(for.ge)საქართველოს მოქალაქეები პრეზიდენტის სასახლის პიკეტირებით იმუქრებიან

 

iveroniპრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, ორგანიზაცია „ერთსულოვნების“ ინიციატივით, საქართველოს ქალაქებში საპროტესტო აქციები ერთმანეთის პარალელურად გაიმართა. აქცია თბილისში პრეზიდენტის რეზიდენციასთანაც მოეწყო. საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ, რომ პრეზიდენტი მიტაცებული საკონსტიტუციო ვადით დღემდე სარგებლობს. იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი 21 იანვრიდან არ გადადგება, მოქალაქეები მისი სასახლის პიკეტირებით იმუქრებიან.

გაერთიანება “ერთსულოვნების” ლიდერებმა ულტიმატუმი ავლაბრის რეზიდენციის კანცელარიაში დატოვეს. ტექსტი 8-პუნქტიანია და მასში ჩამოთვლილია ის მიზეზები, რის გამოც მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის თანამდებობა უნდა დატოვოს. ულტიმატუმში აღნიშნულია, რომ, თუ მიხეილ სააკაშვილი ქართველი ხალხის ნების იგნორირებას მოახდენს, არ მიიღებს ქვეყნისთვის აუცილებელ გადაწყვეტილებას, 2013 წლის 20 იანვარს, მისი არჩევიდან 5 წლის ვადის გასვლისთანავე არ გადადგება, მაშინ საქართველოს მოქალაქეები ისეთ მდგომარეობას შექმნიან, რომ სააკაშვილი ვეღარ მოახერხებს ხელისუფლების ძალადობით მიტაცებას. ამ ულტიმატუმს “ერთსულოვნებაში” გაერთიანებული 50 ორგანიზაცია აწერს ხელს.

საპროტესტო აქციას ცნობილი ადამიანები – მსახიობი გუჯა ბურდული და რეჟისორი რეზო ჩხეიძე შეუერთდნენ. რეზო ჩხეიძის თქმით, სწორედ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს დავკარგეთ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. უფრო მეტიც – სააკაშვილის ყოველი ნაბიჯი ანტიქართულია და ის ქართულ მიწას ყიდის. „განა ბევრია ქართული მიწა, რომ უცხოელები ჩამოასახლოს?!“- კითხულობს რეზო ჩხეიძე.

მის პათოსს აქციაზე გამოჩენილი სასულიერო პირებიც იზიარებენ. მათი აზრითაც, სააკაშვილში არც ქართველობაა, არც – ვაჟკაცობა.

ამის დასტურად აქციაზე გამოსულებს გორში მიწაზე გართხმული პრეზიდენტის გამოსახულებიანი ტრანსპარანტი გამოეტანათ, წარწერით: „ერის სირცხვილი“, პარალელურად კი ირონიულად წაეწერათ: „ამ კაცმა დავით აღმაშენებლის საფლავზე დაიფიცა“.

For.ge პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს ესაუბრა.

პოლიტიკური გაერთიანება “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი აცხადებს, რომ კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ პრეზიდენტი ხუთი წლით აირჩევა. ამდენად, შაშიაშვილის თქმით, საინტერესოა, კიდევ რა არის საჭირო დემოკრატიული მსოფლიოსთვის, რათა მათ დაინახონ, რომ ჩვენ პაპუასები არ ვართ და რაც არ შეიძლება ამერიკაში ან ბებერ ევროპაში, ის რატომ შეიძლება საქართველოში?!

ის, რომ მომდევნო არჩევნები ტარდება ოქტომბერში, არ ნიშნავს, რომ სააკაშვილს ათი თვით უხანგრძლივდება პრეზიდენტობა. უბრალოდ, თემურ შაშიაშვილის თქმით, კონსტიტუცია არასრულყოფილია, მას პუნქტი აკლია და ამ პუნქტს ისინი ამ დღეებში შესთავაზებენ პარლამენტს.

„თუ პარლამენტი ამ პუნქტს მიიღებს, თავისთვად ცხადია, პრობლემა ამოიწურება. დაჩოქილ პრეზიდენტს ამერიკაში მეორე დღესვე იმპიჩმენტი ელოდება. ინგლისში წარმოუდგენლად ეჩვენებათ ეს სურათი, როცა ნახეს, თქვეს, ეს კიდევ პრეზიდენტიაო?! წარმოიდგინეთ, 3 ათასზე მეტი წლის მანძილზე საქართველოს მეფე დაჩოქილი არ უნახავთ, ახლანდელი “მეფე” კი დაწვა. ნუ გვაყენებენ შეურაცხყოფას. პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით 1 მილიონი ხელმოწერა ალბათ 21-თვის მზად იქნება“, – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

მისი თქმით, სააკაშვილს ჩაფიქრებული აქვს, რომ აპრილის დასაწყისში გადააყენოს მთავრობა და დაშალოს პარლამენტი, მერაბიშვილის მინისტრობით ან მთავრობის თავმჯდომარეობით კი არჩევნები ჩაატაროს, რაც ქვეყანაში სისხლისღვრას ნიშნავს. ამიტომ მათი მოვალეობაა, ქვეყანას ის სისხლისღვრა ააცილონ, რასაც სააკაშვილი უმზადებს.

ორგანიზაცია „ერთსულოვნების“ ხელმძღვანელი მიხეილ ანდღულაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობას ებღაუჭება პიროვნება, რომელიც ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობს და, რომელიც არაადექვატური და უუნაროა სახელმწიფოს მართვაში. თუ ის არ გადადგება და არ შეისმენს ხალხის მოთხოვნას, მთელი საქართველო ჩამოვა თბილისში და ისე დასრულდება ყველაფერი, რომ სააკაშვილი ვეღარ მიიტაცებს პრეზიდენტის უფლებამოსილებას.

“თავისუფალი საქართველოს” ლიდერის კახა კუკავას აზრით, ნათელია, რომ სააკაშვილი ამ აქციების შედეგად არ აპირებს გადადგომას და ეს დამოკიდებულია „ქართული ოცნების“ პოზიციაზე. თუმცა, ჯერჯერობით, სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრი მხარს არ უჭერს პრეზიდენტის გადადგომას. თუ რა აბრკოლებს მას, კახა კუკავას მიაჩნია, რომ საქართველო არ არის რეალურად დამოუკიდებელი ქვეყანა და ეს დაადასტურა პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმაც, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილებას სჭირდება ვაშინგტონიდან სანქცია.

„ხშირად რუსეთს ვედრებით ხოლმე, მაგრამ რუსებმა ამაშიც გვაჯობეს. რუსეთის პრეზიდენტის ვადა იყო ხუთწლიანი, მედვედევის პრეზიდენტობის დროს მათ შეიტანეს კონსტიტუციაში ცვლილება და უფლებამოსილების ვადა გაიზარდა 5-დან 7 წლამდე, მაგრამ ეს მედვეევს არ შეეხო, რადგან ის უკვე არჩეული იყო ხუთი წლის ვადით. ანუ რუსებმა დაიცვეს არჩევითი დემოკრატიისთვის დამახასიათებელი წესი. ეს ცვლილება შეეხო მედვედევის შემდგომ არჩეულ პრეზიდენტ პუტინს. საქართველოშიც ახალი კონსტიტუციით მიღებული ცვლილებები უნდა ეხებოდეს არა სააკაშვილს, არამედ მის შემდგომ პრეზიდენტს“, -აცხადებს კახა კუკავა.

მისი თქმით, დაუშვებელია, 5 წლით არჩეულმა პრეზიდენტმა შეიტანოს კონსტიტუციაში ცვლილება და თქვას, რომ უფლებამოსილების ვადა 55 წლამდე გაიგრძელა, რაც არჩევითი დემოკრატია აღარ იქნება.

კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის თავმჯდომარის ყოფილი თანაშემწე ვახტანგ ჟვანია აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კონსტიტუციის ორ მუხლს უნდა მივაქციოთ ყურადღება. პირველი, რომ პრეზიდენტი ხუთი წლის ვადით ირჩევა, მეორე ის, რომ საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება ამ წლის ოქტომბრის თვეში.

– პრეზიდენტის წინა რიგგარეშე არჩევნებიდან რომ გადავითვალოთ ხუთი წელი, გამოდის, რომ არჩევნები უნდა ჩატარებულიყო იანვარში. იანვრიდან ოქტომბრამდე კიდევ თვეების გარკვეული რაოდენობაა, რაც დამატებით ემატება ამ ხუთ წელს. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ კონსტიტუციის შემდეგ მუხლში გვიწერია, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს მხოლოდ და მხოლოდ ოქტომბრის თვეში, ამიტომ არანაირად არ იზღუდება კონსტიტუცია, რადგან მითითებული გვაქვს, რომ არჩევნები ჩავატაროთ ოქტომბრის თვეეში. ანუ რეალურად იმ დამატებული თვეების გამო, რაც ხუთ წელს ემატება, არ შეიძლება იმაზე საუბარი, რომ ეს არალეგიტიმურია.

მაგრამ თავიდან ხომ არ იყო ეს გათვალისწინებული და საპრეზიდენტო ვადის გახანგრძლივების მიზნით თვითონ დაამატებინა სააკაშვილმა თვეები?

– დიახ, ეს ცვლილება შევიდა 2006 წელს საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის მიხედვითაც, განისაზღვრა, რომ საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ჩატარდება ოქტომბრის თვეში. მაგალითად, როგორც ვიცით, პარლამენტის ეს არჩევნებიც უნდა ჩატარებულიყო მაისის თვეში. ოთხი წელი გადიოდა ზუსტად მაისში, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ კონსტიტუციაში გვეწერა, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდება ასევე ოქტომბრის თვეში, რეალურად ისე მოხდა, რომ მაისის თვეს ოქტომბრამდე კიდევ რაღაც თვეები დაემატა. ანუ, გამოდის, ამ პარლამენტის არჩევნებიც არასწორ დროს ჩატარდა და დაემატა გარკვეული თვეები. მესმის, რომ ცოტა პრობლემატური საკითხია, მაგრამ მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, ეს პრობლემა მართლაც დგას.

საპრეზიდენტო ვადის ანტიკონსტიტუციური ნორმის გამო სარჩელი მზადდება. მიტაცებული ვადის გაუქმებას რა დრო დასჭირდება?

– თუ ამასთან დაკავშირებით სარჩელს შეიტანენ, აქ უკვე საკონსტიტუციო სასამართლომ შეიძლება დაადგინოს და განსაზღვროს, რომ რომელიღაც სხვა თვე უნდა განსაზღვროს ოქტომბერთან ერთად, ან კიდევ ცარიელი დარჩეს საერთოდ და ზუსტად იმ ხუთი წლის ვადას დაემთხვეს ეს არჩევნები და თარიღი გამოცხადდეს არჩევნების დღედ. მაგრამ, ჩემი აზრით, საკონსტიტუციო სასამართლოში ამ საკითხთან დაკავშირებით სარჩელის შეტანა იმ დონემდე გაიწელება, რომ რეალურად ჩვენ ოქტომბრის თვეს ალბათ მივადგებით, რადგან იქ რიგითობაა განსაზღვრული. თანაც, ამას დასჭირდება განხილვები, მოსმენა.

თუ პარლამენტი გამოაცხადებს, რომ პრეზიდენტისთვის ვადის გახანგრძლივება ანტიკონსტიტუციურია, ეს ხომ სასამართლოსთან შედარებით უმოკლესი გზა იქნება?

– რა თქმა უნდა, თუ ვინმე თვლის, რომ რომელიმე ნორმა ანტიკონსტიტუციურია და რაღაც ცვლილებაა საჭირო, პირველ რიგში, ყველაზე ადვილად პარლამენტს მიუწვდება ხელი, შეცვალოს ეს მუხლი. რეალურად რომ შევხედოთ, ახლა რომ მოხდეს კონსტიტუციაში ცვლილებებთან დაკავშირებით ინიცირება, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ თავისუფლად შეუძლია პარლამენტს შეცვალოს აღნიშნული მუხლი.

ანუ ერთი თვის შემდეგ პრეზიდენტი შეიძლება აღარ იყოს უფლებამოსილი?

– დიახ, რადგან პარლამენტს ეს საკითხი განსაზღვრული აქვს. როცა კონსტიტუციაში ცვლილებები შედის, იქმნება საერთო-სახალხო განმხილვევლი კომისია, რომელსაც, მინიმუმ, ერთი თვე სჭირდება. ერთი თვის შემდეგ კი უკვე პარლამენტმა შეიძლება დაიწყოს ამ საკითხის განხილვა. თუ პარლამენტმა აღნიშნულ ცვლილებებს კენჭი უყარა, 2/3 ანუ 100 ხმა სჭირდება კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას. თუ მოაგროვა ამდენი ხმა, უკვე თავისუფლად შესაძლებელია პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის შეკვეცა, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ პრეზიდენტს ვეტოს უფლებამოსილება რჩება. თუმცა ვეტოც გადალახვადია.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *