ელდარ ქარქაშაძე: მისმა თავგანწირულმა ნაბიჯმა კატასტროფას გადაარჩინა ქუთაისი!

ელექტრომექანიკური ქარხნის კომკავშირის კომიტეტის მდივნის თანამდებობა პარტკომმა მოულოდნელად შემომთავაზა. მაშინ, როცა რამდენიმე წელიწადში ასაკი გამდიოდა, არ მქონდა კომკავშირში მუშაობის საჭირო გამოცდილება, არ მიზიდავდა თანამდებობა და გამორჩეულ პოზიციაში ყოფნა. გადაწყვეტილების მისაღებად მან ორი დღე მომცა, მაგრამ მეორე დღესვე, ჯერ საბოლოო პასუხი მზად არ მქონდა, მაცნობეს, სასწრაფოდ წავსულიყავი კომკავშირის ქალაქკომში, სადაც მეორე მდივანი უკვე მელოდებოდა. ვიფიქრე, ჯერ პარტკომისთვის თანხმობა არ მიმიცია, სხვაგან რატომ მაგზავნიან-მეთქი, მაგრამ ამის გარკვევის დრო აღარ იყო. კაბინეტის მისაღებში მყოფმა ახალგაზრდა ქალმა მოახსენა და მაშინვე შესვლა მთხოვა. მეორე მდივანი კართან დამხვდა, ხელისჩამორთმევით გავეცან-მივესალმეთ ერთმანეთს, სკამზე მიმითითა და დავსხედით. ამ სიმპათიური ახალგაზრდა კაცის მოძრაობამ, ჩაცმულობამ, სიკოხტავემ, ღიმილმა, საუბრის მანერამ და შინაარსმა, ყველაფერმა ცალ-ცალკე და ერთად, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. გავიფიქრე, აი, რას ნიშნავს ყოველმხრივ რაფინირებული კაცი.

ამ ბოლო დროს შემთხვევით მოვიგონე და ფურცელზე გადავიტანე თავს გადამხდარი ერთი სახალისო ეპიზოდი. მომიწონეს და მეორის დაწერა მთხოვეს. რომ იტყვიან, ბწკენა-ბწკენაში მოხდა ჩემთვის წარმოუდგენელი ფაქტი — მივედი წიგნის დაბეჭვდამდე. ეს სხვა თემაა და წიგნში დეტალურად მაქვს გადმოცემული.

მოგონებებში კუთვნილი ადგილი მეორე მდივანმაც დაიკავა. წიგნში მისი ვინაობა, თითქოს არ გავამხილე, მაგრამ… დანარჩენი მოგონებებში სწერია. როგორც შევიტყვე, გარკვეულმა ჯგუფმა იგი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა. სურვილი გამიჩნდა და თავი ვალდებულად ჩავთვალე ფართო საზოგადოებას გავაცნო მასთან დაკავშირებული ჩემი თვალით ნანახი და ყურით გაგონილი, არსებით განცდილი, შეფასება კი ვინც წაიკითხავს მან გააკეთოს. ამიტომ მოგონებებში დაწერილს უცვლელად გთავაზობთ. ზოგან შეიძლება თემიდან გადახვევაც მოგიწიოთ, მაგრამ საჭიროდ მივიჩნიე წიგნში არსებულის პირდაპირ გადმოტანა. ალბათ, ამ პატარა შესავალითაც ბევრი მიხვდება, რომ ვსაუბრობ ბატონ თემურ შაშიაშვილზე. ბოლოს გეტყვით, თხუთმეტ წელიწადზე მეტია ბატონ თემურს არ შევხვედრივარ და მასთან არანაირი კავშირი არ მაქვს.
გთავაზობთ მოგონებებიდან ამონაწერს:

„…მინდა, რამდენიმე წინადადებით, თქვენი ყურადღება მეორის შესახებ შევაჩერო. თავიდან შევთანხმდეთ, ოდნავ ნაადრევად, მეორეს მოვიხსენიებ, როგორც პირველი. იგი მცირე დროში რეალურად გახდა და მრავალი თვისება-შესაძლებლობით ბოლომდე შეინარჩუნა ეს სტატუსი. მასზე, ღმერთმა დღეგრძელობა და ჯანმრთელობა მისცეს, მოსაგონარი ბევრი მაქვს. ოცამდე ნაცნობ-მეგობარს გავაცანი ფაქტები, რომელთა დაწერას ვაპირებ და უკლებლივ ყველამ სწორად ამოიცნო პირველის ვინაობა. აშკარად ვხედავ, რომ „ჩვენთან ერთი თავმჯდომარეა გვარს არ დავასახელებ“ გამომდის, მაგრამ ჩავთვალოთ უკან დასახევს ვიტოვებ, საჭიროების შემთხვევაში პირველს ვუმტკიცო შენზე არ ვწერ-მეთქი.

შემდგომ წლებში ხანგრძლივად მომიწია მასთან მუშაობა კომკავშირის ქალაქკომში, აღმასკომში, მერიაში და მის საქმიანობასთან ყოველდღიურმა, უშუალო შეხებამ, მონაწილეობამ ჩემი წარმოდგენა შემიქმნა ამ პიროვნებაზე.

ხშირად გაგვიგონია, ამ კაცს შიშის გრძნობა არ აქვს. ნუთუ შეიძლება არსებობდეს ადამიანი, რომელიც რეალურ საშიშრობაში ჩავარდნის შემთხვევაში, შიში ვერ იგრძნოს. შიში აქვს ყველა ადამიანს, განსხვავება ის არის, რომ არიან სულით და სისხლით ვაჟკაცები, რომელთაც შინაგანი სიძლიერის მეოხებით შეუძლიათ საკუთარ თავში მისი დათრგუნვა-დაძლევა, სიცოცხლის ფასადაც, აშკარა განსაცდელის წინაშე ღირსეული დადგომა. საქართველოს ისტორიამ უამრავი ასეთი ვაჟკაცის გვარ-სახელი შემოგვინახა. დემეტრე თავდადებულს თანამედროვენი ბევრს ეხვეწნენ უარი ეთქვა მტერთან ვიზიტზე, რაც მის გარდაუვალ სიკვდილს მოასწავებდა, მაგრამ ახალგაზრდა მეფემ, ჩემს გამო ქვეყანას არ ავაწიოკებინებო, და გაუდგა გზას. რა, დემეტრეს სიკვდილის არ ეშინოდა? მან შინაგანი სიძლიერით, სისხლის, ხორცის და სულის სიმტკიცით, სამშობლოსათვის თავგანწირვით დათრგუნა შიში და ღირსეულად, თავისი ფეხით, მივიდა სამსხვერპლოზე.

განა სიკვდილის არ ეშინოდა მეფის გვერდში გაზრდილ ახალგაზრდა კაცს, მასთან ერთად მიმავალმა წინადადება რომ მისცა, ჩავიცვამ მეფის სამოსს და შენ მაგივრად ვეახლები, შენ კი სამშობლოს სჭირდები და ემსახურეო.

ორმოცდაორის თოვლი წითელი,
ველზე გვთიბავდა ცეცხლი მყეფარე,
წამოდგა ვიღაც ყრმა პირტიტველა
და სიკვდილს მკერდით გადაეფარა.

პირტიტველა ყრმას სიკვდილის არ ეშინოდა? არ ეშინოდა ცოტნე დადიანს? გიორგი სააკაძეს პაატას დატოვების არ ეშინოდა? მტრის ჯარის მეთაურთა ამოსახოცად, ბანაკის შუაგულში ხუთი მეომრით შესვლისას, რომელთა შორის მისი შვილი ავთანდილიც იყო, შვილის სიცოცხლის რეალური საფრთხე მაინც არ აშინებდა? ჟიული შარტავას და მასთან ერთად დაღუპულ გმირებს სიცოცხლის დაკარგვის შიში არ ექნებოდათ? მათი ჩამონათვალი უსასრულოა. უმეტეს შემთხვევაში ასეთი ადამიანები საგმირო საქმეს ერთხელ სჩადიან, ნაწილი სიცოცხლის ფასად, მეორე ნაწილი ცოცხალი რჩება, მაგრამ მათ აქვთ შეუფასებელი, საამაყო საერთო ის, რომ სიმამაცით, საქართველოს სიყვარულით და სამშობლოსათვის თავგანწირვით დათრგუნეს შიში. მათ სისხლსა და ხორცში, სულსა და გულში, ცოცხლობდა და, ახლაც ცოცხალია, თითქმის, ათი საუკუნის წინათ, ქართველთა დიდი წინაპრის მიერ განუმეორებლად ნათქვამი,

„სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი“.

პირველთან ჩემი ნაცნობობა საბჭოთა პერიოდის 70-იანი წლების პირველ ნახევარში დაიწყო. მოხდა იმ დროისთვის დაუჯერებელი ფაქტი. ერთ-ერთ კომკავშირულ ობიექტში მისულები შემთხვევით, მოულოდნელად, აღმოვჩნდით კრიმინალური ავტორიტეტებისა და ნარკოტიკებით გაბრუებული ახალგაზრდების პირისპირ. შესაძლებელი იყო ნებისმიერი შედეგის დადგომა. ამ სიტუაციაში, პირველად დავინახე მასში შიშის დაძლევის შინაგანი ენერგია. მან ისეთი ტონით და შინაარსით ესაუბრა დაპირისპირებული მხარის წარმომადგენლებს, მოახერხა მათი დაოკება იმ დონემდე, რომ ბოლოს, პირველის წინადადებით, წავიდ-წამოვიდნენ და გამარჯვებულები ჩვენ დაგვტოვეს.

გასული საუკუნის 90-იანი წლების ქაოსის პერიოდში პირველმა მის გარშემო მყოფებს დაგვანახა შიშზე გამარჯვების ცოცხალი მაგალითები. იყო გაურკვეველი, ძნელად გასარჩევი ვითარება. ვინ ვის წინააღმდეგ მოქმედებდა, ვის ვისი ფიზიკური შეურაცხყოფა, განადგურება ეწადა, არავინ იცოდა. ქალაქში დადიოდა უკანონოდ შეიარაღებული ადამიანები, ადამიანთა ჯგუფები. მოხდა ქვეყნის რაიონებისა და მხარეების დაპირისპირება. ერთ-ერთი სამარცხვინო დღის გამთენიისას ქუთაისს ტანკებით მოადგნენ შეიარაღებული რაზმები, რომლებიც ქალაქზე კონტროლის მოპოვებას ბრძოლით აპირებდნენ. ბუნებრივია, ეს ქალაქს, მის მცხოვრებლებს, დაპყრობის მსურველ ქართველებს, ქვეყანას მრავალმხრივ გამოუსწორებელ ზიანს საუკუნოდ დაუტოვებდა. ამ მძიმე წუთებში, როცა ადამიანებს სახლიდან გარეთ გამოხედვის ეშინოდათ, პირველმა დაძლია შიში, უდროო დროს, გამთენიისას, მარტო მივიდა საფრთხის ეპიცენტრში, წინ გადაუდგა მეწინავე დაქოქილ ტანკს. ქალაქში თქვენ შეხვალთ მხოლოდ ჩემს სხეულზე გადავლის შემდეგ, იყო მისი პასუხი ქუთაისის ბრძოლით ასაღებად შემართული თანამემამულეების მიმართ. გონიერებამ იმარჯვა, კოლონა შეჩერდა. გათენდა და იგი დაპირისპირებული მხარის ქართველებში „ტყვედ“ აღმოჩნდა. ერთ-ერთი ლიდერი დახვრეტითაც აშინებდა. ეს ეპიზოდი სატელევიზიო გადაცემაში გვაქვს ნანახი.

პირველის ამ თავგანწირულმა ნაბიჯმა კატასტროფას გადაარჩინა ქუთაისი, ადამიანთა სიცოცხლე, პირველ რიგში მორალურ დაღუპვას ისინი და მათი შთამომავლობა, რომლებიც ქალაქის ბრძოლით აღებას აპირებდნენ. გთხოვთ ამას ჩვეულებრივ მოვლენად ნუ მიიჩნევთ. ეს გამორჩეული კაცის ნამოქმედარია. დაკვირვებული ადამიანი, რომელსაც აქვს სიტუაციის შეფასების და ამ განკითხვაში საკუთარი თავის წარმოდგენის უნარი, უსიტყვოდ დამეთანხმება, რომ პირველმა საჭირო ძალისხმევით შეძლო სიკვდილის შიშზე ძლევამოსილი გამარჯვება.

ზოგჯერ თავისუფალ დროს პენსიონერებთან ვატარებ. ისინი ჩვენ მეზობლად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტისა და მეცნიერებათა აკადემიის თანამშრომლებისათვის აგებულ კორპუსში, ცხოვრობენ. არის მეცნიერების ყველა დონის წარმომადგენელი. სასიამოვნოა მათი მოსმენა. შემოდიან შედარებით ახალგაზრდები და კიდევ უფრო უმცროსები. ვარჩევთ ცხოვრების სხვადასხვა სფეროში არსებულ მდგომარეობას და საქვეყნო საკითხებს. ამ ბოლო დროს აქტუალური გახდა ნაციონალების გასამართლების რეზოლუცია. ჩვენი შეკრების ორი მონაწილე ბოკერიას და სააკაშვილის გაგონებაზე ერთბაშად აენთებოდნენ, თვალები უწითლდებოდათ, ყელზე სისხლძარღვები დაებერებოდათ. ამის შემხედვარეს მაწუხებდა იმის დარდი, რომ ეს პატიოსანი ადამიანები სადმე მამალ ნაციონალს არ გადაეყარონ და დიდ შარში არ გაებნენ-მეთქი. ერთ დღესაც მოიტანეს რეზოლუციაზე ხელმოსაწერი ფურცელი. სწორედ მათ შეიკავეს თავი, ვინ იცის შეიძლება მართლაც მობრუნდნენ ხელისუფლებაში და რატომ ავიტკივო უტკივარი თავიო. ასეთი ადამიანები პირველზე ჩემი ნათქვამიდან, ბუნებრივია, ვერაფერს გაიგებენ.

შევხვედრივარ ისეთ მუშაკებს, რომლებიც თავს იწონებენ იმით, რომ სადღაც თათბირზე რომელიღაც პირველი ხელმძღვანელის აზრს არ დაეთანხმა, დაუპირისპირდა და ბოლოს დაამატებს, ამ საქმემ ჩემი სიცოცხლე კინაღამ შეიწირაო. რაღა თქვას პირველმა, რომელიც ძალიან ხშირად საჯაროდ, საქვეყნოდ უყენებდა საქართველოს პრეზიდენტს არგუმენტირებულ ულტიმატუმებს. ნაწილის განხორციელებას მიაღწია, უფრო მეტი ყურადღების გარეშე დარჩა, მაგრამ უტყუარმა შემფასებელმა — დრომ დაადასტურა, რომ მისი წინადადებების შესრულება რეალურ სიკეთეს მოუტანდა ქვეყანას. ვიხსენებ მის ცნობილ გამოსვლას პარლამენტში. თქვენც გაგახსენებდით, მაგრამ ბროშურად გამოქვეყნებული სიტყვა გავანათხოვრე, როგორც ხდება, ხოლმე, აღარ დამიბრუნეს. „ამ საქმემ ჩემი სიცოცხლე კინაღამ შეიწირა“, ამის თქმის უფლება აქვს პირველს, რომელიც ავტოკატასტროფაში მოჰყვა. უბედურმა შემთხვევამ მძღოლი იმსხვერპლა, პირველი კი სასწაულით გადარჩა. ავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზის დადგენა, როგორც ვიცი, ვერ მოხერხდა, არსებობის უფლება დარჩა ნებისმიერ ვერსიას, მათ შორის იმას, რომ პირველის საფუძვლიანმა აქტიურობამ ვიღაცები მეტად შეაწუხა და ავტოავარია სპეციალურად მოუწყეს.

არეულ ქალაქში ქაოტურად მოძრაობდა საბრძოლო ტექნიკა. მაშინ სიცილის განწყობაზე არავინ იყო. შემდგომში ხშირად ვიხსენებდით ერთი ქვემეხის ისტორიას. მას ლულა 180 გრადუსით შებრუნებული ჰქონდა. დილას მოიყვანდნენ, მერიის წინ დააყენებდნენ. მთელი დღის განმავლობაში იყო კამათი, ამით რომ გაისროლონ ნაღმი ჩვენ მხარეზე აფეთქდებაო. მეორენი ამტკიცებდნენ, მსროლელი პირით ჩვენკენ, ზურგით მოწინააღმდეგისკენ თუ დადგება, მაშინ განხორციელდება სწორად გასროლაო. საღამოს ქვემეხს წაიყვანდნენ, რომ მეორე დილით კვლავ მერიასთან მოეყვანათ. ხუთი დღე ეძებეს ლულის გამსწორებელი სპეციალისტი. ისე დამთავრდა კულმინაციური პერიოდი, ქვემეხს ლულა ვერ გაუსწორეს.

მერიის წინ იდგა, ასევე, ორი ტანკი. როგორც ამბობდნენ, ერთს მოძრაობა არ შეეძლო, გასროლა კი. მეორე, პირიქით, მოძრაობდა, მაგრამ ვერ ისროდა. სამხედრო ხელმძღვანელებს, საჭიროების შემთხვევაში, ტანკების ერთმანეთზე გადაბმით ორივესგან ერთი ტანკის სრული ფუნქციის მქონე საბრძოლო მანქანის შექმნა გადაუწყვეტიათ.

ასეთ სიტუაციაში მყოფი ქალაქისათვის აუცილებელი იყო სიმშვიდის შემოტანა და შენარჩუნება. ამას, პირველ რიგში, კარგად ახერხებდა პირველი. იგი, ნებისმიერ დროს, იარაღისა და დაცვის გარეშე გადაადგილდებოდა, რაც აფორიაქებულ მოსახლეობას დაწყნარების საბაბს აძლევდა. არადა, პირველის სიცოცხლეს შეიძლება მართლა შექმნოდა გამოუსწორებელი შედეგის მომტანი საფრთხე. ყველაზე რთულ დღეებში, თვეზე მეტი ხნით,მას სამსახური არ დაუტოვებია. ყოველი მშვიდობიანი დილის გათენების შემდეგ, ერთი საათით წავიდოდა სახლში და კვლავ ბრუნდებოდა მერიაში. ჩვენ, თანამშრომლები, ვმორიგეობდით, მთელი ღამე ვრჩებოდით მასთან და ვუსრულებდით თანაშემწის ფუნქციებს.

ჩემი ერთ-ერთი მორიგეობის დღეს, ღამის სამ საათზე, მასთან დარეკა მოწინააღმდეგე მხარის შეზარხოშებულმა ლიდერმა. პირველმა მანიშნა ამეღო პარალელური ტელეფონი და საუბრისთვის მომესმინა. თავდაპირველად, მოძალადის ტონით მოლაპარაკემ, პირველის პასუხების შინაარსისა და სიმტკიცის გამო შეცვალა საუბრის ტონი და სიხისტე. ურთიერთობა მშვიდობიან, აზრთა გაცვლა-გამოცვლით დამთავრდა, რამაც გულწრფელი სიამაყე და მშვიდობის იმედი ჩამისახა.
დასაფასებელია ადამიანის შინაგანი ძალა, როცა აუცილებლობის გამო, იგი შეძლებს ისეთ თვითმფრინავში შესვლას, რომლის ჩამოვარდნის ალბათობა გაცილებით მეტია, რეისის მშვიდობიანად შესრულების მოლოდინზე. მე გავიხსენე პირველის მიერ ცხოვრებაში პრაქტიკულად განხორციელებული ქვეყნისათვის თავგანწირვის, აღებული პასუხისმგებლობისადმი ერთგულების, კონკრეტული ქალაქის და მისი მოსახლეობისათვის თავდადების რამდენიმე ეპიზოდი. არ იფიქროთ, მე პირველის გმირად წარმოჩენას ვცდილობ. მე ვწერ ჩემი თვალით ნანახ სინამდვილეს, მეც მაქვს ნანახისა და გაგონილის გახსენების უფლება. შეფასება თქვენთვის მომინდვია.

პირველმა გვიჩვენა შიშის დამაცხების უნარ-ჩვევები და მისი გამოყენების პრაქტიკული მაგალითები, რომლის მსგავსი ქალაქის ხელმძღვანელებიდან არავის გაუკეთებია. ამიტომ, შეფასების ამ უპირველეს კრიტერიუმით, პირველი ჩემთვის არის პირველი და დამსახურებულადაც.

შიშზე გამარჯვების მსგავსად, არანაკლები ძალისხმევა სჭირდება ანგარებაზე გამარჯვებას. მდიდრულ ცხოვრებაზე უარის მთქმელი იშვიათად შემხვედრია. შრომით, კანონიერად და პატიოსნად მოპოვებული სიმდიდრე ყველას მშვიდობაში მოხმარდეს, მაგრამ საჯარო მოხელეთა აბსოლუტური უმრავლესობა, როგორც კი გაუჩნდება დაუმსახურებელი ფულის შოვნის შესაძლებლობა, მაშინვე ხდება ცთუნების მონა. ქუთაისის სინამდვილეში შემიძლია გავიხსენო სამი ხელმძღვანელი, (მათ შორის პირველი), რომლებმაც მოსახლეობაში მტკიცედ დაიმკვიდრეს უანგარო ადამიანის საპატიო წოდება. მაგალითისთვის მინდა გავიხსენო ერთ-ერთი საგულისხმო ფაქტი. ქალაქის პირველი ხელმძღვანელისთვის გამოყოფილი იყო პრესტიჟული სამოთახიანი ბინა. თანამდებობის დაკავების პარალელურად პირველი უნდა გადასულიყო კანონის შესაბამისად მისთვის გათვალისწინებულ ბინაში, მით უმეტეს, მისი ფაქტობრივი საბინაო პირობები მინიმალურად ვერ უქმნიდა მუშაობისთვის საჭირო გარემოს. მიუხედავად ამისა, მან ბინა ქალაქის აუცილებელი საჭიროებისათვის მოსკოვიდან მოწვეულ მეცნიერს დაუთმო. ვისაც შეფასების უნარი აქვს დამეთანხმება, ასეთი გადაწყვეტილება მარტივი მისაღები არ არის. შეფასების ამ მთავარი კრიტერიუმითაც, იგი ჩემთვის პირველია.

არსებობს ჯანმრთელი მამაკაცი, რომელსაც ქალბატონებთან ურთიერთობა და მათთან დროსტარება არ იზიდავს? მით უფრო, თუ თანამდებობის პირია და სუსტი სქესის წარმომადგენლები გარს ეხვევიან. სწორედ თანამდებობისა და საზოგადოების პატივისცემით უნდა შეძლოს თავმოყვარე ხელმძღვანელმა თავის დაოკება, სალაპარაკო და საჭორაო არ მისცეს ქალაქსა და ქვეყანას. პირველმა აქაც ღირსეულად წარმოაჩინა თავი. შემიძლია კიდევ მრავალი თვისება და გაკეთებული საქმე დავასახელო, რომლებიც უდავოდ დაადასტურებს პირველის პირველობას.

ამ ერთ კაცში თავმოყრილი ამდენი გამორჩეული, საამაყო თვისებისა და უნარის გამო შურიანებს მის მიმართ ეს მძიმე სენი რომ შეჰყროდათ და ზოგიერთს ახლაც აწუხებდეს, გასაკვირი სულაც არ არის. დღეს პირველს ნაკლად უთვლიან იმას, რომ კომკავშირისა და კომუნისტური პარტიის წევრი იყო. არის კი 45-50 წელს გადაცილებული, საბჭოთა საქართველოში გაზრდილი ჯანსაღი გონების ადამიანი, რომელსაც ეს გზა არ გამოუვლია. ვერ დამისახელებენ, რადგან მაშინ სხვა გზა არ არსებობდა. და, როცა ამ საყოველთაო მნიშვნელობის მოვლენას დღეს ნაკლოვანებად აფასებ, იმას ნიშნავს, რომ ამ ერთი ნაკლის გარდა სხვა პრეტენზიის საფუძველი არ გაგაჩნია. ლოგიკურად ეს შექების ტოლფასია.

მოდით, ახლა ერთად მოვახდინოთ ჩემი ფავორიტ პირველისა და ქვეყნის ყოფილი ხელმძღვანელის, საქართველოს ყოფილი მთავარსარდლის, ამჟამად ორი ქვეყნიდან დევნილის და უპასპორტოს ქმედება, რომელმაც არარსებული საფრთხის შიშით დაკარგა თავზე კონტროლი, დაივიწყა პატივსაცემი სტუმარი, თანამებრძოლები და თანამემამულეები. ისინი გაკვირვებულნი შესცქეროდნენ მთავარსარდალს, რომელიც უმისამართოდ დარბოდა და შეშფოთებული სახით დაეძებდა შესაძრომს, რათა საკუთარი თავი გადაერჩინა. კურდღლის გულის მატარებელმა, სიმხდალით, საქვეყნოდ მიწასთან გაასწორა არა მარტო პირადი ღირსება, სახელი შეუბღალა გმირი წინაპრების, მეფეებისა და მთავარსარდლების, საპატიო წოდებას. ვერ შეძლო საუკუნეებში შემონახული მათი საგმირო საქმეების პატივისცემა.

ვფიქრობ, სალაპარაკოდაც არ ღირს, როგორ დაამარცხა მთავარსარდალი ანგარებამ, ფულის სიყვარულმა და მომხვეჭელობამ. ანდა, საქვეყნოდ, როგორ მოიჭრა თავი, სუსტ სქესთან აღვირახსნილობით. ან საზოგადოებასთან უზომოდ მთვრალ მდგომარეობაში გამობრძანებით. კარგს, ალბათ, ვერც იმაზე ვიტყვით, შეძლო თუ არა მან ნარკოტიკებით ცრუ სიამოვნების მიღებაზე თავშეკავება, უარის თქმა. კიდევ ათას რამეზე შეიძლება საუბრის გაგრძელება, უპირველესად, რამდენი ზიანი მოუტანა ხალხს და ქვეყანას.

დღეს საქართველოს მმართველ ორგანოებში, უმეტესად, თავმოყრილია ამ ყოფილი მთავარსარდლის თვისებების, მეტ-ნაკლებად, მქონე ადამიანები. ზოგი მშიშარაა, ზოგი მომხვეჭელი, ერთი ნაწილი ნარკომანი. დანარჩენი, ყოფილი მთავარსარდალივით, ყველაფერი ერთად. ჩვენი პირველისნაირები, რომელთა რაოდენობა დიდი არ არის, მაგრამ აქვთ ქვეყნის გადასარჩენად საჭირო გამოცდილება და შემართება, შინაგანი ენერგია და პოტენციალი, ღირსებისათვის თავის შეწირვის უნარი, ხელმძღვანელი პოსტებიდან რაც შეიძლება შორს არიან გაწეულნი.ასეთ პირობებში, თუ მუდმივმოქმედ კითხვას „გვეშველება რამე?“ გავააქტიურებთ, მაინც მივცეთ დამამშვიდებელი პასუხი — ღმერთი მოწყალეა.“

P. S. დღემდე რა უნდა გვშველებოდა, როცა ამ სხვადასხვა პოლუსზე მყოფ ორ ადამიანს ქვეყნის ამომრჩეველთა უმრავლესობა ერთმანეთისგან ვერ განასხვავებს. გადაავლეთ თვალი პრეზიდენტობის დღევანდელი კანდიდატების გრძელ ჩამონათვალს: — გიორგი ვაშაძე, დავით ბაქრაძე, გირჩი ჯაფარიძე, შალვა ნათელაშვილი, დავით უსუფაშვილი და ა. შ. — ზღვარგადასული უტიფრობა.

მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ყუთთან მისვლას და ჩემი ვალდებულების შესრულებას ვაპირებ, მე ამ არჩევნების დიდი ნდობა არ მაქვს. არც იმის მოლოდინით ვარ სავსე, რომ ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს. მაგრამ მჯერა მოვა დრო, როცა ქვეყანას ეროვნული სულისკვეთებით გაჟღენთილი, სამშობლოს იდეალებისათვის თავგანწირულთა ხელისუფლება ეყოლება და დასაცემად განწირული საქართველო ფეხზე დადგება.

ვხვდები, პირველთან ბოდიში მაქვს მოსახდელი იმის გამო, რომ მას არ ეკადრება ყოფილ მთავარსარდალთან შედარება და პარალელების გავლება. კი ბატონო, მაგრამ მეც რა უნდა გავაკეთო, ხალხის არჩეული პრეზიდენტი ის იყო. ვიფიქრე, მოქმედ პრეზიდენტს შევადარებ-მეთქი, მაგრამ ბოდიშის მოხდა ამ შემთხვევაშიც უეჭველად მომიწევდა. ავირჩიე ყოფილის ვარიანტი იმიტომ, რომ მან ალალად დაგვანახა შიგთავსი, რითაც აჯობა მოქმედს, რომელიც ცდილობს შენიღბოს საკუთარი პიროვნების რეალური სახე.
ვინც მეთანხმება გააზიარეთ, ასე დამიდასტურეთ მოწონება.
კიდევ მაქვს პირველთან დაკავშირებული რამდენიმე ეპიზოდი. შემდგომში მათაც შემოგთავაზებთ.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *