(sazogadoeba.ge) თემურ შაშიაშვილი: “სექტემბრიდან საქართველოს საზოგადოებრივი პარლამენტი ეყოლება”

 

parlamentiხალხის მიერ არჩეული პარლამენტი “სახალხოდ” მხოლოდ გამარჯვებით გახარებული, ეიფორიაშეყრილი ახალი ან განახლებული დეპუტატებისთვის რჩებოდა, ისიც ცოტა ხნით. სიხარულის განელებისთანავე კი “საქმის გროვის” ხილვით შეშინებულები ხალხისთვის ვეღარ იცლიდა ვერავინ. არა, განა აღარ უნდოდათ, დრო არასდროს ჰყოფნიდათ უბრალოდ, “გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი იყო” და… მერე ტელეფონზე ზარიც აღარ ესმოდათ საქმეში ჩაფლულებს, კარზე კაკუნიც ღვთის ხმად ან რისხვად ჩაესმოდათ და ასე მუდმივად… ხალხი კი ახალ-ახალ იმედებს ისევ და ისევ “დემოკრატიულ” არჩევნებზე ამყარებდა … თუმცა…

ახლა? ახლაც გაუჭირდათ დეპუტატებს სატელეფონო ზარების აღქმა, ხალხში გაჩენილ კითხვებზე პასუხების გაცემა… ამასობაში ნაციონალური ლოზუნგიც მთელ სადეპუტატო სივრცეზე განზოგადდა და… “დროებით მიუწვდომელი” “რჩეულების” დროის დროებითობაც საეჭვო გახდა…

და რა ხდება ამ დროს? ასეთ დროს ქვეყანაში საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმიც აღარ მოქმედებს, უფრო სწორად, არც არსებობს თითქოს. არადა, სწორედ ხალხია მის მიერ არჩეული მმართველების ქმედებების ყველაზე მძლავრი კონტროლის იარაღი.

პოლიტიკური პარტია “თეთრების” ლიდერი, თემურ შაშიაშვილი საზოგადოებრივი კონტროლის ყველაზე მძლავრ საშუალებად საზოგადოებრივი პარლამენტის დაფუძნებას მიიჩნევს. საკუთარი ინიციატივის დეტალებს კი ჩვენთან საუბარში განმარტავს:

– ეს იქნება ხალხის კონტროლის მექანიზმი. ამავდროულად, საზოგადოება დაინახავს, როგორი კატეგორიის ადამიანები დარჩნენ პარლამენტს გარეთ. სტრუქტურა ისეთივე შენარჩუნდება, როგორიც არსებულ პარლამენტშია. ყველა საკომიტეტო სხდომის გადაცემა პირდაპირი ეთერის საშუალებით მოხდება. ახლა სწორედ ამ დეტალებზე მიდის მოლაპარაკება რამდენიმე ტელევიზიასთან. ბატონი ბიძინაც დაინახავს, რომ საქართველოში კადრების დეფიციტი ნამდვილად არაა. ამ ეტაპზე “ტვინით” გატენილი ადამიანები ყურადღების გარეშე არიან დარჩენილები. მე ის მიკვირს, რომ ბატონ ბიძინას უკვირს განათლებული ადამიანების არსებობა საქართველოში. არადა, ჩვენს ქვეყანაში ასეთი ბევრია.

– როგორ უნდა მოხდეს პარლამენტის წევრების არჩევა?

– ეს რთული არაა, პირიქით, მარტივი მექანიზმები არსებობს. ვირტუალური არჩევნების საფუძველზე ინტერნეტ-პარლამენტი დაკომპლექტდება, მერე უკვე რეალური, საზოგადოებრივი პარლამენტის რიგითი წევრების არჩევაც მოხდება. ამაში მთელი საქართველო იქნება ჩართული. ბატონი ბიძინა ამბობს, რომ ხალხის კონტროლი უნდა გაძლიერდეს, ეს ძალიან კარგი მექანიზმია ამისთვის. ჩვენ უკვე მივმართეთ თხოვნით მეცნიერთა ჯგუფს, განიხილონ ეს წინადადებები. დოკუმენტურად ყველაფერი ჩამოყალიბებულია, გაწერილია და ვფიქრობ, სექტემბრიდან უკვე საქართველოს საზოგადოებრივი პარლამენტი ეყოლება. აი, მაშინ კი ფრთხილად ყოფნა მოუწევთ ძირითად დეპუტატებს. დღევანდელი პარლამენტი ეს პარლამენტართა პარლამენტია. ჩვენ გვინდა, რომ გვქონდეს ხალხის პარლამენტიც. როგორი იქნება ის, ცოტა ხანში ყველა დაინახავს. და კიდევ, მეც რომ შევიდე ჩვეულებრივ პარლამენტში, საზოგადოებრივმა ფუნქციონირება აუცილებლად უნდა გააგრძელოს. ის უნდა იყოს, როგორც “დამოკლეს მახვილი”, რომელიც თავზე დაგვადგება და არ მოგვცემს საშუალებას, რომ წყნარად და მშვიდად ვიყოთ. დეპუტატმა ტელეფონსაც უნდა უპასუხოს, ხალხთან ურთიერთობაც უნდა გააგრძელოს და დანაპირებიც უნდა შეასრულოს. მას სწორედ ამის ვალდებულება აქვს.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *