საქართველოს უბედურების მუხტი ქვეყნის შიგნითაა(8 თებერვალი, 2000 წელი)

 

IMG_92955 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში შეიქმნა სამხარეო მოწყობის ინსტიტუტი. თუ რა მოგვცა ამ 5 წელმა, როგორია ამ რგოლის მნიშვნელობა და ქვეყნის აღმშენებლობის საყრდენი საფუძვლები, გვესაუბრება პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეშო, ბატონი თეიმურაზ შაშიაშვილი

ძალიან ძნელია აბსტრაგირება, რა იქნებოდა, რომ არ შექმნილიყო სამხარეო რგოლები. ჯერ ერთი, ეს ჩვენი ისტორიული წარსულია, ვის მოსწონს და ვის არა სამხარეო მოწყობა _ იმერეთის, კახეთის, სამეგრელოს, გურიის და ა.შ მხარეები ისტორიულად არსებობდა. მე ვფიქრობ, რომ ერთიანობის რაღაც გარემო შექმნა სამხარეო მოწყობამ, და რეალურად ქვეყნის უმძიმეს, ურთულეს, მე ვიტყოდი გაუსაძლის პერიოდში დიდი როლი შეასრულა.

ეს უნდა განვიხილოთ არა მარტო პოლიტიკურ, არამედ ეკონომიკურ ჭრილში. 1995 წელს იმერეთის მხარის ბიუჯეტი იყო 4,5 მლნ ფარგლებში და სადღაც 1995 წლის ბოლოს 15 მილიონი გახდა და 1996 წლის დასასრულს 28 მილიონს მიაღწია.

შემიძლია ვთქვა, რომ ქვეყნის გადარჩენის, მისი ქაოსიდან გამოყვანის საქმეში სამხარეო რგოლებმა, როგორც ყველამ, ისე იმერეთმა, რომელმაც რამდენჯერმე გადაარჩინა ქვეყანა დიდ სისხლისღვრას, დიდი როლი შეასრულეს.

მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო ჩვენი კოლეგბის, მერების, და გამგებლების, საერთოდ მოსახლეობის კარგი განწყობა. ეს იყო პერიოდი ყოველგვარი სეპარატიზმის, ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე საქართველოს ერთიანობისათვის.

***

საქართველოს უბედურების მუხტი ქვეყნის შიგნითაა და არა გარეთ. ქვეყნის გარეთ გაცილებით პოზიტიური დამოკიდებულებაა საქართველოსადმი. რაც უფრო მივდივართ ჩვენ, მთლიანად ქვეყანა და ცალკეული რეგიონები საგარეო ურთიერთობებზე, მით უფრო იძაბება მდგომარეობა ქვეყნის შიგნით. ეს არის ჩვენი ჩაკეტილობის და პროვინციალიზმის დამადასტურებელი ნიშანი.

ჩვენთვის არა მარტო ის არის მნიშვნელოვანი, რომ ევროპის რეგიონთა ასამბლეის წევრი გავხდით, ყველაზე მნიშვნელოვნად ვთვლით, რომ ბევრ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციასთან ჩამოგვიყალიბდა ურთიერთობა.

აი რა მოგვცა ჩვენ ამ პერიოდმა და ეპოქამ. დამოუკიდებლად იმერეთის ვერც ერთი რაიონი და ქალაქი ვერ შეძლებდა ურთიერთობას ვერც მსოფლიო ბანკთან, ვერც ევროპის რეკონსტრუქციის ბანკთან, ვერც იუნესკოსთან, ევროსაბჭოსთან, ევროკავშირთან. ჩვენი ერთიანობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ქვეყნის ერთიანობას ხელს არ უშლის, მე ვთვლი, რომ იმერეთი ამ შემთხვევაში სწორი გზით მიდის. მნიშვნელოვანი იყო, რომ იმერეთი ევროპის რეგიონთა ასამბლეის წევრი გახდა. ჩვენ ევროპის 300-დე რეგიონთან გვიყალიბდება ურთიერთობები. ჩვენ შევძელით 1996 წლიდან საერთაშორისო ბიზნეს-კონფერენციების მოწყობა, რომელიც თავისთავად დიდი მუხტია და მას შეიძლება ძალიან სერიოზული შედეგები მოყვეს. იგი წელს ევროპის რეგიონთა ასამბლეის წევრთა მონაწილეობით ჩატარდება.

ის, რომ ჩვენ რამდენიმე ხნის წინ გვქონდა ძალიან მაღალი დონის შეხვედრა ევროსაბჭოში, ბრიუსელში, რომ ევროკომისიაში შეხვედრის შემდეგ მივიღეთ რეგიონალური პროგრამა მილიონი დოლარის ფარგლებში, ეს უკვე დიდი მონაპოვარია.

ჩვენს ქვეყანას გაცილებით უფრო დიდი იმედით უყურებენ ქვეყნის გარედან, ვიდრე ჩვენ შიგნით ვართ განწყობილი.. ჩვენი მეგობრები აქ მიმდინარე პროცესებს კრიტიკული თავლით უყურებენ და თვლიან, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში საქართველოს გამორჩეული პოზიტიური მომენტები აქვს. ამ დროს კი ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი ეწირება დაპირისპირებას. ჩვენ ამაშიც პროვინციალიზმი აღმოგვაჩნდა, კუთხურობის განწყობამ გამოიწვია კუთხურობით პარტიების შექმნა და ამას მოყვა დაპირისპირება მაგრამ ეს გარდამავალია. ხანდახან ვფიქრობ, შეიძლებოდა თუ არ ამის გარეშე გამოვსულიყავით მდგომარეობიდან და მივდივარ იმ დასკვნამდე, რომ არ შეიძლებოდა, აი, ამ ევოლციურ პროცესებს შემაგუებელი მომენტები აქვს, მაგრამ როცა ვრწმუნდები, რომ ეს მიუღებელია, უფრო დიდ პროგრესზე ფიქრობ.

მე ვაფასებ, რომ იმერეთს მსოფლიოს მრავალ რეგიონთან აქვს პირდაპირი კონტაქტები. თუნდაც ბელგიის ნამიურის პროვნიციაში ჩვენი ყოფნა, ბასკეთთან, საფრანგეთის, ამერიკის რეგიონებთან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ქალაქი და რაიონი ამას ვერ შეძლებდა დამოუკიდებლად. როდესაც საუბრობენ საქართველოს მოწყობის საკითხებზე და ფიქრობენ როგორი უნდა იყოს ტერიტორიული მოწყობა, როგორიც გნებავთ, ისეთი სახელი დაარქვან, მაგრამ, როცა მე ვლაპარაკობ, რომ ფედერალური მოწყობის მომხრე ვარ აი რას ვგულისხმობ: არ შეიძლება საქართველო იყოს ერთიანი სხეული სამი წარმონაქმნით და დანარჩენი ნაწილი დაყოფილი პატარ-პატარა რაიონებად. ვერც ერთი რაიონი ვერავითარ საერთაშორისო კონტაქტზე ვერ გავა. ჩვენ გვექნება საოცრად ასიმეტრიული განვითარება ქვეყანაში, რომელიც გამოიწვევს სეპარტიზმს.

საბჭოთა კავშირი ჯარით აჩერებდა იმას, რომ შეიძლება ყოფილიყო, ვთაქვათ ავტონომიური რესპუბლიკა და ყოფილიყო დამოუკიდებელი ქალაქი, ყოფილიყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა და ყოფილიყო ხონის რაიონი.

როცა საუბარია ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიაზე, თუ ერთნაირ პირობებში არ ჩადგა ყველა, წამოვა სეპარატიზმი, ხომ არ შეიძლება ხონი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა ერთნაირ პირობებზე წამოვიდნენ, ეს გამოიწვევს ძალიან უარყოფით პროცესებს ქვეყანაში, ამიტომ სერიოზული დაფიქრება და გაანალიზება სჭირდება, როგორი უნდა იყოს ტერიტორიული მოწყობა. ევროპაში არ არის პრაქტიკულად ქალაქი, რაიმე რეგიონში რომ არ შედიოდეს, თუ ეს ასე არ იქნა, ვინ წავა კონტაქტებზე პატარ-პატარა ქალაქებთან? სწორედ ამას ქვია რეგიონალიზმი. ჩვენ წეღან ნამიური ვახდსენეთ, იქ უკვე ფიქრობენ, რომ ამ გაჭირვების პერიოდში 100-200 ათასი დოლარით მოგვეხმარონ. ეს იქნება ჩვენი მეცნიერების კულტურის, ხელოვნებისათვის გამოწვდილი დახმარების ხელი.

ჩვენ ზოგჯერ, რაღაც პრინციპები რომ დავიცვათ, მივდივართ საერთაშორისო დინების საწინააღმდეგოდ, არადა საჭიროა რაც შეიძლება სწრაფად გადავიდეთ საერთაშორისო კონტაქტებისათვის მისაღებ ფორმაზე ქვეყნის შიგნით. ეს საშუალებას მოგვცემს, ყველა რეგიონი ინტეგრირებული იყოს იმ პროცესებში, რაც მიმდინარეობს დასავლეთში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არავითარი სეპარატიზმი არ არის.

ერთ-ერთმა დეპუტატმა ამას წინად თქვა, რომ მათი რეგიონი უკვე გახდა საერთაშორისო სამართლის სუბიექტი, ეს უკვე ძალზე დიდი პროვინციალიზმია. ჩვენც ხომ შეგვიძლია იგივე ვთქვათ, რადგან იმერეთი ევროპის რეგიონთა ასამბლეის წევრია., მაგრამ, თუ ჩვენ ერთიანი ქვეყანა გვინდა, ყველა რეგიონს უნდა ჰქონდეს დიდი კონტაქტების, ცივილიზებულ ქვეყნებთან ინტეგრირების საშუალება, მაგრამ არ შეიძლება, ეს რეგიონები განხილული იქნას დამოუკიდებელ, საერთაშორისო სამართლის სუბიექტებად.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქვეყნის დამანგრეველი მუხტი არის ქვეყნის შიგნით და არა ქვეყნის გარეთ. ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეძლებს რაიმე სახის ზიანი მოგვაყენოს, თუ მას დასაყრდენი არ აქვს ქვეყნის შიგნით. მაგრამ მას პერსპექტივა არ აქვს. ქართულ სახელმწიფო მოწყობას სხვა პერსპექტივა არ აქვს.

თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ განვითარდება ქვეყანა, თუ ხელისუფლების უმთავრესი ფუნქცია იქნება კონკურენტული გარემოს შექმნა. კონკურენცია არა ქართული, აზიური გაგებით, არამედ ევროპული, ცივილური კონკურენციის გაგებით. ღია საზოგადოება არის კონკურენციის პრინციპებზე დამყარებული საზოგადოება. კონკურენცია არის ძლიერთა იდეოლოგია. არ შეიძლება სუსტი იმარჯვებდეს, ეს არის ომი, ბრძოლა თვითდამკვიდრებისათვის _ ამ სიტყვის კარგი გაგებით. კონკურენცია არის ამ შემთხვევაში მაცოცხლებელი, რასაც შეუძლია უდიდესი პროგრესი მოუტანოს კონკრეტულ გარემოს რაც ებრძვის, ეს არის პირველ რიგში აღურიცხაობა. საბაზრო ეკონომიკა არის დიდი მეცნიერება. ეს არ არის არც ხონის, არც სამტრედიის ბაზარი.

კონკურენციას, თუ ის სწორი გზით მიდის, უდიდესი პროგრესი შეუძლია მოუტანოს საზოგადოებას, თუ ის დაკავშირებულია განათლებასთან, წიგნიერებასთან., პროდუქციასთან, პროდუქციიას ხარისხთან, ჯანსაღ გარემოსთან. შეიარაღებაში კონკურენციამ კი შეიძლება კატასტროფამდე მიგვიყვანოს.

დღეს მე ვერ წარმომიდგენია საქართველოს მომავალი დიდი განათლების გარეშე. ამას საყრდენი აქვს ჩვენთან. არსებობენ ბუნებრივი ნიჭის ზონების ქვეყნები, მიმაჩნია, რომ საქართველო ასეთი ქვეყანაა. მაგრამ ამის გამოყენება, ამის მოძრაობაში მოყვანა ძნელია, ვერ წარმომიდგენია ქვეყნის მომავალი დიდი განათლების გარეშე.

დღეს თუ განათლების კურსს არ ავიღებთ, გაუნათლებლობით წინ ვერ წავალთ, როცა ქვეყანა მშიერი და დაუძლურებულია, როცა სიკეთე გათითოკაცებულია და ბოროტება ერთ მუშტად შეკრული, აი მაშინ შესაძლებელია მოსახლეობა შეცდეს და სუსტთა იდეოლოგია დაუშვას ქვეყანაში.

დიდი ფილოსოფოსები იყვნენ არისტოტელე და პლატონი, მათ თქვეს, რომ დემოკრატია არის განათლებულ ადამიანთა მმართველობა. მე გარწმუნებთ, რომ პროგრესს მხარდამჭერი ყოველთვის მცირე ჰყავს და მაშინ პროგრესი ყოველთვის დამარცხებული იქნება. ამიტომ მეცნიერება, მოაზროვნე კაცი საყრდენად უნდა გავიხადოთ, ის, ვინც ფილოსოფიურად აზროვნებს და საზოგადოების განვითარების განვითარების კანონები ესმის. ჩვენ ახლა ერთდროულად გვინდა ყველაფერი გასწორდეს, ეს რა თქმა უნდა კარგია, მაქსიმალიზმია, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დრო, მთის ერთი მწვერვალიდან მეორე მწვერვალზე ვერ გადახტები, ორმაგ ნახტომს ვერ გააკეთებ. ეს კანონზომიერებებია ჩვენი. მე ვთვლი, რომ დღეს დავით აღმაშენებლის ხსენებლის დღეს ხმამაღლა უნდა ითქვას გელათიდან, იქ, სადაც გელათის აკადემია იყო, რომ საქართველოს მომავალი განათლებაშია. ბედნიერია ის ქვეყანა, რომელმაც იცის მასწავლებლის ფასი. მე მგონის, საქართველო იმსახურებს იმას, რომ საქართველო დიდი განათლებით მიდიოდეს.

განათლებას, ინტელექტსა და ეკონომიკას საზღვრები არა აქვს, მაგრამ ჩვენ ამაშიც ჩაკეტილები ვართ და ზოგჯერ ნიშნის მოგებით გვეუბნებიან, ყველა პროფესორი, ყველა დოქტორი წავიდა გარეთ, ნეტავ იმის საშუალება მოგვეცემოდეს, რომ ჩვენი მეცნიერება ინტეგრირებული იქნებოდეს მთელს სამყაროსთან… ერთმა პატარა მხატვარმა ბიჭმა ვეებერთელა ქართული გარემოს შექმნა შეძლო და საქართველოს მიმართ კეთილად განაწყო ყველა.

განათლებულ ადამიანებთან ურთიერთობას არაფერი არ ჯობს. ეს მე პარლამენტში ვნახე გუშინწინ, პოზიცია იყო ეს, თუ ოპოზიცია, მოვიდნენ ჩემთან და ბოდიში მომიხადეს.

აი რატომ უნდა იყოს განათლებისათვის ბრძოლა უპირველესი, აი რატომ უნდა გავიზიაროთ ძლიერის იდეოლოგია, ძლიერის პოზიცია, რატომ უნდა გავაკეთოთ ორიენტაცია ძლიერ სტუდენტზე, ძლიერ ლექტორზე, და ვინც ამას ებრძვის, იგი ებრძვის საკუთარ თავს.

***

_ მე მინდა ისევ განათლებიდან გამოვიდე. თუ სამოქალაქო საზოგადოება აის პროგრესის მატარებელი, უკვე ყოველგვარი სხვა ფორმა არის დიქტატორული, სამოქალაქო საზოგადოება კონკურენციაზეა დამყარებული, კონკურენციას აქვს ერთი მთავარი მომენტი _ თუ ვინმეს მიმართ შეღავათს ავრცელებს, ის უკვე კონკურენცია აღარაა.

საქართველოში ადამიანები ფსიქოლოგიურად არიან განწყობილნი ასე: რაც იაფია, კარგია, ჩვენს ქვეყანაში გვაქვს კონტრაბანდისა და აღურიცხაობის ოაზისი და გვგონია, რომ ეს არის კარგი. არა, ეს ქვეყნის ნგრევაა. რატომ? როცა შენ კონკურენციის საფუძველზე ადგენ ფასს, ეს არის ყველაზე სწორი ფასი. რასაც ხელოვნური ფასი აქვს, ამით სარგებლობს და მდიდრდება მოსახლეობის 10% ანუ ჩვენ ამ ფონზე გვყავს მდიდარი, სხვათა გაღარიბების ხარჯზე, ხოლო კონკურენცია ქმნის მდიდარს სხვათა გამდიდრების ხარჯზე. ჩვენთან კი მოსახლეობის 80-90% სიკვდილის პირასაა მისული. ფულს მაშინ აქვს ძალა, როცა ჭკვიანი კაცის ხელშია, ფული დამანგრეველი ხდება, როცა უზნეო ადამიანების ხელში ხვდება… კონტრაბანდა და აღურიცხაობა კი ყოველთვის უზნეო კაცთანაა დაკავშირებული.

იკითხავთ, ხელფასი რატომ არ იზრდება. გარწმუნებთ, ჩვენთან რომ აღრიცხვა მოწესრიგდეს, კონტრაბანდა მოისპოს, ჩვენთან გაძვირდება პროდუქცია და იგივე პროპორციით გაიზრდება ხელფასი, იმიტომ, რომ აღურიცხაობით და კონტრაბანდით ბიუჯეტში პრქტიკულად არაფერი არ მიდის.

როცა ძირითადი პროდუქცია (ფქვილი, ნავთობპროდუქტები და ა.შ.) შემოქონდა სახელმწიფოს, იგი ასეთუ ისე აღირიცხებოდა. ახლა შემოტანა არის თავისუფალი და სახელმწიფო საზღვარი ძნელი საკონტროლოა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახელმწიფომ აიღოს ისევ თავის თავზე პროდუქციის შემოსვლა. ეს იქნებოდა უკან გადადგმული ნაბიჯი.

ჩვენ გვაქვს აღურიცხაობითა და კონტრაბანდით გამოწვეული სიიაფე. რომელმაც მოსახლეობის 90% დაამშია და 10% გააძღო, მაშინ, როცა კონტრაბანდის აღკვეთით ქვეყანაში 30% მდიდარი დ 40-50% საშუალოფენა და არავინ არ იქნება უყურადღებოდ მიტოვებული. დღეს კი უმძიმესი მდგომარეობაა. ძალიან ადვილია დამშეული კაცის გამოყვანა ქუჩაში პროგრესის წინააღმდეგ. იმიტომ, რომ შია და შეიძლება შეცდომაში შევიდეს.

როცა პარლამენტში კორუფციაზე დავიწყე ლაპარაკი, ერთ-ერთი დეპუტატი წამოდგა და დაიძახა: ,,ისაუბრეთ იმერეთზე~. მე ვუპასუხე, რომ სწორედ იმერეთზე ვლაპარაკობ და სწორედ კონტრაბანდა აკარგვინებს იმერეთს პურის ბიზნესში მილიონ ნახევარს ყოველთვიურად. ოთხ მილიონს კი ბაზრობა აკარგვინებდა.

პრეზიდენტის ლოზუნგი, რომ კონტრაბანდას ვებრძოლოთ ყველა ქალაქში, ჩემთვის მიუღებელია, კონტრაბანდას უნდა ვებრძოლოთ საზღვარზე. ხოლო აღურიცხაობას ადგილზე. მაგრამ აღურიცხაობას რომ ებრძოლო, უნდა შეგეძლოს აღურიცხავი საქონლის ამოღება.

ყველაფერი ეს მოსახლეობამ უნდა გააცნობიეროს, მე მინდა რომ განათლება, წიგნიერება ყველაფერში ჩანდეს. როცა ჩემს ქვეყანას აშენებს აღრიცხვა, კონკურენცია და კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლა, მოდით და გავაკეთოთ ეს.

***

_ დავით აღმაშენებელი იყო მხედარი, მწიგნობარი, ფილოსოფოსი. ამიტომ ამ დღეს განსაკუთრებულად უნდა ვეფერებდეთ. ეს სხვა განწყობაა. ამას ხაზი მინდა გავუსვა. თუნდაც წარსულში, ჩვენი მეცნიერების დიდი ტაძარი 8 თებერვალს რომ დააფუძნეს. შემთხვევითი როდია. ეს დღე მრავალი კარგი საქმის საწინდარია. მე ვთვლი, რომ დიდი მეფე გვყავდა და გვყავს. ეჭვი არ მეპარება, რომ 2003 წელი ბაგრატის ტაძრის წელი იქნება. ეს განსაკუთრებულად დიდი სიმბოლოა ჩვენთან, ბაგრატი და გელათი 2003 წელი ამ დიდი იუბილეს აღნიშვნა მთელს მსოფლიოს დაანახვებს საქართველოს ისტორიასა და ფესვების სიძლიერესა და სიდიადეს. ამ ფესვებში უდიდესი ძარღვი დავით აღმაშენებელთნაა დაკავშირებული… ჩვენ ბედნიერი ერი ვართ, რომ ასეთი სტრატეგი მეფე გვყავდა, ხოლო მისი სულიერი მოძღვრის, ჭყონდიდელის სიახლოვე მეფესთან მაკედონელისა და არისტოტელეს მოგვაგონებს.

ასეთი ორი დიდი ფიგურა იდგა მაშინ საქართველოში, ამიტომ დაიწყო ოქროს ხანით მეორე ათასწლეული საქართველოში., რომელიც ბაგრატოვანთა ათასწლეულად უნდა იწოდებოდეს ქართველთათვის.

იმედია, მესამე ათასწლეული დაიწყება დავით აღმაშენებლის განწყობით და ღმერთმა ქნას, ეს ასე იყოს. ამიტომაც აქვს ამ შეხვედრას დიდი ძალა. ამიტომ აქვს დავითის საფლავთან მისვლას დიდი მუხტი. ჩვენ დიდი მეფის მხრებზე ვდგავართ. დამ ას უდიდესი პატივი უნდა ვცეთ. უნდა გაცნობიერდეს, თუ რა არის დავითის გზა. ეს არის განათლებული გზა, განათლებული საზოგადოების გზა. იმ ეპოქაში ამ საოცარმა ადამიანმა რელიგია გაამეცნიერა და მეცნიერება გაარელიგიურა. მე არ ვიცი, სად არის ძლიერისადმი ასეთი პარტივისცემა, როგორიც აღმაშენებელში. იმიტომ, რომ თითონ იყო ძლიერი. ჩვენ გვყავდა ასეთი მეფე და დრო დაადასტურებს, რომ დავითი იქნება იმ მოაზროვნეთა არმიაში, რომლითაც დღეს მსოფლიო ამაყობს. დღეს იქ დავით აღმაშენებელს არ მოიხსენიებენ, იმიტომ რომ პატარა ერი ვართ. და ბევრი რამ ვერ მოვახერხეთ, მჯერა, მომავალი ამას გამოასწორებს, ინტეგრაცია ცივილიზებულ სამყაროში შეძლებს არნახულ მასშტაბით გამოაჩინოს ჩვენი ისტორია.

ძლიერი ქვეყანა ვიყავით, მაგრამ მდიდარი მეფეები არასდროს არ გვყოლია. ჩვენ დიდი ერი ვიყავით ეროვნული სულით, განათლებით, მაგრამ მდიდრები არასოდეს ვყოფილვართ. ჩვენი მეფეები მხოლოდ ტაძრებს აგებდნენდა მეფეების სიმდიდრის დასტური _ სამეფო სასახლეები ჩვენს ქვეყანას არ გააჩნია. ჩვენი სიმდიდრე დავით აღმასენებლის მემკვიდრეობაა, გზაა, რომლითაც ის მიდიოდა. ჩვენმა თაობამ და მომდევნო თაობებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ჩვენ ძლიერი მეფე გვყავდა და ბედნიერი ერი სწორედ ამითა ვართ.

8 თებერვალი,

2000 წელი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *