თემურ შაშიაშვილი: ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი გადაწყვეტილება

5„თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი ჯვართამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს და სოხუმის დაცემის დღეს ეხმიანება: „დღეს ჯვართამაღლებაა, ჩვენი ქვეყნისთვის ტრაგიკული დღე – სოხუმის დაცემის დღე, ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაღუპვის დღე, როგორც წმინდა მამები ამბობენ:“უბედურება ის კი არ არის, რომ წაიქეცი, არამედ უბედურება ისაა, რომ ადგომა არ გინდა“ . დიახ, ჩვენ წავიქეცით,მაგრამ ჩვენი ეროვნული სიძლიერე იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ადგომა გვინდა“

თემურ შაშიაშვილი ასევე იხსენებს მისი ქუთაისის მერობის პერიოდში საქართველოში დატრიალებულ ტრაგიკულ მოვლენებს.

„ 1993 წლის 21 სექტემბერს დარეკეს ვაჟა ლორთქიფანიძემ და ჟიული შარტავამ და სოხუმში შექმნილი მძიმე მდგომარეობის შესახებ მიამბეს. აუცილებელი იყო იქ ქუთაისიდან დამატებით ძალები ჩასულიყო. 23-ში 300-მდე კაცი სოხუმის დასაცავად ვიყავით მზად. გენერალმა დავით ნაირაშვილმა შეგვატყობინა, რომ ყველა თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რომელიც სოხუმის მიმართულებით მიფრინავდა, ან იქიდან ბრუნდებოდა. ჩვენს თვითმფრინავსაც იგივე ბედი ელოდა. მაშინ მე ქალაქის მერი ვიყავი და ბევრმა მირჩია, თვითმფრინავში არ ჩავმჯდარიყავი, მაგრამ უარი ვთქვი, მხოლოდ ბიჭები რომ გამგზავრებულიყვნენ, ეს იმას ნიშნავდა, რომ მე ჩემს ცხოვრებას და გვარს დავასახიჩრებდი. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი გადაწყვეტილება და ამით ვამაყობ…
მეამაყება, რომ მეუფე კალისტრატემ მაშინ ჩვენთან ერთად წამოსვლა გადაწყვიტა, თვითმფრინავში ვისხედით და ის რამდენიმე წუთი, რაც ფრენას დასჭირდა, მხოლოდ მე და მეუფემ ვიცოდით, რომ თვითმფრინავს 99 პროცენტით ჩამოგდება ემუქრებოდა. მოხდა ისე, რომ უვნებლად ჩავფრინდით. საკუთარი თვალით ვნახე, რომ რამდენიმე დღის მშიერმა ადამიანებმა , მეუფე კალისტრატეს დანახვისას რომელსაც პური და სანთლები ეკავა, როგორ გამოართვეს მას არა პური, არამედ სანთლები. იქ საოცარი აღტკინება დაგვხვდა. ის ღამე გენო კალანდიას ოჯახში გავათიეთ. ქუთაისიდან ჩაყვანილმა 300 კაცმა 27 სექტემბრამდე გავახანგრძლივეთ სოხუმის დაცვა” – იხსენებს „თეთრების“ ლიდერი.

თემურ შაშიაშვილი ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას სოცოცხლის ბოლო დღეებსაც იხსენებს: „ ერთ-ერთ დღეს, სანამ ჟიული შარტავას უბედურება შეემთხვეოდა, მასთან კაბინეტში ავედი. ფეხზე მეძინებოდა და მან თავის მოსასვენებელ ოთახში შემიყვანა, დაისვენეო. ხის ტახტი და მუთაქა იყო. ვერაფრით ვერ მოვისვენე და წამოვდექი. გვერდით ოთახში , სადაც მეუფე კალისტრატეს წინ ჟიული შარტავა იდგა და ამბობდა:“ უფალო, მე წამიყვანე და საქართველო გადაარჩინეო“. მას მეუფე აწყნარებდა და მერე ისე, რომ ჟიული შარტავას არ გაეგო ისე თქვა ამას უფალი სამ დღეში წაიყვანსო. ზუსტად ასე მოხდა, ამ ამბიდან მესამე დღეს უფალმა ჟიული შარტავა წაიყვანა.“
პრეს-ცენტრი
27.09.2013წ

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *