ბრაიენ ვაითმორი: “ნაციონალური მოძრაობა” ძლიერი ძალის აჩრდილს წარმოადგენს

4a7cbeb4be0b71cd26d54c28a06ac1f9 სააკაშვილის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ქართული პოლიტიკის სათავეში დაახლოებით ათი წლის განმავლობაში იმყოფებოდა, მაგრამ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნების” კოალიციასთან დამარცხებიდან ექვსი თვის შემდეგ, ისინი წარმოადგენენ იმ ძლიერი ძალის აჩრდილს, რომელსაც ერთ დროს გააჩნდა იმის ამბიცია, რომ განეხორციელებინა სამხრეთ კავკასიის ამ ცვალებადი სახელმწიფოს ტრანსფორმაციული მოდერნიზაცია, – ამის შესახებ ბრაიენ ვაითმორი რადიო “თავისუფლების” ბიუროს სტატიაში წერს.

ამის დამამტკიცებელ საბუთად ავტორს 19 აპრილის ანტისამთავრობო დემონსტრაცია მოჰყავს, სადაც, მისი შეფასებით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ეცადა მეგობრებისა და მტრებისთვის ეჩვენებინა, რომ ის კვლავ ანგარიშგასაწევი ძალა იყო.

“ჭორები ჩენი გარდაცვალების შესახებ გაზვიადებულია” – განაცხადა ტრიბუნიდან პარტიის საპარლამენტო ოპოზიციის ხელმძღვანელმა დავით ბაქრაძემ. თუმცა, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ამ მიტინგმა აჩვენა პარტიის მოსალოდნელი პოლიტიკური უძლურება. მარინა მუსხელიშვილი, თბილისში არსებული სოციალური კვლევების ცენტრის დირექტორი, ამბობს, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გაიზიარებს იმავე ბედს, რასაც ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევადნაძის “მოქალაქეთა კავშირი”, რომელიც დაიშალა 2003 წელს ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ. “არსებობდა შემდეგი სახის ტენდენცია – მმართველი ძალა ხელისუფლებაშია და ამიტომაც არის პარტია ძლიერი” – ამბობს მუსხელიშვილი. “როგორც კი პარტია კარგავს ძალას, ის იშლება. ეს მოხდა მმართველი პარტიების შემთხვევაში და ეს მოელის “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, – წერს ბრაიენ ვაითმორი.

სტატიის ავტორს მოჰყავს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების განცხადება, რომ მიტინგი უდიდესი წარმატება იყო და მას 10 000 ადამიანი დაესწრო. “მაგრამ, მიტინგის თვითმხილველები ამბობენ, რომ სინამდვილეში, დამსწრეთა რაოდენობა ზემოთ ხსენებული ციფრის ნახევარიღა თუ იყო. კრიტიკოსების თქმით, დამსწრეების უმრავლესობას წარმოადგენდნენ მამაკაცები, ახალგაზრდების მცირე ჯგუფი და დამსწრეების უმრავლესობა მობილზირებულ იქნა რეგიონებში, რომლებიც ჩამოყვანილ იქნენ ავტობუსებით, ძირითადად, “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი ადგილობრივი ხელისუფლების მიერ. უფრო მეტიც, მიტინგიდან ზუსტად ერთი დღის შემდეგ საზოგადოებრივი აზრის ახალმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მოწონების მაჩვენებელმა ძლივს მიაღწია ორ ციფრიან ინდექსს. გამოკითხვის თანახმად, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ერონულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა ჩაატარა და გამოაქვეყნა 22 აპრილს, ქართველი ამომრჩევლების მხოლოდ 10-მა პროცენტმა დაასახელა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, როგორც მათთვის მისაღები პარტია, ხოლო 60 პროცენტზე მეტმა გამოკითხულმა კი, მათთვის მისაღებ პარტიად “ქართული ოცნების” კოალიცია დაასახელა”, – აღნიშნავს სტატიის ავტორი.

ის ხაზს უსვამს ასევე კვლევის იმ ნაწილს, სადაც 63 პროცენტი დადებითად აფასებს ივანიშვილის, როგორც პრემიერ-მინისტრის საქმიანობას, ხოლო სააკაშვილის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 15 პროცენტს უდრის.

“გამოკითხვამ აჩვენა, რომ ხალხი გაცილებით უფრო მეტად ენდობა “ქართულ ოცნებას”, ვიდრე “ნაციონალურ მოძრაობას” ყველა ძირითად საკითხთან მიმართებაში, შრომიდან დაწყებული დამთავრებული ეკონომიკითა და სამართლის დაცვით. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებშიც კი, რომელიც ტრადიციულად
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ძლიერ მხარედ ითვლებოდა, საზოგადოების უმრავლესობა უპირატესობას “ქართულ ოცნებას” ანიჭებს. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებითაც, მმართველი კოალიცია ამარცხებს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 68:4 მაჩვენებლით. ხოლო ნატოში საქართველოს გაწევრიანების საკითთან მიმართებაში, “ქართულ ოცნებას” მხარს უჭერს 54%, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” კი 9%”, – წერს ბრაიენ ვაითმორი.

ინტერპრესნიუსი

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *