კახეთი – უმუშევრობა, შიმშილი, უიმედობა და “პოტიომკინის სოფელი”

 

bunebaკახეთი -გამგებლები

კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის გამგებელი შვებულებაში გავიდა. ლაგოდეხის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების გამგებლები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭისყრას გეგმავენ, დანარჩენების თქმით კი, კუთვნილი ერთთვიანი შვებულებით სარგებლობენ.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გარდა, რაიონებში გამგებლების მოვალეობას პირველი მოადგილეები ასრულებენ. დედოფლისწყაროს გამგებლის პირველი მოადგილე გელა თეთრაულიც შვებულებაში გავიდა, რის გამოც გამგებლის მოვალეობას გამგებლის მოადგილე ნიკოლოზ შანშიაშვილი ასრულებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ოფიციალურად შვებულებაში ყოფნის მიუხედავად, ყველა მუნიციპალიტეტის გამგებელი სამსახურებრივი მანქანით სარგებლობს, სამუშაო ოთახებში არიან, მოქალაქეებს იღებენ და გამგეობის რესურებს მოიხმარენ.

სიღნაღი – სოფელი ერისიმედი
საქართველო- აზერბაიჯანის საზღვარი
სოფელი ერისიმედი სიღნაღიდან 65 კილომეტრის დაშორებით, საქართველო – აზერბაიჯანის საზღვართან მდებარეობს. სოფელი 1989 წელს დაარსდა და იქ აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტები ცხოვრობენ. ოფიციალურად ერისიმედი სიღნაღის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და საქართველოს იურისდიქციაშია, თუმცა სასაზღვრო კონტროლის გავლის გარეშე სოფელში შესვლას ადგილობრივებიც კი ვერ ახერხებენ. გაუსაძლისი პირობების გამო მოსახლეობა სოფელს ტოვებს. რამდენიმე ოჯახი დამეწყრილ ხულოს რაიონს უკვე დაუბრუნდა.

სიღნაღიდან ერისიმედამდე გზა იმდენად დაზიანებულია, რომ მანქანით ამ მონაკვეთის გავლას მინიმუმ 2 საათი მაინც სჭირდება. სოფლის შესასვლელამდე დაახლოებით ერთ კილომეტრში სასაზღვრო პოლიციის გამშვები პუნქტია განთავსებული. შლაგბაუმის ფუნქციას ხის ორ ბოძზე მავთულით დამაგრებული ალუმინის მილი ასრულებს.

„პირველად აქ რომ ჩამოგვასახლეს, 36 სახლი იყო აშენებული. დანარჩენი მერე აშენდა. სიღნაღის რაიონს მაშინ ვინმე ქევხიშვილი ხელმძღვანელობდა და იმ კაცმა პირდაპირ გვითხრა, აქ იმიტომ გასახლებთ რომ საქართველომ მიწები არ დაკარგოსო. ჩვენი აქ ჩამოსახლების დროისთვის ამ ტერიტორიას მთლიანად აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეზობელი სოფლებიდან გადმოსული აზერბაიჯანელები ფლობდნენ. ფერმები ჰქონდათ და მესქონლეობას მისდევდნენ. თავდაპირველად პრობლემები გვქონდა, მაგრამ ხელისუფლების მხარდაჭერით მაშინ მოვძლიერდით და გავმაგრდით“,- თამაზ აბაშიძე- ადგილობრივი მკვიდრი.
ერისიმედში მხოლოდ სკოლა მუშაობს, რომელიც ერთსართულიან შენობაშია განთავსებული. შენობა ნახევრად დანგრეულია, არც კარ – ფანჯარა აქვს. იატაკიც ჩანგრეულია.

დათო თავართქილაძე, სოფელ ერისიმედის საჯარო სკოლის დირექტორი: სკოლის შენობა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. კედლები დახეთქილია და შესაძლოა, ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს. ამიტომაც, მასწავლებელიც და მოსწავლეც ფეხაკრეფით დავდივართ ხოლმე, მაგრამ იატაკი იმდენად დაზიანებულია, რომ სარდაფში მაინც ხშირად ვვარდებით. ახალი ინვენტარი კი შემომთავაზეს განათლების სამინისტროდან, მაგრამ ავეჯი სად წამეღო, როცა შენობა არ გვაქვს. ამ მდგომარეობის შესახებ სიღნაღის საგანმანათლებლო რესურს – ცენტრის უფროსმაც იცის და რაიონის გამგებელმაც. დამპირდნენ, რომ გასულ წელს, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, სკოლისთვის, ხის ახალ შენობას ააგებდნენ, მაგრამ მერე მითხრეს, რომ ბიუჯეტში ფული აღარ გვაქვს და მომავალ წელს დავგეგმავთო. ელემენტარული პირობებიც არ არის, მაგრამ ბავშვებმა წერა – კითხვა მაინც ხომ უნდა ისწავლონ. ბავშვების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ვერ ვიღებთ. ქარის ან ძლიერი წვიმის დროს სასწავლო პროცესს ვწყვეტთ და შენობას ვცლით, რომ არ დაინგრეს და შიგ არ მოვყვეთ“.

თალიკო მახარაძე, ერისიმედის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი: „ლაპარაკს კი გვიკრძალავენ, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა“.

– ვინ გიკრძალავთ ლაპარაკს?

– თუ ხმას ამოვიღებთ, პოლიციით გვაშინებენ. ჩამოვლენ ხოლმე ჯგუფები და გვემუქრებიან, წყნარად თუ არ იქნებით, სკოლაც უკან დაგრჩებათ და სოფელიცო. არ არის სკოლის შენობა უსაფრთხო და არ ვთქვათ? რით ვერ გამონახეს ჩვენი სოფლისთვის თანხები, რომ პატარა შენობა გვაღირსონ, რამდენიმე საკლასო ოთახით. ჩვენი მოსწავლეების 90 % ახლომხედველია. არსებული სკოლის შენობაში საკლასო ოთახები იმდენად პატარაა, რომ მერხებსა და დაფას შორის მანძილი ერთი მეტრია. ბავშვების უმრავლესობა სათვალეს ატარებს. საკლასო დავალებას რომ ვაწერინებთ, ბავშვებს თავი ლამის მერხებზე უდევთ და ისე წერენ. მარტო ეს პრობლემა რომ იყოს, გავუძლებდით კიდევ, მაგრამ არც წყალი გვაქვს და არც არაფერი. სამედიცინო ამბულატორია ევროკავშირის გრანტით შეარემონტეს და დაკეტილია, შიგნით არავის უშვებენ. რად გვინდოდა განახლებული ამბულატორია, თუ ექიმი არ გვეყოლებოდა, რაში გადაყარეს ათიათასობით ლარი?
ხელისუფლებას მხოლოდ არჩევნებისთვის ვახსენდებით. 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებამდე გვითხრეს, სასმელი წყლით უზრუნველყოფისათვის ჭაბურღილებს გავაკეთებთ, ოღონდ ხმა ნუგზარ აბულაშვილს მიეცითო. სასმელ წყალს დაგვპირდნენ, ამონიუმის გვარჯილას ხომ არა, და დავთანხმდით. სოფელში ორი ჭაბურღილი გააკეთეს. ბიუჯეტიდან 50 000 ლარზე მეტი გამოყვეს. არჩევნები როგორც დამთავრდა, სამ დღეში ორივე ჭაბურღილი ჩაინგრა და ისევ უწყლოდ დავრჩით.

სკოლის გვერდზე მდინარე ჩამოდის. სკოლაში წყალი არ გვაქვს და ბავშვებს რომ მოსწყურდებათ, პირდაპირ მდინარის წყალს სვამენ. ჩვენც სხვა გზა არ გვაქვს. ვინც მდინარის წყალს არ სვამს, სახედარით ან ხელით, სოფლიდან 12 კილომეტრის დაშორებით მდებარე წყაროდან ეზიდება. სიღნაღიდან სასწრაფო დახმარების მანქანა აქამდე რომ მოვიდეს, მინიმუმ 2 საათი სჭირდება. რამდენიმე დღის წინ, ბავშვი კრუნჩხვებში ჩაგვივარდა და ექიმი ტელეფონით გვეუბნებოდა, როგორ მოგვებრუნებინა.

ეს კიდევ არაფერი. სოფლიდან სიღნაღში წასვლა თუ მოვახერხეთ, სახლში დაბრუნებაზე პრობლემები გვაქვს. სასაზღვრო პოლიციამ გამშვები პუნქტი სოფლის შემოსასვლელში ჩადგა და თუ პასპორტი დაგვავიწყდა, სოფელში აღარ გვიშვებენ. ამასწინათ, რძალი მესტუმრა ქობულეთიდან. ძმისშვილი ახლდა თან და ბავშვი სოფელში არ შემოუშვეს, პასპორტი არ გაქვს და საზღვრის გადაკვეთის უფლებას ვერ მოგცემთო. რა უნდა იქ საზღვარს?“.

რესან ცეცხლაძე, ერისიმედის მკვიდრი: „სოფელ ერისიმედში 2000 წლიდან ვცხოვრობ. საზღვართან დაკავშირებით ასეთი პრობლემები, რაც ახლა გვაქვს, არასოდეს გვქონია. მესაზღვრეები გვეუბნებიან, იქ თქვენს დასაცავად ვდგავართო. ვისგან გვიცავენ, სიღნაღში და დანარჩენ საქართველოში მცხოვრები ხალხისგან? საზღვარი იქ არ გადის და რატომ დგანან? ადგილობრივები თუ წავედით სიღნაღში, იქიდან უკან დაბრუნებისას ამ სოფლის მაცხოვრებლებსაც კი პასპორტებს გვთხოვენ და რეგისტრაციაში გვატარებენ. ცოტა ხნის წინ, ასპინძის რაიონიდან ბიძაშვილი ჩამომივიდა და სოფელში არ შემოუშვეს, პასპორტი არ ჰქონდა თან. სასაზღვრო პოლიციის გამშვებ პუნქტს იქით, მინდორში, აზერბაიჯანელებს ფერმა აქვთ და იქ დავაბინავე“.

დათო მახარაძე, ერისიმედის მკვიდრი: „დასახლებული პუნქტი როგორც მთავრდება, 100 ჰექტარზე მეტი საძოვარი მიწებია, მაგრამ ვერ გავდივართ და ვერ ვსარგებლობთ. ეს მიწები საქართველოს ეკუთვნის, თუმცა იქ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დგანან და ახლოს ვერ მივდივართ. მაშინვე აკავებენ ადამიანებს, ჩვენს ტერიტორიაზე გადმოხვედითო. ამ მიწებით აქ ჩამოსახლების დროს ჩვენ ვსარგებლობდით და როდის გახდა ამხელა ტერიტორია მაგათი, არ ვიცით. იმ ტერიტორიაზე ჩვენი საქონელი თუ მოხვდა, ძროხებსაც კი აპატიმრებენ და მიჰყავთ.
სკოლა თავზე გვენგრევა, საბავშვო ბაღი ჩვენ არ გვაქვს, ექიმი ჩვენ არ გვყვავს, საქონელს ვერ ვინარჩუნეთ, სოფელში უპასპორტოდ არ გვიშვებენ და სტუმარი ვერ მოდის, რა დაგვტოვებს აქ? რამდენიმე ოჯახი წავიდა უკვე და ალბათ, ეს პროცესი მალე მასობრივ ხასიათს მიიღებს“.

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სიღნაღის სამსახურის მიერ, 2007 წლის შემდეგ, სოფელ ერისიმედის მაცხოვრებლებზე გაცემულ პირადობის მოწმობებში, მისამართის გრაფაში დაფიქსირებულია: სიღნაღი, უმისამართო.

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ინფორმაციით, ამის მიზეზი ის არის, რომ ერისიმედის მაცხოვრებლებს, სახლები, სადაც ცხოვრობენ, საკუთრებაში არ აქვთ.

დედოფლისწყარო

უფსო კების ნაცონალური სასადილო დედოფლისწყაროში მესამე წელია ყოველწლიურად 60 ათასი ლარით ფინანსდება. ამავე რაიონში ფუნქციონირებს სათოების სახლი ,,სავანე~. მიუხედავად იმისა, რომ კვების ორივე ობიექტში ერთნაირტი ოდენობის ბენეფიციარი ირიცხება, ნაციონალური მოძრაობის სასადილოსგან განსხვავებით სათნოების სახლი სავანე 2008 წლის განმავლობაში მხოლოდ 8 ათასი ლარით დაფინანსდა, 2009 წლიდან კი მისი წლიური დაფინანსება დედოფლისწყაროს ბიუჯეტიდან 20 000 ლარით განისაზღვრა.

მუნიციპალიტეტში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები და ადგილობრივები ნაციონალური სასადილოს დაფინანსების ზრდას იმ ფაქტით ხსნიან, რომ სათნოების სახლისგან გნსხვავებით უფასო სასადილოს დედოფლისწყაროს გამგებლის მოადგილის გელა თეთრაულის მეუღლე ფიქრია წიკლაური ხელმძღვანელობს.

დაფინანსების ოდენობის აშკარა განსხვავების მიუხედავად ნაციონალური სასადილოს ბენეფიციარები მუდმივად საკვების სიმცირესა და მის უხარისხობაზე წუხან. უმწეოები სასადილოს პერსონალის მხრიდან ხშირად უხეშ დამოკიდებულებაზეც ამახვილებე ყურადღებას.

მაგალითისთვის: მაშინ, როცა უმწეოებმა საკვების ხარისხის გაუმჯობესება ითხოვეს და აღნიშნეს, რომ სეზოზე ერთხელ მაინც თევზის ხორცი შეიტანონ, დედოფლისწყაროს გამგეობის სოციალურ სამსახურის უფროსისგან დამცინავი პასუხი მიიღეს: ,,თევზი რომ დავამატოთ ფხა გაგეჩხირებათო~
სასადილოს ხელმძღვანელობა კი საკვებით უკმაყოფილო მოხუცებს მუდმივად კარისკენ უთითებდა.

ბოლო დროს ნაციონალურ სასადილოში შაბათი დღე გაუქმდა, შედეგად კი ხელმძღვანელობა მოხუცებს დაპირდა, რომ საკვების ხარსხი გაუმჯობესდებოდა. შასადილოს ხელმძღვანელობა ამბობდა, რომ პერსონალიც ადამიანებისგან შედგება და დასვენება მათაც სჭირდებათ. Mიუხედაად ყველაფრისა, ხარისხი მაიც არ გაუმჯობესებულა.

სასადილოს მომმარაგებელი ნუნუ თათარაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ მხოლოდ პურის ნორმის გაზრდა მოხერხდა და ისიც 50 გრამით.სხვა ცვლილებების დამატებას კი ისინი თბილისთან შეუთანხმებლად ვერ შეიტანენ. თუმცა უნდა ითქვას, რომ შაბათი დღე ადგილობრივი გამგეობის მიერ გაუქმდა.

ოპოზიციურ პედაგოგებს დევნიან და რწმუნებულები სახალხოდ ლანძღავენ
შეურაცხყოფილი პედაგოგები გუბერნატორთან ჩასვლას გეგმავენ
საზღვრისპირა სოფელ საბათლოს საჯარო სკოლის ქართული ენა–ლიტერატურის პედაგოგი ნინო ქადაგიშვილი სოფლის რწმუნებულს დავით გუნდაძეს უხეშ მოპყრობასა და პოლიტიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებს. პედაგოგები ამბობენ, რომ ახლახან პრეზიდენტის კახეთის მხარის რწმუნებულის, გიორგი ღვინიაშვილის მიერ გამოგზავნილი სარვამარტო მისალოცები ოპოზიციურად განწყობილ მასწავლებლებს არ დაურიგეს…

,,გამგებლის რწმუნებული დავით გუნდაძე ასე მეუბნება, თუ ხარ ჩვენთან იყავი, თუ არადა სკოლიდან წადიო… მისალოცები სარვამარტოდ ყველას დაურიგეს და მე სიაში არ ვიყავი… პირადად გუნდაძე არიგებდა… გავაპროტესტე, ვამბობდი, ყველაფერი გასაგებია – პოლიტიკური ნიშნით მავიწროვებთ–მეთქი. თქვენ წარმოიდგინეთ, რწმუნებულმა სამასწავლებლოში უხეში და უშვერი სიტყვებიც იყმარა. ძალიან შეურაცხყოფილი დავრჩი… თან ასე ამბობდა – მე ისეთი რაღაცეები ვიცი, ვერავინ გამათავისუფლებს, ყველა მთავრობას მოვერგებიო… საინტერესოა, ასეთი რა იცის გუნდაძემ, რომ არაფრის ეშინია… – ამბობს საბათლოს საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი ნინო ქადაგიშვილი.

შეგახსენებთ, რომ საბათლოში რწმუნებულს სხვა მაცხოვრებლებიც ემდურებოდნენ. თვენახევრის წინ, გაზეთმა ქიზიყმა გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ადგილობრივები დავით გუნდაძეს უყურადღებობაში და სოფლისადმი გულგრილ დამოკიდებულებაში ადანაშაულებდნენ. როგორც მოსახლეობა ამბობს, გუნდაძე აჭარის რეგიონში თვეობით მიდის ხოლმე და სოფელი ღვთის ანაბარა მიგდებული რჩება, რწმუნებულს კი მხოლოდ პირადი კეთილდღეობა ადარდებს…

სოფელ საბათლოს მკვიდრი, ლია ოვსეპიანი ამბობს, რომ ოპოზიციური მოსაზრებების გამო რწმუნებულმა ის პირად კონტროლზე აიყვანა და მისი ყოველი ნაბიჯი საგულდაგულოდ მოწმდება:

,,საბათლოში ზეწოლები აშკარად გახშირდა. პირდაპირ მაფრთხილებენ, თუ არ გაჩერდები დახმარებას მოგიხსნითო. სოც–დახმარება ადრეც პოლიტიკური ნიშნით ნაწილდებოდა, მაგრამ ახლა ვითარება უფრო გამძაფრებულია და უარესები ხდება – აცხადებს ოვსეპიანი.

გუნდაძის ახირებებსა და არაადეკვატურ ნაბიჯებზე ადგილობრივები უკვე ღიად საუბრობენ და გამგებელ ლევან ბაღაშვილს სთხოვენ დაინტერესდეს მისი რწმუნებულის თავხედური ქმედებებით. მათი თქმით, რწმუნებული უკვე უკონტროლო ხდება. შეურაცხყოფილი პედაგოგები გუბერნიაში ჩასვლას და პრობლემებზე საუბარს გიორგი ღვინიაშვილთან პირადად გეგმავენ.

ახმეტა
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, რეგიონებში ოპოზიციის მხარდამჭერებზე ზეწოლის ფაქტებმა იმატა. ძალოვანი სტრუქტურების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ოპოზიციური პოლიტიკური ორგანიზაციების წევრებს, იმ შემთხვევაში თუ ისინი პარტიების სასარგებლოდ მუშაობას არ შეწყვეტენ, სოციალური დახმარების მოხსნით, ოჯახის წევრების ან ახლობლების სამსახურიდან გათავისუფლებით, იარაღის ან ნარკოტიკის ჩადებით და დაკავებით ემუქრებიან.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ თვითმმართველობის არჩევნების თარიღად 30 მაისია განსაზღვრული. 15 მარტიდან ამომრჩეველთა სიების კარდაკარ გადამოწმების პროგრამა მიმდინარეობს, რაზედაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,2 მლნ ლარი გამოიყო და ამ პროცესში მონაწილეობის მსურველ 12 პარტიაზე თანაბრად განაწილდა. სიების გადამოწმების პარალელურად, პარტიების აქტივისტები ამომრჩევლებს საკუთარი კანდიდატების შესახებ ინფორმაციას აწვდიან და მათი მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

ოპოზიციის მხარდამჭერებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელს კობა მაისურაძეს. არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, გამგებელი ოპოზიციის რამდენიმე აქტივისტს გატაცებითაც კი დაემუქრა.
„ოპოზიციის მხარდამჭერებმა ჩვენს წარმომადგენელს, რომელიც მათთან შესახვედრად ახმეტაში ჩავიდა, განუცხადეს, რომ ახმეტის გამგებელმა მათ მოსთხოვათ, ან ხელისუფლების მხარეზე გადავიდნენ ან არცერთი პარტიის სასარგებლოდ არ იმუშაონ. გამგებელმა მოთხოვნის შესრულებაზე უარი მიიღო, რის შემდეგაც ის ოპოზიციის მხარდამჭერებს გატაცებით დაემუქრა. ამასთან, ოპოზიციის ერთ-ერთი მხარდამჭერის ოჯახს, რამდენიმე დღის წინ წინ, საარსებო შემწეობა შეუწყვიტეს, მეორე აქტივისტის ოჯახის წევრს, კი რომელიც სკოლაში პედაგოგად მუშაობს, სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ“, – აღნიშნეს უფლებადაცვით ორგანიზაციაში.

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა მაისურაძემ ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებაზე კომენტარი არ გააკეთა.

ევროკომისიის პრეზიდენტის ჟოზე მანუელ ბაროზუს განცხადებით, საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობა არჩევნების სამართლიანად ჩატარების მიხედვით გადაწყდება. საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებას წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებულ დარღვევებსაც უთმობს.

ახმეტის გამგებელი ჟურნალისტებს მის დაუკითხავად რაიონში შესვლას არ ურჩევს
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა მაისურაძე კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებს მის დაუკითხავად რაიონში პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად შესვლას არ ურჩევს. „ჩემი ნებართვის გარეშე რომ დადიხართ, ეგრე სად არის. ან გამგეობაში რომ შემოდიხართ და ინფორმაციას ითხოვთ, არ უნდა მოხვიდეთ და არ უნდა მკითხოთ რა გინდათ? ან გამაფრთხილებთ ხოლმე წინასწარ, როცა ახმეტაში მოდიხართ რაიმე საქმეზე, ან რაც დაგემართებათ, მე პასუხისმგებლობას ვიხსნი“, – განაცხადა ახმეტის გამგებელმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტთან სატელეფონო საუბარში.

ამასთან, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის კანცელარიაში არ დაიტოვეს კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტის განცხადება, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ. აპარატის უფროსმა ივერი წითელაურმა ჟურნალისტს განუცხადა, რომ გამგებელმა განცხადებაზე რეზოლუციის დადებაზე უარი თქვა, რის გამოც წერილს ვერ დაიტოვებს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მუნიციპალიტეტის გამგებელი დამოუკიდებელი ჟურნალისტისგან მოითხოვს, „მის სამოქმედო ტერიტორიაზე“ შესვლამდე გამგებელი გააფრთხილოს, სად მიდის და რა საკითხზე.

„ყვარელში, სოფელ ახალსოფელში მოსახლეობას უნდა შევხვედროდი. ადგილობრივებმა წინასწარ მაცნობეს, რომ გამგეობას ერთჯერადი ფინანსური დახმარების გასაწევად არაერთხელ მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ. ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელს ლევან გამსახურდიას ტელეფონით დავუკავშირდი, მდგომარეობა ავუხსენი და ამ საკითხზე კომენტარის ჩასაწერად შეხვედრა ვთხოვე. ამან გამგებლის გაღიზიანება გამოიწვია. მან საყვედური გამოთქვა იმის გამო, მე მასთან შეუთანხმებლად ვმართავდი მოქალაქეებთან შეხვედრას და ხალხის პრობლემებს ვისმენდი. მისი აზრით, მე მოსახლეობის პროვოცირებას ვახდენდი და გამგებლის მიმართ ხალხში უარყოფით განწყობას ვქმნიდი. შევეცადე გამგებლისთვის ამეხსნა, რომ არ ვარ ვალდებული სად, ვისთან და რა საკითხზე ვმართავ შეხვედრებს, მასთან შევათანხმო. ამის შემდეგ გამგებელმა შეხვედრაზე უარი განაცხადა და პირველ მოადგილესთან გადამამისამართა“, – აღნიშნავს რადიო „ჰერეთის“ ჟურნალისტი ხათუნა გოგაშვილი.

2. ახმეტა, გურჯაანი

ოსების აბარგება
მძიმე სოციალურ – ეკონომიკური პირობების გამო კახეთის სხვადასხვა სოფლებში მცხოვრები ოსები საცხოვრებელს მასობრივად ტოვებენ. მათგან ზოგი ცხინვალში მიდის, ზოგი კი ვლადიკავკაზში. ამის მიზეზად კონფლიქტოლოგები და უფლებადამცველები, ეკონომიკურთან ერთად, ეთნიკურ ფაქტორსაც ასახელებენ.

მუნიციპალიტეტების გამგეობების ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულების მონაცემებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ახმეტის რაიონის სოფელ ფიჩხოვანსა და არგოხში, ასევე ყვარლის რაიონის სოფელ წიწკანაანთსერში, გურჯაანის რაიონის სოფელ ყიტაანში და ლაგოდეხის რაიონის სოფელ ბოლქვში მცხოვრები ოსების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. მაგალითად, ლაგოდეხის რაიონის ტერიტორიაზე 2003 წლისთვის თუ 2239 ოსი ეროვნების ადამიანი ცხოვრობდა, ამჟამად, მათი რაოდენობა ხუთასს არ აღემატება.

“აქ მცხოვრებ ქართველებსა და ოსებს კარგი ურთიერთობა გვაქვს, ბევრ ოჯახს შორის ნათესაური კავშირიც არსებობს, მაგრამ ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, ასობით ოჯახმა აქაურობა მიატოვა და საცხოვრებლად ვლადიკავკაზში ან ცხინვალში გადასახლდა, ანუ იქ, სადაც ნათესავები ჰყავთ. კახეთის სოფლებში ცხოვრება ძალიან ჭირს. რაიონულ ცენტრს პრაქტიკულად მოწყვეტილები ვართ. ქალაქში სამუშაო რომც იყოს, ვერ ვიმუშავებთ”, – აცხადებენ რეგიონში დარჩენილი ოსები.

გურჯაანის რაიონის სოფელ ყიტაანში, სადაც სამასამდე ოსი ცხოვრობს, ორი წლის განმავლობაში ადგილობრივი ხელისუფლებისათვის არაერთი თხოვნის მიუხედავად, სოფლიდან რაიონულ ცენტრთან დამაკავშირებელი ავტობუსი დღემდე არ დაინიშნა. კერძო მიკროავტობუსები კი უკიდურესად დაზიანებული სავალი გზის გამო სოფელში ვერ დადიან. ყიტაანში სკოლაც გააუქმეს და ბავშვებს 7 კილომეტრით დაშორებულ მეზობელ სოფელში უწევთ სიარული.

ოს ქალთა საერთაშორისო ასოციაციაში ამბობენ, რომ ოსების საქართველოდან წასვლის რეალური მიზეზი აგვისტოს ომი გახდა. “ოსები საქართველოს ომამდეც ტოვებდნენ, მაგრამ ომის შემდეგ ოსი ახალგაზრდები საცხოვრებლად ვლადიკავკაზში მასობრივად გადავიდნენ. ვლადიკავკაზში გადასვლა ამ დრომდე აქ დარჩენილ ოსებსაც უნდათ, მაგრამ სავიზო რეჟიმის გამო ამას ვერ ახერხებენ”, – აცხადებს ოს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი იზოლდა თიგიევა.

თელავი

თელავის ბავშვთა სახლის თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ერთ-ერთმა აღმზრდელმა თამარ ბესაშვილმა განუცხადა, დირექტორმა ისინი ატესტაციაზე მოტყუებით გაგზავნა. მისივე თქმით, გაჩუმების შემთხვევაში, გუბერნატორის დავალებით, დირექტორი მათ სამსახურში აღდგენას დაპირდა, მაგრამ მხოლოდ ორი – სამი თვით.
„დირექტორმა გვითხრა, ტრენინგზე მიდიხართო და სინამდვილეში ატესტაციაზე აღმოვჩნდით. 8 თანამშრომელი გაგვათავისუფლეს. სამსახურში მხოლოდ თავისი ახლობლები და ნათესავები დატოვა. მისამართიც კი არ მოგვცა, სად უნდა გაგვესაჩივრებინა გათავისუფლების ბრძანებები. ეხლა გვითხრა, ხელშეკრულებას გუბერნატორის ბრძანებით 2-3 თვით გაგიგრძელებთო, წინასაარჩევნოდ რომ გაგვაჩუმონ და მერე ისევ გაგვყრიან“, – აღნიშნა ბესაშვილმა.

თელავის ბავშვთა სახლის დირექტორის ბესიკ აივაზაშვილის განცხადებით, სამუშაო ადგილი ყველა თანამშრომელს შეუნარჩუნდება. „ხელშეკრულება 35-ვე თანამშრომელს გაუფორმდება, თუმცა რა ვადით, ამას სააგენტო გადაწყვეტს, ვისაც ვექვემდებარებით. დიახ, გუბერნატორი ამის შესახებ საქმის კურსშია, მაგრამ ის არაფერში ჩარეულა“, – განაცხადა აივაზაშვილმა.

გურჯაანი
პოლიციელების უყურადღებობის გამო ოჯახს ერთი თვის ბავშვი სახლიდან გახიზნული ჰყავს
გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში მცხოვრებ იოსებ ელისაშვილის ოჯახს ერთი თვის ბავშვი სახლიდან გახიზნული ჰყავს. ელისაშვილებს 2 მარტს საცხოვრებელი სახლის მეორე სართული გადაუწვეს. ბოროტმოქმედი ელისაშვილების ოჯახის წევრებს ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის შემთხვევაში, ცეცხლმოკიდებულ სახლში ჩახოცვით ემუქრება.

სახლის დაწვის ფაქტთან დაკავშირებით შს გურჯაანის სამმართველოში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა გამოძიებას ამ დრომდე ექსპერტიზაც კი არ ჩაუტარებია.

„მორიგეობით ვიძინებთ, რათა მეზობლად მცხოვრებმა პირმა მუქარა სისრულეში არ მოიყვანოს და მართლაც სახლში არ ჩაგვხოცოს. პოლიცია ყურადღებას არ გვაქცევს. სხვა წასასვლელიც არსად გვაქვს, რომ გადავიკარგოთ“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ლია ელისაშვილმა.
ელისაშვილების პრობლემას იცნობენ ადამიანის უფლებათა ცენტრში.

„შს გურჯაანის სამმართველოს თანამშრომელი ალექსანდრე შაკიაშვილი, რომელიც აღნიშნულ საქმეს იძიებს, იმ პირის ახლობელი, მეგობარი და მეზობელია, რომელსაც ელისაშვილები სახლის დაწვასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ადანაშაულებენ. შესაბამისად, საქმის გამოძიება ჭიანურდება და ადამიანების სიცოცხლე სრულიად დაუცველია. ამ საქმეს გურჯაანის რაიონული პროკურორი ყურადღებას არ აქცევს. წერილით უკვე მივმართეთ საქართველოს პროკურატურას“, – აღნიშნეს უფლებადაცვით ორგანიზაციაში.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *