუ ევროპა და ევროპელები ვართ, რა არის საკამათო იმაში, რომ ვიფიქროთ საპარლამენტო ან კონსტიტუციური მონარქიის ქვეყანაზე. ევროპის წარმატებული ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა ხომ ან საპარლამენტოა, ან კონსტიტუციური მონარქიისაა (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესპანეთი, საბერძნეთი, იტალია, ავსტრია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი… ბალტიის ქვეყნები.)

რა არის გადაჭარბებული იმ მოთხოვნაში, რომ, თუ დემოკრატიული ან დემოკრატიისაკენ მიმავალი ქვეყანა ვართ, ნატოსა და ევროკავშირში შესვლა გვინდა – სირცხვილია გყვავდეს პოლიტპატიმრები

. ჯერა ვინმეს, რომ, მართლაც ეროვნული კაცი ირაკლი ბათიაშვილი – სამშობლოს მოღალატეა? ჯერა ვინმეს, რომ სულხან მოლაშვილი, დავით მირცხულავა და ბევრი – სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის, ვაჟა ადამია – იარაღისათვის, ზაზა დავითაია – ხელისუფლების მიერ გამოგონილ შეთქმულებაში მონაწილეობისათვის დააკევეს და პოლიტიკური პატიმრები არ არიან? რა არის გადაჭარბებული იმ მოთხოვნაში, რომ, მკვლელები უნდა დაისაჯონ, რომ მკვლელების მფარველი ვანო მერბიშვილი, რომლის ოჯახიც მონაწილეობდა მკვლელობაში, არ შეიძლება იყოს მინისტრი?

აი, ასეთ ელემენტარულ და კანონიერ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს სააკაშვილი და დღევანდელი ხელისუფლება. აი, ასეთი მონური ფსიქოლოგიის მაჟორიტარ დეპუტატებს არ სურთ პარლამენტის დატოვება კონსტიტუციურ ვადებში, მკვლელ მინისტრებს მინისტრების პოსტების. ასეთი მონური ფსიქოლოგიის დეპუტატებით და მკვლელი მინისტრებით აპირებს პრეზიდენტი სააკაშვილი, როგორც თვითონ გვმოძღვრავს, – ქვეყნის აყვავებას, დემოკრატიის დამკვიდრებას? სასაცილოა. დღეს უკვე მოაზროვნე ადამიანებისათვის ოდნავაც არ არის საეჭვო, რომ ქვეყანას მართავს ძალადობით ტკბობის, უცხოური გრანტებითა და კორუფციული ფულით გათავხედებული – ყალბი ეროვნული პათოსის, დემოკრატიის თამაშის და სოციალური დემაგოგიის ხელისუფლება, რომელიც მიდის პროვოკაციაზე და დაპირისპირებაზე საკუთარ ხალხთან და ქვეყანასთან.

ქვეყნის გადარჩენა სამოქალაქო თანხმობაშია. მისი მიღწევა, მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების კანონიერ ვადებში ჩატარებით, ნამდვილად დემოკრატიული საარჩევნო კანონმდებლობით, ქვეყნის მოწყობის წესის განსაზღვრის მიზნით რეფერენდუმის ჩატარების გადაწყვეტილებით, “ოპოზიციის შესახებ” კანონ-პროექტის მიღების სურვილის დადასტურებით, პოლტპატიმრების განთავისუფლებით არის შესაძლებელი. ვისურვებდი ხალხის ამ კანონიერი მოთხოვნების გადაწყვეტის განწყობის პრეზიდენტის ხილვას ტელევიზიით, თუნდაც მიტინგზე. სხვა შემთხვევაში მისი სატელევიზიო გამოსვლა, ან მიტინგზე მისვლა, მხოლოდ პროვოკაცი იქნება და ხალხის აგრესიის საფუძველი გახდება.

მინდა ერთხელ მაინც დავრწუმუნდე, რომ მე, თემურ შაშიაშვილი, ვცდებოდი მიხეილ სააკაშვილის შეფასებაში, რომელსაც 1997 წლიდან გამუდმებით ვიმეორებ, რომ იგი (მიხეილ სააკაშვილი) არის მშიშარა, ყოველგვარი დემოკრატიულობისაგან შორს მდგომი, არასერიოზული, გაუწონანწორებელი და ქვეყნისთვის საშიში პიროვნება.

საქართველოს მომავალი ვერ წარმომიდგენია აშშ-თან, ევროპასთან, სართოდ უცხოეთთან ფართო ურთიერთობის გარეშე და სწორედ ამიტომ ძალიან მაწუხებს ის ფაქტი, რომ როგორც 2003 წლის მოვლენების დროს, 2007 წლის ნოემბერშიც აშშ-ის საელჩო და მაღალჩინოსნები ამერიკიდან – მოვლენების ეპიცენტრში არიან.

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ 10-15 წლის წინანდელი რუსეთი შეცვალა ამერიკამ და როგორც თავის დროზე რუსეთი რეალური ხელისუფლების გადარჩენით იყო დაკავებული, იგივეს აკეთებს დღეს ამერიკა – ცდილობს გადარჩინოს სააკაშვილი და მისი ხელისუფლება. არ მგონია, ეს ხელს უწყობდეს საქართველოსა და ამერიკის მეგობრობის გაძლიერებას, ვფიქრობ, საპირისპირო პროცესებს კი აძლიერებს… არ მგონია, ამერიკისადმი ქართველი ხალხის ბუნებრივ კეთილ განწყობას აძლიერებდეს ამერიკის მაღალჩინოსნების სატელევიზიო გამოსვლები, ჩემი აზრით, ხშირად თავხედურიც,საპირისპირო განწყობას კი ნამდვილად აძლიერებს… არ მგონია ღირსებას მატებდეს, პოლიტიკურ ძალებსა და პოლიტიკოსებს, – საეჭვო სირბილი ამერიკის საელჩოში და აღრფთოვანება ელჩთან თუ სხვა მაღალჩინოსნებთან შეხვედრების გამო. მწამს და მჯერა, რომ ვიდრე საქართველოს ხელისუფლება, ოპოზიცია იქნება გარედან მართვადი და ფინანსირებადი – არც ჩვენს ქვეყანას ექნება მომავალი და არც ნამდვილი მეგობრობა შედგება სწორედ იმ ქვეყნებთან, რომელთა გარეშეც საქართველოს არ აქვს მომავალი. (ევროპა, აშშ. რუსეთი, თურქეთი, ირანი, კავკასია…).

მსოფლიო გამოცდილება, ჩვენი ქვეყნის ისტორია, დღეს შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია ადასტურებს, რომ ქვეყნის გარედან მართვადი ხელისუფლება, პოლიტიკური ძალა – აძლიერებს სიძულვილს, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე “მმართველი” ქვეყნის, თუ ქვეყნების მიმართ. ადასტურებს იმასაც მსოფლიო გამოცდილება, რომ ყოველი სუსტი, მისი ქვეყნისათვის უმაქნისი პრეზიდენტი და ხელისუფლება – თავის სისუსტესა და უქნარობას გარეშე მტრებით ნიღბავს და ამით აძლიერებს საკუთარი ქვეყნის ნგრევასაც და საკუთარ ქვეყანაზე მტრადგამოცხადებული სახელმწიფოს გავლენასაც.

ხელისუფლების აზრით – რუსეთი მთავარი მტერია, მაგრამ ხელისუფლებისვე ხელშეწყობით სწორედ რუსული სახელმწიფო კომპანიები ყიდულობენ ქვეყნის მთელ სიმდიდრეს… რუსეთი მთავარი მტერია, მაგრამ მიტინგის წინა დღეებში მისი სამხედრო ნაწილები, რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე თავისუფლად უშვებენ პრეზიდენტ სააკაშვილს და “გულადობის” ჩვენებაში ეხმარებიან. სასაცილოა. მწამს და მჯერა, რომ საქართველოს მომავალი ქართულ პოლიტიკურ ძალასთან, ეროვნული განწყობის იმ პოლიტიკოსებთან არის დაკავშირებული, რომელთა განწყობა მოკლედ ასე გამოიხატება: “საქართველო გარედან მართვადი ხელისუფლების, პოლიტიკური ძალების და პოლიტიკოსების გარეშე”… ქართული მომავალი იმ პოლიტიკოსებთან არის დაკავშირებული, რომელთაც უცხოეთთან ურთიერთობის მთავარ საყრდენად ინტელექტი და ბიზნესი, ხოლო ქვეყნის აღმშენებლობის წინაპირობად კი თაობათა ერთიანობა და კონკურენცია მიაჩნიათ.

პატივისცემითა და კეთილი განწყობით მოვუწოდებ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც თავის თავს ოპოზიციურს უწოდებენ, ყველა საინფორმაციო საშუალებას, რომელნიც თავს თავისუფალ და დამოუკიდებელ საინფორმაციო საშუალებად მიიჩნევენ – მეტი პატივისცემით მოვეკიდოთ ერთმანეთს, ერთმანეთის აზრს, ნუ ვეწევით ოპოზიციონერობის და ქვეყნის სიყვარულის მონოპოლიზირებას, შევძლოთ საკუთარ ამბიციებზე მაღლა დადგომა, თავი დავანებოთ უცხოეთის პოლიტიზირებულ გრანტებსაც, სოროსს და მის მსგავს უცხოელ პატრონებსაც, ხელისუფლებასთან თამაშსაც და გარიგებებსაც, ფულიანთა დუდუკზე ბუქნაობასაც და გავერთიანდეთ არა სააკაშვილის წინააღმდეგ, არა ბელადის იგვლივ, არა ხელისუფლების სიძულვილით, არა ხელისუფლებაში მოსვლისათვის, არამედ დემოკრატიული დიდი ქართული სახელწიფოსათვის.

ვეჭვობ, (ღმერთმა ქნას, ვცდებოდე), რომ დემოკრატია – ჯერ ყალბი გმირების შექმნა, მერე ხელისუფლებაში მათი მიყვანა, შემდგომ კი მათ წინააღმდეგ ბრძოლაა. ანუ ის როგორი პოლიტიკური ცხოვრებითაც,სამწუხაროდ, 12-15 წელია ცხოვრობს ქვეყანა.

ვეჭვებ, (ღმერთმა ქნას, ვცდებოდე), არა თუ დემოკრატი, არამედ საერთოდ კაცი იყო ის, ვინც შევარდნაძეს მამა-მარეჩენლად თვლიდა, ჯერ უჩოქებდა – პრეზიდენტობიდან არ უშვებდა, უალტერნატივოს უწოდებდა და მერე ჩამოაგდო. პირდაპირ ვამბობდი, რომ ასეთი ადამიანები შევარდნაძეზე უარესები იქვებოდნენ და ქვეყანას უბედურებას მოუტანდნენ. ვწუხვარ, რომ ჩემი პროგნოზი გამარლთდა და დღეს მაწუხებს იმ ადამიანების კმაყოფილი სახეები, რომლებმაც სააკაშვილი და ეს ხელისუფლება მოიყვანეს, სინანულიც კი არ გააჩნიათ ამის გამო, უტიფრად გაიძახიან “მიშა წადი” და ეს გმირობა ჰგონიათ.

ვეჭვობ, (ღმერთმა ქნას ვცდებოდე), რომ თავისუფალი და დამოუკიდებელია ის საინფორმაციო საშუალება, რომელსაც თავისი ფავორიტები ჰყავს, მით უფრო, როცა ერთის მიმართულება – “მიშა დარჩი”, მეორესი კი “მიშა წადია”… მით უფრო, ის საინფორმაციო საშუალება, რომელიც თვითონ ირჩევს ოიპოზიციონერებს და ხალხს იმათ აწონებს, ვინც თვითობ მოსწონს და იმათ აძულებს, ვინც თვითონ ძულს… საინფორმაციო საშუალება რომელიც, იმათ უკეთებს იგნორირებას, რომელთა გამარჯვებაც არ უხარია ან არ უნდა.

ვეჭვობ, (ღმერთმა ქნას ვცდებოდე), რომ ოდესმე დემოკრატი გახდება და ქვეყანას სიკეთეს მოუტონს ის პოლიტიკოსი, რომელმაც გაჩუმება და შორიდან ყურება ამჯობინა – უნივერსიტეტის ნგრევის, განათლების სისტემის სოროსული პროგრამით “რეფორმირების”, კულტურის მოღვაწეთა და ღვაწლმოსილ ადამიანთა აბუჩად აგდების, მიწის გაყიდვის, ადამიანთა სახლებიდან გამოყრის, ახალგაზრდების ხოცვა-ჟლეტის, პოლიციური რეჟიმის დამყარების, ეკლესიების ნგრევის და რაც განსაკუთრებულად ხაზგასასმელია – დავით აღმნაშენებლის ძეგლისც გადატანის წინააღმდეგ ბრძოლას…

ვეჭვობ, (ღმერთმა ქნას ვცდებოდე), საქვეყნო და ეროვნული ამოძრავებდეს იმას, ვინც კომფორტულად გრძნობდა თავს თანამდებობაზე და ოპოზიციონერი გახდა თანამდებობიდან მისი გაშვების შემდგომ. დღეს, სამწუხაროდ, პოლიტიკოსები და პოლიტიკური ძალები ერთმანეთს ეჯიბრებიან მიხეილ სააკაშვილისა და მისი ხეწლისუფლების ლანძღვაში, ყველა ამტკიცებს, რომ მან პირველმა დაიწყო სააკაშვილისა და მისი რეჟიმის მხილება.ღმერთმა შეუნდოთ.

ერთი ვიცი, რომ პოლიტიკური მოძრაობა “წინ საქართველო” თანმიმდევრული იყო ამ ბრძოლაში, არასდროს ამ ხელისუფლებაში და ამ ხელისუფლებასთან არ ყოფილა, იდგა დავით აღმაშენებლის ძეგლთან, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან, მწერლებთან, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან, იბრძოდა მიწების გაყიდვის წინააღმდეგ, პენსიონერებისა და საერთოდ საქართველოს მოქალაქეებისათვის საარსებო მინიმუმის დანიშვნისათვის, ამხელდა ხელისუფლების კორუფციულ გარიგებებს. “წინ საქართველო” ამას აკეთებდა მაშინ, როცა დღევანდელ ოპოზიციონერთა უმრავლესობა სააკაშვილს ადიდებდა და საკუთარი თავის ხელისუფლებაში ყოფნით ტკბებოდა. ვიცი ის, რომ არასდროს “მოქკავშირში” არ ვყოფილვარ, არც მთავრობაში, არასდროს შევარდნაძე არ მიქია, მუდმივად დაპირისპირებული ვიყავი, როგორც “მოქკავშირელ”, ასევე შევარდნაძის მინისტრ სააკაშვილთან და მის პოლიტიკურ მეგობრებთან… დაპირისპირებული ასლან აბაშიძესთან, “მხედრიონთან”, “კმარასა” და “თავისუფლების ინსტიტუტთან”, როგორც სოროსელებთან, ასევე ანტისოროსელებთან… შეიძლება ბევრს არ ახსოვს, მაგრამ ფაქტია, რომ მას შემდგომ, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის განცხადება გავაკეთე ორ უმძიმეს, აშკარად საეჭვო ავტოკატასტროფაში მოვყევი. Kკიდევ ერთი, არ დავიმალე საპრეზიდენტო არჩევნების დროს – მონაწილეობა მივიღე, თუმცა ვიცოდი, რომ პრეზიდენტი უკვე დანიშნული იყო – მინდოდა მართალი ვყოფილიყავი ხალხთან: საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონში ჩავედი და გულწრფელად ვუთხარი ყველას, რომ სააკაშვილის პრეზიდენტად არჩევა მხოლოდ უბედურებას მოუტანდა საქართველოს. აბსოლუტურ უმრავლესობას, ვინც დღეს “მიშა წადის” იძახის – მაშინ მიშა მოყავდა. ხალხმა განსაჯოს ყველაფერი.

სამწუხაროა, რომ დღეს მთავარ საკითხად იქცა მიტინგზე მისვლა-არმისვლა. პოლიტიკოსთა ერთი ნაწილი მიტინგით იწონებს თავს, მეორე ნაწილი მიტინგზე არმისვლით. “წინ საქართველო”, არ არის “ეროვნულ საბჭოში”, არც მიტინგებით აპირებს პოლიტიკური ავტორიტეტის მოპოვებას და არც მიტინგების იგნორორებით. ჩვენ ვართ ხალხთან, ხალხში და არა ტრიბუნასთან. ორ ნოემბერს ვიყავი სწორედ იქ სადაც ქვების სროლა და ხელისუფლებისაგან ქუჩაში გამოსული ხალხისთვის დაგეგმილი ბინძური პროვოკაციის აცილება იყო საჭირო და არა მიტინგის ტრიბუნასთან.

ჩვენ პატივს ვცემთ იმათ გადაწყვეტილებასაც, ვინც მიტინგების გზას დაადგა და იმათ გადაწყვეტილებასაც, ვინც ამაზე უარს ამბობს. ეს მათი არჩევანია. ჩვენ ჩვენი არჩევანი და მთავარი სათქმელი გვაქვს. დიდი მადლობა, ვინც მას გაიზიარებს. თუ ვინმე შეიძლება იყოს კმაყოფილი მიმდინარე პროცესით, ერთ-ერთი პირველი, ალბათ ჩვენ, რადგან დაპირისპირებულმა მხარეებმა ურთიერთ ბრალდებებით დაადასტურეს ყველაფერი ის, რასაც ჩვენ ხმამაღლა ვაცხადებდით, ვწერდით, მაგრამ ყველაფერ ამას ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა და, როგორც დაუჯერებელს ისე აღიქვამდა ჩვენს პოზიციას. ოდნავ არ ვეჭვობ, რასაც ოქრუაშვილი ამბობს სააკაშვილსა და “ნაცმოძრაობაზე” და სწორია, (დარწმუნებული ვარ სათქმელი ბევრი დარჩა) რასაც სააკაშვილი და ხელისუფლება ოქრუაშვილზე ძირითადში სწორია. ჩვენ ყველაფერ ამას ვამბობდით. ვამბობდით იმას, რომ ეს ხელისუფლება კორუმპირებული და გახრწნილია …

1997 წლის 13 ივნისს პარლამენტის ტრიბუნიდან ვთქვი: რომ საქართველოში სახელისუფლებო სისტემაა კორუმპირებული და ავადმყოფი და გარშემო იკრებს კორუმპირებულთ და ავადმყობთ. ჩვენი მთავარი ბრალდებები დადასტურებულია და საქართველოს ექნება მომავალი მხოლოდ მაშინ, როცა ქვეყანაში “მოქკავშირისა” და მისი მემკვიდრე “ნაციონალთა” ლიდერების ბნელი, ავადმყოფი და ანტიეროვნული იდეოლოგია დასრულდება. ქართველმა ხალხმა დღეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით, სწორედ ამ იდეოლოგიისგან უნდა დაიხსნას ქვეყანა. ეს იქნება დიდი ქართული დამარჯვება – თანამედროვეობის დიდგორი. სააკაშვილმა საკუთარი თავი თვითონ დაამარცხა – ეს ასეც იყო მოსალოდნელი. დღეს მასთან დიალოგზე, ან მის გამონათქვამებზე სერიოზული საუბარი, საერთოდ სააკაშვილის სერიოზულად აღქმა – არასერიოზულობაა. ხალხი (ყოველ შემთხვევაში მისი უდიდესი ნაწილი) დარწმუნებულია, რომ ამ ხელისუფლების ხელში ქვეყანას დიდი მომავალი არ აქვს და გვინდა თუ არა ჩვენ – მას მაინც შეცვლის. ჩვენ მიხეილ სააკაშვილთან სახვეწარი არაფერი გვაქვს. არჩევნების კონსტიტუციურ ვადებში ჩატარებისათვის სულაც არ გვჭირდება პრეზიდენტი. თუ პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები, 2003 წლის 2 ნოემბერს არჩეული მაჟორიტარი დეპუტატები დატოვებენ პარლამენტს, ხალხის მთავარი მოთხოვნაც – საპარლამენტო არჩევნების ჩატარება – ავტომატურად გადაწყდება. ჩვენ მივმართავთ მაჟორიტარ დეპუტატებს: თუ თქვენ ოდნავ მაინც შემოგრჩათ ღირსება, ოდნავ მაინც მიაგებთ პატივს თქვენს ამომრჩეველს, ოდნავ მაინც გაღელვებთ ქვეყნის ბედი და არ გინდათ ეს ქვეყანა მიტინგებმა და არეულობამ მოიცვას – დატოვეთ პარლამენტი. ვფიქრობ, ადამიანობა დეპუტატის მანდატის გარეშე სჯობს, მაიმუნობას დეპუტატის მანდატით. მიმაჩნიია, რომ ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის სირცხვილიც კია ამ პარლამენტში ჯდომა. დარწმუნებული ვარ, რომ ისინიც ასე ფიქრობენ. მინდა ვიფიქრო, იმ რაიონებში, რომელთა მაჟორიტარი დეპუტატები საკუთარი ნებით არ დატოვებენ პარლამენტს, ამომრჩევლები პასუხს მოთხოვენ ამისათვის. კიდევ ერთი ჩვენი მთავარი და, მართლაც, განსაკუთრებული სათქმელი, განსხვავებული პოზიცია: მთავარი მიტინგზე მისვლა ან არმისვლა კი არ არის, არამედ ის, რომ გარედან არ ვიმართებოდეთ არც ხელისუფლება და არც რომელიმე პოლიტიკური ძალა, რომ პოლიტიკოსებმა საკუთარი პოლიტიკური თავისუფლება არ მივყიდოთ არც სხვა ქვეყნის პოლიტიკურ ძალებს და არც ფულიანებს, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქვეყანას “ქუჩის პრეზიდენტი”, “ქუჩის პარლამენტი” არ ჰყავდეს და რევოლუციონერები არ მართავდნენ, რომ პოლიტიკოსები ხალხს კი არ ვიყენებდეთ ხელისუფლებაში მოსვლისა და ხელისუფლების შენარჩუნებისათვის, არამედ ხალხს ვემსახურებოდეთ. კიდევ ერთხელ და გამოკვეთილად ვამბობ მთავარს: საქართველო – ქვეყნის გარედან მართვადი ხელისუფლების, პოლიტიკური ძალებისა და პოლიტიკოსების გარეშე! გვფარავდეს ღმერთი !

2007 წლის 8 ნოემბერი

თემურ შაშიაშვილი

“წინ საქართველო”

P.S. სრული ტექსტი პირველ ნოემბერს გადაეცა სააგენტო “ინტერპრესნიუსს”. • მიტინგის დარბევის მეორე დღეს – 8 ნოემბერს • გამოქვეყნდა გაზეთ “ჯორჯიან თაიმსში” • ითარგმნა რუსულად, ინგლისურად და გამოქვეყნდა განსაკუთრებულ საიტზე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *