თემურ შაშიაშვილი: მე დიდი მომავლის ქვეყნიდან ვარ

ლონდონი, ლოიდ-ცენტრის ბიზნეს-კლუბში
საქართველოსადმი მიძღვნილი
საერთაშორისო კონფერენცია

,,ნუ ვიქნებით შაილოკივით ძუნწები,
ნუ ვიმეგობრებთ იაგოებთან
ვითანამშრომლოთ უორდროპების
კეთილშობილებით.~

 

ღრმად პატივცემულო თავჯდომარევ,
ბატონებო, ქალბატონებო,

კონფერენციის ორგანიზატორებისადმი, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოსადმი, ბრიტანეთში საქართველოს საელჩოსადმი მადლობის სიტყვების შემდეგ სიამაყით მინდა ვთქვა, ძლიერ კარგად მაქვს დაცდილი დიდ ბრიტანეთში, ლონდონში ჩამოსვლა.

პირველი ჩამოსვლის დროს _ 10 წლის წინ (ეს იყო უცხოეთში ჩემი პირველი გასვლა. ძველ დროში საბჭოთა კავშირიდან არ იყო ადვილი უცხოეთში გამგზავრება) დიდი ბრიტანეთის ქალაქ ნუპორტის მერმა ქალბატონმა როზმარი ბატლერმა და მე ხელი მოვაწერეთ გადაწყვეტილებას ქუთაისისა და ნიუპორტის დაძმობილების თაობაზე. ამ ორი ქალაქის მეგობრობა ბრიტანეთის ხელისუფლების, მსოფლიო დაძმობილებულ ქალაქთა ასოციაციის მიერ აღიარებულია, როგორც განსაკუთრებულად წარმატებული. ჩვენი მეგობრობის გამოცდილების განზოგადოება დღევანდელი საერთაშორისო კონფერენციის დღის წესრიგშიც არის გათვალისწინებული.

ბრიტანეთში მეორედ ჩამოსვლის პერიოდში _ მე მაშინ საქართველოს პარლამენტის წევრი ვიყავი _ მოსკოვის პუტჩი მოხდა, საბჭოთა კავშირი დაიშალა, მე ბედნიერი ვარ, რომ იმ დღეებში ჩემი გამოსვლა ბი-ბი-სიმ თითქმის მთელს მსოფლიოში გაავრცელა.

მესამედ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მოწვევით ჩამოვედი წლისკონფერენციაზე და მაშინ ბანკის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით ქუთაისიდან ჩამოვიყვანე 10 წლის მხატვარი ბესო ყაზაიშვილი, მისი გამოფენა ლონდონ-სიტიში მოეწყო. ლონდონმა იგი მოვლენად აღიარა: ახალი პიკასო, ბოსხი, სალვადორ დალი _ ასე წერდნენ ლონდონის გაზეთები. დღეს ეს პატარა ბიჭი ამერიკაშია. მისი პატრონობა ამერიკის პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა იკისრა. უახლოეს წლებში მსოფლიოს 250-მდე ქვეყანაში ერთდროულად გაიხსნება მისი 250 ნამუშევრის გამოფენა. ეს გრანდიოზული ფაქტია. თუ იგი განხორციელდა, მისი ღირებულება 160 მილიონი დოლარია. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შეუძლია იამაყოს იმით, რომ ამ პატარა ბიჭუნას დიდი საერთაშორისო აღიარება სწორედ თქვენით დაიწყო, ვეჭვობ, თქვენ ამ მასშტაბის პროექტი საქართველოში გქონდეთ განხორციელებული, ან უახლოეს პერიოდში შეძლებთ ამას.
მოწყენილი იყავით ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის წარუმატებელი დაწყბით. ჩამოვედით, გაგამხნევეთ და გერმანიის ნაკრების დამარცხებაც კი შეძელით. ამბობენ, დიდი ხანია კარგი ამინდი არ გქონიათ და საქართველოდან ჩამოგიტანეთ. ამინდმა დედოფლის დღეც განსაკუთრებულად გაგიხალისათ. ეს უკვე მეოთხე ჩამოსვლაა _ ქუთაისის საავტომობილო ქარხნის დიდი პროექტით ვართ ბრიტანელ და ამერიკულ კომპანიებთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და გავნითარების ბანკთან. პროექტს აქვს ბრიტანეთის სამთავრობო წრეების მხარდაჭერა. კონფერენციას ესწრება ბატონი დევიდ მაკჰოილი _ მჯერა ერთობლივად შევძლებთ ამ დიდი საქმის წარმატებით დასრულებას. ეჭვი არ მეპარება ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იქნება ერთი თვის შემდეგ დიდ ბრიტანეთში ბატონ ედუარდ შევარდნაძის ვიზიტისას. ამ საქმეს ევრობანკის განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება. დღეს კონფერენციაზე გამოსვლისას ევრობანკის ხელმძღვანელობამ მათ წარმომადგენელს ,,საქართველოს მამა~ უწოდეს, არ ვიცი, ვინ არის საქართველოს დედა, მაგრამ იმერეთი რომ ობოლის როლში გამოდის _ კი ვხედავ. არავითარი სურვილი არ მაქვს ობოლი ვიყოთ. დარწმუნებული ვარ, ხვალ, ევრობანკში შეხვედრისას, დიდ თანამშრომლობაზე მოვილაპარაკებთ და დიდ ბრიტანეთში, ლონდონში მეოთხედ ჩამოსვლის წარმატებული მომენტი სწორედ მსოფლიო ბანკთან, ევრობანკთან დიდი ურთიერთობების თაობაზე მოლაპარაკება იქნება.
ბატონო თავჯდომარე, მეგობრებო!

მინდა შევეხო ერთ უმტკივნეულეს, მაგრამ, ჩემის აზრით, ასეთი მასშტაბის კონფერენციაზე ფაქიზად სასაუბრო თემას _ კორუფციას. იგი მსოფლიო მოვლენაა, გეთანხმებით, რომ განსაკუთრბულია მისი მასშტაბები საქართველოში, მაგალითად მოჰყავთ გახმაურებული გემების საკითხი, ენერგეტიკა, კონტრაბანდა, დამერწმუნეთ, მძიმე მოსასმენია.საერთაშორისო ორგანიზაციების გამოსვლების შემდგომ ამ დარბაზში ყველა ქართველი შეურაცხოფილია, გალახული ზის. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, მე, ქვეყნის ხელისუფლების ერთადერთ ოფიციალური წარმომადგენელი ამ კონფერენციაზე როგორი სიძულვილით ვარ ყველა იმ პიროვნებისადმი, ვინც არ უნდა იყოს, ღვიძლიც რომ იყოს, _ ვინც კორუფციასთან არის დაკავშირებული. ამ ადამიანებს _ თავისი სიხარბის გამო ვერც კი წარმოუდგენიათ როგორ შეურაცხოფას აყენებენ ისინი თავის ქვეყანას, საქართველოს, ქართულ ტრადიციას, ჩევნს წარსულს, სახელმწიფოს მომავალს. მე დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ამ ხალხის დანდობა არ შეიძლება. სხვა პოზიცია არ მქონია და არც მექნება.

ამ შეფასების შემდეგ მინდა ზოგიერთი რამ გითხრათ დაფიქრებისათვის, გითხრათ ისე _ გული რომ არ გატკინოთ. ზოგიერთი გამოსვლის შემდგომ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს ლონდონ-სიტიში საქართველოს დღე კი არა მის საწინააღმდეგოდ მიმართული ღონისძიებაა. გთხოვთ, გეხვეწებით, _ თუ თქვენ საქართველოს მეგობრები ხართ, და მე ამაში ოდნავაც არ მეპარება ეჭვი _ ნუ შეაშინებთ ხალხს, ბრიტანელ მეწარმეებს, ყველას, ვინც ბიზნესის წარმომადგენელია ამ კონფერენციაზე, საერთოდ ბრიტანელ ბიზნესმენებს მე ვურჩევდი ერთს _ არც ჩემთვის მოგესმინათ, არც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისათვის _ ჩამოდით საქათველოში, იმერეთში, ქუთაისში, შეხვდით ხალხს, საკუთარი თვალით ნახეთ ყველაფერი, საქართველოს ყველაზე დიდი სიმდიდრე ხალხია და მათი განწყობა, დემოკრატიული ბუნება, სურვილი, დიდ ევროპულ ოჯახში ცხოვრობდეს.

ბატონო თავჯდომარევ, ბატონებო!

ჩემი გამოსვლის ამ ნაწილში კორუფციაზე საუბრის ამ დეტალზე შემთხვევით არ ვამახვილებ ყურადღებას. ნუ დაიმკვიდრებთ იმ აზრს, რომ კორუფცია ქართული მოვლენაა და მხოლოდ საქართველოშია იგი ამ მასშტაბით. თქვენზე უკეთ ვის მოეხსენება, რომ ფორმაციის ცვლილების დროს მსოფლიოს ვერც ერთი ქვეყანა ვერ ასცდა კორუფციის განსაკუთრებულ მასშტაბებს. კორუფცია მართლაც რომ განსაკუთრებული იყო კოლონიების დაშლის პროცესში. ასეთია იგი ყოფილი საბჭოთა ქვეყნებში. თქვენ კარგად იცით, რომ პირველ ეტაპზე საქართველოში, ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ჩამოვიდნენ ძირითადში თქვენთვის, ევროპისათვის მიუღებელი ბიზნესმენები, _ თუ მათ ბიზნესმენები ჰქვიათ, მათ _ უმეტესწილად აღმოსავლური ყაიდის ბიზნესმენებმა ,,აიღეს~ საქართველო და კორუფციასაც განსაკუთრებული მასშტაბები მიეცა.

არ დაგიმალავთ, და ამასთან გულწრფელად და პატივისცემით მინდა გითხრათ _ მიკვირს, როგორ პოულობს არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოში ჩამოსვლიდან მესამე დღეს (ზოგჯერ საქართველოში ჩამოსვლამდეც) ისეთ კორუმპირებულს, რომლის მოძებნასაც ჩვენ, საქართველოში მცხოვრებთ ერთი წელიც კი არ გვეყოფა. თუ საერთაშორისო ორგანიზაციები ასეთ ხალხთან გააგრძელებენ კონტაქტებს, მათ უახლოეს პერიოდში საერთოდ აღარ ექნებათ ავტორიტეტი საქართველოში. ეს კი დამღუპველი იქნება საქართველოსთვის, არა მგონია, მათთვის იყოს კარგი.

კორუფციის მასშტაბებს კონტრაბანდის დონე განსაზღვრავს. დღეს ამ თემაზე ბევრი ისაუბრეს. კონტრაბანდის გამო ვერ იქმნება კონკურენტული გარემო, ანუ კონკურენციას კონტრაბანდა უშლის ხელს _ იაფფასიანი საქონელი იზიდავს მოსახლეობას, ქვეყანას კი ანგრევს. ხაზს ვუსვამ, ქვეყანაში კონტრაბანდისა და აღურიცხაობის გამო იაფი საქონელი გვაქვს, რაც დამანგრეველია ქვეყნისათვის. ქვეყნის პროგრესი კონკურენტულ გარემოში ჩამოყალიბებულ ფასებშია და არა სიიაფეში. მინდა გკითხოთ, ვინ უნდა იგრძნოს ამისათვის პასუხისმგებლობა, თუ არა ბრიტანულმა მხარემ? საქართველოს საბაჟოს ფუნქციონერობა ხომ მთლიანად ბრიტანული კომპანიების ხელშია, ვიცი. ვიცი, გული გეტკინათ ამ შეფასებით, მაგრამ ფაქტის კონსტატირება მოვახდინე და რაც მთავარია, კეთილი განწყობით.
მინდა ბოლომდე გულწრფელი ვიყო და გითხრათ, ქართველი მეწარმეები, მათი პარტნიორი უცხოელი მეგობრები ჯერჯერობით საბაჟოს გამო ურთულეს მდგომარეობაში არიან და ვისურვებდი, ბრიტანულ კამპანიას საბაჟოზე მალე დაემყარებინა წესრიგი

შეჯამების სახით, განზოგადოებულად კორუფციასთან დაკავშირებით. ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს მომავალი არ აქვს, კორუფციის დაძლევის გარეშე. საჭიროა მოქმედება პრეზიდენტის მხრიდან და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდანაც. ჩემი შთაბეჭდილებით, კორუფცია საქართველოში ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ერთობლივი შემოქმედებაა და იგი ერთობლივი მოქმედებით უნდა იქნას დაძლეული.
დღეს აქ ბულგაკოვის ,,ოსტატი და მარგარიტა~ ახსენეს. ძალიან საინტერესო და კარგი ნაწარმოებია, მაგრამ შექსპირის ქვეყანაში მე შექსპირს დავეყრდნობი. ოტელო და დეზდემონა იაგომ დაღუპა, ნუ იმეგობრებთ იაგოებთან და ჩვენც და თქვენც კარგად გვექნება საქმე. მე-19 საუკუნეში _ დღევანდელობიდან კომუნიკაციებით დაცილებულ ქვეყანაში საუკუნეში, როცა არც თვითმფრინავი იყო, არც სატელეფონო კავშირები და არც საერთაშორისო ორგანიზაციები, _ ევროპელებს, ბრიტანელებს დიდი ბიზნესი ჰქონდათ საქართველოში. მაგრამ მაშინ არსებობდნენ კეთილშობილებით სავსე უორდროპები და მათი მსგავსნი. მინდა გაგახსენოთ შექსპირის ,,ვენეციელი ვაჭარი~ და გითხრათ _ ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია, ჩვენი ბევრი უცხოელი მეგობარი შაილოკზე ძუნწია. საერთაშორისო ორგანიზაციებს, საერთაშორისო ბანკებს საერთოდ ბანკირებს ვუსურვებდი: ნუ ვიქნებით შაილოკივით ძუნწები, ნუ ვიმეგობრებთ იაგოებთან, ვითანამშრომლოთ უორდროპების კეთილშობილებით. დარწმუნებული ვარ ამ რჩევას დარბაზში მყოფი თანამემულეებიც (და არა მარტო ისინი) შემოუერთდებიან. და ერთად შეიძლება დავასკვნათ, ასეთი განწყობის შემთხვევაში საქართველო სულ ცოტა 2-3 წელიწადში ბევრად განსხვავებული, უკეთესი მომავლის ქვეყანა იქნება.

ზოგიერთი რამ, როგორც იტყვიან დიდი პოლიტიკიდან _ მხოლოდ აზრებისა და დაფიქრებისათვის. მშვიდობა კავკასიაში სჭირდება არა მხოლოდ კავკასიას _ იგი სასურველია და ჰაერივით საჭიროა მთელ მსოფლიოსათვის. მადლობა ღმერთს, რომ ეს უკვე გაცნობიერა მთელმა მსოფლიომ. დღეს კონფერენციაზე გამოსვლისას საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც აღიარეს, რომ საქართველოს ხელისუფლება პენსიებსა და ხელფასებს ვერ არიგებს, რომ მძიმე სოციალური მდგომარეობაა. გეთანხმებით, მაგრამ დავფიქრდეთ იმაზე, რომ ასეთივე სოციალურად გაუსაძლისი მდგომარეობაა თითქმის მთელს ყოფილ საბჭოთა სივრცეში? თუ ვინმე იმაზე ფიქრობს, რომ საბჭოთაA კავშირი იყო კარგი და მისი დაშლით დაიწყო მძიმე სოციალური პროცესი? ვთქვათ პირდაპირ, ყოფილი საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში ორი ურთიერთსაწინააღმდეგო პროცესი მიდის პარალელურად. ერთი _ პოლიტიკურ ძალთა დამანგრეველი ურთიერთდაპირისპირება და მეორე ეროვნულ თვითმყოფადობასთან დაბრუნების, დასავლეთთან, ევროპასთან ინტეგრირების.

პირველი _ ეს არის საბჭოთა კგბ-ს მოდელი: ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში შიდა დაპირისპირებით ქვეყნის დამშევა-დაუძლურება და იძულებითი სვლა საბჭოთა კავშირისაკენ. ქვეყნის დამშევა-დაუძლურება _ ეს არის ქვეყნის დამონება ომისა და ტანკების გარეშე, ეს არის როგორც იმპერიული რუსეთის, ასევე სარწმუნოებრივი მტრების მოქმედების ამ ეპოქის ტაქტიკა. ისტორიული რევოლუციები, გადატრიალებები, სამოქალაქო ომები, ტერიტორიული დაქუცმაცებულობა, კლანური და საერთოდ ყოველგვარი დაპირისპირება მშიერ და დაუძლურებულ ქვეყანაში ხდება.

ლოგიკა ასეთია: ან ქვეყანა არ უნდა იყოს მშიერი და დაუძლურებული _ ასეთები ხართ თქვენ, ბრიტანეთი, ევროპის სახელმწიფოები, ან მშიერ და დაუძლურებულ ქვეყანაში (ასეთები ვართ უკვე ჩვენ _ საქართველო) ხალხს უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული, რომ იმპერიის დაშლის პროცესში ეს არის ობიექტური მოვლენა და იგი დაძლევადია, თუ არ წამოვეგეთ კუჭის პოლიტიკას და კუჭის პოლიტიკოსებს, თუ არ მივეყიდებით სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებს, თუ არ დავიჩოქებთ, თუ ხელისუფლება იმოქმედებს გაბედულად და _ ამას განსაკუთრებულად მინდა მივაპუყრო თქვენი ყურადღება, თუ გვექნება საერთაშორისო მხარდაჭერა. როგორც ხედავთ, საუბრის დროს ბევრჯერ გამოვიყენე სიტყვა ,,თუ~. მინდა იცოდეთ, მთავარი ,,თუ~ მოხსნილია, საქართველო, ქართველი ხალხი გაუძლებს ყოველგვარ გასაჭირს, შიმშილს, მაგრამ არ დათმობს ქვეყნის დამოუკიდებლობას არ დაიჩოქებს, არ წავა საბჭოთა კავშირისკენ. დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება იმოქმედებს გაბედულად და განსაკუთრებულად მინდა ვიყო დარწმუნებული, რომ საქართველოს ექნება საერთაშორისო მხარდაჭერა _ რეალური და არა ფურცელსა და ქაღალდზე.

ბატონო თავჯდომარევ,

ჩემთვის დიდი პატივია წარმოვადგენდე კონფერენციაზე იმერეთს და მქონდეს საშუალება ვრცლად ვისაუბრო ამ უნიკალური რეგიონის თაობაზე. დიდი მადლობა ბრიტანეთის ელჩის მოადგილეს, პოლ ველშს, რომელმაც განსაკუთრებული სითბოთი ისაუბრა იმერეთზე და მაღალი შეფასება მისცა მიმდინარე წლის 2-3 მაისს იმერეთში ჩატარებულ ბიზნესის საერთაშორისო კონფერენციას. იგი მართალაც უნიკალური იყო, _ 26 ქვეყნის 200-მდე წარმომადგენელი დაესწრო მას და იგი მიეძღვნა აბრეშუმის გზის პერსპექტივებს. ბიზნესის ეს კონფერენციები უკვე ტრადიციად იქცა _ წელს მეხუთედ ჩატარდა. პირველზე _ 1996 წლის 2-3 მაისს ბატონი ედუარდ შევარდნაძის მონაწილეობით მოხდა ბაქო-სუფსის ნავთობსადენის პრეზენტაცია. პროექტი ჩვენმა მეგობარმა, ანვთობსდენის საერთაშორისო კომპანიის პირველმა პრეზიდენტმა, ბატონმა ტერი დევისმა წარმოადგინა. სასიამოვნოა, რომ ერთი წლის წინ ეს პროექტი წარმატებით დასრულდა.

ბატონებო, იმერეთი საქართველოს ყველაზე დიდი რეგიონია _ 12 ქალაქითა და რაიონით, 1 მილიონამდე მოსახლეობით. რეგიონში გამოშვებული პროდუქციის 40% იგზავნება ექსპორტზე – ძირითადში ევროპასა და ამერიკაში, შედარებით ნაკლები რუსეთში, აზიაში ექსპორტი მინიმალურია. მართალია, ამ წელიწადში ექსპორტი 100 მილიონამდე იქნება, მაგრამ, რაც მთავარია, კარგი პერსპექტივებია. ექსპორტის მიხედვით იმერეთი პირველია. მინდა დავადასტურო, რომ ვრჩები იმ პიროვნებად, რომელიც აღმოსავლეთის ბიზნესის წარმომადგენლების მოქმედებას საქართველოში მძიმედ უყურებს. ეს ჩემი მიზეზი კი არა, ამ ქვეყნების ბიზნესის წარმომადგენელთა სახელგატეხილობის. ჩვენთვის მიუღებელია თუნდაც გარიგება ანუ მათი პრინციპი _ ,,ფული ბანკის გარეშე _ ჯიბიდან ჯიბეში~. ჩვენი ორიენტაცია ბანკების ავტორიტეტის გაძლიერებასა და აღრიცხვის მოწესრიგებაზეა. იმერეთში ცოტა, მაგრამ ძირითადში ამერიკელი და ევროპული კოპანიები მუშაობენ. კარგი პერსპექტივები იკვეთება რუსეთის წარმატებულ მეწარმეებთან დაკავშირებით.
იმერეთის სიძლიერე, უფრო სწორედ, მისი სიძლიერის დასაყრდენი ბუნბრივთან არის დაკავშირებული, ბუნებრივად კარგი გეოგრაფიული მდებარეობა და გეოგრაფიული რესურსები, ხალხის ნიჭიერებაც ბუნებრივი და ტრადიციულია, როგორც ინგლისელების _ გენეტიკურობა.

დღეს აქ ბევრი ისაუბრეს აბრეშუმის გზაზე, ტრასეკაზე. იმერეთი არის შავი ზღვთ შემოსული ყველა გზის შემკრები ორივე მხრიდან. დღეისათვის აქტიურად მომქმედი და განსაკუთრებული მომავლის აეროპორტით. ერთი სიტყვით ყველა ტიპის გზით (საზღვაო, სატრანსპორტო, ავია) დიდი შემკრები. ჯერ კიდევ ძველ წელთაღრიცხვამდე როდოსელის ,,არგონავტიკაში~ 33-ჯერ არის ნახსენები ქუთაისი _ იმერეთისა და მთელი დასავლეთ საქართველოს ცენტრი – როგორც ერთ-ერთი სერიოზული სავაჭრო ქალაქი. აქ ითქვა, რომ ჩვენ ახალგაზრდა დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ. პატივისცემით გავასწორებდი _ ჩვენ ათასწლეულები ვიცხოვრეთ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ. ქუთაისი 3500 წლის ქალაქია და იგი 1000 წლის წინ საქართველოს დედაქალაქიც იყო.

ეკონომიკის პრიორიტეტები იმერეთში ასე ყალიბდება.
_ ენერგეტიკა;
_ ბუნებრივი საბადოები და წიაღისეული;
_ სოფლისთვის საჭირო ტექნიკა;
_ წყალი (ცალკე უნდა გამოვყო მისი უნიკალურობის გამო)
_ სოფლის მეურნეობა;
_ ტურიზმი და კურორტები.

ენერგეტიკით დავიწყე და მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა მის შესახებ. დღეს მოქმედი სიმძლავრე 500 მგვტ-ს აჭარბებს. პროგრამები ძირითადად 2000 მეგავატითაა. დადგმული და დასადგმელიც ძირითადში ჰიდრორესურსებია. სასიამოვნოა, რომ იაპონელები, ესპანელებიც ქარის ენერგიის გამოყენებას იწყებენ. შესაძლებლობები დიდია. მიწვეული ვარ იაპონიაში, სადაც 2 წლის დაკვირვების მასალებზე დაყრდნობით მოხდება გადაწყვეტილების მიღება. იაპონელებისა და იზრაელის სამთავრობო წრეების მხარდაჭერით სერიოზულ სტადიაშია მოლაპარაკება 250 მგვტ. ფარგლებში გაზზე თბოელექტროსადგურის მშენებლობის თაობაზე. ამავე სიმძლავრის თბოელექტროსადგურის მშენებლობა სლოვაკური და საერთოდ ევროპული კომპანიების მონაწილეობით გათვალისწინებულია ტყიბულში _ ქალაქში, სადაც ნახშირის დიდი მარაგებია.

დიდი კმაყოფილება მინდა გამოვთქვა ამერიკული, გერმანული და ფრანგული ბერძნული კომპანიების დაინტერესებით ენერგეტიკის გამო. ჩვენ მზად ვართ ამ საკითხში ვითანამშრომლოთ ყველა დაინტრესებულ ორგანიზაციასთან., კომპანიასთან, პიროვნებასთან. როგორც ვთქვი, რეზერვები დიდია. რაც შეეხება საბადოებს, იმერეთში არის მარგანეცის უდიდესი საბადო ქალაქ ჭიათურაში _ აქ თავის დროზე გერმანელები, ამერიკელები და ბრიტანელები იყვნენ პაკეტის მფლობელები. იმერეთშია უნიკალური ქვის საბადოები _ თეთრი ქვა, მარმარილო. იტალიელებმა შეძლეს ამ ბიზნესის დაწყება იმერეთში. ქვანახშირის თაობაზე უკვე მოგახსენეთ. აქვე ტყიბულში გიშერის უნიკალური ჯიშებით. ამერიკელების პროგნოზით იმერეთიდან უახლოესი 10 წელიწადში 2 მილიარდამდე დოლარისა უნიკალური სასმელი წყლის ექსპორტია შესაძ;ებელი. ყოფილ საბჭოთა სივრცეში (და უკვე არა მარტო) პროპაგანდა არ ჭირდება მინერალური წყლებს _ ,,საირმესა~ და ,,ზვარეს~, სამკურნალო წყლებს წყალტუბოში, ვანში, საჩხერეში, სამტრედიაში, ტყიბულში, თერჯოლაში. ბუნებრივი სიმდიდრეების ჩამონათვალი დიდია და დრო არ მაძლევს საშუალებას ყველაფერზე ვისაუბრო. ხაზგასმით მხოლოდ პრინციპს შევეხები: ჩვენი ნედლეული გავიტანეთ გარეთ _ ჩვენ მისი ადგილზე დამუშავების მომხრე ვართ. ველურობაა საქართველოდან ხე-ტყის მორების გატანა, ასევე ჯართის, თუნდაც მარგანეცის. ჩვენ თქვენი თანამშრომლობით გვინდა ცივილიზებული გზით წავიდეთ და თანამედროვე ტექნოლოგიებით ადგილზე მოვახდინოთ გადამუშავება. მარგანეცზე დაყრდნობით ზესტაფონში ფეროშენადნობის გადამუშავება ხდება პროდუქციას მსოფლიო ბაზრის 42%-იანი სეგმენტი უჭირავს. პაკეტის მფლობელი სახელმწიფოა ამ ქარხანაში და ჩვენ მივესალმებოდით თანამშრომლობას ბრიტანულ კომპანიებთან. იმერეთის სასმელი წყალი ელიტალური წყლის სახელწოდებით იყიდება ამერიკასა და ევროპაში.
როცა სოფლისათვის საჭირო ტექნიკაზე ვსაუბრობდი, როგორც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე, მხედველობაში მქონდა _ მცირეგაბარიტიანი ტრაქტორების გამოშვება თანამედროვე იტალიური ტექნოლოგიით. სოფლისათვის საჭირო სატვირთო ავტომობილების გამოშვება წყლის ამოღების ტექნოლოგია მექანიკური ქარხნის ბაზაზე, სოფლისათვის საჭირო ორგანული და ქიმიური სასუქები. ქუთაისში ვუშვებთ ტრაქტორსაც, მანქანასაც, უკვე თვითმფრინავსაც. ეს თვითმფრინავი ამერიკელებმა დაგვიკვეთეს. მეორე თვითმფრინავის გამოშვება. ყველა ეს საწარმო ჯერჯერობით სახელმწიფო მმართველობაშია და ყველა საშუალება გაქვთ ჩაერთოთ პროგრამის განხორციელებასა და პრივატიზებაში მით უფრო პროდუქციას დიდი ბაზარი აქვს არა მარტო კავკასიაში და ყოფილ საბჭოთა სივრცეში, არამედ აზიაში, აფრიკაში,. მე აღარ ვსაუბრობ აბრეშუმზე, რომლის უდიდესი ტრადიციები და სიმძლავრეებია იმერეთში, განსაკუთრებით სპეციალისტები.

ეს საწარმოები, მართალია, მინიმალური სიმძლავრეებით მუშაობენ, მაგრამ ყველაფერი ჩვენ თვითონ გავაკეთეთ, არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის, არც ევრობანკის დახმარება არ მიგვიღია, არ ვიცი, ვის ეხმარებით, მაგრამ ჩვენსკენ რომ არ იყურებით, ეს ცხადია. თუ ყველას გარეშე, ხაზს ვუსვამ, ყველას გარეშე შევძელით, რომ ფეროს, ავტოქარხნის, ელექტრომექანიკურის, სატრაქტოროს, საავიაციოს გამოშვებული პროდუქცია ძირითადად ექსპორტზე მიდის… შეგიძლიათ წარმოიდგინოთ მუშაობის როგორი მასშტაბი გვექნებოდა, თქვენი, თუნდაც მცირე დახმარების პირობებში. არ მინდა ვიფიქრო, რომ თქვენ არ ეხმარებით საწარმოებს, რომლებსაც პროდუქცია გარეთ გააქვთ _ ექსპორტზე და ხელს უწყობთ იმათ, ვისაც გარედან შემოაქვთ პროდუქცია. არ ეკადრება ჩვენს ურთიერთობას, რომ საქართველო იქცა სხვა ქვეყნების პროდუქციის გასაღების ბაზრად. დარწმუნებული ვარ, შევძლებთ ამ მდგომარეობის გამოსწორებას მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროდუქციის გამოშვების ხელშეწყობით. ძალიან მინდა ვირწმუნო, რომ ამ თვალსაზრისით დღევანდელ კონფერენციას თავისი პოზიტიური ადგილი ექნება.

ბატონო თავჯდომარევ,
ბატონებო და ქალბატონებო,

მე ძალიან მიხარია, რომ ადამ სმიტისა და დევიდ რიკარდოს ქვეყანაში _ ბიზნესის დიდ ცენტრში _ ლონდონში მიწევს ასეთ სერიოზულ საკითხებზე საუბარი. მართალია, მწვავედ ვისაუბრე, მაგრამ, ჩემს სიტყვას ნიუპორტელთა ასეთი დიდი დელეგაციის, მათ შორის ნიუპორტში ქართველ სტუდენტების მონაწილეობის გამო. ამ 10 წლის განმავლობაში 400-ზე მეტი ქუთაისელი იყო ნიუპორტში და თითქმის ამდენივე ნიუპორტელი _ ქუთაისში. ეს მართლაც უნიკალური მეგობრობაა. _ ურთიერთმონაწილეობით საერთაშორისო პროგრამებში. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგია ბიზნესის ცენტრი ქუთაისში, უნივერსიტეტების ის დიდი მეგობრობა, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უდიდესი პროექტი.
კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო ნიუპორტელებს, უელსს და გითხრათ, თქვენ ხართ ხალხი, ვინც იცის დღეს საქართველოს, იმერეთის, ქუთაისის ფასი, თქვსნ შეგიძლიათ გულწრფელად, სიმართლით საუბარი ჩვენს ქვეყანაზე, მის ხალხზე, თქვენ შეგიძლიათ გულწრფელად საუბარი ჩვენს ქვეყანაზე, მის ხალხზე, თქვენ შეგიძლიათ დაადასტუროთ, რომ მე არ ვაჭარბებ, როცა ვამბობ, მე დიდი მომავლის ქვეყნიდან ვარ.

დიდი მადლობა კონფერენციის ორგანიზატორებს, ჩვენს ბრიტანელ მეგობრებს, ქალბატონ შალი უაიტს, ჩვენს დიდ მეგობარს, ბრიტანეთის ელჩს საქართველოში, ბატონ ჯენკინსს. ელჩის როლს განსაკუთრებულად ვაფასებ, რადგან მან წერილით, ან ტელეფონით კი არ მომიწვია, სპეციალურად ჩამოვიდა ქუთაისში მხოლოდ მოწვევისათვის. ეს არის ნამდვილი ბრიტანეთი, მისი განწყობა საქართველოსადმი, ეს არის ჩვენი დიდი იმედი.

მადლობა გამოსვლისას დიდი მხარდაჭერის გამო _ ტაშიც ბევრჯერ დამიკარით, იუმორიც კარგად გამიგეთ და მწამს, კრიტიკაც კარგად შეაფასეთ. ამ გამოსვლისა და იმ საუბრების გათვალისწინებით, ხვალ ლორდთა პალატასა და ევროპის რეკონსტრუქციის ბანკში რომ გაიმართება, შევეცდები ვრცელი გამოსვლა ჩამოვაყალიბო და გავაცნო ჩემს თანამემამულეებს. წარმატება მინდა ვუსურვო ბრიტანელებს, ინგლისელებს, იფიქრეთ იმაზე, რომ მართალია ფეხბურთის სამშობლო ხართ და თქვენ საფეხბურთო კლუბებს დიდი გამოცდა ელით საქართველოს ჩემპიონ ქუთაისის ,,ტორპედოსთან~ შეხვედრით. ეს ხუმრობა არ გეგონოთ _ ემზადეთ სერიოზულად.

ვთქვი და ვიმეორებ, კარგად მაქვს დაცდილი ბრიტანეთსა და ლონდონში ჩამოსვლა. სწორედ ამ ჩამოსვლის დროს სიამაყით და რწმენით ვაბმობ:
,,მე დიდი მომავლის ქვეყნიდან ვარ.”

ამ რწმენის საფუძველი დიდი ევროპის, დიდი ბრიტანეთის, საერთოდ დასავლეთის, საქართველოს მომავალზე ორიენტირებული კეთილი განწყობაა.
დიდი მადლობა ყოველივე ამისათვის.

თეიმურაზ შაშიაშვილი
ლონდონ-სიტი
19 ივნისი, 2000 წელი
კონფერენციაზე ზეპირი გამოსვლის სტენოგრამა.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *