ქართული მწერლობის „დინოზავრი“

 

„ცა პოეტების სასაფლაოა“

001 დარწმუნებული ვარ, რომ რეზო ჭეიშვილი წიგნის მოყვარულთათვის, მართლაც, ქართული ლიტერატურის დინოზავრია.

„ქალაქში დინოზავრები დადიან“  – ამ ნაწარმოებით შემოვიდა ჩემს ცნობიერებაში რეზო ჭეიშვილი და დინოზავრის კვალი დატოვა.მე არ ვიცი მეორე მწერალი, რომელიც ისე ჩაწვდა ქუთაისის სულს, როგორც ეს რეზო ჭეიშვილმა შეძლო. გამორჩეულია იმითაც, რომ გმირებს კი არ იგონებდა, ეძებდა, პოულობდა  და ისე აღწერდა რეალობას, რეალურ ცხოვრებას, რეალურ კაცს, რომ  კითხვის დროს ზეციურ – ტრანსცენდენტურ სამყაროში გვაცხოვრებდა. მისი „მეოთხე სიმფონია“ ჩემთვის იგივეა ლიტერატურაში, რაც ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონია მუსიკაში. მისთვის პეტრე ჭაბუკიანი ცხოვრების წესით იყო დინოზავრი. დღესაც ძნელი წარმოსადგენია, რომ გაგანია კომუნისტურ ეპოქაში კაცს ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირისათვის ეთქვა: „ყველა ჭკვიან კაცს სჯერა, რომ ეს დინოზავრის ნაკვალევია“ – ო, მაშინ როცა ამ პიროვნებამ ეჭვი შეიტანა, რომ დინოზავრის ნაკვალევი იყო ის, რასაც ამად პეტრე ჭაბუკიანი ამტკიცებდა. არ ვაჭარბებ, ეს ამ დროს იგივეს ნიშნავდა, რაც თავის დროზე ჯორდანო ბრუნომ თქვა: „დედამიწა ბრუნავსო“.  ადამიანის ასეთმა ღმერთთან მიახლოვებამ შექმნა დიდი წიგნი – „ქალაქში დინოზავრები დადიან“

ასეთი თავისუფლებითა და პირდაპირობით ცხოვრობდა რეზო ჭეიშვილი, რომელიც  სხვის ნავში არასდროს მჯდარა, თავის ლიტერატურულ ნავში კი ყველა ჩაგვსვა. არც ერთი ხელისუფალის მსახური არ ყოფილა, როგორც ეს ბევრს ეჩვენებოდა  და ეჩვენება. მისი ძალა სწორედ იმაში იყო,  რომ ყველა ხელისუფალი ქართული საქმის მკეთებლად მოაქცია.

ვიხსენებ ბევრ რამეს: სოლომონ მეფის გადმოსვენება თურქეთიდან… ქალაქის ცენტრში უმოწყალოდ დანგრეული სობოროს აღდგენის,  ქალაქის ისტორიული ნაწილის მუზეუმის  შექმნის იდეით ხელისუფლების „დაავადმყოფება“…  გელათის მეცნიერებათა აკადემიის , ბაგრატის ტაძრის აღდგენა.. მდინარე რიონი და თეთრი ქვები… მწვანეყვავილა…

ერთი მისი დამსახურება განსაკუთრებულად მინდა გავიხსენო. წლების განმავლობაში ეძებდა იმ ადგილს, სადაც 1937 წელს დახვრიტეს ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, მათ შორის სამწერლო ორგანიზაციის ხელმძღვანელი,  დია ჩიანელი – რეზო ჩხეიძის მამა. მიაგნო კიდეც. დღეს იქ რეპრესირებულთა მემორიალია. ყოფილ საბჭოთა სივრცეში ეს პირველი გახლავთ.

რეზო ჭეიშვილი რამდენადაც დიდი მწერალი იყო, იმდენად რთული იყო ხელისუფლებასთან ურთიერთობაში, უკომპრომისო იყო სიმართლისა და სამართლიანობისათვის ბრძოლაში. ყველა რანგის ხელისუფალს უგრძვნია ეს. მიგრძვნია მეც. როგორც ქალაქის მერს და იმერეთის გუბერნატორს. უგრძვნიათ მის მეგობრებს. უგრძვნია ეს მის მამასაც, რომელიც სტალინის თაყვანისმცემელი იყო. მახსოვს, კოპწიად გამოწყობილი ინტელიგენტი, ბენო ჭეიშვილი, მოსული ჩემთან შეწუხებული მისი შვილის გამონათქვამებით სტალინის წინააღმდეგ. ბევრს შეგვიძლია გავიხსენოთ  მაგიდასთან კამათის დროს მამის ნათქვამი შვილისთვის : „ ყმაწვილო, დადგი ეს ჭიქა და დატოვე მაგიდა!“ როცა ამას ბატონი რეზო არ აკეთებდა, მამა მაგიდას ტოვებდა.

ვამაყობ იმით, რომ თბილისისაკენ გზად მდგომი რეზო ჭეიშვილი  ქუთაისისკენ მოვაბრუნე. ოტია იოსელიანსაც დავავიწყეთ ამაზე ფიქრი… უფრო მეტიც, ბინად ვეწვიე  დიდ პოეტს, ავტორიტეტს პოეტთა შორის, ოთარ მამფორიას დავუჩოქე , ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით და ქუთაისში დაბრუნება ვთხოვე.  ჩამოვიდა. დავასახლეთ. რა სიმაღლე იყო ერთდროულად დიდი სამწერლო ტრადიციების ამ ქალაქში, ღონიერ სამწერლო ორგანიზაციაში ერთდროულად რეზო ჭეიშვილი, ოთარ მამფორია და ოტია იოსელიანი.  ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ასე იყო. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის აკადემიის აკადემიურ თეატრს  ომისა და გაჭირვების დროს, რეზო ჭეიშვილი, ოტია იოსელიანი და აკაკი ბაქრაძე ედგნენ სათავეში.

ვარ ბედნიერი, რომ არაერთგზის მქონდა საშუალება მის მამა-პაპისეულ სახლში ბუხართან მამა-შვილურად,   ძმა ძმას რომ დაელაპარაკებოდა, ისე  გვისაუბრია.  ვარ ბედნიერი, რომ მასთან ერთად 2003 წლის 19 აგვისტოს, „ ფერიცვალებას“ ვიყავი „რკინის ჯვარზე“, იმ ბიბლიურ მთაზე ხარაგაულში, სადაც პირველი საუკუნის 30-იან წლებში სვიმონ კანანელმა, ანდრია პირველწოდებულმა და მათათამ ჯვარი აღმართეს, რკინის ჯვარი. ღამე კარავში გავათენეთ მთის ძირში… ვუსმინე  წმიდა ადგილზე ამ გენიალურად მოაზროვნე კაცს. დღესაც, როგორც ზღაპარს ისე ვიხსენებ სკამზე მოცეკვავე 70 წლის რეზო ჭეიშვილს ხარაგაულელების გარემოცვაში.

რეზო ჭეიშვილი ყოველთვის დიდი საქმეების სათავეებთან  იდგა. 2015 წლის 8 11001922_667980043330939_7713161471917045536_nთებერვალს, დავით აღმაშენებლის დღეს, გელათში, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კომპლექსში, „ქართული ერთობის დარბაზის“  კონგრესი გაიხსნა. ქართველმა მოღვაწეებმა დიდი ქართული შემოძახილი გააკეთეს . მიღებული იქნა „მოქმედების მანიფესტი“  – „ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“.  რეზო ჭეიშვილი აქ იყო მშვენიერ მეუღლესთან ერთად – იდგა, როგორც ბურჯი . სწორედ აქ  ცნობილმა მოღვაწეებმა  ანზორ ერქომაიშვილმა, გივი თოიძემ, ტარიელ ხარხელაურმა , თემურ გუგუშვილმა, ომარ მხეიძემ, არნოლდ გეგეჭკორმა, რომან რურუამ,რამაზ ყურაშვილმა  მათ მიერ ხელმოწერილი სახალხო აღიარების დამადასტურებელი „პატივდების სიგელი გადასცეს.

ერთ ქუთაისელ პოეტს, აწ გარდაცვლილს, ელდარ მიქაძეს ეკუთვნის, ჩემი აზრით, ეპოქალური გამოთქმა: „ცა პოეტების სასაფლაოა“. დიდი მწერალი, ძალიან დიდი მწერალი ამაღლდა ზეცად.  „მწვანეყვავილა“ იყო  მისთვის მთელი სამყარო . დამკვიდრდა სამუდამო სასუფეველში: ცაში – ღმერთთან ახლოს, „მწვანეყვავილაზე“ – ქუთაისთან . .. კაცი, რომელიც ცხოვრობდა ეროვნული განწყობით და აზროვნებდა სამყაროს მსოფლშეგნებით.

 

თეიმურაზ შაშიაშვილი

11137150_918227031576386_1616590210661003951_n 11987078_867572246661704_8132149719452513773_n

( ვიდეო) თეიმურაზ შაშიაშვილი რეზო ჭეიშვილის შესახებ

(რეპორტიორი)ქართული მწერლობის „დინოზავრი“ – ეს რეზო ჭეიშვილია

(საზოგადოება) თემურ შაშიაშვილი: ქართული მწერლობის „დინოზავრი“ – კაცი, რომელიც ცხოვრობდა ეროვნული განწყობითა და აზროვნებდა სამყაროს მსოფლშეგნებით

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *