ელიტარული, პროფესიონალური და პროფესიული კორუფცია საქართველოში

aeec4be4b695c3cf1d52775eda16f3c4ალბათ უკვე ორ წელზე მეტია (!!!) სხვადასხვა ტრიბუნიდან – პრესით, ტელევიზიით ამაოდ ვითხოვ საჯარო გახადონ აზერბაიჯანთან დადებული ბუნებრივი გაზის შესყიდვის ხელშეკრულება (ამას რომ ვამბობ, მეცინება, თუმცა მართლა სატირალია, სადამდე „განვითარდა,“ სადამდე მივიდა ჩვენი „ღია საზოგადოება,“ ლიბერალური ფასეულობები, დემოკრატია), რომელიც „რატომღაც“ გასაიდუმლოებულია და ქართული მხრიდან, მგონი, მხოლოდ ნიკა გილაურს (ხელმოწერის დროს ის პრემიერ-მინისტრი არ იქნებოდა), ალექსანდრე ხეთაგურს, მის პირველ მოადგილეს, მარიამ ვალიშვილს და ალბათ გაზისა და ნავთობის კორპორაციის გენერალურ დირექტორს, ჯანჯღავას აქვთ წაკითხული და კიდევ ორ ადამიანს (ვანო მერაბიშვილს და ზურაბ ადეიშვილს ვგულისხმობ), რომლებიც ყველა ეკონომიკურად „ტევად“ დარგს კურირებენ და მათ გარეშე ჩიტი ვერსად გადაიფრენს და ბუნებრივია არც ერთ ხელშეკრულებას არ მოეწერება ხელი.

მე ხელშეკრულებაში მაინტერესებს გაზის ფასი, მისი კალორიულობა და რა წნევით მოგვეწოდება, ეს ყველაფერი, როგორც ავღნიშნეთ, გასაიდუმლოებულია. კორპორაციის თანამშრომლებს აკრძალული აქვთ ამ თემაზე საუბარი, ალბათ არც აქვთ ინფორმაცია და ამ თემაზე საუბარსაც გაურბიან.

დარწმუნებული ვარ, რომ ხელშეკრულება ნანახი არ ექნება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს, გურამ ჩალაგაშვილს (თუნდაც ფორმალურად – ნამდვილად ევალება), თორემ შედეგი ნული იქნებოდა. მისი რეალური ფუნქცია დღესაც და წარსულშიც არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების დაცვაა“ დასავლეთ საქართველოში და არა ელექტროენერგიის, გაზის და წყლის ტარიფები, რომელთა შესახებ მან არც არაფერი იცის და არც აინტერესებს. მისი ინტერესთა სფერო მარეგულირებელში – „სემეკის“ ლიცენზიანტებში მხოლოდ საკუთარი ახლობლების დასაქმებაა. თუნდაც ის რად ღირს, რომ მისი მეუღლე და სიძე თბილისის „წყალკანალში დღევანდელ „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერში“ (ესეც რუსული კომპანიაა, დასავლეთევროპული არ გეგონოთ) მოაწყო სამუშაოდ.

დიახ, ასე გულიანად ზრუნავს მოსახლეობის წყლის ტარიფებზე და ზოგადად „გონივრულ“ ტარიფებზე, მის რეალურობაზე ბატონი გურამ ჩალაგაშვილი. ხუმრობა იქეთ იყოს, ეს კანონის დარღვევა და აშკარა ინტერესთა კონფლიქტია, გნებავთ ფარული კორუფციაა და აქ ორივე მხარეა დამნაშავე და რა თქმა უნდა „წყალკანალიც“ და მისი საქართველოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მენეჯერი (და არა ყველაზე ძლიერი მენეჯერი, ამაზე საზოგადოებასაც და, რა გასაკვირი უნდა იყოს, მთავრობასაც ერთი აზრი აქვთ) იორგ მატიასი, რომლის ხელფასი, როგორც ამბობენ 45 000 ევროს შეადგენს!!! – აი, წყლის გაზრდილი ტარიფი მოსახლეობისათვის!!!

თუმცა „რეგულირებად“ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროში ეს მიღებული პრაქტიკაა. ბატონი მინისტრის, ხეთაგურის მამა რუსული „ინტერ რაოს“ კუთვნილ „თელასში“ მუშაობს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ, მეუღლე დეპარტამენტის დირექტორად იმავე გურამ ჩალაგაშვილის „სემეკში.“ მეტიც, ხეთაგურმა თავისი ძმა ასევე რუსულ „ინტერრაოს“ ჰიდროელექტროსადგურ „ხრამზე“ მოაწყო. მოკლედ, ჩვენ რუსული მუსიკის: ჩაიკოვსკის, რახმანინოვის, სტრავინსკის მოსმენას გვიკრძალავენ, თორემ თვითონ ზღაპრულად შეხმატკბილებული არიან რუსულ კაპიტალთან, პუტინის რუსეთის კაპიტალთან. დღეს უკვე აშკარაა, რომ მიხეილ საკაშვილი რუსეთის წინააღმდეგ „ბრძოლით“, მისი გამოხტომებით ( ამერიკელებიც კი ზედმეტად რომ თვლიან) აკეთებს რუსულ საქმეს, რუსეთის ხელისუფლება, პუტინი ამ გამოხტომებისადმი მშვიდი დამოკიდებულებით, აძლიერებს თავის გავლენას ქართულ კაპიტალზე. ვისაც ქვეყანა უყვარს, ამას კარგად ხედავს, ვინც სააკაშვილს ემონება, ამის დანახვა არ უნდა.

მეტსაც მოგახსენებთ, ამ ცოტა ხნის წინ, რუსული გამანაწილებელი კომპანიის, „თელასის“ გენერალური დირექტორის, იური პიმენოვის დაბადების დღე ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში, „ბაგრატიონში“ დიდი ზარ-ზეიმით, პომპეზურად, ქართული მრავალხმიანობით და რუსული რომანსებით, ბოლოს კი „დენ პობედით“ (კულტურის მინისტრს, ნიკა რურუას რომ არ უყვარს) აღნიშნეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკა გილაურმა, თბილისის მერმა, გიგი უგულავამ, ენერგეტიკის მინისტრმა, ალექსანდრე ხეთაგურმა მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ, გურამ ჩალაგაშვილმა და მრავალმა სხვა სახელმწიფო მოხელემ.

ისე, ცნობისათვის, „ინტერ-რაოს“ საიტზე დაინტერესებულები ნახავთ, რომ მისი დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე არის იგორ სეჩინი, რომელიც რუსეთის ვიცე-პრემიერია და ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე რუსეთის ძალოვან სტრუქტურებს კურირებდა კრემლში. არც არავინ მალავს, რომ იგი კგბ-ს წარმატებულ გენერლად ითვლება.

ვის სჯერა, რომ ზემოთ აღნიშნული საქართველოს მხარის წარმომადგენლები, საერთოდ ჩამოთვლილი ბატონები იზრუნებენ მოსახლეობისათვის რეალურ ტარიფებზე – გაუწევენ მონიტორინგს და შეაფასებენ გაწეულ ხარჯებს, ინვესტიციების რეალობას და გამანაწილებელი კომპანიის განაწილების ტარიფის სხვადასხვა კომპონენტის მართლზომიერებას, რომელიც აშკარად გაბერილია მოსახლეობის საზიანოდ, (ყველამ იცის, ყველა ამაზე საუბრობს, – გაორმაგებული ფასებით ტენდერები ამ კომპანიებში, „ატკატები“ და ა.შ და ამას არავინ ამოწმებს და არც ინტერესდება…) – მეტი არაა ჩემი მტერი, – სირცხვილია, სირცხვილი და მეტიც, კორუფციული დანაშაულია, ბატონებო.

არადა ნამდვილად არის ტარიფები შესამცირებელი „თელასში“ და „ენერგოპროში.“ ამის რესურსი და თანაც მნიშვნელოვანი ნამდვილად არსებობს და მხოლოდ შეგნებულად „დაბრმავებულ“ ადამიანებს არ აქვთ სურვილი ამის დანახვის.

ბატონებო, მოვა დრო და ამას ყველაფერს დათვლიან და სკურპულოზურად შეაფასებენ, როგორ იძარცვებოდა საქართველოს ყველა გაღატაკებული მოქალაქის ჯიბე მავანთა და მავანთა ხელშეწყობით და მოგიხდებათ მრავალ უხერხულ კითხვაზე პასუხის გაცემა…

და კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ, ბუნებრივი გაზის ტარიფებსა და ბუნებრივი გაზის შესყიდვის ხელშეკრულების საჯაროობის კანონიერი მოთხოვნაც ამ მიზანს ემსახურება – რამდენად იყენებს ჩვენი სახელმწიფო ადრინდელ სახელმწიფოებრივ ხელშეკრულებებს.

საზოგადოებამ მშვენივრად იცის, რომ სწორედ აზერბაიჯანული გაზის შემოსვლამ და ტრანზიტმა საქართველოს ტერიტორიაზე, შახ-დენიზის პროექტის პირველი ეტაპის განხორციელებამ და საქართველოს გაზის უწყვეტად მომარაგებამ (ეს დღევანდელი მთავრობის დამსახურება ნამდვილად არ არის) უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ქვეყანაში ენერგეტიკული პრობლემების მოგვარებაში. როგორც აღვნიშნეთ, საქართველომ მიიღო ისეთი შესაძლებლობები, რომელთა გონივრულ გამოყენებას უნდა უზრუნველეყო ბუნებრივი გაზის რეალურად შეღავათიანი ფასი, როგორც მოსახლეობისათვის, ასევე წარმოებისათვის, რაც მძლავრი ბიძგი უნდა გამხდარიყო ეკონომიკის განვითარებისათვის. კერძოდ:

1. საქართველოს მიეცა უფლება გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ შეიძინოს 500 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი სპეციალური ტარიფით – 55 აშშ დოლარად და ეს 2002 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული და არა დღევანდელი მთავრობის მონაწილეობით.

2. საქართველო ტრანზიტის გასამრჯელოდ უფასოდ იღებს 10%-ს იმ გაზის მოცულობისას, რომელიც ჩრდილოეთის მარშრუტით რუსეთიდან საქართველოს გავლით მიეწოდება სომხეთს. ეს დაახლოებით საშუალოდ 200 მილიონი კუბური მეტრია. ესეც ე.წ „ვარდების რევოლუციამდე“ ხელმოწერილი ხელშეკრულების საფუძველზე ხდება.

3. საქართველო ტრანზიტის გასამრჯელოდ უფასოდ იღებს 5%-ს იმ გაზის მოცულობისას, რომელიც ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენით მიეწოდება თურქეთს – ეს დაახლოებით 330 მლნ კუბური მეტრია (იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთი პირველ ეტაპზე ამ მილსადენით იღებს 6,6 მლრდ კუბურ მეტრ გაზს აზერბაიჯანიდან ყოველწლიურად) ესეც ასევე შევარდნაძის მთავრობის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების საფუძველზე.

მარტივი არითმეტიკით, საქართველოს აქვს დაახლოებით 500 + 330 + 200 = 1030 მლნ კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი შეღავათიან ფასად, ესე იგი, საქართველოს დაახლოებით 1 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი უჯდება დაახლოებით 27,5 მლნ აშშ დოლარი, ე.ი. 1 კუბური მეტრის ფასია 2,7 ცენტი, რაც დაახლოებით 5 თეთრია.

ცხადია, გაზის ეს მოცულობა საკმარისი არ არის საქართველოსთვის. მაგალითად, 2008 წელს (სხვათა შორის, ეს ინფორმაციაც გასაიდუმლოებულია ჩვენს „ღია საზოგადოებაში“ ) ქვეყანამ მოიხმარა 1, 471 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი, ე.ი. საბაზრო ფასად დამატებით უნდა შეეძინა დაახლოებით 471 მლნ. კუბური მეტრი.

2009 წელს დაახლოებით 1,188 მლრდ კუბური მეტრი, ე.ი. საბაზრო ფასად შეიძინა დაახლოებით 188 მლნ. კუბური მეტრი.

სამწუხაროდ, 2010 წლის მონაცემებით, ასევე გასაიდუმლოებულია და ალბათ, დამატებით შესაძენი მოცულობა, საფიქრალია, ალბათ 200- 470 მლნ. კუბური მეტრის დიაპაზონში იქნება.

აქ იმალება სწორედ ძაღლის თავი, რა ფასად ყიდულობს, ან უფრო სწორად რა „უჯდება“ ქვეყანას გაზის ეს დამატებითი მოცულობა. როდესაც მომხმარებელს ეუბნებიან ძალიან მაღალი ტრიბუნიდან, რომ გაზის შეწონილი ფასი 167 – 169 აშშ დოლარიაო, მაშინ გამოდის, რომ ქვეყანა დამატებით გაზში დაახლოებით 500 მლნ კუბურ მეტრში არნახულად მაღალ ფასს იხდის. დაახლოებით 400 დოლარზე მეტრს კუბურ მეტრზე და მისი ღირებულება საგრძნობლად აღემატება რეგიონში გაზის არმქონე ქვეყნების ფასებს: სომხეთის (რომელსაც მისი მოძმე რუსეთი გაზს 180 დოლარად აძლევს) და თურქეთის, რომელიც აზერბაიჯანიდან გაზს საქართველოს გავლით ჯერჯერობით მხოლოდ 120 დოლარს იღებს და მომავალში პირდება 2008 წლის აპრილიდან გადაანგარიშებას ახალი ფასით. (ადრეულ პერიოდში, 2008 წლის აპრილამდე, ფასი 120 დოლარითაა დაფიქსირებული, ახლა დაახლოებით 300 დოლარს ითხოვს აზერბაიჯანიდან. მოლაპარაკებები დღესაც რთულად გრძელდება).

ჩვენი ანალიზით,დამატებითი 500 მლნ კუბური მეტრი გაზი რომ 250 დოლარი ღირდეს, 1 000 კუბური მეტრი გაზის მთლიანი მოცულობის 1 500 მლნ კუბურ მეტრი შეწონილი გაზის ფასი დაახლოებით 102 დოლარი – 1 000 კუბური მეტრი იქნება, ხოლო მომხმარებლისთვის 1 კუბური მეტრის ფასი გახდებოდა 18,8 თეთრი. გამანაწილებელი კომპანიის და დღგ – გათვალისწინებით თითოეულ კუბურ მეტრზე ექნებოდა გადასახდელი 36,58 თეთრი, ნაცვლად დღეს არსებული 51 თეთრისა. ეს არის ეკონომიის შესაძლებლობა გაჭირვებული მოსახლეობისთვის?

საქართველოს მოსახლეობა 1 000 კუბურ მეტრ გაზში იხდის 510 ლარს, 292 აშშ დოლარს, რაც ძალიან გაბერილი თანხაა!!!

მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ: საქართველოს გაღატაკებული მოსახლეობა არნახულად გაზრდილ ტარიფს იხდის ბუნებრივ გაზში და ესაა დამსახურება დღევანდელი ხელისუფლების, მათ მიერ ჩატარებული საიდუმლო და საეჭვო გარიგებების.

ქვეყანამ ვერ მიიღო, ვერ გამოიყენა და ვერ იყენებს იმ დიდ შესაძლებლობებს, რომელიც უნდა მიეღო ისეთი მეგაპროექტის განხორციელების შემდეგ, როგორიც ბაქო – თბილისი – ერზრუმის გაზსადენია.

აქედან გამომდინარე, დაუყოვნებლივ მოვითხოვთ საჯარო გახდეს ყველა ხელშეკრულება, გაფორმებული აზერბაიჯანულ მხარესთან, რომელიც დღევანდელმა ხელისუფლებამ გაზის შესყიდვასთან დაკავშირებით გააფორმა.

„ავი ხმები“ ამბობენ, რომ ქვეყანამ ბუნებრივ გაზში მის ხელთ არსებული ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ოპციონები აზერბაიჯანულ „სოკარს გადასცა“ და გაზის და ნავთობის კორპორაცია ე.ი. ქართული მხარე გაზის შესყიდვაში აღარ მონაწილეობსო. თუ ეს მართალია, აუცილებლად უნდა გაირკვეს, რატომ მოხდა ამ უფლების გადაცემა, ვისი ინიციატივით მოხდა ეს, ვინ ლობირებდა ამ აშკარად ქვეყნისთვის უსარგებლო გარიგებას?

კიდევ ერთი ანალიზი

ამ რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის შესასყიდ ფასზე პრემიერ-მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა კიდევ უფრო საინტერესო რიცხვი დაასახელა – 143 აშშ დოლარი, რომელიც საგრძნობლად განსხვავდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტში ნათქვამი 169 აშშ დოლარისაგან (ეტყობა, ამ თემაზე არ საუბრობენ?!).

და ეს ყველაფერი ჩემთვის და, რა თქმა უნდა, მთელი მოსახლეობისთვის ნათელს ხდის ამ „გართულებული,“ გასაიდუმლოებული ბუნებრივი აირის შესყიდვის ფასის საკითხს. კერძოდ იმას, რომ საქართველოს დღევანდელმა მთავრობამ ვერ, ან არ მოახერხა (ეს ორივე შემთხვევაში დანაშაულია!) იმ შესაძლებლობების გამოყენება, რომელიც ქვეყანამ მიიღო 2002 წელს ხელმოწერილი „ბაქო-თბილისი-ერზერუმის“ სატრანზიტო ხელშეკრულებიდან (5% სატრანზიტო მოცულობის და 500 მილიონი კუბური მეტრი სპეციალური ტარიფით – 55 დოლარად).

ამ დღეებში, ასევე ხელისუფლების განცხადებით, 2010 წელს საქართველოში მოხმარებული ბუნებრივი აირის მოცულობის (ეს ინფორმაციაც უძნელესად მოსაპოვებელი და რატომღაც გასაიდუმლოებულია?!) – 1400 მილიონი კუბური მეტრის შემთხვევაში, ზემოთ აღნიშნული შესაძლებლობების გათვალისწინებით, რასაც უფასოდ იღებს საქართველო, შესყიდული ბუნებრივი აირის ფასი („შეწონილი“) 2010 წელს გაცილებით ნაკლები უნდა ყოფილიყო, ვიდრე ეს დაასახელეს პრემიერ-მინისტრმა და მით უმეტეს, პრეზიდენტმა.

საქართველოს გაღატაკებულ მოსახლეობას უნდა გადაეხადა არა დაახლოებით 51 თეთრი ერთ კუბურ მეტრ მიწოდებულ გაზზე (თბილისი), არამედ გაცილებით ნაკლები, მინიმუმ 30%-ით მაინც, ესე იგი დაახლოებით 30-31 თეთრი.

სამარცხვინოა (დიდი ტყუილია), როცა აცხადებენ, რომ მათი მოღვაწეობის პირობებში შესასყიდი ბუნებრივი აირი რეგიონში ყოველთვის იაფი იყოო. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ბუნებრივია, აზერბაიჯანში ჩვენზე იაფი იყო და ამაზე არავინ არაფერს ამბობს, ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ სომხეთში 2010 წლამდე იყო 154 დოლარი, თურქეთში 2008 წლის აპრილამდე – 120 დოლარი. ყველა ამ პერიოდში საქართველოს მოსახლეობა გაცილებით მეტს იხდიდა, ვიდრე ჩვენი დასახელებული მეზობლები.

დიახ, საქართველოს მოსახლეობას „შახ-დენიზის“ გაზის მოწოდების დაწყებისთანავე, ამ მეგაპროექტის ამოქმედების შემდეგ, რომელთანაც ამ ხელისუფლებას არავითარი შეხება არ ჰქონია, ნამდვილად უნდა მიეღო უფრო იაფი გაზი, ვიდრე სომხეთს, ვიდრე თურქეთს 2008 წლის აპრილამდე და შემდეგ პერიოდშიც, მაგრამ ეს ასე არ არის. მავანთა და მავანთა გამო ვიხდიდით და ვიხდით გაცილებით მეტს, ვიდრე რეალურად უნდა გადაგვეხადა და ამის შესაძლებლობა ნამდვილად გვქონდა.

აქედან გამომდინარე მაღალი იყო ტარიფი თბოსადგურებზე, თუმცა ისინი „მთავრობის მეცადინეობით,“ სპეციალურად ხელოვნურად შემცირებული ტარიფით (ესეც არასწორია) იღებდნენ ბუნებრივ აირს, მათ შორის რუსული კომპანიის, „ინტერ-რაოს“ 300 მეგავატიან თბოსადგურზე(?!). (მე მგონი, გილაურს შეეშალა და სწორედ თბოსადგურებისათვის შეღავათიანი გაზის ტარიფი დაასახელა – 143 დოლარი), მაგრამ გაზის ეს ტარიფიც ბევრად მეტი იყო, რისი აცილებაც, ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაძლებლობების პატიოსანი, გონივრული გამოყენების შემთხვევაში სრულიად რეალური იქნებოდა. საეჭვო გადაწყვეტილებებმა, დამატებით გაფორმებულმა შეთანხმებებმა საბოლოო ჯამში მნიშვნელოვნად გაზარდა ელექტროენერგიის გენერაციის შეწონილი ტარიფი (თბოტარიფი + ჰიდროელექტროსადგურების ტარიფი) და აქედან მივიღეთ გაუსაძლისად მაღალი ელექტროენერგიის ტარიფი მოსახლეობისთვის, მაღალი თვითღირებულება ყველა ენერგოტევად წარმოებულ პროდუქციაზე ქვეყანაში. მათ შორის პირველადი მოხმარების პროდუქციაზე, მაგალითად, პურზე და ა. შ

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ!!! -კომპანია „თელასი“ უკანონოდ, მაღალ დანაშაულებრივ სადისტრიბუციო ტარიფს (დისტრიბუციის კომპონენტს) გვახდევინებს 2004 წლიდან. ვიმეორებ, მათ უფლება არა აქვთ, მიიღონ ამერიკული კომპანიის „ეი-ეს-ის“ მიერ ჩადებული საინვესტიციო კომპონენტი სადისტრიბუციო ტარიფში, ეს დანაშაულია. გნებავთ ფარული კორუფციული გარიგება ჩვენი გაღატაკებული მოსახლეობის ხარჯზე.

დანაშაულია, როდესაც მათი ტარიფი არ შემცირდა და მეტიც, 2007 წლიდან არამართებული, არამართლზომიერი ხელშეკრულებით რუსულ „ინტერ-რაოსთან“ (მისი ავტორები არიან – ხეთაგური და გილაური და ხელისმომწერი ქართული მხრიდან მაშინდელი პრემიერი ნოღაიდელი.) მომავალში ჰესის აშენების პირობით ტარიფი მაღალ დონეზე შევუნარჩუნეთ და ე.ი საშუალება მივეცით დამატებითი უკანონო შემოსავლები მიეღოთ წლების განმავლობაში რუსულ „ინტერ-რაოს“, ვის ხარჯზე აკრედიტებს მომავალში ჰესის მშენებლობას, ბატონებო, „თელასი“? ღატაკი მოსახლეობის ხარჯზე? რა ქვია ამას? და სად არის მარეგულირებელი? ბატონებო, მერწმუნეთ, ზუსტად დავადგენთ, თუ რა უნდა ყოფილიყო რუსული „თელასის“ რეალური ტარიფი 2004 წლიდან დღემდე და რამდენად მეტი გადაიხადა ამ წლების განმავლობაში მოსახლეობამ.

რამდენი არასწორი თანხა ამოიღო ჩვენი ჯიბეებიდან ჩვენივე ჩინოვნიკების ხელშეწყობით რუსულმა „ინტერ-რაომ“ მერწმუნეთ, ბატონებო, უამრავ ჩინოვნიკს მოუწევს პასუხისგება ხალხის წინაშე. ეს დრო ნამდვილად მოვა!

არაფერს ვამბობ იმაზე, რომ არავინ სწავლობს იმას, იბერება თუ არა ხარჯთაღრიცხვები „თელასში“, „ინტერ-რაოს“ თბოსადგურზე გარდაბანში (ასევე მათი ხრამი-1, ხრამი-2 -ზე) სარეაბილიტაციო საინვესტიციო სამუშაოებზე, რამდენად რეალურია შესყიდვების ფასები ჩატარებულ ტენდერებზე. კეთდება თუ არა „შავი“ ფული თელასში და ხომ არ ხვდება ის რაიმე მექანიზმით რუსეთში?! რუსი ჩინოვნიკების ჯიბეებში? (ნუ ჩამითვლით ფანტასტიკურად ამ ვერსიას, მას ნამდვილად აქვს უფლება, თუნდაც გახმაურდეს, გადამოწმდეს) იმ რუსეთში, რომელიც კორუფციითაა გაჟღენთილი. ესეც შესასწავლია, მაგრამ ვინ, დღევანდელი „მარეგულირებელი“ ენერგეტიკის სამინისტრო? არა ბატონებო, ესენი არ შეისწავლიან ამას ობიექტურად მრავალ ზემოთ აღნიშნულ მიზეზთა გამო.

სადისტრიბუციო „ენერგო-პროშიც“ საქმე ნამდვილად არ არის კარგად და ამაზეც მომავალში ვისაუბრებთ. აგრეთვე ვისაუბრებთ მათ ტარიფებზე, როგორც ჰიდროელექტროსადგურებზე, ასევე სადისტრიბუციო კომპონენტზეც.

ახალი პოლიტიკური ძალა „თეთრი მოძრაობა“ (თეთრები“)

ანალიტიკური ჯგუფი
17 თებერვალი, 2011 წელი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *